ოსტეოპოროზის განვითარების პირისპირ ადრეულ შუა ხნის ასაკში დგას მეტი მამაკაცი, ვიდრე ქალი

ოსტეოპოროზის განვითარების პირისპირ ადრეულ შუა ხნის ასაკში დგას მეტი მამაკაცი, ვიდრე ქალი

სტატია ქართულ ენაზე თარგმნა: სალომე კუბლაშვილი
რედაქტირებულია GAEM-ის სარედაქციო ჯგუფის მიერ: ქეთევან ძაგანია
წყარო: More Men Than Women Face Osteoporosis in Early Middle Age


ადრეულ შუა ხნის ასაკში მყოფ მამაკაცთა და ქალთა მეოთხედზე მეტს აღენიშნება ოსტეოპენია, რაც მათ ოსტეოპოროზის განვითარების რისკის ქვეშ აყენებს, აშშ-ს ახალი კვლევების შედეგები ცხადყოფს, რომ ძვლის ჯანმრთელობის შეფასება უნდა იყოს უფრო ფართოდ ხელმისაწვდომი.

მართა ენნ ბასმა (Martha Ann Bass), მეცნიერებათა დოქტორმა, ასოცირებულმა პროფესორმა ჯანდაცვის მიმართულებით, ფიზიკური მედიცინისა და რეკრეაციულმა მენეჯერმა მისისიპის და ოქსფორდის უნივერსიტეტებში და მისმა კოლეგებმა, შეისწავლეს 35-დან 50 წლამდე ასაკში მყოფი 170 პირი, რომლებსაც არ ჰქონდათ გამოვლენილი რაიმე სამედიცინო მდგომარეობა.
ძვლის მინერალური სიმკვრივის (BMD) განსაზღვრით გამოვლინდა, რომ მამაკაცთა 28%-სა და ქალების 26%-ს ჰქონდა  ბარძაყის ყელის ოსტოეპენია. შედეგებმა გააკვირვა მონაწილეები და მკვლევარები, რომლებიც არ ელოდნენ, რომ მდგომარეობა უფრო მეტად გავრცელებული იქნებოდა მამაკაცებში.

„ჩვენთვის BMD-ის დაკარგვა, როგორც წესი, ასოცირდება პოსტმენოპაუზაში მყოფ ქალებთან, მაგრამ ჩვენმა დასკვნებმა აჩვენა მომატებული რისკი უფრო ახალგაზრდა მამაკაცებში,“  განაცხადა ბასმა ამერიკის ოსტეოპათიის ასოციაციის მიერ გამოქვეყნებულ პრეს-რელიზში.

„თითქმის ყველა მონაწილე, რომელსაც დაუდგინდა ოსტეოპენია, იყო გაოცებული და მე ვფიქრობ, რომ ეს იმაზე ფართოდ გავრცელებული პრობლემაა, ვიდრე ვინმე მოელოდა,“   განაცხადა მან.

კვლევა, რომელიც გამოქვეყნდა ჟურნალ American Osteopathic Association-ის ივნისის გამოცემაში, ასევე გვიჩვენებს, რომ ვარჯიშის შედარებით მაღალი ინტენსივობის მიუხედავად, შესწავლილ კოჰორტაში არსებობდა უარყოფითი უკუკავშირი ვარჯიშსა და BMD-ის შორის მამაკაცებში.
ბასმა აღნიშნა, რომ კვლევაში მონაწილე მამაკაცთა უმრავლესობა ასახელებდა ველოსპორტს, როგორც მათთვის სასურველი ვარჯიშის სახეობას, მაშინ როდესაც  ვარჯიშები, რომლებიც მეტად წონის დამტვირთველია, როგორებიცაა ფეხით სიარული, სირბილი და ხტომა ასოცირდება BMD-ის შენარჩუნებასთან.

მან ასევე დასძინა, რომ შესაძლებელია კალციუმს გადაჭარბებული ღირებულება აქვს ძვლის ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის: „კალციუმი უფრო დიდ როლს თამაშობს როცა ძვლები ჯერ კიდევ ვითარდება. ამის შემდეგ ორგანიზმი იწყებს სხეულის წონის დამტვირთველ ვარჯიშებზე დაყრდნობას ძვლების სიმკვრივის შესანარჩუნებლად.“

ადრეულ შუა ხნის ასაკში მყოფ ადამიანთა ძვლის ჯანმრთელობა ბოლომდე არ არის შესწავლილი


საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის ოსტეოპოროზი იქცა მნიშვნელოვან პრობლემად. ერთ-ერთი კვლევის თანახმად ოსტეოპოროზული მოტეხილობა ყოველ 3 წამში ერთხელ ხდება, ძირითადად ხერხემლის მალების, ბარძაყის თავის ან მენჯის მიდამოებში.   

სავარაუდოა, რომ 2050 წლისთვის მოტეხილობების შემთხვევები მსოფლიო მასშტაბით გაიზრდება 310%-ით მამაკაცებში და 240%-ით ქალებში.

მიუხედავად ამისა, მდგომარეობა მაინც ბევრად ხშირია 50 წელს გადაშორებულ ქალებში, მამაკაცებთან შედარებით. 2010 წელს 50 წელს გადაშორებულ დაავადებულ ქალთა რაოდენობა იყო დაახლოებით 8.2 მილიონი, ხოლო მამაკაცების – 2.0 მილიონი.

მკვლევარები ყურადღება გაამახვილეს იმაზე, რომ მოზრდილებს შესაძლოა განუვითარდეთ ოსტეოპენია და ოსტეოპოროზი ადრეულ შუახნის ასაკში, თუმცა მოსახლეობა ბოლომდე არ არის შესწავლილი.

ამგვარად, მათ ჩაატარეს ჯვარედინი კვლევა, რომელშიც 35-50 წლამდე მამაკაცებმა და ქალებმა შეავსეს კითხვარი კალციუმის მიღების, კვირის მანძილზე ვარჯიშის საათებისა და სხვა ფაქტორების შესახებ,  რომლებიც დაკავშირებული იყო ოსტეოპენიასა და ოსტეოპოროზთან.
მონაწილეებს, რომლებსაც წარსულში არ ჰქონდათ  გამოვლენილი ჯანმრთელობის პრობლემები და არ იღებდნენ მედიკამენტებს, რომელიც გავლენას მოახდენდა BMD-ზე, განესაზღვრათ BMD მენჯ-ბარძაყსა და წელის მალებში ორმაგი ენერგეტიკული რენტგენოლოგიური აბსორბციომეტრიით.

კვლევაში მონაწილეობა 173-მა პირმა მიიღო, რომელთაგან 92 (53 %) იყო ქალი და 162 (94 %) იყო თეთრკანიანი.

ჭარბწონიანობისა და სიმსუქნის პრევალენტობა კაცებში იყო 48 % და 23 %, შესაბამისად, ხოლო ქალებში 28 % და 22 %, შესაბამისად.

კითხვარის მიხედვით მამაკაცების 87% და ქალების 86 % დღიურად 3 პორციაზე ნაკლებ რძის პროდუქტს იღებდა, ამავდროულად მამაკაცების 68 % და ქალების 56 % აღნიშნავდა, რომ ვარჯიშობდა თვის განმავლობაში მინიმუმ 20-ჯერ.

ამ „დონის ვარჯიში არ არის დამახასიათებელი აშშ-ს მოსახლეობისთვის,“ აღნიშნეს მკვლევარებმა, მიუთითეს 2014 წლის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების მონაცემებზე, რომლებმაც აჩვენა, რომ მოზრდილთა მხოლოდ 21 % ასრულებდა ამერიკის კოლეჯის სპორტული მედიცინის გაიდლაინებს სრულყოფილი ვარჯიშისთვის.

BMD-ის შედეგების გაანალიზებით გამოვლინდა, რომ მამაკაცთა 28 %-სა და ქალების 26 %-ს  ჰქონდა ბარძაყის ყელის ოსტეოპენია, ხოლო 6 %-სა და 2 %-ს, შესაბამისად, წელის მალების ოსტეოპოროზი.
მამაკაცებში იყო შესამჩნევად ნეგატიური კორელაცია ვარჯიშსა და BMD-ს შორის ბარძაყის ყელში (r=-0.296; P=.01).

ქალებში კი იყო შესამჩნევად პოზიტიური კორელაცია ვარჯიშის სტატუსსა და BMD-ს შორის – ციბრუტში (= 0.329; P = .03), ციბრუტთაშუა ქედში (= 0.285; P = .01), მთლიანად ბარძაყის ძვალში (= 0.30; P = .01) და წელის მალებში (= 0.29; P = .01).

შედეგებმა ასევე ცხადყო, რომ მამაკაცებში იყო შესამჩნევი კავშირი წონასა და სხეულის მასის ინდექსსა (BMI) და  BMD-ის შორის ციბრუტში, ციბრუტთაშუა ქედში, მთლიანად ბარძაყის ძვალსა და წელის მალებში (P < .05).

ქალებში წონა განსაკუთრებით იყო დაკავშირებული BMD-სთან იმავე ადგილებში, თუმცა BMI იყო დაკავშირებული BMD-სთან მხოლოდ ბარძაყის ძვალში (P < .05).

ექიმ ოსტეოპათებს შეუძლიათ ხელი შეუწყონ დაავადების პრევენციას

გუნდი წერს, რომ შუა ხნის ასაკში მყოფი როგორც ქალებისთვის, ასევე, მამაკაცებისთვის საჭიროა სკრინინგული და პრევენციული ინტერვენციების ჩატარება.

თუმცა მოსახლეობა მთლიანობაში „შეიძლება არ არის ადექვატურად ინფორმირებული… ან მცირედ დაინტერესებულია სკანირებით, რადიაციული გამოსხივების შიშისა და ღირებულების გამო.“

„უნდა დაინერგოს საგანმანათლებლო ინტერვენციები, რათა საზოგადოებამ შეძლოს მსგავსი არასწორი წარმოდგენებისა და ბარიერების გადალახვა.“

ისინი აღნიშნეს: „პრევენციული ინტერვენციების მიზანი უნდა იყოს ადრეული შუახნის ასაკში მყოფი ადაიანების BMD-ისა და ძვლის მასის შენარჩუნება კალციუმისა და D ვიტამინის ადექვატური რაოდენობის შემცველი ნუტრიციული დიეტებით.“

დახმარების მიზნით, აშშ-ში გამოყოფენ ოსტეოპათებს განათლებისა და პრევენციული ინტერვენციებისთვის „იდეალური პირობების“ უზრუნველსაყოფად, რაც ხორციელდება „ოსტეოპათიური მედიცინის პაციენტზე ორიენტირებული მიდგომის, ასევე ოსტეოპათიის პირველად ჯანდაცვის ექიმსა და პაციენტს შორის მჭიდრო ურთიერთობის დამყარების შედეგად.“

გუნდი ასევე მიიჩნევს, რომ სადაზღვევო კომპანიებს შეუძლია იმ 50 წლამდე ასაკის ადამიანების წახალისება, რომლებიც მიიღებენ რაიმე ზომებს ოსტეოპოროზის მოდიფიცირებადი რისკების შესამცირებლად.

აღნიშნული ზომები მოიცავს მოწევის შეწყვეტაა, წონით დამტვირთავი ვარჯიშს, გაზრდილი რაოდენობით კალციუმის მიღებას, ალკოჰოლის მოხმარების შემცირებას. ხოლო 35-50 წლამდე პირებისთვის სადაზღვევო კომპანიებს შეუძლია BMD-ის უფასო სკანირების შეთავაზება.

მკვლევარები ვარაუდობენ, რომ „პრევენციული სკრინინგისა და წახალისების დაფინანსებით, სადაზღვევო კომპანიები შეამცირებენ როგორც ცალკეული პირების, ასევე სადაზღვევო კომპანიების მიერ ოსტეოპოროზულ მოტეხილობებზე გაღებულ დანახარჯს.