- By ქეთევან ძაგანია
- In სიახლეები
COVID-19-ს ფარისებრი ჯირკვლის ატიპური ანთების გამოწვევა შეუძლია
სტატია ქართულ ენაზე თარგმნა რეზიდენტმა ენდოკრინოლომა: ქეთევან ძაგანია
რედაქტირებულია GAEM-ის სარედაქციო ჯგუფის მიერ
წყარო: COVID-19 Can Cause Atypical Thyroid Inflammation
ახალი კვლევების თანახმად, პირებს, რომლებმაც COVID-19-ით ავადობისას ფარისებრი ჯირკვლის ანთება გადაიტანეს, შესაძლოა, თვეების შემდეგაც იყვნენ ქვემწვავე თირეოიდიტით ავად, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონული ფონის მიწესრიგების მიუხედავად.
უფრო მეტიც, COVID-19-ით გამოწვეული თირეოიდიტი განსხვავდება სხვა ვირუსების მიერ გამოწვეული ფარისებრი ჯირკვლის ანთებისგან, აღნიშნა ილარია მიულერმა (Ilaria Muller – MD, PhD) თავისი აღმოჩენების წარდგენისას 21 მარტს გამართულ ვირტულურ შეხვედრაზე ENDO 2021.
„როგორც ჩანს, SARS-CoV-2-ს ფარისებრ ჯირკვალზე მულტიფუნქციური გავლენა აქვს,“ აღნიშნა მიულერმა, მილანის უნივერსიტეტის მედიცინის დოქტორმა და ფილოსოფიის დოქტორმა (Fondazione IRCCS Ca’ Granda Ospedale Maggiore Policlinico, იტალია).
2020 წლის ივლისში მიულერმა და მისმა კოლეგებმა აღრიცხეს მათ დაწესებულებაში მძიმედ მიმდინარე COVID-19-ის ავადობის გამო სტაციონარში მოთავსებული პაციენტები. ატიპური ქვემწვავე თირეოიდიტით გამოწვეული თირეოტოქსიკოზი დაფიქსირდა აღნიშნულ პაციენტთა 15%-ში, იმ პაცინეტების ჯგუფის მხოლოდ 1%-თან შედარებით, რომლებიც საავადმყოფოში იმავე სუბინტენსიური მოვლის განყოფილებაში მოთავსდნენ 2019 წლის გაზაფხულზე – როგორც აღინიშნა Medscape Medical News-ის მიერ.
COVID-19-ით დაავადებულ პაციენტებში გამოვლენილი „ატიპური“ თირეოიდიტი არ იყო დაკავშირებული კისრის ტკივილთან და უფრო ხშირად ვითარდებოდა მამაკაცებში, ვიდრე – ქალებში. უფრო მეტიც, ის ასოცირებული იყო TSH-ისა და თავისუფალი ტრიოიოდთირონინის (T3) დაქვეითებულ დონეებთან და თავისუფალი თიროქსინის (T4) ნორმალურ ან მომატებულ დონესთან; ეს არის კლასიკური არათირეოიდული ავადმყოფობის სინდრომის (NTIS) განსხვავებული გამოხატულება, რომელიც, როგორც წესი, გვხვდება კრიტიკულად დაავადებულ პაციენტებში, განმარტა მან.
თუმცა T4-ის გარდამავალი მომატება შესაძლოა განვითარდეს მწვავე დაავადების დროს, ეს ფენომენი არ არის დაკავშირებული TSH-ის დაბალ დონესთან. ეს ახლად აღწერილი სცენარი, როგორც ჩანს, წარმოადგენს თირეოტოქსიკოზისა და არათირეოიდული ავადმყოფობის სინდრომის კომბინაციას, ივარაუდეს მიულერმა და მისმა კოლეგებმა წინა ზაფხულს.
COVID-19-ისა და ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქციის მქონე პაციენტებზე დაკვირვება ერთი წლის განმავლობაში
ENDO 2021-ზე მიულერმა მოახსენა საშუალო ან მძიმე მიმდინარეობის COVID-19-ით დაავადებული 51 პაციენტის მდგომარეობის შეფასების შედეგები ჰოსპიტალიზაციიდან 3 თვის შემდეგ. მოწესრიგდა როგორც ანთების მარკერები, ასევე, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია, თუმცა პაციენტთა მესამედში გამომსახველობით კვლევებზე ჯერ კიდევ ფიქსირდებოდა კეროვანი ჰიპოექოგებური უბნები, რაც თირეოიდიტზე მიუთითებს.
პაციენტების დარჩენილ 2/3-ში ფარისებრი ჯირკვლის სცინტიგრაფიაზე გამოვლინდა დაქვეითებული ჩართვა, თუმცა მათ მცირე ნაწილს უფიქსირდებოდა ანტითირეოიდული აუტოანტისხეულები.
„COVID-19-ით გამოწვეული ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქცია, როგორც ჩანს, არ არის განპირობებული აუტოიმუნური პროცესებით. მნიშვნელოვანია აღნიშნულ პაციენტებზე დაკვირვება, რადგან ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქციის განვითარება მათთან, შესაძლოა, მოხდეს მომავალ თვეებში,“ ხაზი გაუსვა მიულერმა.
სხდომის თავმჯდომარემ, რობერტ ლეშმა (Robert W. Lash, MD), ენდოკრინული ასოციაციის უფროსმა სპეციალისტმა და კლინიკურ საქმეთა ხელმძღვანელმა Medscape Medical News-ს დასმულ კითხვაზე კომენტარის სახით განუცხადა: „როდესაც თქვენ ინტენსიური თერაპიის განყოფილების (ICU) დონის ავადმყოფი ხართ, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური ტესტების უცნაური შედეგები არ არის უჩველო. თირეოიდული პრობლემების გამოწვევა სხვადასხვა ვირუსს შეუძლია… ამ შემთხვევას განსაკუთრებულად ხდის ის, რომ მრავალი ფარისებრი ჯირკვლის ანთების გამომწვევი მიზეზი ანტისხეულებია, ხოლო ამ შემთხვევაში ეს ასე არ არის.“
„როგორც ჩანს, ის [SARS-CoV-2] გახდა ფარისებრი ჯირკვლის დაზიანების მიზეზი, რაც ძალიან საინტერესოა,“ აღნიშნა მან იმის დამატებით, რომ ფარისებრ ჯირკვალზე ექსპრესირებულია დიდი რაოდენობით ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ენზიმ 2 (ACE2) და ტრანსმემბრანული პროტეაზა სერინ 2 (TMPRSS2), რაც SARS-CoV-2-ს საშუალებას აძლევს შეიჭრას ადამიანის უჯრედებში.
„სავარაუდოდ, ეს ერთი და იმავე ისტორიის ნაწილებია,“ აღნიშნა ლეშმა.
პაციენტებს, რომლებსაც COVID-19-ით ავადობისას აღენიშნათ ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიები, ან მოგვიანებით გამოუვლინდათ სიმპტომები, რომლებიც შესაძლოა ასოცირებული იყოს ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქციასთან, მან ურჩია: „თქვენ თვალი უნდა ადევნოთ ფარისებრი ჯირკვლის ტესტებს. ეს ზრდის თქვენს გაცნობიერებულობას… ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური ტესტების შემოწმება შეგიძლიათ 6 თვეში ერთხელ, მთელი წლის განმავლობაში.“
კეროვანი თირეოიდიტის ნიშნები მოწესრიგებული თირეოიდული ფუნქციის მიუხედავად
51 პაციენტი (33 მამაკაცი და 18 ქალი) მოთავსდა სტაციონარში COVID-19-ის საშუალო ან მძიმე ფორმის გამო. მათ საწყისი TSH-ის განსაზღვრამდე ანამნეზში არ ჰქონდათ ფარისებრი ჯირკვლის დაავადები და არ იღებდნენ თირეოიდულ წამლებს, ამიოდარონს ან სტეროიდებს.
საწყისიდან 3 თვის განმავლობაში TSH-ის დონემ იმატა 1.2-1.6 მსე/ლ-მდე მაშინ, როცა T3-ის, T4-ის, C რეაქტიული ცილისა და სისხლის საერთო ანალიზის მონაცემები სრულად მოწესრიგდა (ყველა P < 0.01 vs ბაზალური).
3 თვის შემდგომ ფარისებრი ჯირკვლის ულტრაბგერამ 49 პაციენტიდან 16-ში (33%) გამოავლინა კეროვანი თირეოიდიტის ნიშნები.
იმ 14 პაციენტის შედეგებს შორის, რომელთაც მოგვიანებით ჩაიტარეს ფარისებრი ჯირკვლის სცინტიგრაფია ტექნიციუმ 99 მ-ით ან I123-ით, 4 შედეგი (29%) შეესაბამებოდა ნორმას, 8 შედეგზე (57%) აღინიშნებოდა ჩართვის კეროვანი დაქვეითება, ხოლო 2-ზე (14%) – ჩართვის დიფუზური დაქვეითება.
კეროვანი თირეოიდიტის მქონე 16 პაციენტიდან მხოლოდ სამს გამოუვლინდა აუტოანტისხეულები თირეოგლობულინის (TgAb) ან თირეოიდული პეროქსიდაზას (TPOAb) მიმართ. არცერთ მათგანს არ უფიქსირდებოდა TSH-რეცეპტორების საწინააღმდეგო აუტოანტისხეულები.
„მნიშვნელოვანია, რომ [იზოტოპის] ჩართვის დიფუზური დაქვეითების მქონე ორი პაციენტიდან, მხოლოდ ერთთან გამოვლინდა TPOAb ან TgAb,“ აღნიშნა მიულერმა, „როგორც ჩანს, SARS-CoV-2-ით გამოწვეული დაავადება წარმოადგენს ტრიგერს დისფუნქციისათვის, რომელსაც კომპლექსური და მრავალფაქტორული მექანიზმები აქვს.“
მიულერი გამოეხმაურა კითხვას ფარისებრი ჯირკვლის ბიოფსიისა და ციტოლოგიის შესაძლო როლთან დაკავშირებით: „ეს ნამდვილად წამოადგენს გასაღებს… ამ დრომდე ჩვენ მხოლოდ ვარაუდებს გამოვთქვამთ, ამიტომ ციტოლოგიური ან ჰისტოლოგიური კვლევები იქნება საკვანძო ფაქტორი, რომელიც გვიჩვენებს რა ხდება რეალურად ფარისებრ ჯირკვალში.“
„რაც ჩვენთვის ცნობილია, კლასიკური თირეოიდიტი, რომლიც აღწერილია ვირუსული დაავადებების, მათ შორის, SARS-CoV-2-ით ავადობის შემდეგ, ამ პაციენტებში განსხვავებული სცენარით მიდის… სავარაუდოდ, ფარისებრ ჯირკვალში განვითარებული პროცესები განსხვავებული მექანიზმით მიმდინარეობს, აქედან გამომდინარე, ციტოლოგია ან ჰისტოლოგია არის ის, რაც ჩვენ აუცილებლად გვჭირდება,“ შეაჯამა მან.
კვლევა დაფინანსდა Fondazione IRCCS Ca’ Granda Ospedale Maggiore Policlinico-სა (მილანი, იტალია) და ევროპის ენდოკრინოლოგიის საზოგადოების მიერ COVID-19-ის კვლევისათვის გამოყოფილი გრანტის საშუალებით. მიულერი და ლეში ფინანსურ დაინტერესებას არ აღნიშნავენ.
ENDO 2021. აბსტრაქტი OR23-2. 21 მარტი, 2021.