ჰიპოთირეოზისას ქოლესტეროლის დონე მაღალია თიროქსინით ადეკვატური მკურნალობის მიუხედავად

ჰიპოთირეოზისას ქოლესტეროლის დონე მაღალია თიროქსინით ადეკვატური მკურნალობის მიუხედავად

კლინიკური ენდოკრინოლოგიისა და მეტაბოლიზმის ჟურნალში გამოქვეყნებული მეტაანალიზის მონაცემების მიხედვით, ჰიპოთირეოზის მქონე პაციენტებს, რომელთა მკურნალობა მიმდინარეობს სტანდარტულად ლევოთიროქსინის (LT4) შენაცვლებითი თერაპიით, ხშირად აღენიშნებათ ქოლესტეროლის მაღალი დონე, მიუხედავად სისხლში  თიროიდმასტიმულირებელი ჰორმონის (TSH) ნორმალური მაჩვენებლისა.

შრატის დაბალის სიმკვრივის ლიპოპროტეინი (LDL) და საერთო ქოლესტეროლი  (TC) წარმოადგენს თიროიდული ჰორმონის ცვლის ობიექტურ მარკერს. არ არის ცნობილი LT4-ით მკურნალობის ფონზე შრატის TSH ჰორმონის დონის ნორმალიზება რამდენად აღადგენს თიროიდული ჰორმონის სასიგნალო სისტემას.

„დადგენილია, რომ არანამკურნალები ჰიპოთირეოზი იწვევს ქოლესტეროლის დონის მომატებას“ – აღნიშნა პირველმა ავტორმა ელიზაბეტ მაკანინჩმა – ჩიკაგოს  საუნივერსიტეტო სამედიცინო ცენტრის ენდოკლინოლოგიისა და მეტაბოლიზმის განყოფილების ასოცირებულმა პროფესორმა.

„LT4-ით მკურნალობისას პაციენტების სისხლში LDL-ისა და საერთო ქოლესტეროლის დონე მნიშვნელოვნად  მაღალი იყო ვიდრე ჯანმრთელი ინდივიდების საკონტროლო ჯგუფში, ეს ფაქტი მიუთითებს იმაზე, რომ აღნიშნულ პაციენტებში თიროიდულ  ჰორმონზე დამოკიდებული ლიპიდური ცვლა არ მოწესრიგდა“ – ასეთი იყო  ელიზაბეტ მაკანინჩის და მისი თანაავტორის დასკვნა.

,,ამ მონაცემებმა მიგვიყვანა დასკვნამდე, რომ ლევოთიროქსინით მკურნალობა არ აწესრიგებს ყველა პარამეტრს ჰიპოთირეოზის მქონე პაციენტებში“ – აღნიშნა ავტორმა.

TSH-ის დონის ნორმალიზება არ არის საკმაირისი თიროიდული ფუნქციის სრულად აღდგენისთვის

მკვლევარების შეფასებით ჯანმრთელი თირეოიდული ჯირკვალი წარმოქმნის და გამოყოფს თიროქსინს (T4) და ტრიიოდთირონინს (T3). T4 წარმოადგენს პროჰორმონს, რადგან მას აქვს უფრო დაბალი აფინურობა თირეოიდული ჰორმონის რეცეპტორის მიმართ, ხოლო T3 არის თირეოიდული ჰორმონის აქტიური ფორმა.

ჰიპოთირეოზის, რომელიც აშშ-ის მოსახლეობის 5%-ში გვხვდება,  სტანდარტული მკურნალობა  მოიცავს თირეოიდული ჰორმონის ჩანაცვლებით თერაპიას სინთეზური T4-ით და ლევოთიროქსინის (LT4) იმ დოზებით, რომლითაც მიიღწევა სისხლში  TSH-ის დონის ნორმალიზება.

ადრე მიიჩნევდნენ, რომ LT4-ით მონოთერაპია იმ დოზით, რომელიც ახდენდა სისხლში TSH-ის მოწესრიგებას, ეფექტურად გარდაიქმნებოდა T3-ად და შედეგად მიიღწეოდა ჰომესტაზი. აღნიშნული მოსაზრება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა, რადგან 1) LT4-ით ნამკურნალები ჰიპოთირეოზის მქონე პაციენტების ნაწილი (დაახლოებით 20%), მიიჩნევს, რომ სისხლში TSH-ის დონის მოწესრიგების მიუხედავად, მათი სიმპტომები კვლავ რჩება ასევე 2) ჰიპოთირეოზის მქონე LT4-ით ნამკურნალებ პაციენტებში T4:T3 შეფარდება რჩება მაღალი. პაციენტები, რომელთაც T4-ით მონოთერაპიის შედეგად არ აქვთ სიმპტომების გაუმჯობესება, წარმოადგენენ პაციენტების ჯგუფს, რომელებიც ადასტურებენ T3-ით მკურნალობის საჭიროებას გარკვეულ შემთხვევებში. საკითხი, თუ როდის უნდა მოხდეს T3-ის კომბინირება T4-თან, წარმოადგენს განხილვის საგანს უკანასკნელ წლებში.

ახალ მეტა-ანალიზში, რაშის უნივერსიტეტის მკვლევარებმა შეარჩიეს 99 კვლევა, რომლებიც აკმაყოფილებდნენ ჩართვის კრიტერიუმებს პაციენტებისთვის პირველადი ჰიპოთირეოზით, რომლებიც იმყოფებოდნენ L-T4-ით მონოთერაპიაზე, სისხლში TSH-ის დონის დარეგულირების მიზმით. აქედან 65 კვლევაში წარმოდგენილი იყო მონაცემები ქოლესტეროლის დონის შესახებ.

LT4-ით ნამკურნალებ პაციენტებს, მიუხედავად TSH-ის ნორმალური დონისა, აღენიშნებოდათ სისხლში LDL-ის ქოლესტეროლის მაღალი დონე ჯანმრთელ საკონტროლო ჯგუფთან შედარებით (3.31±1.64 მგ/დლ; P = .044), ასევე მაღალი იყო მათი სისხლის საერთო ქოლესტეროლის დონე (9.60±3.55 მგ/დლ; P= .007).

იმ კვლევებში, სადაც არ იყო ჩართული ჯანმრთელი საკონტროლო ჯგუფი, LT4-ით მკურნალობაზე მყოფ პაციენტებში სისხლში LDL ქოლესტეროლის დონე მნიშვნელოვნად მაღალი იყო საშუალო ნორმასთან შედარებით (132.3±4.6 მგ/დლ; P< .001), იგივე უნდა აღინიშნოს სისხლის საერთო ქოლესტეროლზეც (209.6±3.4 მგ/დლ; P< .001).

,,აღნიშნული მონაცემები წარმოადგენს დამატებით გასაღებს, რომ ჩვენთვის გასაგები გახდეს, თუ რატომ უჩივიან LT4-ით მკურნალობაზე მყოფი პაციენტები იმავე სიმპტომებს – მაგ., დაღლილობა, წონის მატება  მიუხედავად TSH-ის ნორმალური დონისა“ – აღნიშნა მაკანინჩმა. მისი შეფასებით, პაციენტების სუბიექტური ჩივილების არსებობა შესაძლოა იყოს ნიშანი იმისა, რომ თიროიდული ჰორმონის ჩანაცვლებითი თერაპია სრულად ვერ ანაცვლებს ნორმალური ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციას. პაციენტების ჩივილების გათვალისწინებით უნდა ჩატარდეს შემდგომი კვლევები ყოველივე ამის ასახსნელად.

პაციენტების სიმპტომების ასახსნელად ერთერთი თეორია არის ისიც, რომ TSH არ წარმოადგენს თირეოიდული ფუნქციის მოწესრიგების ზუსტ მარკერს. მართლაც, კვლევებმა აჩვენა, რომ TSH-ის დონის დანორმალიზება არ იწვევდა თიროიდული ჰორმონის სასიგნალო სისტემის სრულ აღდგენას.

კვლევის მთავარ ნაკლს წარმოადგენს ის, რომ ვერ მოხერხდა ისეთი ფაქტორების გაკონტროლება, როგორიცაა LT4-ით მკურნალობის ხანგრძლივობა და სტატინების გამოყენება.  ავტორების შეფასებით, ორ დიდ კვლევაში, სადაც ჩართული იყო უფრო მეტი LT4 -ით ნამკურნალები პაციენტი, LDL და საერთო ქოლესტეროლის დონე სათანადოდ ვერ შეფასდა.

,,თუკი აღნიშნული კვლევის შედეგები ინახა სხვა კვლევებშიც და თუკი ქოლესტეროლის ამ დონით მატება აღმოჩნდა კლინიკურად მნიშვნელოვანი, შესაძლოა საჭირო გახდეს ჰიპოთირეოზისა და ლიპიდების გაიდლაინის კორექცია, სადაც მიეთითება ლიპიდების პროფილის სკრინინგის ჩატარების აუცილებლობა ჰიპოთირეოზის მქონე პაციენტების LT4 -ით მკურნალობისას“ – აღნიშნეს მაკანინჩმა და კოლეგებმა.

კვლევის ავტორებმა მხარდაჭერა მიიღეს ეროვნული ჯანმრთელობის ინსტიტუტის, დიაბიტის, საჭმლის მონელებისა და თირკმლების დაავადების ეროვნული ინსტიტუტისა  და დაბერების ეროვნული ინსტიტუტებისგან. კვლევის თანაავტორი ანტონიო ბიანკო კონსულტანტია Sentier Therapeutics-ში, სხვა ავტორებს არანაირი ფინანსური კავშირი არ გააჩნიათ.

სტატია საქართველოს ენდოკრინოლოგიისა და მეტაბოლიზმის ასოციაციისთვის თარგმნა ექიმმა ნაზი ტაბატაძე
წყარო: Cholesterol Levels Remain High Despite T4 for Hypothyroidism – Medscape – Sep 03, 2018.