COVID-19 და შაქრიანი დიაბეტი – პასუხი ყველა აქტუალურ კითხვაზე

COVID-19 და შაქრიანი დიაბეტი – პასუხი ყველა აქტუალურ კითხვაზე

სტატია ქართულ ენაზე მოამზადა საქართველოს ენდოკრინოლოგიისა და მეტაბოლიზმის ასოციაციის დამფუძნებელმა, ენდოკრინოლოგმა ნათია ვაშაყმაძემ ამერიკის დიაბეტის ასოციაციის (ADA) განახლებაზე დაყრდნობით

შეკითხვა: შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტები უფრო ადვილად ინფიცირდებიან  COVID-19-ით?

პასუხი: არ არსებობს საკმარისი მონაცემი, რომელიც აჩვენებდა, რომ დიაბეტის მქონე პირები უფრო ადვილად ავადდებიან კორონავირუსით, ვიდრე ზოგადი პოპულაცია.  პრობლემა, რომელსაც დიაბეტის მქონე პაციენტები აწყდებიან არის შემდეგი: ინფიცირების შემთხვევაში მათ უფრო ადვილად უვითარდებათ კორონავირუსის მძიმე  გართულებები, ვიდრე დიაბეტის არმქონე პირებს. ასევე აღსანიშნავია, რომ რაც უფრო მეტი ქრონიკული დაავადება აქვს დიაბეტის მქონე პირს (მაგ., დიაბეტი + გულის დაავადება, ჰიპერტენზია  და სხვ.), ეს დამატებით ზრდის გართულებების განვითარების რისკებს. ასაკოვნებს ასევე გაზრდილი აქვთ კორონავირუსის მძიმე გართულებების განვითარების ალბათობა.

მიუხედავად იმისა, რომ სიკვდილობა მაღალია ვირუსის გავრცელების პარალელურად, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მომავალში შემცირდება სიკვდილობის მაჩვენებელი, რამდენადაც ამჟამად უკეთ ვიცით დაავადების მკურნალობა, ვიდრე დასაწყისში.

შეკითხვა: გაზრდილია თუ არა სერიოზული გართულებების რისკი დიაბეტის მქონე პაციენტებში?

პასუხი: დიახ, დიაბეტის მქონე პირებს გაზრდილი აქვთ სერიოზული გართულებები რისკი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევაში. ზოგადად, დიაბეტის მქონე პაციენტებს ნებისმიერი ვირუსული ინფექციით ინფიცირების შემთხვევაში გაზრდილი აქვთ სერიოზული და მძიმე გართულებების განვითარების ალბათობა.   

თუკი შაქრის დონე კარგად არის ნამართი და პაციენტი თავის დიაბეტს კარგად „უვლის“, ასეთ პაციენტებში დაბალია სერიოზული გართულებების განვითარების რისკი; გულის დაავადებების არსებობა ან დიაბეტის სხვა სისხლძარღვოვანი გართულები არსებობა დამატებით ზრდის კორონავირუსის სერიოზული გართულებების რისკს. ეს ძალიან ლოგიკურია, რამდენადაც 1-ზე მეტი ქრონიკული დაავადების არსებობა აქვეითებს ორგანიზმის  ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლის უნარს.

ვირუსულმა ინფექციებმა შესაძლოა ასევე გაზარდონ ანთებითი პროცესები ორგანიზმში, რაც შეიძლება გამოიწვიოს შაქრის მაღალმა დონემ და ასეთმა ანთებამ შეიძლება ხელი შეუწყოს უფრო სერიოზული და მძიმე გართულებების განვითარებას.

შეკითხვა: რისკები თანაბარია თუ განსხვავდება ტიპი 1 და ტიპი 2 დიაბეტის მქონე პაციენტებში?  

პასუხი: : ამერიკის CDC აგრძელებს განახლებების გამოქვეყნდებას თავის ვებ გვერდზე, რამდენადაც ახალი ინფორმაცი COVID-19 დაკავშირებით უწყვეტ ნაკადად მოედინება. ამჟამად ცნობილია, რომ ნებისმიერი ასაკის პაციენტი შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ით იმყოფება კორონავირუსის მძიმე გართულებების განვითარების რისკის ქვეშ.    

CDC მონაცემებმზე დაყრდნობით, ამჟამად ცნობილია, რომ ტიპი 1 დიაბეტის მქონე პაციენტები და ასევე გესტაციური დიაბეტის მქონე ორსულებიც გაზრდილი რისკის ჯგუფში იმყოფებიან კორონავირუსით მძიმედ ავადობით.  რამდენადაც COVID 19 ახალი დაავადებაა, ჩვენ ბევრი რამ არ ვიცით მის შესახებ და არ არის ცნობილი, თუ როგორ ზრდის  გარკვეული ავადმყოფობა მძიმე გართულებების განვითარების რისკს COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევაში.

მნიშვენლოვანია გვახსოვდეს, რომ დიაბეტის ნებისმიერი ტიპის მქონე პაციენტები განსხვავდებიან ასაკით, თანმხლები დაავადებებით და ასევე იმით, თუ რამდენად კარგად უვლიდნენ ისინი თავიანთ დაავადებას. იმ პირებში, რომლებსაც უკვე აქვთ დიაბეტთან დაკავშირებული ჯანმრთელობის სხვა პრობლემები (ანუ დიაბეტის გართულებები), დიდი ალბათობით უფრო მაღალ რისკის ჯგუფში არიან კორონავირუსით მძიმედ ავადობით, ვიდრე ის პირები, რომლებსაც აღენიშნებათ შაქრიანი დიაბეტი, თუმცა სხვა მხრივ ჯანმრთელები არიან და არ აქვთ დიაბეტის ქრონიკული გართულებები, რომელი ტიპის დიაბეტიც არ უნდა ქონდეთ.   

შეკითხვა: კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევაში იზრდება თუ არა დიაბეტის მწვავე გართულების, დიაბეტური კეტოაციდოზის რისკი?  

პასუხიროდესაც დიაბეტის მქონე პაციენტებს უვითარდებათ ვირუსული ინფექცია, მათ გაზრდილი აქვთ დიაბეტური კეტოაციდოზის განვითარების რისკი, ეს უპირატესად ეხება ტიპი 1 დიაბეტის მქონე პაციენტებს.

დიაბეტური კეტოაციდოზის დროს რთულია სითხისა  და ელექტროლიტური ბალანსის კონტროლი, რაც ასე მნიშნელოვანია სეფსიის მართვისას.  სეფსისი და სეპტიური შოკი არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და სერიოზული გართულება, რომელიც კორონავირუსით ინფიცირებულმა ზოგიერთმა პაციენტმა შეიძლება გამოსცადოს. 

აუცილებელია დიაბეტის მქონე პაციენტმა იცოდეს დიაბეტური კეტოაციდოზი ნიშნების ამოცნობა და აუცილებელია ასეთ შემთხვევაში დიაბეტით დაავადებული პაციენტი პირდაპირ კავშირზე იყოს მის მკურნალ ენდოკრინოლოგთან, რომ მიიღოს რეკომენდაცია განისაზღვროს კეტონების დონე შარდში ან სისხლში და მიიღოს სხვა შესაბამისი რეკომენდაციები.

შეკითხვა:  COVID-19 ხომ არ იწვევს დიაბეტს?

პასუხი: ამ ეტაპზე არ არებობს საკმარისი მტკიცებულება, რომ ან დავადასტუროთ ან უარვყოთ COVID-19-ის გავლენა დიაბეტის განვითარების რისკზე

რისკები და სიფრთხილის ნიშნები

შეკითხვა: რა სხვაობაა COVID-19-სა და სეზონურ გრიპს შორის?

პასუხი: COVID-19 იწვევს უფრო მძიმე და სერიოზულ ავადობას, ვიდრე სეზონური გრიპი ყველასთან, მათ შორის დიაბეტის მქონე პაციენტებთანაც.  ყველა სტანდარტული სიფრთხილის ზომა, რომელიც მოწოდებულია, რომ თავი დავიცვათ ვირუსული ინფექციებისგან, განსაკუთრებით ზედმიწევნით უნდა იყოს დაცული კორონავირუსთან მიმართებაში.     

მოვუწოდებთ დიაბეტის მქონე პაციენტებს, რომ მიყვნენ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციებს, რომ დაიცვან საკუთარი თავი და სხვები. როგორც ყოველთვის, აუცილებელია, რომ დიაბეტის მქონე პირები აიცრად სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით ყოველწლიურად,  თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ გრიპის ვაქცინა არ იცავს COVID-19-ის განვითარებისგან.

შეკითხვა: რა ნიშნებსა და სიმპტომებს უნდა მივაქციოთ ყურადღება?

პასუხიCOVID-19-ით ინფიცირებულ პირებს აქვთ სიმპტომების ფართო სპექრი, დაწყებული მსუბუქი სიმპტომებიდან დამთავრებული ძალიან მძიმე დაავადების ნიშნებით. სიმპტომები და ნიშნები შეიძლება გაჩნდეს ინფიცირებიდან 2-14 დღის ვადაზე. ყურადღება მიაქციეთ სიმპტომებს, რომლებიც შესაძლოა COVID-19-ით ინფიცირებაზე მიანიშნებდნენ.

  • ცხელება
  • ხველა
  • სუნთქვის გაძნელება, ხშირი სუნთქვა
  • სისუსტე
  • ტკივილი და დისკომფორტი კუნთებში ან მთელს სხეულში
  • თავის ტკივილი
  • გემოვნებისა და ყნოსვის დაკარგვა
  • ყელის ტკივილი
  • ცხვირის გაჭედვა
  • გულისრევა და პირღებინება
  • დიარეა

შეკითხვა: როგორ მოვიქცე, თუკი ვფიქრობ რომ COVID-19-ის სიმპტომები დამეწყო?

A: თუკი, ფიქრობთ, რომ კორონავირუსის სიმპტომები გაქვთ, აუცილებლად უნდა დაუკავშირდეთ ოჯახის ექიმს და ენდოკრინოლოგს. ოჯახის ექიმთან დასაკავშირებლად აუცილებელია დარეკოთ 112-ში; აქვე გთავაზოვთ სასწრაფო დახმარების ვებ გვერდის მისამართს: http://temsc.gov.ge/geo/contact/19 ; ასევე აუცილებელია დაუკავშირდეთ თქვენს მკურნალ ენდოკრინოლოგს

როდესაც დარეკავთ, დარწმუნდით რომ:

  • ხელთ გაქვთ ბოლო პერიოდის შაქრის ჩანაწერები, რომ ექიმს გააცნოთ
  • ხელთ გაქვთ ბოლო პერიოდის კეტონების ჩანაწერები, რომ ექიმს გააცნოთ
  • ბოლო პერიოდში დღიურად მიღებული სითხის რაოდენობაზე შეძლებთ ინფორმაციის მიწოდებას
  • ზუსტად შეძლებთ ჩამოაყალიბოთ თქვენი სიმპტომები (გაქვთ ცხელება, ცხვირი გეჭედებათ, პირღებინება გაქვთ თუ სხვ.)
  • დაუსვათ შეკითხვა, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს თქვენი დიაბეტის მართვა

შეკითხვა: რა არის გამართხილებელი, ყველაზე საშიში ნიშნები და როგორ უნდა მოვიქცე, თუკი მე მაქვს ეს ნიშნები?  

პასუხი: თუკი თქვენ გაქვთ გამაფრთხილებელი და  საშიში ნიშნები, დაუყოვნებლივ საჭიროებთ სამედიცინო ყურადღებას და თქვენ ან თქვენმა ახლობელმა უნდა რეკოთ 112-ში. ზრდასრულებში ასეთი ნიშნებია:  

  • სუნთქვის გაძნელება, გახშირებული სუნთქვა
  • გულმკერდში მუდმივი ტკივილი ან ზეწოლა
  • გონების დაბინდვა
  • გამოფხიზლების გაძნელება ან მუდმივად მძინარე ლეთარგიულ მდგომარეობაში ყოფნა
  • სახესა და ტუჩებზე მოცისფრო ფერის არსებობა

სიფრთხილის ზომები

შეკითხვა : როგორ უნდა მოვიქცე, რომ შევამცირო COVID-19-ის გავრცელება ჩემს სახლში?

პასუხი: პაციენტებისთვის, რომლებსაც აქვთ ჯანმრთელობის ქრონიკული პრობლემები, მათ შორის შაქრიანი დიაბეტი, მათი ოჯახის წევრები უნდა მოერიდონ მათთან მჭიდრო პირისპირ ურთიერთობას, თუკი ისინი წარმოადგენენ მნიშვნელოვან რისკს მათთვის.  მაგალითისთვის, ოჯახის წევრები, რომლებსაც შეხება აქვთ დიაბეტის მქონე პაციენტებთან უნდა იცავდნენ შემდეგ წესებს:

  • ყოველთვის გამოიყენონ პირბადე, რომელიც სრულად ფარავს ცხვირსა და პირს, როდესაც გადიან სახლიდან.
  • ხშირად დაიბანონ ხელები და ყოველთვის ჩაიტარონ ხელების დეზინფექცია, როდესაც შეხებაში არიან მოწყვლად ოჯახის წევრთან.
  • დაიცვან სოციალური დისტანცია, უმჯობესია 2 მეტრი არა ოჯახის წევრთან კონტაქტისას.

შეკითხვა: როგორ უნდა მოვიქცე, თუკი ჩემი ოჯახის წევრს დაუდასტურდა კორონავირუსი და მე მაქვს შაქრიანი დიაბეტი?

პასუხითუკი თქვენი ოჯახის წევრს დაუდასტურდა კორონავირუსი, აუცილებელია მოხდეს მისი იზოლირება ცალკე ოთახში, თუკი შესაძლებელია, უმჯობესია კარი იყოს დაკეტილი.  გამოყავით მხოლოდ 1 ოჯახის წევრი, რომელიც მის მოვლას აიღებს საკუთარ თავზე და იფიქრეთ დამატებით უსაფრთხოების ზომებზე რომ დაიცვათ საკუთარი თავი და ოჯახის სხვა წევრები, რომლებიც 65 წელს არიან გადაცილებული. დამატებით ინფორმაცია სახლში უსაფრთხოების ზომების დაცვასთან დაკავირებით შეგიძლიათ იხილოთ აქ.     

COVID-19 და ჰოსპიტალიზაცია

შეკითხვა: შეუძლიათ თუ არა პაციენტებს, რომლებიც არიან საავადმყოფოში ჰოსპიტალიზებული, გამოიყენონ იგივე გლუკომეტრები შაქრის თვითკონტროლისთვის, რასაც სახლში იყენებდნენ?

პასუხი: დიახ. FDA აღიარებს სახლში გამოყენებულ გლუკომეტრებს როგორც კარგ და დასაყრდენ ხელსაწყოს, რომ მოხდეს შაქრის თვითკონტროლი საავადმყოფოში მოხვედრილი დიაბეტით დაავადებული პაციენტებისთვის. ამით შემცირდება სამედიცინო პერსონალსა და პაციენტს შორის ურთიერთობა, და შესაბამისად შემცირდება კორონავირუსის გავრცელების რისკი და დაიზოგება პირადი თავდაცვის საშუალებები, რომლებიც აუცილებელია კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტთან ურთიერთობისთვის.  

ამდენად,  FDA მოუწოდებს საავადმყოფოებს, რომ დიაბეტით დაავადებულ  პაციენტებს შესაძლებლობა მისცენ გამოიყენონ თავიანთი საკუთარი გლუკომეტრებით შაქრის თვითკონტროლისთვის. ამით შეამცირებენ პაციენტსა და ექიმს შორის პირდაპირი კონტაქტის აუცილებლობას, შეამცირებენ ვირუსის გავრცელების რისკსა და პირადი თავდაცვის საშუალებების გახარჯვის აუცილებლობას.

შეკითხვა: ახდენს თუ არა დიაბეტის საწინააღმდეგო პრეპარატები გავლენას COVID-19-ის მიმდინარეობაზე?

პასუხი: დღეისთვის არ არსებობს მაღალი ხარისხის  მტკიცებულება, რომ დადასტურებულად ითქვას, რომელიმე ანტიდიაბეტური პრეპარატის ზუსტი გავლენის შესახებ COVID-19-ის მიმდინარეობაზე. თუმცა არსებობს გარკვეული კვლევები და ადრეული მონაცემები, რომელიც აჩვენებს, რომ მეთფორმინსა და სიტაგლიპტინს შესაძლოა ჰქონდეს გარკვეული დადებითი ეფექტი COVID-19-ით ინფიცირებულ პაციენტებში. ამ პრეპარატებით მკურნალობაზე მყოფ პაციენტებში ნანახია უკეთესი გამოსავალი და სიკვდილობის დაბალი მაჩვენებელი. მაშინ როცა SGLT-2-ის ინჰიბიტორებს შესაძლოა ჰქონდეს გარკვეული უარყოფითი გავლენა ვირუსული ინფექციის საშუალო და მძიმე ფორმების მიმდინარეობაზე. ზოგადად SGLT2-ის ინჰიბიტორები ზრდიან დიაბეტური კეტოაციდოზის სიხშირეს ტიპი 2 დიაბეტის მქონე პაციენტებში, ეს განსაკუთრებით მოსალოდნელია მწვავე ინფექციური პროცესების დროს, რომელსაც ასევე მიეკუთვნება COVID-19.


შეკითხვა: ჰოსპიტალიზაციის დროს აუცილებელია თუ არა ტაბლეტირებული მკურნალობის შეცვლა ინსულინით?!

პასუხი: რამდენადაც თავდაპირველად საქართველოში ასიმპტომური ან მსუბუქი სიმპტომების მქონე პაციენტების ჰოსპიტალიზაციაც ხდებოდა, არ იყო საჭირო ყველა შემთხვევაში მკურნალობის შეცვლა და ინსულინით თერაპიაზე გადასვლა. თუმცა ამჟამად მდგომარეობა შეიცვალა და საავადმყოფოებში ხვდება მხოლოდ საშუალო და მძიმე მიმდინარეობის მქონე პაციენტები.  ზოგადად, ჰოსპიტალიზაციისას, თუკი COVID-19-ით ინფიცირებულ პაციენტს  აქვს მწვავე ანთებითი პროცესი ან რომელიმე ორგანოს მწვავე უკმარისობა, მაგ., პნევმონია – ფილტვების ანთება, თირკმლის ან ღვიძლის მწვავე უკმარისობა, სატურაციის დაბალი მაჩვენებელი, თრომბოზი და ა.შ. ტაბლეტირებული ანტიდიაბეტური საშუალებების გამოყენება უნდა შეწყდეს და პაციენტი გადაყვანილი უნდა იყოს ინსულინით თერაპიაზე ენდოკრინოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ. ვირუსული ინფექციიდან გამოჯანმრთელების შემდეგ მკურნალი ენდოკრინოლოგის გადაწყვეტილებით ხშირ შემთხვევაში შესაძლებელია პაციენტის დაბრუნება ტაბლეტირებულ ანტიდიაბეტურ მკურნალობაზე.

შეკითხვა: აუციელებლია თუ არა D ვიტამინის დანამატების მიღება დიაბეტის მქონე პაციენტებში COVID-19-ით ინფიცირების შესამცირებლად?  

პასუხი: არ არსებობს მონაცემები, რომლებიც აჩვენებს, რომ D ვიტამინის დანამატების გამოყენება ამცირებს COVID-19-ით ინფიცირების რისკს, თუმცა არის გარკვეული მონაცემი D ვიტამინის დონესა და კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებში დაავადების მიმდინარეობას შორის. არის მონაცემები, რომლებიც აჩვენებს, რომ D ვიტამინის დეფიციტის მქონე პირებში უფრო მძიმე ფორმით მიმდინარეობის COVID ინფექცია, უფრო ხშირია რეანიმაციაში მოხვედრისა და სიკვდილის ალბათობა. რამდენადაც ტიპი 2 დიაბეტის მქონე პაციენტთა უმრავლესობას აღენიშნება სიმსუქნე, ხოლო სიმსუქნე თავის მხრივ D ვიტამინის დეფიციტის რისკის ფაქტორია, ასევე დღეს დიაბეტის მქონე პაციენტებისთვის რეკომენდებულია მაქსიმალურად შინ დარჩენა და თვითიზოლაცია, საქართველოს ენდოკრინოლოგიისა და მეტაბოლიზმის ასოციაცია რეკომენდებულიას უწევს 25(OH)D3 განსაზღვრას სიხლში და დეფიციტის არსებობის შემთხვევაში მის შევსებას ადეკვატური დოზების გამოყენებით. იმ პაციენტებში, რომლებსაც არ აქვთ შესაძლებლობა განისაზღვრონ სისხლში D ვიტამინის დონე, საქართველოს ენდოკრინოლოგიისა და მეტაბოლიზმის ასოციაცია რეკომენდაციას უწევს D ვიტამინის დანამტების გამოყენებას პროფილაქტიკური დოზით – ქოლეკალციფეროლი 2000 სე დღეში კვების შემდეგ მთელი შემოდგომისა და ზამთრის პერიოდის განმავლობაში.

საქართველოს ენდოკრინოლოგიისა და მეტაბოლიზმის ასოციაცია (GAEM) დიაბეტის მქონე პაციენტებს მოგიწოდებთ მაქსიმალურად დარჩეთ სახლში, მოიმარაგოთ წამლები, გლუკომეტრის ჩხირები, ხშირად გაიზომოთ შაქრის დონე სისხლში, კარგად აკონტროლოთ დიაბეტი, იკვებოთ ჯანსაღად, ხილით, ბოსტენეულით, ხორცით, რძის ნაწარმით, თევზით მდიდარი რაციონით, მიიღოთ საკმარისი რაოდენობით წყალი, იყოთ ფიზიკურად აქტიურები და შეინარჩუნოთ სიმშვიდე, რათა თავიდან აირიდოთ კორონავირუსით ავადობა და ინფიცირების შემთხვევაში, მისი მძიმე მიმდინარეობა. GAEM ჯანმრთელობას გისურვებთ!

კითხვა პასუხის რეჟიმი მომზადებულია ამერიკის დიაბეტის ასოციაცის (ADA) განახლებაზე დაყრდნობით, ადაპტირებულია ქართულ რეალობაზე და ასევე დამატებულია უახლესი მონაცემები არსებული კლინიკური კვლევების მიხედვით.