ქრონიკული სტრესი აჩქარებს დაბერებას: ეპიგენეტიკური მტკიცებულება

ქრონიკული სტრესი აჩქარებს დაბერებას: ეპიგენეტიკური მტკიცებულება

სტატია ქართულ ენაზე თარგმნა ენდოკრინოლოგმა: მაკა გელაშვილი
რედაქტირებულია GAEM-ის სარედაქციო ჯგუფის მიერ: ქეთევან ძაგანია
წყარო: Chronic Stress Accelerates Aging: Epigenetic Evidence 

ქრონიკული სტრესით გამოწვეული კარდიოვასკულარული დაავადებების ზრდა დაკავშირებულია ბიოლოგიურ (მეტაბოლური, ჰორმონალური, ანთებითი) და ქცევის მექანიზმებთან (ცხოვრების სტილი). არსებობს პოპულარული გამონათქვამი, რომ „სტრესი აჩქარებს დაბერებას,“ რაც ლოგიკური იქნება, თუ გავითვალისწინებთ ძველ მოსაზრებას – „ჩვენი ასაკი შეესაბამება ჩვენი არტერიების ასაკს“.

ფსიქო-სოციალური რისკის ფაქტორების მექანიზმების შესწავლას დიდი მნიშვნელობა აქვს ინდივიდუალური და ზოგადი პრევენციული სტრატეგიების შესაქმნელად, რომელიც უზრუნველყოფს სიცოცხლის ხანგრძლივობას და ინარჩუნებს ცხოვრების ხარისხს.

იელის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა ნიუ ჰევენში (კონექტიკუტი), ბოლო კვლევის შედეგებიდან გამომდინარე, შემოგვთავაზა შემდეგი ჰიპოთეზები:

  1. სტრესი დადებითად ასოცირდება დაჩქარებულ ბიოლოგიურ დაბერებასთან და ეს კავშირი გაშუალებულია სტრესთან დაკავშირებული ისეთი ფიზიოლოგიური ცვლილებებით, როგორიცაა ინსულინისა და ჰიპოთალამუს-ჰიპოფიზ-თირკმელზედა ჯირკვლის (HPA)  კავშირი.
  2. ფსიქოლოგიურ მდგრადობასთან დააკავშირებული ფაქტორები წარმოადგენს ძლიერ დამცავ მექანიზმს ასაკზე სტრესის გავლენის უარყოფითი შედეგების განვითარების თავიდან ასაცილებლად (ეს კავშირები არის პროგნოზირებადი ხასიათის და არა უშუალო გამომწვევი, რადგან კვლევა იყო ჯვარედინი-სექციური).  

კვლევა

კვლევაში ჯგუფმა შეაფასა ნიუ ჰევენში მცხოვრები 18-დან 50 წლამდე ასაკის 444 ზრდასრული, ქრონიკული დაავადებებისა და ფსიქიკური აშლილობების გარეშე. სიმსუქნისა და ალკოჰოლის მოხმარების დონეები საკვლევ ჯგუფში ძირითადად ემთხვეოდა საზოგადოების პოპულაციაში არსებულ დონეებს, ამიტომ ალკოჰოლის მოხმარება და სხეულის მასის ინდექსი გამოიყენებოდა დამატებითი ფაქტორებად, შედეგებზე მათი გავლენის განხილვის მიზნით.

გუნდმა ასევე გამოიყენა უახლესი „ეპიგენეტიკური საათი,“ რომელიც ცნობილია GrimAge-ის სახელით. ბოლო წლებში შემუშავდა ბიოლოგიური ასაკის განსაზღვრის რამდენიმე მეთოდი, რომლებიც ასახავს დაბერების პროცესისთვის დამახასიათებელ ქიმიურ ცვლილებებს დნმ-ში, თუმცა, მისი განვითარება სხვადასხვა ადამიანში ხდება სხვადასხვა დროს. დადასტურდა, რომ ეპიგენეტიკური საათები უკეთ ახდენს სიცოცხლის ხანგრძლივობისა და ჯანმრთელობის პროგნოზირებას, ვიდრე ქრონოლოგიური ასაკი, ხოლო GrimAge ყველაზე უკეთ პროგნოზირებს სიკვდილობას, დანარჩენ ეპიგენეტიკურ საათებთან შედარებით.

შედეგები

  1. კუმულაციური სტრესი ასოცირებული იყო GrimAge-ის აჩქარებასთან და სტრესთან დაკავშირებულ თირკმელზედა ჯირკვლის მგრძნობელობის (კორტიზოლი/აკტჰ თანაფარდობა) და ინსულინორეზისტენტობის (HOMA) ფიზიოლოგიურ მაჩვენებლებთან. მკვლევარების მიერ დემოგრაფიული და ქცევითი ფაქტორების გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ HOMA დაკავშირებული იყო GrimAge-ის აჩქარებასთან.
  2. ფსიქოლოგიური მდგრადობის ფაქტორებმა შეამცირა კავშირი სტრესსა და დაბერებას შორის, რამდენადაც ემოციების ცუდი კონტროლისას დაბერების აჩქარების  სტრესთან კავშირი იყო უფრო ძლიერი, ხოლო ემოციების კარგი კონტროლის შემთხვევებში, ხდებოდა GrimAge-ზე სტრესის მნიშვნელოვანი გავლენის პრევენცია. თვითკონტროლმა შეამსუბუქა ურთიერთობა სტრესსა და ინსულინორეზისტენტობას შორის, ხოლო კარგი თვითკონტროლით აღნიშნული კავშირი მკვეთრად შემცირდა.
  3. საბოლოო მოდელში, ემოციების ცუდი რეგულაციის მქონე ადამიანებში, კუმულაციური სტრესი აგრძელებდა GrimAge-ის დამატებითი აჩქარების პროგნოზირებას, მაშინაც კი, როდესაც გათვალისწინებული იყო დემოგრაფიული, ფიზიოლოგიური და ქცევითი ფაქტორები.

დასკვნები

ეს შედეგები ცხადად ადასტურებს, რომ კუმულაციური სტრესი ასოცირდება ეპიგენეტიკურ დაბერებასთან ჯანმრთელ პოპულაციაში და ეს ასოციაციები მოდიფიცირებულია ბიოქცევითი მდგრადობის ფაქტორებით.

ისეთი დემოგრაფიული და ქცევითი ფაქტორების კორექტირების შემდეგაც კი, როგორიცაა თამბაქოს მოხმარება, სხეულის მასის ინდექსი, რასობრივი კუთვნილება და ფინანსური შემოსავალი, ქრონიკული სტრესის მაღალი ქულების მქონე ადამიანებს აღენიშნათ დაჩქარებული დაბერების და ფიზიოლოგიური ცვლილებების მარკერები, როგორიცაა მომატებული ინსულინორეზისტენტობა.

თუმცა, მაღალი ქულების მქონე პირები ორი ფსიქოლოგიური მდგრადობის საზომში – ემოციების რეგულაცია და თვითკონტროლი – უფრო მდგრადები იყვნენ სტრესის გავლენის მიმართ დაბერებაზე და ინსულინორეზისტენტობაზე.

ეს შედეგები მხარს უჭერს პოპულარულ მოსაზრებას, რომ სტრესი გვაბერებს (და გვაავადებს) და გვთავაზობს სიცოცხლისუნარიან გზას სტრესის უარყოფითი შედეგების შესამცირებლად – ემოციების რეგულირებისა და თვითკონტროლის გაძლიერებით.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რაც უფრო მაღალია ფსიქოლოგიური მდგრადობა, მით მეტია იმის ალბათობა, რომ ინდივიდი იცხოვრებს ხანგრძლივად და ჯანმრთელად. „ჩვენ გვსურს შევიქმნათ ისეთი წარმოდგენა, თითქოს გვაქვს გარკვეული სუვერენიტეტი ჩვენს ბედზე და, შესაბამისად, ღირს ხაზგასმით აღვნიშნოთ, განსაკუთრებით ჯანდაცვის პროვაიდერებისთვის, რომ მნიშვნელოვანია ინვესტიციის ჩადება ფსიქიკურ ჯანმრთელობაში,“ აღნიშნა ერთ-ერთმა მკვლევარმა.

მთელი სტრესის მიუხედავად, რომელსაც დღეების განმავლობაში ვაწყდებით, აუცილებელია გვახსოვდეს, რომ ჯანმრთელობა ფსიქიკური ჯანმრთელობის გარეშე არ არსებობს. უპირველეს ყოვლისა, თუ შეგვიძლია მივაღწიოთ უფრო მეტ ფსიქოლოგიურ გამძლეობას, ჩვენ გვექნება დაბერების პროცესის გვიან დაწყების მეტი შანსი.