ADA-ს ახალი გაიდლაინების „გული“: გლიკემიის მართვის ფარმაკოლოგიური მიდგომები

ADA-ს ახალი გაიდლაინების „გული“: გლიკემიის მართვის ფარმაკოლოგიური მიდგომები

სტატია ქართულ ენაზე თარგმნა ენდოკრინოლოგმა: ნელი ლაგურაშვილი
რედაქტირებულია GAEM-ის სარედაქციო ჯგუფის მიერ: ქეთევან ძაგანია
წყარო: “Heart” of the New ADA Guidelines: Pharmacologic Approaches to Glycemic Treatment

ჩანაწერი რედაქტირებულია მეტი სიცხადისთვის.

კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება. ახლა მიმოვიხილავთ ამერიკის დიაბეტის ასოციაციის (ADA) 2021 წლის დიაბეტის მართვის სტანდარტების ბოლო ნაწილებს.

სექცია 9: გლიკემიის მართვის ფარმაკოლოგიური მიდგომები

მე-9 სექცია არსებული სტანდარტების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია, რადგან ის გვავწდის ინფორმაციას როგორ ვუმკურნალოთ შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებს და იმედი გვაქვს, რომ მოგაწვდით საინტერესო დეტალებს ინდივიდუალური პაციენტის მიდგომასთან დაკავშირებით. ეს არის გაიდლაინების „გული,“ გრძელი და რთული ნაწილი. მე გირჩევთ გაეცნოთ ცხრილებს და სურათებს, რათა კარგად გაერკვეთ აღნიშნულ ლექციაში წარმოდგენილ ინფორმაციაში. მე აგიხსნით ძირითად ცვლილებებს.

ინსულინის შემთხვევაში, ჩვენ ვსაუბრობთ სენსორით აღჭურვილი ინსულინის ტუმბოების გამოყენების სარგებელზე. ასევე, ვსაუბრობთ ინსულინოთერაპიაზე მყოფ პაციენტებში ბაზალური დოზის გადაჭარბებაზე – როგორ შევძლოთ მისი თავიდან აცილება და შეფასება.

სურ. 9.1-ზე ნაჩვენებია დიდი ცვლილება, რომელიც ეხება მკურნალობის არჩევის გზებს  თირკმელების ქრონიკული დაავადების (CKD), ან გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში. მკურნალობა იწყება ისე, როგორც ნებისმიერი შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2 მკურნალობის შემთხვევაში: პირველი რიგის თერაპიაა მეტფორმინი და ჯანსაღი ცხოვრების წესი. თუმცა შემდეგ, პაციენტების A1c-ის (გლიკოზირებული ჰემოგლობინი) სამიზნე მაჩვენებლისგან და იმისგან დამოუკიდებლად, იტარებენ თუ არა მეტფორმინით მკურნალობას, მათი განხილვა ხდება სამ ჭრილში: აქვს თუ არა პაციენტს გულსისხლძარღვთა დაავადებების მაღალი რისკი, ან უკვე დადგენილი ათეროსკლეროზული კარდიოვასკულარული დაავადება, ან თირკმლის ქრონიკული დაავადება, ან გულის  უკმარისობა.

პაციენტებისთვის, რომლებსაც აქვთ ათეროსკლეროზული დაავადების განვითარების მაღალი რისკი, ან უკვე დადგენილი ათეროსკლეროზული კარდიოვასკულარული დაავადება, მკურნალობა უნდა დაიწყოს გლუკაგონის მსგავსი პეპტიდ 1-ის  (GLP-1) რეცეპტორების აგონისტით ან ნატრიუმ-გლუკოზას კოტრანსპორტერ 2-ის (SGLT2) ინჰიბიტორით. დადგენილი გულის უკმარისობის მქონე პაციენტების მართვისას უპირატესობა უნდა მიენიჭოს SGLT2-ის ინჰიბიტორებით მკურნალობას ისევე, როგორც თირკმლის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტების შემთხვევაში, თუმცა შემდგომში ყურადღება უნდა გავამახვილოთ თირკმლის ფუნქციაზე და ამის მიხედვით მივიღოთ გარკვეული გადაწყვეტილებები, შემდგომ მკურნალობასთან დაკავშირებით. ჩვენ კარგად ჩავეძიეთ, როგორ დავეხმაროთ მაღალი რისკის  მქონე პაციენტებს GLP-1 რეცეპტორების აგონისტსა და  SGLT-2-ის ინჰიბიტორს შორის არჩევანის გაკეთებაში, იმ ცოდნის გათვალისწინებით, რომ ორივე ჯგუფის მედიკამენტს აქვს მნიშვნელოვანი სარგებელი ძალიან მაღალი რისკის მქონე პაციენტებში.

სექცია 10: გულსისხლძარღვთა დაავადებები და რისკების მართვა

ჩვენ სიამაყით ვაცხადებთ, რომ მესამე წელია ამერიკის კარდიოლოგიის კოლეჯი (ACC) აქტიურად მონაწილეობს მე-10 სექციაში არსებული გადაწყვეტილებების მიღებაში, აქედან გამომდინარე, ჩვენ შესაბამისობაში ვართ ACC-ის ქმედებებთან. ეს სექცია გადაიხედა იმ კვლევების გამოქვეყნებული შედეგების გაცნობის მიზნით, რომლითაც შეისწავლეს კარდიოვასკულარული რისკის შემცირების გავლენა შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებზე, თუმცა, უნდა აღვნიშნოთ, რომ არსებულ საკითხზე საკმარისი მტკიცებულება არ გვაქვს ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში. ამ სექციის გადახედვა საჭიროა, თუმცა, არ არის შეტანილი ბევრი ცვლილებები, გარდა უახლესი მტკიცებულებების საფუძველზე განხორციელებული განახლებისა.

ნაწილი 12: ხანდაზმული პაციენტები

ბოლოს, მე-12 სექციაში ჩვენ არ ვსაზღვრავთ „ხანდაზმულობას,“ თუმცა ვცვლით  A1c-ის სამიზნე მაჩვენებელს. მცირე თანმხლები ქრონიკული დაავადებების, უცვლელი კოგნიტური ფუნქციისა და ფუნქციური მდგომარეობის მქონე, სხვა მხრივ ჯანმრთელ, ხანდაზმულ პაციენტებში A1c სამიზნე მაჩვენებელი უნდა იყოს <7-7.5%. ვფიქრობ, ეს გონივრულია, რადგან გვსურს ყველა პაციენტის ინდივიდუალურად შეფასება; ჩვენ ყოველთვის ვახდენთ მართვის ინდივიდუალიზაციას. მნიშვნელოვანია თითოეული პაციენტის ფუნქციური სტატუსის შეფასება, ჭარბი მკურნალობის თავიდან აცილების და მისი შემსუბუქების მიზნით, მკურნალობის რისკების შესწავლა და აღნიშნულის დაბალანსება, რათა მოხდეს ინდივიდზე მორგება.

ჩვენ განვიხილავთ სუსტი ჯანმრთელობის მქონე ხანდაზმულ პაციენტებს. ჩვენ ვაცხადებთ, რომ ბოლომდე არ დავეყრდნოთ A1c-ის მაჩვენებელს; ჩვენი მიზანია ჰიპო და/ან ჰიპერგლიკემიის სიმპტომების თავიდან აცილება და, პაციენტების მკურნალობა გონივრულად, ინდივიდუალური სამიზნე მაჩვენებლების საფუძველზე. უფრო მეტიც, მიზანი არის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება — ეს ეხება ყველა პაციენტს, თუმცა განსაკუთრებით ხანდაზმულ, ძალიან სუსტ, დაუძლურებულ პაციენტებს, ჩვენ გვინდა შევცვალოთ ის, რაზეც ვართ ორიენტირებული. ეს წარმოადგენს კარგ საშუალებას ხანდაზმული პაციენტების მკურნალობისთვის. მე უფრო და უფრო ხშირად ვხვდები ხანდაზმულ პაციენტებს და მსურს დავრწმუნდე, რომ გავაუმჯობესებ მათი სიცოცხლის ხარისხს, მათი ცხოვრების მანძილზე.

ამით დასრულდა 2021 წლის ADA-ს დიაბეტის მართვის სტანდარტების ჩემეული განახლება, წაიკითხეთ რაც გაინტერესებთ, მაგრამ გადახედეთ ამას, განსაკუთრებით მე-9 სექციაში განხილულ შაქრიანი დიაბეტის ფარმაკოლოგიურ მკურნალობას, რადგან ეს ნამდვილად გაძლევთ მიმოხილვის საშუალებას. ასევე, გადახედეთ თქვენთვის საინტერესო სხვა სექციებსაც. ძალიან დიდი მადლობა.

ენი ლ. პიტერსი (Anne. L. Peters) არის სამხრეთ კალიფორნიის სამედიცინო უნივერსიტეტის (USC) მედიცინის დოქტორი და კლინიკური კვლევების დირექტორი, 200-ზე მეტი სტატიის, მიმოხილვის და აბსტრაქტის, დიაბეტის შესახებ სამი წიგნის ავტორი და 40-ზე მეტი კლინიკური კვლევის მკვლევარი. ის სიტყვით გამოვიდა 400-ზე მეტ საერთაშორისო პროგრამაზე და მოღვაწეობს რამდენიმე პროფესიულ ორგანიზაციის კომიტეტში.