COVID-19-ით დაავადებულ სიმსუქნის მქონე პაციენტებს აქვთ უფრო მაღალი ვირუსული დატვირთვა, უფრო ხანგრძლივად

COVID-19-ით დაავადებულ სიმსუქნის მქონე პაციენტებს აქვთ უფრო მაღალი ვირუსული დატვირთვა, უფრო ხანგრძლივად

სტატია ქართულ ენაზე თარგმნა ენდოკრინოლოგმა: სალომე იზორია
რედაქტირებულია GAEM-ის სარედაქციო ჯგუფის მიერ: სალომე აფრიდონიძე, ქეთევან ძაგანია
წყარო: COVID Patients With Obesity Have Higher Viral Load, for Longer

COVID-19-ით დაავადებული სიმსუქნის მქონე პაციენტების კონტაგიოზურობის შემსწავლელი ახალი მონაცემების მიხედვით, COVID-19-ისა  და სიმსუქნის (სხეულის მასის ინდექსი [BMI]>30კგ/მ2) მქონე პაციენტებს აქვთ უფრო მაღალი ვირუსული დატვირთვა და ვირუსი, როგორც ჩანს, ამ ადამიანების ორგანიზმში უფრო დიდხანს პერსისტირებს.

დრორ დიქერმა (Dror Dicker), ჰაშარონის საავადმყოფოს (პეტახ-ტიკვა, ისრაელი) მედიცინის დოქტორმა (MD) მოკლედ წარადგინა თავისი კვლევის წინასწარი შედეგები წელს ვირტუალურად ჩატარებული, სიმსუქნის შესახებ ევროპული და საერთაშორისო კონგრესის (ECOICO) 2020 გახსნის პლენარულ სხდომაზე.

კითხვაზე, არიან თუ  არა სიმსუქნის მქონე პაციენტები მეტად კონტაგიოზურები, სიმსუქნის არ მქონე პირებთან შედარებით, დიქერმა განმარტა, რომ მისი კვლევის მიხედვით ადამიანებში, რომელთა BMI წარმოადგენდა > 30კგ/მ2-ს, COVID-19 სტატუსი ნეგატიური გახდა 5 დღით გვიან, ვიდრე იმ პაციენტებში, რომელთა BMI იყო < 25 კგ/მ2, რაც მიჩნეულია ჯანსაღ წონად.

„ჩვენ ასევე ვიცით, რომ სიმსუქნის მქონე პაციენტებს აქვთ უფრო მაღალი ვირუსული დატვირთვა,“ განაცხადა დიქერმა, ჭარბი წონის/სიმსუქნის სპეციალისტმა.

„გენეტიკური ტესტირების შედეგად ვიცით, რომ ცხიმოვან ქსოვილში ACE2-ის რაოდენობა მეტია, შესაბამისად, უჯრედში ვირუსის შეღწევის უნარი გაძლიერებულია,“ განმარტა მან, იმის აღნიშვნით, რომ ეს კვლევა ახალი და, ჯერჯერობით, გამოუქვეყნებელია. მან დასძინა, რომ უფრო მაღალი ვირუსული დატვირთვის და ინფექციის მეტი ხანგრძლივობის თვალსაზრისით, იგივე თავისებურებები გამოვლინდა სიმსუქნის მქონე პაციენტებში, რომლებიც დაინფიცირდნენ გრიპის ვირუსით.

სიმსუქნისა და COVID-19-ის შემსწავლელი მიმდინარე დიდი მულტიცენტრული კვლევა

კვლევაში COVID-19-ის მქონე პაციენტებს, რომელთა BMI <25 კგ/მ2, სრული გამოჯანმრთელებისთვის დასჭირდათ, დაახლოებით, 14 დღე, პაციენტებს, რომელთა BMI 25-30 კგ/მ2 ფარგლებშია, დასჭირდათ, დაახლოებით, 17 დღე, ხოლო პირებს, რომელთა  BMI > 30 კგ/მ2 – დაახლოებით, 19-20 დღე.

დიქერის თქმით, დაინტუბირებულ პაციენტებში მაღალი BMI და გლუკოზის მაღალი დონე, სავარაუდოდ, ყველაზე მნიშვნელოვანი რისკის ფაქტორებია, რაც იწვევს ავადობის გაუარესებას. მისი თქმით, ერთი შესაძლო ახსნა არის, რომ დასაწყისში სიმსუქნის მქონე პაციენტებს აქვთ თანმხლები დაავადებები, გარდა ამისა, არსებობს იმუნოლოგიური ფაქტორები, რომლებიც, ციტოკინურ შტორმთან ერთად, ტიპურია მძიმედ მიმდინარე COVID-19-ისთვის, რამაც შეიძლება გაზარდოს ავადობა და სიკვდილობა.

მთელი რიგი კვლევებით, სიმსუქნე დაკავშირებულია COVID-19-ის უარეს გამოსავლებთან. ლილის (საფრანგეთი) საუნივერსიტეტო საავადმყოფოდან მიღებული მონაცემები გამოსავლების შესახებ შეტყობინებულ იქნა Medscape Medical News-ის მიერ აპრილში და, მოგვიანებით, გამოქვეყნდა ჟურნალში Obesity. ამ კვლევებით დადგინდა, რომ COVID-19-ის სიმძიმე დაკავშირებული იყო BMI-ის მაღალ კატეგორიებთან და ყველაზე მძიმედ მიმდინარეობდა იმ პაციენტებში, რომელთა BMI ≥ 35 კგ/მ2 (მორბიდული სიმსუქნე). მკვლევარებმა ასევე დაადგინეს, რომ ინვაზიური ხელოვნური ვენტილაციის აუცილებლობა დაკავშირებული იყო მძიმე ხარისხის სიმსუქნესთან, სქესის, ასაკის, დიაბეტისა და ჰიპერტენზიის არსებობისგან დამოუკიდებლად.

აღნიშნული მონაცემები მიღებულია 2020 წლის მარტსა და აპრილში, როდესაც საფრანგეთსა და ევროპის სხვა ნაწილებში სწრაფად მოიმატსწრაფად იმატა ზოგადი და ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში (ICU) მიმართვამ. ფრანსუაზ პატუმ (François Pattou), ლილის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ქირურგიის პროფესორმა, MD-მა, ECOICO 2020-ის გახსნის პლენარულ სხდომაზე მოკლედ მოიხსენია აღნიშნული დასკვნები, თუმცა ტექნიკურმა სირთულეებმა შეზღუდა მისი პრეზენტაცია.

ნიუ-იორკიდან მიღებული სხვა  მონაცემები, რომლებიც Medscape Medical News-ის ამავე სიუჟეტშია წარმოდგენილი, ასევე აჩვენებს, რომ სიმსუქნე შეიძლება იყოს ICU-ში მოთავსების რისკის ფაქტორი COVID-19-ის მქონე პაციენტებში, განსაკუთრებით 60 წლამდე ასაკის პირებში. სიმსუქნის მქონე პაციენტებში COVID-19-ის გამო ჰოსპიტალიზაციის ალბათობა იყო ორჯერ მაღალი და ICU-ში მოხვედრის ალბათობა მნიშვნელოვნად იყო მომატებული.

ფრანგი ექიმების, მათ შორის პატუს, შემდგომმა ანალიზმა, რომელიც ივლისში გამოქვეყნდა The Lancet Diabetes & Endocrinology-ში, აჩვენა, რომ ლიონის საუნივერსიტეტო საავადმყოფოში შესწავლილ პაციენტებს შორის, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მყოფ COVID-19-ის მქონე პირებში სიმსუქნის ალბათობა 35%-ით მაღალი იყო, ვიდრე COVID-19-ის მძიმე ფორმის მქონე საფრანგეთის ზოგად პოპულაციაში (P=.0034).

ამჟამად პატუ უძღვება დიდ, საერთაშორისო, მულტიცენტრულ კვლევას, რომელმაც უნდა დაადგინოს როგორ უკავშირდება BMI და სიმსუქნე COVID-19-ის დროს ხელოვნური ვენტილაციის საჭიროების მომატებულ რისკს. კვლევა შეისწავლის, COVID-19-ის მქონე კრიტიკულად დაავადებულ პაციენტებში, BMI-ისა და პნევმონიის გამოსავლებს შორის ასოციაციას, იყენებს რა კლინიკურ სამედიცინო მონაცემებს და არა ადმინისტრაციულ მონაცემებს, თქვა პატუმ.

ამ ეტაპზე, კვლევაში ჩართულია ევროპის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ისრაელის 21 სამედიცინო ცენტრიდან შერჩეული 1400-ზე მეტი პაციენტი, კლინიკურ სამედიცინო მონაცემებზე (და არა ადმინისტრაციულ მონაცემებზე) დაყრდნობით.

პატუმ Medscape Medical News-ს განუცხადა: „ვიმედოვნებთ, ეს კვლევა დაგვეხმარება უკეთ შევიცნოთ იმ კავშირის როგორც ხაზოვანი, ისე არახაზოვანი ბუნება, რომელიც არსებობს BMI-ის, შენაცვლებითი სავალდებულო ვენტილაციის საჭიროებით მიმდინარე COVID-19-ით გამოწვეული პნევმონიის სიმძიმესა და სიკვდილობას შორის. ასევე, გვსურს განვსაზღვროთ აღნიშნულ კავშირზე სქესის და/ან ასაკის და მეტაბოლური კოვარიანტების გავლენა.“

ECOICO 2020-ის პრეს-რელიზში მან დასძინა: „COVID-19-ის პანდემიის დაწყებიდან რამდენიმე თვის შემდეგ, ამ ვირუსის მიერ მომატებული რისკი სიმსუქნით დაავადებული ადამიანებისთვის შეუძლებელია, იყოს უფრო ნათელი. ჩვენი მონაცემები აჩვენებს, რომ BMI-ის ზრდასთან ერთად იმატებს უფრო მძიმე დაავადების შანსი იმ დონემდე, რომ COVID-19-ის გამო ინტენსიურ თერაპიაზე მყოფი, მძიმე ხარისხის სიმსუქნის მქონე ყველა პაციენტს დასჭირდება ვენტილაცია.“

პატუ და დიქერი არ ადასტურებენ შესაბამის ფინანსურ მხარდაჭერას.