D ვიტამინის და ომეგა-3-ის დანამატები ამცირებს აუტოიმუნური დაავადების რისკს

D ვიტამინის და ომეგა-3-ის დანამატები ამცირებს აუტოიმუნური დაავადების რისკს

სტატია ქართულ ენაზე თარგმნა ენდოკრინოლოგმა: სალომე იზორია
რედაქტირებულია GAEM-ის საორგანიზაციო ჯგუფის მიერ: ქეთევან ძაგანია
წყარო: Vitamin D and Omega-3 Supplements Reduce Autoimmune Disease Risk

დიდი პროსპექტული რანდომიზებული კვლევის შედეგების მიხედვით, მათთვის, ვინც მთელი დღის განმავლობაში მზესთან კონტაქტს და თევზეულის მიღებას ვერ ახერხებს, აუტოიმუნური დაავადებების პრევენციის საუკეთესო საშუალებას შეიძლება წარმოადგენდეს D ვიტამინის და თევზის ქონისგან მიღებული ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების შემცველი დანამატები.

კიბოსა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ინციდენტობაზე D ვიტამინისა და ომეგა-3-ის დანამატების ეფექტების შესასწავლად შექმნილ რანდომიზებულ კვლევაში ჩართულ თითქმის 26.000 ზრდასრულს შორის, D ვიტამინის დანამატების მიღება 5 წლის განმავლობაში დაკავშირებული იყო დადასტურებული აუტოიმუნური დაავადებების რისკის 22%-ით შემცირებასთან, ხოლო ომეგა-3-ის დანამატის მიღება 5 წლის განმავლობაში ასოცირებული იყო დადასტურებული და აუტოიმუნური დაავადებების შესაძლო შემთხვევების 18%-ით შემცირებასთან, აღნიშნავს კარენ ჰ. კოსტენბადერი (Karen H. Costenbader), ბრაიგემის & ქალთა ჰოსპიტალის მედიცინის დოქტორი, MPH, (ბოსტონი, მასაჩუსეტსი).

„აღნიშნულ შედეგებს აქვს ძალიან მაღალი კლინიკური მნიშვნელობა, იმის გათვალისწინებით, რომ ის ეხება არატოქსიკურ, კარგად ატანად დანამატებს და არ არსებობს სხვა ცნობილი ეფექტური თერაპია აუტოიმუნური დაავადებების სიხშირის შესამცირებლად,“ განაცხადა მან ამერიკის რევმატოლოგიის კოლეჯის ყოველწლიურ ვირტუალურ შეხვედრაზე (ACR 2021).

„იმისათვის, რომ რისკის შემცირება შესამჩნევი გახდეს, ადამიანებს დანამატების მიღება დიდი ხნის განმავლობაში მოუწევთ, განსაკუთრებით, D ვიტამინის შემთხვევაში, თუმცა აღნიშნულს აქვს ბიოლოგიური ახსნა – აუტოიმუნური დაავადებები დროთა განმავლობაში, ნელა ვითარდება, ამიტომ დანამატების დღეს მიღება რაიმე პროცესის ხვალ განვითარების რისკს ვერ შეამცირებს,“ აღნიშნა კოსტენბადერმა Medscape Medical News-თან ინტერვიუში.

„აღნიშნულ დანამატებს ჯანმრთელობისთვის სხვა სარგებელიც მოაქვს. ცხადია, თევზის ქონი წარმოადგენს ანთების საწინააღმდეგო საშუალებას, ხოლო D ვიტამინი ახდენს ოსტეოპოროზის პრევენციას, გასაკუთრებით, ჩვენს პაციენტებში, რომლებიც გლუკოკორტიკოიდებით მკურნალობენ. ჯანმრთელ ადამიანებსა და პირებში, რომელთაც აქვთ აუტოიმუნური დაავადებების ოჯახური ანამნეზი, აგრეთვე, შესაძლოა განიხილებოდეს აღნიშნული დანამატების მიღება,“ განაცხადა მან.

მისი პრეზენტაციის ნახვის შემდეგ სესიის თანამოდერატორმა, ნიუ-იორკის NYU ლანგონის მედიცინის სკოლის მედიცინის დოქტორმა, გრეგ სილვერმანმა (Gregg Silverman), რომელიც არ იყო ჩართული კვლევაში, შენიშნა: „მე მივდივარ [პროდუქტების მაღაზია] GNC-ში ვიტამინების მისაღებად.“

როდესაც კომენტარისთვის მიმართეს სესიის სხვა მოდერატორს, ტრეისი ფრეჩს (Tracy Frech) ვანდერბილტის უნივერსიტეტის მედიცინის დოქტორს, (ნეშვილი, ტენესი), მან აღნიშნა: „ვფიქრობ, დოქტორ კონტენბადერის ნაშრომი ძალიან მნიშვნელოვანია, მისი პრეზენტაცია კი – შესანიშნავი. ჩემი ამჟამინდელი პრაქტიკა მოიცავს D ვიტამინის ჩანაცვლებას, სისხლში მისი დაბალი დონის შემთხვევაში, აუტოიმუნური დაავადების მქონე ყველა პაციენტში, ძვლის ჯანმრთელობის გაიდლაინების შესაბამისად. ამას გარდა, მე განვიხილავ ომეგა-3-ის დანამატების დანიშვნას შოგრენის [სინდრომის] მქონე პაციენტებთან.“

მტკიცებულებათა ბაზა

კონტენბადერმა აღნიშნა, რომ 2013 წელს საფრანგეთში ჩატარებულ ობზერვაციულ კვლევაში ულტრაიისფერი (UV) სინათლის ზემოქმედებით მიღებული D ვიტამინი ასოცირებული იყო კრონის დაავადების, თუმცა არა წყლულოვანი კოლიტის,  განვითარების ნაკლებ რისკთან, ხოლო 2014 წლის ექთნების ჯანმრთელობის კვლევის მონაცემების ორი ანალიზის მიხედვით, როგორც პლაზმაში 25-OH ვიტამინი D-ის მაღალი კონცენტრაცია, ისე UV-სხივების მაღალი ექსპოზიციის ადგილებში ბინადრობა ასოცირებული იყო რევმატოიდული ართრიტის (RA) სიხშირის შემცირებასთან.

სხვა ობზერვაციულმა კვლევებმა მხარი დაუჭირა ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების ანთების საწინააღმდეგო თვისებებს, მათ შორის, 2005 წლის დანიურმა პროსპექტულმა კოჰორტულმა კვლევამ, რომელმაც გამოავლინა რევმატოიდული ართრიტის განვითარების ნაკლები რისკი იმ მონაწილეებში, რომლებიც თევზის ქონს უფრო მაღალი დოზით იღებდნენ. 2017 წელს ჩატარებული განცალკევებული კვლევის მიხედვით, სისხლის წითელი უჯრედების მემბრანებში ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების / საერთო ლიპიდების უფრო მაღალი პროპორციის მქონე ჯანმრთელ მოხალისეებს  აღენიშნებოდათ ანტიციკლური ციტრულინური პეპტიდის (anti-CPP) მიმართ ანტისხეულების და რევმატოიდული ფაქტორის უფრო დაბალი პრევალენტობა და ანთებით ართრიტად პროგრესირების უფრო დაბალი ინციდენტობა, აღნიშნა მან.

დამატებითი კვლევა

მტკიცებულების მიუხედავად, აუტოიმუნურ დაავადებებზე დროთა განმავლობაში D ვიტამინის, ან ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების დანამატების გავლენის შესასწავლად პროსპექტული რანდომიზებული კვლევები არ ჩატარებულა.

აღნიშნულის გამოსასწორებლად, კოსტენბადერმა და კოლეგებმა მიყოლებით ჩაატარეს D ვიტამინის დამატებითი კვლევა და ომეგა-3-ის კვლევა (VITAL), რომლის პირველად გამოსავლებს წარმოადგენდა კიბოს და კარდიოვასკულარული დაავადებების ინციდენტობა.

კვლევაში მონაწილეობდა 25.871 ადამიანი, მათგან 50 წლის და უფროსი ასაკის 12.786 მამაკაცი და 55 წლის და უფროსი ასაკის 13.085 ქალი.

კვლევას ქონდა 2 x 2 ფაქტორული დიზაინი, პაციენტები შემთხვევითობის პრინციპით გადანაწილდნენ D ვიტამინის (2.000 სე/დღეში), ან პლაცებოს ჯგუფებში, შემდეგ კი როგორც D ვიტამინის, ისე პლაცებოს პირველადი რანდომიზაციის ჯგუფებიდან გადანაწილდნენ ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების (1 გ/დღეში), ან პლაცებოს ჯგუფებში.

საწყის ეტაპზე, 16.956 პაციენტში შეფასდა 25-OH ვიტამინი D და პლაზმის ომეგა-3-ის ინდექსი (ეიკოზაპენტაენოის მჟავის (EPA) და დოკოზაჰექსაენოის მჟავის (DHA) თანაფარდობა საერთო ცხიმოვან მჟავებთან). მონაწილეები თავად აფიქსირებდნენ საწყის და ყველა აუტოიმუნურ დაავადების შემთხვევას ყოველწლიურად, რაც დასტურდებოდა სამედიცინო ჩანაწერების განხილვით და დაავადების კრიტერიუმებით, შეძლებისდაგვარად.

შედეგები

5 წლიანი მეთვალყურეობის შედეგად, დადასტურებული აუტოიმუნური დაავადებების შემთხვევები აღინიშნა აქტიური D ვიტამინის ჯგუფის 123 პაციენტში, პლაცებო D ვიტამინის ჯგუფის 155 პაციენტთან შედარებით, საიდანაც გამომდინარეობს, რომ D ვიტამინის საშიშროების კოეფიციენტი (HR) არის 0.78 (P=.045).

აქტიური ომეგა-3-ის ჯგუფში 130 მონაწილეს განუვითარდა აუტოიმუნური დაავადება, პლაცებო ომეგა-3-ის ჯგუფის 148 პაციენტთან შედარებით, საიდანაც გამომდინარეობს, რომ უმნიშვნელო HR შეადგენს 0.85-ს.

ორ დანამატს შორის სტატისტიკური ურთიერთქმედება არ გამოვლენილა.  მკვლევარებმა შეამჩნიეს ურთიერთქმედება სხეულის მასის ინდექსსა (BMI) და D ვიტამინს შორის, რომლის ეფექტი უფრო ძლიერი აღმოჩნდა დაბალი BMI-ს (P=.02) მქონე მონაწილეებს შორის. ასევე, აღინიშნა ურთიერთქმედება ომეგა-3 ცხიმოვან მჟავებსა და აუტოიმუნური დაავადების ოჯახურ ანამნეზს შორის (P=.03).

ასაკის, სქესის, რასისა და დანამატების სხვა ჯგუფების მიხედვით დაკორექტირებულ მრავალცვლადიან ანალიზში მხოლოდ D ვიტამინი იყო ასოცირებული ინციდენტური აუტოიმუნური დაავადების HR-თან – 0.68-ს (P=.02), მხოლოდ ომეგა-3-თან ასოცირებული უმნიშვნელო HR იყო 0.74-ის ტოლი, ხოლო მათ კომბინაციასთან ასოცირებული HR შეადგენდა 0.69-ს (P=.03).

კოსტენბადერმა და კოლეგებმა დაადასტურეს, რომ კვლევის შეზღუდვას წარმოადგენდა მაღალი რისკის, ან კვების დეფიციტის მქონე პოპულაციების ნაკლებობა, სადაც დანამატების ეფექტი შეიძლება იყოს უფრო დიდი; არჩევანის შეზღუდვა ხანდაზმულებზე; და პაციენტების მოხსენებებზე დაყრდნობით, ფარისებრი ჯირკვლის აუტოიმუნური დაავადების შემთხვევების დადასტურების სირთულე.

ართრიტის მქონე პაციენტთა წარმომადგენელმა ვანკუვერიდან (კანადა), ჩერილ კოენმა (Cheryl Koehn), რომელიც არ იყო ჩართული კვლევაში, პრეზენტაციის „მიმოწერის“ განყოფილებაში გააკეთა კომენტარი, რომ მისი რევმატოლოგი „უკვე წლებია რეკომენდაციას უწევს D ვიტამინს. ის ამბობს, რომ ბოსტონის ჩრდილოეთით ძირითადად ყველას აქვს D ვიტამინის დეფიციტი. მე ვიღებ 1000 სე-ს დღეში. მას ვიღებ წლების განმავლობაში.“ კოენი არის ართრიტის მქონე ადამიანებისთვის განკუთვნილი საგანმანათლებლო ვებგვერდის, Arthritis Consumer Experts-ის დამფუძნებელი და პრეზიდენტი.

„ვეთანხმები; ყველა პაციენტს ვურჩევ, მიიღოს D ვიტამინის შემცველი დანამატი,“ განაცხადა ფატმა დედეოღლუმ (Fatma Dedeoglu), MD-მა, ბოსტონის ბავშვთა ჰოსპიტალის რევმატოლოგმა.

კვლევა ჩატარდა ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის მხარდაჭერით. კოსტენბადეროი, სილვემანი კოენი და დედეოღლუ არ ამჟღავნებენ შესაბამის ფინანსურ ურთიერთობებს.