კეტოგენური დიეტა გულის უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის სასარგებლოა?!

კეტოგენური დიეტა გულის უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის სასარგებლოა?!

სტატია ქართულ ენაზე თარგმნა ენდოკრინოლოგმა: სალომე იზორია
რედაქტირებულია GAEM-ის სარედაქციო ჯგუფის მიერ: ქეთევან ძაგანია
წყარო: Does The Ketogenic Diet Benefit Patients with Heart Failure?

კეტოგენური („კეტო“) დიეტა, რომელიც ჩამოყალიბდა 1920-იან წლებში ბავშვთა ეპილეფსიის ალტერნატიული მკურნალობის სახით, კვლავ წარმოადგენს მკურნალობის სტრატეგიას სხვადასხვა მდგომარეობების დროს, როგორიცაა ნეიროდეგენერაციული დაავადებები, შაქრიანი დიაბეტი, ღვიძლის არაალკოჰოლური გაცხიმოვნება, სიმსივნე, და, რაც მთავარია, წონაში კლება. თუმცა, კეტოგენური დიეტის როლის შესახებ მიღებული კვლევების წინააღმდეგობრივი შედეგები ამწვავებს მიმდინარე დისკუსიას გულის უკმარისობის (HF) მქონე პაციენტებში. არის თუ არა სასარგებლო კეტოგენური დიეტა გულის უკმარისობის დროს გრძელვადიან პერიოდში და როგორ მოქმედებს ის კარდიოვასკულარული რისკის ფაქტორებზე? გთავაზობთ მიმდინარე კვლევების მიმოხილვას.

კეტონები და გულის უკმარისობა

კეტოგენურ დიეტაზე მყოფი პაციენტების დღიური კალორაჟის დაახლოებით 70-80% მოდის ცხიმებზე, 10-20% – ცილებზე და 5-10% – ნახშირწყლებზე. ნახშირწყლების მიღების შემცირება ცხიმების მიღების ზრდასთან ერთად იწვევს მეტაბოლურ ცვლილებებს ორგანიზმში, რასაც კეტოზი ეწოდება. ამ მდგომარებაში, სისხლში კეტონების დონე იზრდება ნახშირწყლების შეზღუდვის, მოცირკულირე ინსულინის რაოდენობის შემცირების (რის შედეგად, მცირდება ინსულინის მიერ ლიპოლიზის და კეტოგენეზის ინჰიბირება) და, შედეგად, ცხიმოვანი ქსოვილიდან იმ ცხიმოვანი მჟავების მობილიზაციის გაზრდის გამო, რომელიც ღვიძლის მიერ გამოიყენება კეტოგენეზისათვის.

კეტონები, შესაძლოა, გამოყენებულ იქნას გულის მიერ ენერგიის წყაროდ არარეგულარული ფორმით, რაც ბადებს კითხვას, შესაძლებელია თუ არა ენერგიის წარმოქმნის გაზრდა გულის სხვადასხვა მეტაბოლური მდგომარეობების დროს, როგორიცაა გულის უკმარისობა? მძიმე ხარისხის გულის უკმარისობის მქონე პაციენტებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა კეტონებისადმი, როგორც ენერგიის ალტერნატიული წყაროსადმი, მომატებული ადაპტაციური დამოკიდებულება HF-ის დროს. EMPA-REG გამოსავლის კვლევამ, რომელიც შეისწავლიდა შაქრიანი დიაბეტი, ტიპი 2-ით დაავადებულ, გულსისხლძარღვთა დაავადებების (CVD) მაღალი რისკის მქონე პაციენტების ავადობასა და სიკვდილობაზე ემპაგლიფლოზინის გავლენას, წამოჭრა ჰიპოთეზა, რომ მოცირკულირე კეტონების უფრო დიდი რაოდენობა ზრდის გულში კეტონების ჟანგვას და ხელს უწყობს კარდიოვასკულარული გამოსავლის გაუმჯობესებას. გარდა ამისა, იმ გულის უკმარისობის მქონე პაციენტების ჯვარედინი კვლევით, რომელთაც აღენიშნებოდათ დაბალი განდევნის ფრაქცია (HfrEF) და ინტრავენური ინფუზიის სახით ეძლეოდათ კეტონები, ბეტა-ჰიდროქსიბუტირატი ან პლაცებო, გამოვლინდა, რომ მოცირკულირე კეტონების დონის მატება 40%-ით ზრდიდა გულის წუთმოცულობას პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ბეტა-ჰიდროქსიბუტირატს. ამრიგად, გულის მიერ კეტონების დაჟანგვის უნარი, როგორც ჩანს, სარგებლის მომტანია HF-ით დაავადებულ პაციენტებში.

რა მდგომარეობაა კარდიოვასკულარულ რისკთან დაკავშირებით?

ამერიკის გულის ასოციაციის (AHA) მიერ გულსისხლძარღვთა დაავადებისთვის მოწოდებული კვების გაიდლაინების მიხედვით, რეკომენდებულია ნაჯერი და ტრანსცხიმების მიღების შეზღუდვა, ნატრიუმის შემცირება და მრავალფეროვანი ხილის და ბოსტნეულის, მთლიანი მარცვლეულის, შინაური ფრინველის ხორცის და თევზის მიღება. აღნიშნული რეკომენდაციები ეწინააღმდეგება დიდი რაოდენობით ცხიმის/მცირე რაოდენობით ნახშირწყლების შემცველ კეტოგენურ დიეტას, რადგან ხილი და ბევრი ბოსტნეული ნახშირწყლებით მდიდარია. მართალია, მონო- და პოლიუჯერი ცხიმები, შესაძლოა, სასარგებლო იყოს გულის უკმარისობის პირობებში, თუმცა მრავალი კეტოგენური დიეტის დროს ხდება სხვადასხვა, როგორც ნაჯერი, ისე უჯერი ცხიმების მიღება. აქედან გამომდინარე, გულის უკმარისობის დროს, კეტოგენური დიეტის განხორციელებისას საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა ნაჯერი ცხიმების მოხმარების შემცირების და უჯერი ცხიმების მიღების გაზრდის დაგეგმვის პროცესში.

დიდი რაოდენობით ცხიმების და მცირე რაოდენობით ნახშირწყლების შემცველი დიეტის დროს CVD-ის რისკების შემსწავლელმა კვლევებმა არაერთგვაროვანი შედეგები აჩვენა. მაგალითად, 11 რანდომიზებული კონტროლირებული კვლევის მეტა ანალიზით დადგინდა, რომ კეტოგენური დიეტა უფრო მეტად უწყობდა ხელს წონის კლებას, ვიდრე მცირე რაოდენობით ცხიმის შემცველი დიეტები, თუმცა ის ამავდროულად ზრდიდა დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინ ქოლესტეროლის (LDL-C) რაოდენობას. ამ დასკვნებისგან განსხვავებით, მრავალი კვლევით გამოვლინდა CVD-ის რისკის ფაქტორების გაუმჯობესება, ლიპიდურ პროფილზე გვერდითი ეფექტების გარეშე, მამაკაცებში, ქალებსა და მოზარდებში, რომლებიც იცავდნენ მცირე რაოდენობით ცხიმის შემცველ დიეტას. ნორდმანისა და კოლეგების მიერ ჩატარებული მეტა ანალიზით, რომლის მიხედვით მოხდა მცირე რაოდენობით ცხიმის და მცირე რაოდენობით ნახშირწყლების შემცველი დიეტების შედარება, გამოვლინდა, რომ კეტოგენური დიეტები აუმჯობესებდა ტრიგლიცერიდების და მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინ ქოლესტეროლის მაჩვენებლებს, თუმცა აუარესებდა LDL-C-ს. ეს წინააღმდეგობრივი დასკვნები, სავარაუდოდ, განპირობებულია კეტოგენური დიეტების ტიპებს შორის (მაგ.: ცხიმის ტიპი) განსხვავებებით და თითოეული კვლევის მოდელირების მეთოდით (მაგ.: ყოველდღიური სპეციფიკური კალორაჟის ცვლილებები, მაკროელემენტების შემადგენლობა და ხანგრძლივობა). CVD-ის რისკის ფაქტორებზე კეტოგენური დიეტის გავლენის დასადგენად საჭიროა მეტი კლინიკური კვლევის ჩატარება.

რა ვიცით და რა არ ვიცით?

მართალია ვიცით, რომ HFrEF-ის შემთხვევებში, კეტონების მეტაბოლიზმის ზრდა ადაპტაციური ხასიათისაა, თუმცა გაურკვეველია, რამდენად შესაძლებელია კეტოგენური დიეტებიდან აღნიშნული სარგებლის მიღება. 16 ჯანმრთელ ადამიანში ჩატარებული ჯვარედინი კვლევით, სადაც თითოეულ მონაწილეს დაენიშნა კეტოგენური ან საკონტროლო დიეტა, გამოვლინდა გულის ფოსფოკრეატინსა და ადენოზინ-ტრიფოსფატს შორის ფარდობის შემცირება იმ პაციენტებში, რომლებიც იმყოფებოდნენ კეტოგენურ დიეტაზე; ეს შედეგი ასახავს ენერგიის წარმოქმნის დაქვეითებას, HF-ის მქონე პაციენტებში მიმდინარე პროცესის მსგავსად. თუ განვიხილავთ გულის უკმარისობას შენარჩუნებული განდევნის ფრაქციით (HFpEF), ვინაიდან მეტაბოლური ანთება წარმოადგენს HfpEF-ის პათოფიზიოლოგიის საკვანძო რგოლს, ხოლო კეტოგენური დიეტა ავლენს ანთების საწინააღმდეგო თვისებებს, ეს უკანასკნელი, შესაძლოა, სასარგებლო აღმოჩნდეს HfpEF-ის პირობებში. თუმცა, ჯერჯერობით დასადგენია, გულის უკმარისობის დროს, შეუძლია თუ არა იმავე სარგებლის მოტანა კეტოგენურ დიეტას, რაც კეტონების უშუალო მიღებას. საერთო ჯამში, გულის უკმარისობის პირობებში, გულის ფუნქციაზე კეტოგენური დიეტის გრძელვადიანი გავლენის შეფასება შეზღუდულია. ფაქტობრივად, დღემდე ჩატარებულმა კვლევებმა შეაფასა მხოლოდ კეტოგენური დიეტის ხანმოკლე მოქმედება პაციენტებში გულის უკმარისობის, ან სხვა კარდიოვასკულარული რისკის ფაქტორების გარეშე. უფრო მეტიც, იმის გამო, რომ კეტოგენური დიეტები განსხვავდება რეკომენდაციების მიხედვით (მაგ.: ყოველდღიურად მისაღები ცილის რაოდენობა), არ არსებობს ზოგადი თანხმობა გულსისხლძარღვთა სისტემაზე გავლენის, მკურნალობის ხანგრძლივობის და განხორციელების წესის შესახებ. არსებული მტკიცებულებების საფუძველზე, საჭიროა შემდგომი მაღალი ხარისხის კლინიკური კვლევები, რომელთა მიერ შეფასდება კეტოგენური დიეტის ხანგრძლივ ეფექტები HfrEF-ისა და HfpEF-ის პირობებში.