ოსტეოპოროზის დიაგნოსტიკა და არასაკმარისი მოვლა ხანდაზმულ მამაკაცებში

ოსტეოპოროზის დიაგნოსტიკა და არასაკმარისი მოვლა ხანდაზმულ მამაკაცებში

სტატია ქართულ ენაზე თარგმნა: თამარ კვარაცხელია
რედაქტირებულია GAEM-ის სარედაქციო ჯგუფის მიერ: ქეთევან ძაგანია
წყარო: Osteoporosis Diagnosis, Care Suboptimal in Older Men

ვრცელი კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ხანდაზმული ვეტერანები, განსაკუთრებით  მამაკაცები, ხშირად არიან ბარძაყის ძვლის პროქსიმალური ნაწილის მოტეხილობის მაღალი რისკის ქვეშ. ამასთანავე, რეკომენდებული შემდგომი გამოკვლევების და პროფილაქტიკური თერაპიის მაჩვენებლები დაბალია.

კერძოდ, მოტეხილობის რისკის განმსაზღვრელი ტესტის (FRAX) ვალიდური, შემოკლებული ვერსიით დადგინდა, რომ 75-დან 79 წლამდე მამაკაცების 48%-ში, რომლებიც მკურნალობას იტარებდნენ ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის კლინიკურ (VA) ცენტრში, ბარძაყის ძვლის პროქსიმალური ნაწილის მოტეხილობის რისკი ათწლეულის მანძილზე შეადგენდა 3%-ს ან უფრო მეტს რაც, გაიდლაინების მიხედვით, წარმოადგენს ზღვრულ მაჩვენებელს პროფილაქტიკური თერაპიის დასაწყებად. რისკი თითქმის ორმაგდებოდა (88%) 80 წლის ან უფრო ხანდაზმულ მამაკაცებში.

მიუხედავად ამისა, მთლიან კოჰორტაში ძვლების მინერალური სიმკვრივის განსასაზღვრად აღნიშნულ ზღვარს მიღწეული 70 წლის ან უფრო მაღალი ასაკის მამაკაცების მხოლოდ 12%-ს ჩაუტარდა ორმაგენერგეტიკული რენტგენული აბსორბციომეტრია (DXA) და მხოლოდ 5%-მა მიიღო ბისფოსფონატები.

უფრო მეტიც, DXA-ის და პრევენციული თერაპიის მაჩვენებლები კვლავ „საოცრად დაბალია“ იმ მამაკაცებში, რომლებიც, გადატანილი ბარძაყის ძვლის პროქსიმალური ნაწილის მოტეხილობის, პროსტატის კიბოს დროს ანდროგენების დეპრივაციული თერაპიის (ADT) ან კორტიკოსტეროიდებით ხანგრძლივი თერაპიის გამო, FRAX-ის მიხედვით  გამოვლენილ იყვნენ, როგორც „მაღალი რისკის მატარებელნი“.

რადჰიკა რაო ნარლამ (Radhika Rao Narla)- სიეტლის, ვაშინგტონის მედიცინის სკოლის უნივერსიტეტის მედიცინის დოქტორმა, კოლეგებთან ერთად, 5 თებერვალს ონლაინ გამოაქვეყნეს საკუთარი კვლევის შედეგები Journal of Investigative Medicine-ში.  

„მე ვფიქრობ, ჩვენ გარკვეულ პროგრესს მივაღწიეთ,“ განაცხადა ნარლამ Medscape Medical News-თან, „თუმცა ჯერ კიდევ ბევრი მუშაობაა საჭირო იმისთვის, რომ ვეცადოთ გავაუმჯობესოთ სკრინინგი არა მარტო ქალ, არამედ მამაკაც ვეტერანებშიც, განსაკუთრებით – მაღალი რისკის მქონე ხანდაზმულ პირებში, მამაკაცებში რომელთაც გადატანილი აქვთ ბარძაყის ძვლის პროქსიმალური ნაწილის მოტეხილობა, მათ აუცილებლად უნდა ჩაუტარდეთ სკრინინგი“.

„თუ თქვენ მკურნალობთ ძვლის დაბალი სიმკვრივის მქონე (რაც განისაზღვრება, როგორც ოსტეოპოროზი) პაციენტებს, თქვენ ეხმარებით მათ თავიდან აიცილონ მოტეხილობის მაღალი რისკი, რადგან ყველას გვესმის, რომ აღნიშნული მოტეხილობებით გამოწვეული ავადობისა და სიკვდილობის მაჩვენებელი ძალიან მაღალია”, დაამატა მან. „ეს ადამიანები მოტეხილობამდეც ვერ ინარჩუნებენ დამოუკიდებლობას; მათ არ შეუძლიათ იზრუნონ საკუთარ თავზე“.

ნიშანდობლივია 2010 წელს ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის გენერალური ინსპექტორის განცხადება, რომლის მიხედვით, ბარძაყის ძვლის პროქსიმალური ნაწილის მოტეხილობის მქონე მამაკაც ვეტერანთა მეოთხედში დაფიქსირდა ლეტალური გამოსავალი.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი კვლევა ტარდებოდა ვეტერანთა პოპულაციაში, რომლებიც მკურნალობას იტარებდნენ ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის კლინიკურ სისტემაში,“ აფასებენ ავტორები, „ჩვენ გვჯერა, რომ ოსტეოპოროზის აღმოჩენისა და მკურნალობის გაუმჯობესების თვალსაზრისით, საჭიროა სტრატეგიების განვითარება ყველა ასაკოვან მამაკაცში, განსაკუთრებით, მეტად ხანდაზმულ კატეგორიაში, რომელთაც აქვთ მოტეხილობის განვითარების ძალიან მაღალი რისკი“.

ოსტეოპოროზის სკრინინგი, შემდგომი კვლევები და მკურნალობა

ზოგიერთი ასოციაციის მიერ ოსტეოპოროზის გამოვლენის, მართვის და მკურნალობის შესახებ გაიდლაინების გამოქვეყნების მიუხედავად, არ არის ნათელი გამოიყენება თუ არა ეს მეთოდები კლინიკურ პრაქტიკაში ასაკოვან პაციენტებთან მიმართებაში, განსაკუთრებით – მამაკაცებში და მაღალი რისკის მქონე მამაკაცებში.

მკვლევარებმა მიზნად დაისახეს შეესწავლათ შემთხვევების გამოვლინების, შეფასების და თერაპიული მართვის გავრცელება 70 წლის ან უფრო ხანდაზმულ მამაკაცებსა და ქალებში, რომლებიც მკურნალობას იტარებდნენ ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის კლინიკურ ცენტრში (სიეტლი) 2000-დან 2010 წლამდე.

მათ მიერ იდენტიფიცირდა 13704 პაციენტი (11604 მამაკაცი და 463 ქალი), რომელთაც FRAX-ის ვალიდური, შემოკლებული ვერსიის საშუალებით განესაზღვრათ სრული მონაცემები ეთნიკურობაზე, ასაკზე, წონაზე, სიმაღლეზე, ასევე, მამაკაცებში გადატანილ მოტეხილობაზე, გლუკოკორტიკოიდების გამოყენებასა და მეორად ოსტეოპოროზზე (ანდროგენების დეპრივაციული თერაპიის სუროგატად გამოყენების შემთხვევაში) დაყრდნობით.

ამათგან, 1637 მამაკაცს ჰქონდა მაღალი რისკი ხანგრძლივად კორტიკოსტეროიდების გამოყენების (1126 მამაკაცი), ან ანდროგენების დეპრივაციული თერაპიის (329), ან მანამდე არსებული ბარძაყის ძვლის პროქსიმალური ნაწილის მოტეხილობის (182) გამო.

როგორც მოსალოდნელი იყო, მომდევნო ათწლეულის მანძილზე, ასაკის მატებასთან ერთად, გაიზარდა ბარძაყის ძვლის პროქსიმალური ბოლოს მოტეხილობის რისკი, დაწყებული 48%-ით 75-79 წლის ასაკობრივ ჯგუფში, 88%-ით – 80 წლის ან მეტი ასაკის მამაკაცებში და  89%-დან 99%-მდე ქალებში შესაბამისი ასაკობრივი ჯგუფებით.

გამოკვლევებისა და თერაპიის „არასაკმარისი“ და „საოცრად დაბალი“ სიხშირე

ათწლეულის მანძილზე, მამაკაცების რაოდენობასთან შედარებით, მეტმა ქალმა მიაღწია პროფილაქტიკური თერაპიის დასაწყებად FRAX-ით განსაზღვრულ ბარძაყის ძვლის პროქსიმალური ბოლოს მოტეხილობის რისკის ზღვარს – 72% : 39%-ზე.

იმ მამაკაცებთან შედარებით, რომელთაც მიაღწიეს მკურნალობის ზღვარს, ქალებს თითქმის 5-ჯერ უფრო ხშირად უტარდებოდათ DXA სკენირება (63% : 12%), თითქმის 2-ჯერ მეტად განესაზღვრებოდათ სისხლის შრატში D ვიტამინის დონე (39% : 18%) და უფრო ხშრად იღებდნენ კალციუმის/D ვიტამინის დანამატებს (63% : 20%) და ბისფოსფონატებით თერაპიას (44% : 5%).

თუმცა, მკვლევარები ხაზს უსვამენ, რომ აღნიშნული დიაგოსტიკური ტესტების და პრევენციული თერაპიის მაჩვენებლები „კვლავ სუბოპტიმალურია“.

უფრო მეტიც, ანამნეზში ბარძაყის პროქსიმალური ნაწილის მოტეხილობის მქონე მამაკაცების 95%-ს, პრედნიზონით ხანგრძლივი მკურნალობის ფონზე მყოფი მამაკაცების 69%-სა და ათწლეულების განმავლობაში ანდროგენების დეპრივაციული თერაპიაზე მყოფი მამაკაცების 7%-ს ბარძაყის პროსქიმალური ნაწილის მოტეხილობის რისკი 3%-ით მაღალი აქვთ.

ავტორები აცხადებენ, რომ მაღალი რისკის მქონე მამაკაცებში „საოცრად დაბალი“ იყო DXA სკენირებს (27%-დან 36%-მდე), სისხლის შრატში D ვიტამინის დონის განსაზღვრის (23%-დან 28%-მდე), კალციუმის/D ვიტამინის დანამატებითა გამოყენების (40%-დან 50%-მდე) და ბისფოსფონატებით თერაპიის მაჩვენებლები (13%-დან 24%-მდე).

ავტორების ხაზგასმით, კვლევის ძლიერ მხარეს წარმოადგენდა ასაკოვანი პოპულაციის (საშუალო ასაკით – 77 წელი), იშვიათად შესწავლილი ქალი-ვეტერანების მონაცემებისა და ცალკე წარმოდგენილი 80 წელს გადაცილებული მამაკაცების მონაცემების კვლევაში ჩართვა.

შეზღუდვა მოიცავს ფაქტს, რომ აღნიშნული კვლევა იყო რეტროსპექტული ვეტერანთა პოპულაციაში (რის საფუძველზეც, გასაწევი ხარჯი ვერ იქნება ფაქტორად მიღებული და  შედეგების განზოგადება შესაძლოა ვერ მოხერხდეს).

„მე ვფიქრობ, ურთიერთსაწინააღმდეგო გაიდლაინები (მათ შორის, პირველად ჯანდაცვაში გამოყენებული გაიდლაინები) ართულებს ოსტეოპოროზის აღმოჩენასა და მკურნალობას ასაკოვან პაციენტებში“, განაცხადა ნარლამ.

„აღნიშნულ პოპულაციას (ასევე) აღენიშნება მრავალი თანმხლები დაავადება. ხანდახან დიაბეტს, მაღალ არტერიულ წნევას ან ქრონიკულ ტკივილს უპირატესობა ენიჭება (ხანმოკლე) ვიზიტის დროს, ვიდრე ისეთ შეკითხვებს, როგორიცაა: „შეგვიძლია ვისაუბროთ თქვენი დაცემის რისკის შესახებ?/შეიძლება ოსტეოპოროზი გქონდეთ“. ნარლა იმედოვნებს, რომ ამ კვლევას შეუძლია აამაღლოს ინფორმირებულობა ხანდაზმულ პაციენტებში მოტეხილობის რისკის გამოვლენისა და პრევენციის ხარვეზების შესახებ.