ფენოფიბრატის გამოყენება დიაბეტური რეტინოპათიის დროს – ახალი აღმოჩენები

ფენოფიბრატის გამოყენება დიაბეტური რეტინოპათიის დროს – ახალი აღმოჩენები

სტატია ქარულ ენაზე თარგმნა ენდოკრინოლოგმა: ეკატერინე ჯანჯარია
რედაქტირებულია GAEM-ის სარედაქციო ჯგუფის მიერ: ქეთევან ძაგანია
წყარო: “Exciting” findings on Finofibrate in Diabetic Retinopathy

დიდი მონაცემების ბაზის უახლესი კვლევის თანახმად, ფენოფიბრატის გამოყენება დაკავშირებულია დიაბეტური რეტინოპათიის მხედველობისთვის საშიშ ფორმებამდე პროგრესირების შემცირებულ რისკთან.

„იმის შესაძლებლობა, რომ თავდაპირველად სხვა დაავადების სამკურნალოდ გამოყენებული პერორალური მედიკამენტი შესაძლოა სასარგებლო იყოს თვალის დიაბეტური დაავადების მართვისთვის, ამაღელვებელია,“ წერს რობერტ ნ. ფრანკი (Robert N. Frank), მედიცინის დოქტორი, დეტროიტის უეინის სახელმწიფო უნივერსიტეტის ოფთალმოლოგიის დამსახურებული პროფესორი (მიჩიგანი) JAMA Ophthalmology-ში გამოქვეყნებულ კვლევის თანმხლებ სარედაქციო სტატიაში.

მრავალ მიმდინარე კლინიკურ კვლევაში შეისწავლება ამ პერორალური პრეპარატის, რომელიც, ჩვეულებრივ, ლიპიდების დასაქვეითებლად ინიშნება, დიაბეტური რეტინოპათიის გაუარესების თავიდან აცილების ეფექტი, აღნიშნული ჩვენებით გამოყენების მიზნით ის ავსტრალიაში, ჯერ კიდევ, 2013 წელს დამტკიცდა.

ორმა მცირე კვლევამ, დიაბეტის დროს გულ-სისხლძარღვთა რისკის კონტროლის აქტივობის (ACCORD) თვალის კვლევამ და ფენოფიბრატის ინტერვენციისა და მოვლენების შემცირების კვლევამ (FIELD), უკვე აჩვენა ფენოფიბრატით თერაპიის შედეგად მხედველობისთვის საშიში დიაბეტური რეტინოპათიის სიხშირის დაქვეითება.

თუმცა, წინა კვლევების შედეგები, გარკვეულწილად, შერეული იყო დიაბეტური რეტინოპათიის საერთო პროგრესირების თვალსაზრისით და ამ ჩვენებით წამლის გამოყენების მითითებები არ იყო ერთმნიშვნელოვანი პროფესიულ საზოგადოებებში. ოფთალმოლოგიის ამერიკული აკადემია დიაბეტური რეტინოპათიის მკურნალობის პრიორიტეტულ სქემაში კომენტარს არ აკეთებს ფენოფიბრატის გამოყენებაზე, ხოლო ამერიკის დიაბეტის ასოციაციის აზრი ემხრობა ფენოფიბრატის გამოყენების ერთობლივ მიდგომაზე.

კვლევის დეტალები

ფენოფიბრატსა და დიაბეტურ რეტინოპათიას შორის კავშირის გასარკვევად, ელანა მეერმა (Elana Meer), პენსილვანიის უნივერსიტეტის მკვლევარმა (ფილადელფია) და მისმა კოლეგებმა მომდინარე კვლევაში შეისწავლეს Optum Clinformatics Data Mart Database-ის არაიდენტიფიცირებული სამედიცინო მონაცემები.

ჯამში, საწყის ეტაპზე არაპროლიფერაციული დიაბეტური რეტინოპათია ჰქონდა 150.252 ადამიანს, რომელთაგან 5.835 იღებდა ფენოფიბრატს ქოლესტეროლის მოსაწესრიგებლად, ხოლო 144.417 პირი – არა.

მკვლევარებმა მოახდინეს შემდეგი ცვლადების კორეგირება: არაპროლიფერაციული დიაბეტური რეტინოპათიის სიმძიმე, ასაკი, სქესი, რასა, განათლება, შემოსავალი, გეოგრაფიული მდებარეობა, წლიური ხარჯი, სტატინების გამოყენება, ინსულინის გამოყენება, ჰიპერტენზიის დიაგნოზი, ნარკოტიკების მოხმარება, ჰიპერქოლესტეროლემია, გულის იშემიური დაავადება, გულის ქრონიკული დაავადება, იშემიური ინსულტი, ღვიძლის ქრონიკული დაავადება, პერიფერიულ სისხლძარღვთა დაავადება, ნებისმიერი ავთვისებიანი სიმსივნე, სისხლის დაავადება/კიბო, დიაბეტის გართულებების სიმძიმის ინდექსი, A1c, ანემია და გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარე.

შემდგომ მათ გამოთვალეს დიაბეტური რეტინოპათიის უფრო მძიმე ეტაპამდე პროგრესირების რისკის კოეფიციენტი (HR). მხედველობისთვის საშიში დაავადების განვითარების რისკი 8%-ით ნაკლები იყო პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ფენოფიბრატს, მათთან შედარებით, ვინც არ იყენებდა მედიკამენტს (HR, 0.92; 95% CI, 0.87 – 0.98; P = .01).

პაციენტებს, რომლებიც იღებდნენ ფენოფიბრატს, ასევე, ჰქონდათ პროლიფერაციული დაავადების 24%-ით ნაკლები რისკი (HR, 0.76; 95% CI, 0.64 – 0.90; P = .001).

თუმცა, FIELD კვლევის შედეგებისგან განსხვავებით, მიმდინარე კვლევაში პაციენტებს არ აღენიშნებოდათ დიაბეტური მაკულური შეშუპების რისკის მნიშვნელოვანი დაქვეითება (HR, 0.96; 95% CI, 0.90 – 1.03; P = .27).

„ჩვენმა ანალიზმა აჩვენა, რომ ფენოფიბრატის გამოყენება ასოცირებული იყო მხედველობისთვის საშიში დიაბეტური რეტინოპათიის განვითარების ნაკლებ რისკთან, თუმცა ეს კავშირი, როგორც ჩანს, გამოწვეული იყო მხოლოდ პროლიფერაციული დიაბეტური რეტინოპათიის შემცირებით, რადგან დიაბეტურ მაკულურ შეშუპებასთან კავშირი არ გამოვლინდა,“ აღნიშნეს მეერმა და კოლეგებმა.

კვლევა დაფინანსდა ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის, პენსილვანიის უნივერსიტეტის, სიბრმავის პრევენციის კვლევისა და პოლისა და ევანინა მაკალის ფონდის მიერ. კვლევის ავტორმა განაცხადა ფინანსური ურთიერთობა EyePoint Pharmaceuticals-თან. მეერმა და ფრენკმა არ განაცხადეს შესაბამისი ფინანსური ურთიერთობები.