შეუძლია ოსტეოპოროზის სამკურნალო პრეპარატ ალენდრონატს დიაბეტისგან დაცვა?

შეუძლია ოსტეოპოროზის სამკურნალო პრეპარატ ალენდრონატს დიაბეტისგან დაცვა?

სტატია ქართულ ენაზე თარგმნა რეზიდენტმა: ნინო გუჯაბიძე
რედაქტირებულია GAEM-ის სარედაქციო ჯგუფის მიერ: ქეთევან ძაგანია
წყარო: Could the Osteoporosis Drug Alendronate Ward Off Diabetes?

დანიაში ხანდაზმულ მოსახლეობაზე ჩატარებული ეროვნული, რეტროსპექტული, შემთხვევის კონტროლის კვლევის თანახმად, ოსტეოპოროზის სამკურნალოდ ფართოდ გამოყენებულმა ბისფოსფონატმა ალენდრონატმა, შეიძლება დაგვიცვას პირველად გამოვლენილი შაქრიანი დიაბეტი, ტიპი 2-ისგან. თუმცა, ექსპერტები აღნიშნავენ, რომ წინასწარი დასკვნები უნდა დადასტურდეს რანდომიზებული კონტროლირებადი კვლევით.

რეგისტრირებულმა კვლევამ აჩვენა, რომ 2008-დან 2018 წლამდე დანიაში 50 წელზე უფროსი ასაკის (საშუალო ასაკი – 67 წელი) მქონე პირებს შორის, რომლებიც იღებდნენ ალენდრონატს, 36%-ით ნაკლები იყო პირველად გამოვლენილი ტიპი 2 დიაბეტის განვითარების ალბათობა, ვიდრე იმავე ასაკისა და სქესის პირებში, რომლებიც არ გამოიყენებდნენ აღნიშნულ პრეპარატს, მრავალი რისკის ფაქტორის კონტროლის შემდეგ.

შედეგები ასევე გვაჩვენებს, რომ ალენდრონატის ხანგრძლივი გამოყენება შეიძლება მეტად დამცავი იყოს.

რიკე ვიგერსმა (Rikke Viggers) მედიცინის დოქტორმა, ოლბორგის უნივერსიტეტის კლინიკური მედიცინის დეპარტამენტის დოქტორანტმა (დანია), ზემოთ ხსენებული დასკვნები წარადგინა დიაბეტის შესწავლის ევროპული ასოციაციის (EASD 2021) ყოველწლიური შეხვედრის ზეპირ სესიაზე.

„ამაღელვებელია, რომ ჩვენი კვლევის შედეგებს თანახმად, ალენდრონატმა, ოსტეოპოროზის სამკურნალოდ ფართოდ გამოყენებულმა იაფმა წამალმა, შესაძლოა, ასევე დაგვიცვას შაქრიანი დიაბეტი, ტიპი 2-ისგან,“ შეაჯამა ვიგერსმა EASD-ის მიერ გამოქვეყნებულ პრეს-რელიზში.

„შაქრიანი დიაბეტი, ტიპი 2 არის სერიოზული მდგომარეობა, რომელიც  მთელი ცხოვრება გრძელდება და შეუძლია გამოიწვიოს ჯანმრთელობის სხვა სერიოზული პრობლემები, როგორიცაა ინსულტი, გულის დაავადებები, სიბრმავე და კიდურების ამპუტაცია,“ აღნიშნა მან, „ყველაფერი, რაც ხელს უშლის ან თუნდაც აყოვნებს მას, აგრეთვე ამცირებს ყველა ამ გართულების რისკს.“

„ჩვენ გვჯერა, რომ ექიმები ამას გაითვალისწინებენ ოსტეოპოროზის სამკურნალო საშუალებების დანიშვნისას პრედიაბეტით დაავადებულ,  ან ტიპი 2 დიაბეტის მაღალი რისკის პაციენტებში,“ დასძინა მან.

წინასწარი შედეგები, RCT-ის საჭიროება

თუმცა, აღსანიშნავია, რომ ეს არის წინასწარი შედეგები, გაგვაფრთხილა ვიგერსმა ზეპირი პრეზენტაციისას და Medscape Medical News-ისთვის განკუთვნილ ელ. წერილში. ”ეს არის რეესტრზე დაფუძნებული კვლევა,“ ხაზგასმით აღნიშნა მან, „ჩვენ არ შეგვიძლია დავასკვნათ მიზეზ-შედეგობრიობა.“

 „ჩვენ არ ვიცით, არის თუ არა ეს ეფექტი [დიაბეტის განვითარების რისკის დაქვეითება ალენდრონატის მიღებისას] „რეალური“ და რა მექანიზმით არის ის განპირობებული“.

„ეს შეიძლება იყოს პირდაპირი ზემოქმედება პერიფერიულ ქსოვილებზე, მაგალითად, კუნთებსა და ცხიმოვან ქსოვილებზე,“ ვარაუდობს ვიგერსი, „ან არაპირდაპირი ეფექტი ძვლის მეტაბოლიტების მეშვეობით, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს გლუკოზას მეტაბოლიზმზე.“

ამჟამად ჯგუფი ატარებს რანდომიზებულ კონტროლირებულ კვლევას შაქრიანი დიაბეტით და ოსტეოპენიით, ან ოსტეოპოროზით დაავადებულ პაციენტებზე, რათა გამოიკვლიოს კავშირი ალენდრონატსა და ინსულინის მგრძნობელობას, ძვლის ინდექსებს და გლიკემიის კონტროლს შორის.

ისინი, ასევე, მიზნად ისახავენ გამოიკვლიონ რამდენად არის ალენდრონატი ოპტიმალური ანტიოსტეოპოროზული თერაპია შაქრიანი დიაბეტი, ტიპი 2-ის მქონე პაციენტებისთვის. წინასწარი შედეგებით სავარაუდოა, რომ მსგავსი ეფექტებით ხასიათდება სხვა ბისფოსფონატებიც.

„ალენდრონატი ამცირებს ძვლის მობილობას და შესაძლოა არ იყოს სასარგებლო ჯანსაღი ძვლებისთვის,“ აღნიშნა ვიგერსმა. „თუმცა, რამდენადაც მე ვიცი, პოტენციური სხვა გვერდითი ეფექტები არ არის გამოკვლეული ჯანსაღ ძვლებზე,“ ამგვარად, საჭიროა შემდგომი კვლევის წარმოება.

შეფასებისთვის მოწვეულმა, მედიცინის დოქტორმა ჩარლზ პ. ვეგამ (Charles P. Vega), რომელმაც Medscape-სთვის წარმოადგინა შემთხვევა და საზოგადოებაზე დაფუძნებული მოსაზრება ბისფოსფონატების აღწერის შესახებ, აღნიშნა, რომ შაქრიანი დიაბეტი, ტიპი 2 ყველაზე ხშირად დიაგნოსტირებულია 40-დან 60 წლამდე ადამიანებში, თუმცა, რამდენიმე შემთხვევა დიაგნოსტირებულია 65  წლის ასაკის შემდეგ. ვიგერსისა და კოლეგების მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებით, ალენდრონატი შეიძლება დაგვეხმაროს ხანდაზმულ პოპულაციაში დიაბეტის განვითარების რისკის შემცირებაში.

„ეს არის საინტერესო რეტროსპექტული ანალიზი,“ ამბობს ვეგა, ჯანმრთელობის მეცნიერებათა კლინიკური პროფესორი (საოჯახო მედიცინა, კალიფორნიის უნივერსიტეტი, ირვინი), თუმცა, კვლევის ავტორების მსგავსად, ის გვაფრთხილებს, რომ „ეს უნდა გადამოწმდეს სხვა მონაცემებით.“

„სასარგებლო იქნება ბისფოსფონატების იმ კლინიკური კვლევების მეტა-ანალიზი, რომელსაც მოჰყვება სისხლში გლუკოზის დონის განსაზღვრა,“ აღნიშნა მან.

მიმდინარე რეგისტრირებული კვლევის შედეგები

გლუკოზას ჰომეოსტაზი დაკავშირებულია ძვლის მეტაბოლიზმთან, ამბობს ვიგერსი, ხოლო ბისფოსფონატები ასოცირებული იყო ინსულინის მგრძნობელობის მატებასთან და დიაბეტის რისკის შემცირებასთან, დანიისა და ტაივანის რეგისტრირებულ ორ კვლევაში.

მკვლევარები მიზნად ისახავდნენ გამოიკვლიონ, შეიცვალა თუ არა შაქრიანი დიაბეტი, ტიპი 2-ის განვითარების რისკი წინა პერიოდში ალენდრონატის გამოყენების შემთხვევებში.

დანიის პაციენტთა ეროვნული რეესტრის მონაცემების გამოყენებით, მათ გამოყვეს 50 წლის და უფროსი ასაკის 163.588 პაციენტი, რომლებსაც 2008-2018 წლებში დაუსვეს შაქრიანი დიაბეტი, ტიპი 2-ის დიაგნოზი.

მკვლევარები თითოეულ პაციენტს ადარებდნენ იმავე სქესისა და ასაკის სამ ინდივიდს, რომლებსაც არ ჰქონდათ შაქრიანი დიაბეტი; საკონტროლო ჯგუფში ჯამურად წარმოდგენილი იყო 490.764 პირი.

მონაწილეთა, დაახლოებით, ორი მესამედი იყო 50-59, ან 60-69 წლის, მეოთხედი – 70 წლის, ხოლო 10% – 80 ან მეტი წლის. მონაწილეთა, დაახლოებით, ნახევარი ქალი იყო (45%).

პირველად გამოვლენილი შაქრიანი დიაბეტი, ტიპი 2-ის მქონე პაციენტებთან შედარებით, კონტროლის მონაწილეები უფრო ჯანმრთელები იყვნენ: მათში ნაკლებად აღინიშნებოდა სიმსუქნე (6% vs 17%) და ჰქონდათ შედარებით დაბალი ჩარლსონის კომორბიდობის ინდექსი (0.38 vs 0.88).

დანიის ჯანდაცვის სერვისების რეცეპტების ეროვნული რეესტრის მონაცემების გამოყენებით, მკვლევარებმა გამოავლინეს პირები, რომლებმაც 2008-2018 წლებში შეავსეს ალენდრონატის რეცეპტები.

მძიმე მწეველობის, ალკოჰოლის ბოროტად გამოყენების, სიმსუქნის, პანკრეატიტის, ჰიპერთირეოზის, ჰიპოთირეოზის, გლუკოკორტიკოიდების მოხმარების, ოჯახური მდგომარეობის, ოჯახის შემოსავლის და ჩარლსონის კომორბიდობის ინდექსის კონტროლის შემდეგ, ადამიანებს, რომლებიც ალენდრონატს იღებდნენ, ჰქონდათ დიაბეტის განვითარების უფრო ნაკლები ალბათობა, ვიდრე მათ, ვინც არ იღებდა ამ პრეპარატს (ალბათობის კოეფიციენტი [OR], 0.64; 95% CI, 0.62 – 0.66).

იმავე ცვლადების კონტროლის შემდეგ, შაქრიანი დიაბეტი, ტიპი 2-ის განვითარების შანსები კიდევ უფრო დაბალი იყო პირებში, რომლებიც ალენდრონატს იღებდნენ 8 წლის, ან მეტი ხნის განმავლობაში, ვიდრე არასდროს (OR, 0.47; 95% CI, 0.40 – 0.56).

სესიის თავმჯდომარე, ჟილა სემნანი-აზადი (Zhila Semnani-Azad), დოქტორანტი კვების მეცნიერებაში (ტორონტოს უნივერსიტეტში, ონტარიო, კანადა), დაინტერესდა, გაითვალისწინეს თუ არა მკვლევარებმა ფიზიკური აქტივობა და D ვიტამინის მოხმარება. რაზეც ვიგერსმა უპასუხა, რომ რეესტრებში ინფორმაცია აღნიშნულის შესახებ არ არსებობს.

კვლევა დაფინანსდა Steno Collaborative Project-ის გრანტით Novo Nordisk Foundation-ისგან, დანია. ვიგერსმა გამოაქვეყნა ფონდიდან გრანტის მიღება. ვეგამ აღნიშნა, რომ წარმოადგენდა Johnson & Johnson-ის კონსულტანტს.