ფარისებრი ჯირკვლის კვანძის ზომა არ არის კავშირში მის ავთვისებიანობასთან

ფარისებრი ჯირკვლის კვანძის ზომა არ არის კავშირში მის ავთვისებიანობასთან

ფარისებრი ჯირკვლის დიდი ზომის კვანძები ასიმპტომურ პაციენტებში იგივე სიხშირით ავლენენ ავთვისებიანობას და ცრუ უარყოფით შედეგს ასპირაციული ბიოფსიით გამოკვლევისას, როგორიც გვხვდება მცირე ზომის კვანძების შემთხვევაში. აქედან გამომდინარე მხოლოდ კვანძის ზომა ვერ იქნება ქირურგიული ჩარევის ჩვენება ახალ მეტა-ანალიზზე დაყრდნობით.

“აღნიშნულიდან გამომდინარე ქირურგიული ჩარევა ციტოლოგიურად კეთილთვისებიანი დიდი ზომის კვანძების დროს არ არის რეკომენდირებული, თუ მას თან არ ახლავს ჩივილები” – ამბობს ნიკოლ ა. ციპრიანი MD, ასისტენტ-პროფესორი, ჩიკაგოს უნივერსიტეტი, ილიონისი და თანაავტორი კვლევაში, რომელიც ახლახანს გამოქვეყნდა ჟურნალში Thyroid.

საკითხი სადაოა, თუ რამდენად არის დაკავშირებული მალიგნიზაციის (ავთვისებიანობის)  გაზრდილ რისკთან და ასპირაციული ბიოფსიის ცრუ-უარყოფით შედეგებთან ფარისებრი ჯირკვლის კვანძების დიდი ზომა. ქირურგთა ნაწილი ასეთ შემთხვევებში უპირატესობას ანიჭებს დიდი ზომის კვანძების რეზექციას, ციტოლოგიური კვლევის შედეგის მიუხედავად.

ქირურგიული ჩარევა, რა თქმა უნდა, დაკავშირებულია ფიზიკური და ფსიქოლოგიური პრობლემების პოტენციურ რისკებთან, როგორიცაა მაგალითად ფინანსური ხარჯები. განსხვავებით  ალტერნატიული მიდგომისაგან, რაც გულისხმობს ხანგრძლივ დაკვირვებას ციტოლოგიურად კეთილთვისებიან კვანძებზე.

იმისთვის რომ შეეფასებინათ არსებული მდგომარეობა, პროფ. ციპრიანიმ და სხვა სპეციალისტებმა განიხილეს 35 კვლევის შედეგი, სადაც ფარისებრი ჯირკვლის კვანძების ციტოლოგია მოიცავდა როგორც კეთილთვისებიან, ასევე სხვადასხვა ციტოლოგიურ პასუხს.

კვლევა მოიცავდა 20 000-ზე მეტ კვანძს, სადაც ციტოლოგიურად კეთილთვისებიანი იყო 7000-ზე მეტი.

21 მონაცემთა ბაზიდან,  რომელიც საშუალებას გვაძლევდა მათი ზომის მიხერდვით განგვესაზღვრა ავთვისებიანობის მაჩვენებლები, 81%-ში გამოვლინდა, რომ ავთვიებიანობის რისკი  დიდი ზომის კვანძებში არის ისეთივე ან შედარებით ნაკლები როგორც პატარა ზომის კვანძებში.

ავთვისებიანობის საერთო მაჩვენებელი დიდი ზომის (3 სმ ან მეტი) კვანძებში შეადგენდა 13,1%ს, ხოლო მცირე ზომის კვანძების შემთხვევაში 19,6%-ს.

4 სმ ან მეტი ზომის კვანძებშიც იყო დაახლოებით მსგავსი შედეგები, ავთვისებიანობის სიხშირე შეადგენდა 20,9%-ს მსგავსად 4 სმ-ზე ნაკლები ზომის კვანძებისა.

ასპირაციული ბიოფსიის ცრუ-უარყოფითი შედეგები დამოკიდებული კვანძის ზომასთან შეფასდა 17 მონაცემთა ბაზაში, სადაც მხოლოდ 1 კვლევაში გამოვლინდა მკვეთრად გამოხატული ცრუ-უარყოფითი მაჩვენებელი დიდი ზომის კვანძებთან შედარებით; 

ამ კვლევაში, ცრუ-უარყოფითი შედეგების საერთო მაჩვენებელი შეადგენდა 7,2%-ს 3 სმ ან მეტი ზომის კვანძებში, ხოლო 5,7%-ს 3 სმ-ზე ნაკლები ზომის კვანძებში.

საერთო ჯამში ცრუ-უარყოფითი შედეგები 4 სმ-ზე მეტი ზომის კვანძებში იყო უმნიშვნელოდ მეტი (6,7%) ვიდრე 4 სმ-ზე ნაკლები ზომის კვანძებში (4,5%), რაც არ არის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი;

აღსანიშნავია, რომ ფარისებრი ჯირკვლის პაპილური კარცინომა და  ფარისებრი ჯირკვლის პაპილური კარცინომის არაინვაზიური ინკაფსულირებული ფოლიკულური ვარიანტი გამოვლინდა საკმაოდ ხშირად ცრუ-უარყოფით შედეგებში (39,4% და 23,7%, შესაბამისად);

გაიდლაინი ასახავს მტკიცებულებების ბუნდოვანებას

მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ კვლევაში, იყო მცდელობა ენახათ კორელაცია დიდი ზომის კვანძებისა ავთვისებიანობის რისკთან  ან ასპირაციული ბიოფსიის ცრუ-უარყოფით შედეგთან, საბოლოოდ მტკიცებულებების ბუნდოვანება აისახა ამერიკის თირეოიდული ასოციაციის (ATA) გაიდლაინებში, რაც მდგომარეობს შემდეგში:

“ფაქტებზე დაყრდნობით, კვლავ უცნობია, პაციენტები ციტოლოგიურად კეთილთვისებიანი 4 სმ ან მეტი ზომის კვანძით, ატარებენ თუ არა ავთვისებიანობის შედარებით მაღალ რისკს და საჭიროა თუ არა იმართოს მცირე ზომის კვანძებისგან განსხვავებულად.

“აღნიშნული შედეგების გათვალისწინებით, გასაკვირია რომ მრავალი ავტორი რეკომენდაციას უწევს ქირურგიულ ჩარევას (კვანძის რეზექციას) ციტოლოგიურად კეთილთვისებიანი დიდი ზომის კვანძების დროს, სადაც საეჭვოა (მაგრამ არა დადასტურებული) ცრუ-უარყოფითი შედეგების არსებობა” ამბობენ პროფ. ციპრიანი და მისი კოლეგები.

ისინი აღნიშნავენ რომ ამ კვლევაზე დაყრდნობით მათ ერთობლივად შეწყვიტეს თირეოიდექტომია დიდი ზომის ციტოლოგიურად კეთილთვისებიანი კვანძების დროს, მხოლოდ კვანძის ზომის გათვალისწინებით.

ასევე, ჟურნალ Medscape Medical News-ის ივლისის ნომერში გამოქვეყნებულია კვლევა, სადაც 652 პაციენტის ფარისებრი ჯირკვლის კვანძიდან 589 შემთხვევაში მიღებულ იქნა ანალოგიური შედეგი.

კვლევამ არ გამოავლინა მნიშვნელოვანი სხვაობა მალიგნიზაციის სიხშირეში 4 სმ-ზე ნაკლები (140 შემთხვევა 546-დან; 26,5%)  და 4 სმ-ზე მეტი ზომის (33 შემთხვევა 106-დან; 31,1%) კვანძებს შორის.

ავთვისებიანობის მაღალი მაჩვენებელი ციტოლოგიურად გაურკვეველი მნიშვნელობის ატიპიის მქონე ფარისებრი ჯირკვლის კვანძების დროს ნაკლებად იყო დამოკიდებული სიმსივნის ზომაზე, მკვლევარების დასკვნით მხოლოდ კვანძის ზომა არ არის  დიაგნოსტიკური ქირურგიული ჩარევის ჩვენება ციტოლოგიურად გაურკვეველი მნიშვნელობის ატიპიის (АUS/FUS) მქონე ფარისებრი ჯირკვლის კვანძების დროს;

ზოგიერთი კეთილთვისებიანი კვანძი გამონაკლისია რეზექციისთვის

ATA-ის გაიდლაინის მიხედვით რეკომენდებულია ფარისებრი ჯირკვლის იმ კვანძების რეზექცია, რომლებიც ასპირაციული ბიოფსიით ფასდება როგორც ავთვისებიანი.

არის ასევე გარკვეული გამონაკლისები ციტოლოგიურად კეთილთვისებიანი კვანძების შემთხვევებშიც, რაც მოიცავს შემდეგ სიმპტომებს: კვანძის ზომაში ზრდა, ვიზუალური დისკომფორტი, ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელება, ტრაქეაზე ზეწოლა.

„დაკვირვებას ახლო დინამიკაში (რაც გულისხმობს ულტრაბგერითი კვლევის და/ან პუნქციური ბიოფსიის გამეორებას) შეუძლია გამოავლინოს პაციენტები რომელთაც დანამდვილებით ესაჭიროებათ ფარისებრი ჯირკვლის რეზექცია. ხოლო პაციენტებში, რომელთაც აქვთ დუნედ მიმდინარე კვანძოვანი ჩიყვი შეუძლია თავიდან აგვარიდოს ქირურგიული ჩარევა ციტოლოგიურად კეთილთვისებიანი დიდი ზომის კვანძების დროს”.

კვლევის ავტორებს არ აქვთ არანაირი ფინანსური ინტერესი.

სტატია ქართულ ენაზე თარგმნა ენდოკრინოლოგმა თამარ ჩადუნელმა
საქართველოს ენდოკრინოლოგიისა და მეტაბოლიზმის ასოციაცია

წყარო: Thyroid Nodule Size Irrelevant When It Comes to Malignancy – Medscape – Jan 02, 2019.