რამდენად რეალურია ტაბლეტირებული ინსულინის გამოყენების  შესაძლებლობა?!

რამდენად რეალურია ტაბლეტირებული ინსულინის გამოყენების შესაძლებლობა?!

ორალური ინსულინი ჯერჯერობით ხელმისაწვდომი არ არის, მაგრამ შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის მქონე პაციენტებში ჩატარებული რანდომიზებული, კონტროლირებული კლინიკური კვლევის შედეგებმა პირველად აჩვენა მისი ვარგისიანობის მტკიცებულება.

Novo Nordisk-ის მეორე ფაზის კვლევის შედეგები გახანგრძლივებული მოქმედების ორალური ბაზალური ინსულინის -“I338”-ის მოქმედების შესახებ, რომლის წარმოებაც ამჟამად უკვე შეწყვეტილია, გამოქვეყნდა 21 იანვარს “ლანცეტის დიაბეტი და ენდოკრინოლოგია“-ში ინგ ჰალბერგისა და კოლეგების მიერ.

პროდუქტი შეიქმნა ტაბლეტის ფორმით. ძირითად ნივთიერებას დაემატა აბსორბციის გამაძლიერებელი ნატრიუმის კაპრატი, რათა პრეპარატს ნაკლებად განეცადა დეგრადაცია კუჭ-ნაწლავის ტრაქტში. ნატრიუმის კაპრატი წარმოადგენს ცხიმოვანი მჟავების კაპრატის ნატრიუმის მარილს , რომელიც დამტკიცებულია როგორც საკვები დანამატი და მისი გამოყენების უსაფრთხოება აღიარებულია აშშ-ის სურსათისა და წამლის სააგენტოს მიერ.

კვლევაში, რომელშიც ჩართული იყო შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის მქონე არაინსულინმომხმარებელი 50 პაციენტი, ორალურმა  I338-მა შეამცირა უზმოდ პლაზმური გლუკოზის (FPG) მაჩვენებელი 8 კვირაში, საინექციო ინსულინის – გლარჯინის მსგავსად. არ დაფიქსირებულა მნიშვნელოვანი განსხვავება გამოვლენილ გვერდით ეფექტებს შორის. თუმცა, Novo Nordisk-მა არ გააგრძელა  I338-ის წარმოება იმის გამო, რომ ეფექტური დოზები იყო ძალიან მაღალი და კომპანიის მხრიდან პრეპარატის წარმოება არ ჩაითვალა კომერციული თვალსაზრისით კონკურენტუნარიანად.

მიუხედავად ამისა, კონცეფციის მტკიცებულებას შეუძლია “ ხელს შეუწყობს ორალური ინსულინის პროდუქტების წარმოების შემდგომ განვითარებას დიაბეტის მქონე პაციენტების სასარგებლოდ”- წერენ ჰელბერგი და კოლეგები.

ისინი აღნიშნავენ, რომ ინექციის თავიდან აცილება პაციენტს უფრო დამყოლს გახდის მკურნალობის მიმართ. ორალურ ინსულინს, საინექციო ფორმასთან შედარებით, გააჩნია სხვა უპირატესობაც, რაც გულისხმობს მეტი ინსულინის ფიზიოლოგიურ გადატანას კარის ვენის მეშვეობით პიდაპირ ღვიძლში, რაც პოტენციურად შეამცირებს წონის მატებისა და ჰიპოგლიკემიის განვითარების რისკებს.

თანდართულ სტატიაში , ლუვენის კათოლიკური უნივერსიტეტის პროფესორმა და გასტისბერგის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის ენდოკრინოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელმა შანტალ მეთიუმ გამოთქვა აღმაფრთოვანება: “ჩატარებული კვლევის შედეგები მიჩნეული უნდა იქნას დადებითად: ისტორია იწერება!”

კომპანიის გადაწყვეტილებას I338-ის წარმოებაზე უარის თქმის თაობაზე, მეთიუ  ეთანხმება და განიხილავს ორივეს – დოზის და ვარიაბელობის საკითხებს, მაგრამ დასკვნის სახით განმარტავს, რომ “ორალური ინსულინი წარმოადგენს რეალობას და მიუხედავად იმისა, რომ ამჟამინდელი ფორმულა არ გადადის შემდგომ ეტაპზე, ჰელბერგმა და კოლეგებმა გაკვალეს გზა და იმედი ჩაუსახეს იმ პაციენტებს, ვისაც სჭირდება ინსულინი, თუმცა თავს იკავებს საინექციო ფორმის გამო.”

არანაირი განსხვავება საინექციო გლარჯინთან შედარებით

 ორ ცენტრში ჩატარებული კვლევის შედეგები პირველად იქნა გამოქვეყნებული Madscape Medical News-ის მიერ ამერიკის დიაბეტის ასოციაციის (ADA) 2017 წლის სამეცნიერო სესიებზე. აღნიშნულ კვლევაში მონაწილეობდა 50 პაციენტი, რომელთა შემთხვევაშიც ვერ იქნა მიღწეული გლიკემიის ოპტიმალური კონტროლი (HbA1c 7.0%-10.0%) მხოლოდ მეტფორმინით ან მეტფორმინისა და სხვა ორალური ჰიპოგლიკემიური მედიკამენტების კომბინაციით  მკურნალობისას. პაციენტები რანდომიზებული იყვნენ 2 ჯგუფად. ერთი ჯგუფი იღებდა  I338-სა და ფიქტიურ ინექციას, ხოლო მეორე – საინექციო ინსულინ გლარჯინსა და პლაცებო ტაბლეტს. დოზების ტიტრაცია განხორციელდა იმგვარად, რომ მიღწეულიყო უზმოდ პლაზმის გლუკოზის მაჩვენებელი – FPG 4.4-7.0 mmol/L (79-126 mg/dL). 

8 კვირაში, ჯგუფებს შორის FPG-ის საშუალო ცვლილება – ძირითადი საბოლოო მაჩვენებელი, არ აღმოჩნდა მნიშვნელოვნად განსხვავებული: 2.4 mmol/L (43 mg/dL)  I338-ის ჯგუფში და 2.6 mmol/L (47 mg/dL) გლარჯინის ჯგუფში (P = .46 სხვაობა ჩატარებულ მკურნალობებს შორის).

ჯგუფებს შორის მნიშვნელოვნად არ განსხვავდებოდა  ასევე HbA1c -ს დონის საშუალო ცვლილება  –  შემცირდა 0.75%-ით I338-ის ჯგუფში, ხოლო 1.05%-ით გლარჯინის ჯგუფში (P = .077 სხვაობა მკურნალობებს შორის).

გვერდითი მოვლენები თანაბარი სიხშირით დაფიქსირდა ორივე ჯგუფში. უმეტესწილად იყო მსუბუქი ხასიათის  და არ იქნა დაკავშირებული საკვლევ პროდუქტთან. დაფიქსირდა ჰიპოგლიკემიის დაბალი სიხშირე ორივე ჯგუფში: 7 შემთხვევა I338-ის ჯგუფში , 11 – გლარჯინის ჯგუფში. ამასთან, არ გამოვლენილა სერიოზული ჰიპოგლიკემიური მოვლენები.

გონივრული მიდგომა: გახანგრძლივებული მოქმედების ფორმულა შესაძლოა იყოს წარმატების გასაღები

მეთიუმ აღნიშნა: “ ინსულინით თერაპიის პირველივე დღეებში საუბარი იყო ორალურ ფორმებზე, თუმცა არასოდეს მიუღწევია ამ ფორმულირებას განვითარების ისეთი ეტაპისთვის, რომელიც მოგვცემდა კლინიკურ პრაქტიკაში მისი გამოყენების იმედს.

I338-ის წარმატების მიზეზის ნაწილი, როგორც მან და კვლევის სხვა ავტორებმა აღნიშნეს, არის ის, რომ პროდუქტი შემუშავებული იყო , როგორც გახანგრძლივებული მოქმედების მქონე ბაზალური ინსულინი და არა კვების წინ მისაღები ფორმა.

„სხვა ორალური ინსულინის პრეპარატების გამოყენების მწირი კლინიკური გამოცდილება, შესაძლოა გამოწვეული იყოს იმ ფაქტით, რომ ყველა წინამორბედი ორალური ინსულინის პროდუქტი შემუშავებული იყო, როგორც კვების დროს მისაღები ხანმოკლე მოქმედების ინსულინის პრეპარატი “ – წერენ ჰელბერგი და კოლეგები.

ისინი წარმოადგენენ “უფრო დიდი გამოწვევას, ვიდრე ბაზალური ორალური ინსულინი,  ინსულინის აბსორბციაზე მიღებული საკვების პოტენციური გავლენის გამო, მისი ორალური მიღების შემდეგ”- აღნიშნავენ მკვლევარები.

მართლაც, მეთიუ ამბობს, “მიდგომის გონიერება…მგომარეობს იმაში, რომ მათ გამოიყენეს საკუთარი ტექნოლოგია ინსულინის მოქმედების გახანგრძლივებისთვის, როგორც ეს გამოყენებული იქნა სხვა ინსულინების შემთხვევაში, როგორებიცაა ინსულინი დეტემირი და  დეგლუდეკი, რაც ხორციელდება მოცირკულირე ალბუმინთან შეკავშირებით, “ და ამით “ ჩამოიშორეს ძველი კონცეფცია, რომ ორალური ინსულინი უნდა იყოს კვების დროს მისაღები.“

თუმცა, მეთიუ აღნიშნავს, რომ ჯერ კიდევ არის ნაკლოვანებები ფორმულირებაში , რაც გულისხმობს პრეპარატის უზმოდ მიღების აუცილებლობას და მოცდას სულ მცირე 30 წთ-ის განმავლობაში, ასევე, სხვა საკითხებთან ერთად, ტიტრაციისა და თვით-მონიტორინგის საჭიროებას.”

მკვლევარი ასევე აღნიშნავს, რომ “საინჰალაციო ინსულინი იყო პოტენციური ალტერნატივა იმ პაციენტებისთვის, რომელთაც არ მოსწონთ ინსულინის საინექციო ფორმა, მაგრამ მან არ გაამართლა მსოფლიოს უმეტეს ნაწილში და დღეს იშვიათად გამოიყენება”. ამიტომ ის ამბობს: “ ძალიან მნიშვნელოვანია მკაფიო განმარტება, რომ ორალური ინსულინი წარმოადგენს მკურნალობის პოტენციურ მეთოდს, თუმცა ის არ იქნება ჯადოსნური აბი, რომლის დღეში ერთხელ მიღება პაციენტს დაავიწყებს საკუთარ დაავადებას. “

განხილული კვლევა დაფინანსებული იყო Novo Nordisk-ის მიერ და სამი ავტორი, მათ შორის ჰელბერგი, არიან ამ კომპანიის თანამშრომლები და აქციონერები. მეთიუ იყო კონსულტანტთა ჯგუფში და /ან მომხსენებელთა ბიუროებში შემდეგ ფარმაცევტულ კომპანიებში: Novo Nordisk, Sanofi, Merck Sharp and Dohme, Eli Lilly, Novartis, AstraZeneca, Boehringer Ingelheim, Hanmi Pharmaceuticals, Roche, Medtronic, ActoBio Therapeutics, Pfizer, Dianax და Union Chimique Belge.

სტატია საქართველოს ენდოკრინოლოგიისა და მეტაბოლიზმის ასოციაციისთვის
ქართულ ენაზე თარგმნა ექიმმა მარიამ ანდღულაძე

წყარო: First-Ever Randomized Trial Shows Oral Insulin Feasibility – Medscape – Jan 24, 2019.