D ვიტამინის დაბალი დონე COVID-19-ით ავადობისას ასოცირებულია ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში (ICU) მოხვედრასა და ცუდ გადარჩენადობასთან

D ვიტამინის დაბალი დონე COVID-19-ით ავადობისას ასოცირებულია ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში (ICU) მოხვედრასა და ცუდ გადარჩენადობასთან

სტატია ქართულ ენაზე თარგმნა ენდოკრინოლოგმა სალომე იზორია
რედაქტირებულია GAEM-ის სარედაქციო ჯგუფის მიერ: ქეთევან ძაგანია, ნათია ვაშაყმაძე

იტალიაში ჩატარებული ახალი კვლევის მიხედვით, მსუბუქად მიმდინარე COVID-19-ის შემთხვევებისგან განსხვავებით, სიმპტომური, რესპირატორული დისტრესით მიმდინარე COVID-19-ით დაავადებული პაციენტებითვის, რომლებიც საჭიროებდნენ ინტენსიურ თერაპიის განყოფილებას და გაზრდილი ჰქონდათ სიკვდილობის სიხშირე, შრატში D ვიტამინის დაბალი დონე წარმოადგენდა დამოუკიდებელ რისკის ფაქტორს.  

,,ჩვენი მონაცემები  ძლიერ ობზერვაციულ მხარდაჭერას უწევს უკვე არსებულ მოსაზრებას იმის შესახებ, რომ COVID-19-ის მქონე პაციენტებში D ვიტამინის ნაკლებობამ შესაძლოა ხელი შეუწყოს მძიმე რესპირატორული დისფუნქციის განვითარებას და გაზარდოს სიკვდილობის რისკი’’, – აცხადებენ მკვლევარები.

ლუიჯი ჯენარიმ (Luigi Gennari), სიენის (იტალია) უნივერსიტეტის მედიცინის, ქირურგიის და ნეირომეცნიერებების დეპარტამენტის მედიცინის დოქტორმა (MD) და ფილოსოფიის დოქტორმა (PhD), აღნიშნული მონაცემები წარადგინა ამერიკის ძვლის და მინერალების კვლევის საზოგადოების (ASBMR) 2020 წლის ვირტუალურ შეხვედრაზე.

ჯენარიმ Medscape Medical News-თან საუბარში განაცხადა, რომ D ვიტამინის (25-ჰიდროქსი ვიტამინი D) დონის განსაზღვრა SARS-Cov-2 ინფექციის მქონე პირებში შესაძლოა დაგვეხმაროს დაავადების მძიმედ მიმდინარეობის რისკის განსაზღვრაში.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საჭიროა შემდგომი კვლევების ჩატარება იმის შესასწავლად, თუ რამდენად ახდენს გავლენას D ვიტამინის დანამატების გამოყენება სუნთქვის უკმარისობის განვითარების რისკის დაქვეითებაზე SARS-Cov-2 ინფექციის მქონე პაციენტებში.

ამავდროულად, ჯერანი აცხადებს: ,,ვთვლი, რომ განსაკუთრებით ზამთრის განმავლობაში, (როცა მრავალ ქვეყანაში მზის ულტრაიისფერი-B (UVB) გამოსხივება არ არის საკმარისი კანის მიერ D ვიტამინის სინთეზისთვის, D ვიტამინის შემცველი დანამატების მიღებას და D ვიტამინის უკმარისობის კორექციას შესაძლოა ჰქონდეს მნიშვნელოვანი გავლენა კლინიკური ტვირთის დაქვეითებაზე SARS-CoV-2 ინფექციის მიმდინარე და შემდგომი აფეთქებებისას.”

აღნიშნულ განცხადებას დაეთანხმა კონსულტაციის მიზნით მოწვეული დავიდ მელცერი (David Meltzer), MD, PhD, ჩიკაგოს (ილინოისი) მედიცინის უნივერსიტეტის ჰოსპიტალური მედიცინის ხელმძღვანელი, რომელიც არ იყო ჩართული კვლევაში.

,,ვფიქრობ, რომ ჩატარებული სამუშაოს მოცულობა საშუალებას იძლევა რეკომენდებულ იქნას დანამატების მიღება ადამიანებისთვის, რომლებიც ვერ ახერხებენ მზის ინსოლაციის გაზრდას მუდმივ ნიადაგზე,’’ ამბობს მელცერი.  „აბსტრაქტი ამტკიცებს ადრე გამოთქმულ მრავალ მოსაზრებას იმის შესახებ, რომ D ვიტამინის უფრო მაღალი დონე ასოცირებულია დაავადების გამოსავლის გაუმჯობესებასთან.”

ჰარვარდის სამედიცინო სკოლისა და  ბრიგემის ქალთა ჰოსპიტალის MD და PhD, ჯოენ ე. მენსონი (JoAnn E. Manson),  რომელიც არ იყო ჩართული კვლევაში, Medscape-თვის განკუთვნილ ვიდეო-ჩანაწერში ამბობს: ,,რამდენიმე კვლევის საფუძველზე ვიცით, რომ D ვიტამინის დაბალი დონე ასოცირდება COVID-19-ის და მძიმე დაავადების განვითარების მაღალ რისკთან, მაგრამ კორელაცია არ ამტკიცებს მიზეზ-შედეგობრივ კავშირს.”

,,ვფიქრობ, რომ D ვიტამინის სტატუსის გაუმჯობესება პერსპექტიული გზაა მძიმე დაავადების რისკის შემცირებისთვის, მაგრამ ჩვენ გვჭირდება რანდომიზებული კონტროლირებადი კვლევები მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დასამტკიცებლად,” აღნიშნავს ის Medscape Medical News-თან ინტერვიუში.

მძიმედ მიმდინარე COVID-19-ის მქონე 103 პაციენტი, მსუბუქად მიმდინარე COVID-19-ის მქონე 52 პაციენტი, 206 საკონტროლო პაციენტი

ჯენარიმ აღნიშნა, რომ რამდენიმე მტკიცებულების მიხედვით, D ვიტამინის ნაკლებობა შესაძლოა წარმოადგენდეს COVID-19-ის მძიმე მიმდინარეობის რისკის ფაქტორს.

D ვიტამინის საშუალოდ დაბალი ან ზოგადად ნაკლები UVB გამოსხივების მქონე ქვეყნებში COVID-19-ით გამოწვეული სიკვდილობის მაჩვენებელი უფრო მაღალია და ,,D ვიტამინის უკმარისობის მომატებული რისკის მქონე დემოგრაფიული ჯგუფები (როგორიცაა შავკანიანები, ხანდაზმულები, თავშესაფრების მაცხოვრებლები, სიმსუქნის და დიაბეტის მქონე პირები) იმყოფებიან COVID-19-ით განპირობებული ჰოსპიტალიზაციის/სიკვდილობის მაღალი რისკის ქვეშ’’, აღნიშნა მან.

იტალიაში, რომელიც ხასიათდება D ვიტამინის ნაკლებობის მაღალი პრევალენტობით, COVID-19-ით განპირობებული სიკვდილობის მაჩვენებელი განსაკუთრებით მაღალია.

D ვიტამინის დონესა და COVID-19-ის სიმძიმეს/ლეტალობას შორის ურთიერთკავშირის დასადგენად მკვლევარებმა შეისწავლეს სამი ჯგუფი:

  • რესპირაციული უკმარისობით მიმდინარე COVID-19-ის მქონე 103 სიმპტომური პაციენტი, რომლებიც 9 მარტიდან 30 აპრილამდე პერიოდში მოთავსდნენ მილანის ჰოსპიტალში.
  • მსუბუქად მიმდინარე COVID-19-ის მქონე 52 პაციენტი, რომლებიც შეირჩნენ ახლომდებარე თავშესაფრის COVID-19-ის ტესტზე დადებითი შედეგის მქონე პაციენტებისა და პერსონალისგან.
  • 3174 პაციენტისგან, რომელთაც 2020 წლის იანვრიდან მარტამდე პერიოდში რუტინული კვლევით განესაზღვრათ D ვიტამინის დონე, შერჩეული 206 ჯანმრთელი საკონტროლო პაციენტი 2:1 პროპორციით ამავე ასაკის, წონის და სქესის სიმპტომურ პაციენტებთან შესადარებლად.

ჰოსპიტალიზებული ჯგუფის პაციენტებში D ვიტამინის საშუალო დონე იყო უფრო დაბალი (18.2 ნგ/მლ), ვიდრე მსუბუქად მიმდინარე COVID-19-ის მქონე პირებში (30.3 ნგ/მლ) ან საკონტროლო ჯგუფის წევრებში (25.4 ნგ/მლ).

მსუბუქად მიმდინარე COVID-19-ის მქონე პაციენტებთან შედარებით, სიმპტომური ჯგუფის პაციენტები იყვნენ მეტად ხანდაზმულები და მოსალოდნელია, რომ ჰქონდათ მინიმუმ ერთი თანმხლები დაავადება და ნაკლებად სავარაუდოა, რომ კვლევის დაწყებამდე იღებდნენ D ვიტამინის დანამატებს (79% vs 30%).

სიმპტომურ პაციენტებში D ვიტამინის გასაშუალოებული დონე უკუპროპორციულ კავშირში იყო ინტერლეიკინ (IL)-6-თან და C-რეაქტიულ ცილასთან, ,,ორივე მათგანი წარმოადგენს ანთებითი სტატუსის პირდაპირ მაჩვენებელს,” – აღნიშნა ჯერანიმ.

ჰოსპიტალიზებული პაციენტების თითქმის ნახევარი (49) მოთავსდა პალატაში და გაეწერა, საშუალოდ, 16 დღის შემდეგ (არავინ გარდაცვლილა).

სხვა 54 ჰოსპიტალიზებული პაციენტი მოთავსდა ინტენსიური თერაპიის დეპარტამენტში (ICU) მძიმე მწვავე რესპირატორული დისტრესის გამო; 38 პაციენტში გამოყენებულ იქნა უწყვეტი დადებითი ჰაერის წნევა (CPAP) და 16 პაციენტს დაჭირდა ენდოტრაქეული ინტუბაცია.

ICU-ში მოთავსებული 54 პაციენტიდან 19 პაციენტი გარდაიცვალა რესპირატორული დისტრესის გამო, საშუალოდ, 19 დღის შემდეგ, ,,რაც შეესაბამება ლიტერატურაში გამოქვეყნებულ მონაცემებს“, ხოლო დანარჩენი 35 პაციენტი გაეწერა, საშუალოდ, 21 დღის შემდეგ.

პალატებში განთავსებული ავადმყოფების საპირისპიროდ, ICU-ში მოთავსებული მძიმედ მიმდინარე COVID-19-ის მქონე პაციენტების უმეტესობა იყო მამრობითი სქესის, ჰქონდათ მინიმუმ ერთი თანმხლები დაავადება, IL-6-ის და ნეიტროფილების უფრო მაღალი საწყისი მაჩვენებელი და ლიმფოციტების და თრომბოციტების უფრო დაბალი დონე.

აღნიშნულ პაციენტებს ჰქონდათ D ვიტამინის დაბალი კონცენტრაცია (14.4 vs 22.4 ნგ/მლ) და უფრო მიდრეკილნი იყვნენ D ვიტამინის დეფიციტისკენ (D ვიტამინი <20 ნგ/მლ; 80% vs 45%).

ICU-ში მოთავსებული გადარჩენილი პაციენტების იმავე მაჩვენებელთან შედარებით, გარდაცვლილი პაციენტების D ვიტამინის საწყისი დონე იყო უფრო  დაბალი (13.2 vs 19.3 ნგ/მლ).

IL-6-ის დონისა და სხვა თანმხლები დაავადებისგან დამოუკიდებლად, D ვიტამინის დონე უკუპროპორციულ კავშირშია რესპირაციულ დისტრესთან, რომელიც საჭიროებს ICU-ში მოთავსებას [შანსთა თანაფარდობა, 1.06; P=0.038] და სიკვდილობასთან [შანსთა თანაფარდობა, 1.18, P=0.029].

“ის, რომ D ვიტამინის დონე დაკავშირებულია გამოსავლის გაუმჯობესებასთან IL-6-ის კონცენტრაციისგან დამოუკიდებლად, შესაძლოა ასახავდეს იმას, რომ IL-6 წარმოადგენს ანთებითი პროცესის არასრულყოფილ მარკერს, ან იმას, რომ D ვიტამინის გავლენა საბოლოო შედეგზე დაკავშირებულია სხვა მიზეზთან, როგორიცაა თანდაყოლილი ან ადაპტაციური იმუნური სისტემის გაძლიერება,” აღნიშნა მელცერმა.

მან ასევე დასძინა, რომ „არ არის გამორიცხული, რომ D ვიტამინს აქვს მნიშვნელოვანი  იმუნომოდულატორული ეფექტები.”

ჯენარი, მელცერი და მენსონი არ ადასტურებენ შესაბამის ფინანსურ მხარდაჭერას.

ASBMR 2020 ყოველწლიური შეხვედრა, 2020 წლის 11 სექტემბერი.

წყარო: Low Vitamin D in COVID-19 Predicts ICU Admission, Poor Survival

რედაქტორის შენიშვნა: იხილეთ უახლესი ცნობები COVID-19-ის და მისი მართვის სტანდარტების შესახებ Medscape-ის კორონავირუსის რესურსცენტრის გვერდზე