მეთფორმინმა შესაძლოა მოახდინოს ორსულობის გართულებების პრევენცია პოლიცისტური  საკვერცხეების სინდრომის დროს

მეთფორმინმა შესაძლოა მოახდინოს ორსულობის გართულებების პრევენცია პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომის დროს

ჩიკაგო, ილინოისი  –  ახალი კვლევის თანახმად, მეთფორმინით მკურნალობამ შესაძლოა გააუმჯობესოს ორსულობის გამოსავალი პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომის (PCOS) მქონე ქალებში, მაგრამ არ ახდენს გესტაციური დიაბეტის პრევენციას და  მისი შორეული ეფექტები  ნაყოფზე  გაურკვეველია.

ტონი შეტელიგ ლიოვიკმა, ნორვეგიის მეცნიერებისა  და ტექნოლოგიის უნივერსისტეტის ექიმმა, 20 მარტს  ენდო  2018-ზე,  ენდოკრინოლოგიური  საზოგადოების ყოველწლიურ შეხვედრაზე, წარმოადგინა რანდომიზებული კონტროლირებადი კვლევის –  PregMet 2-ის შედეგები.

პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომის მქონე ქალებს აქვთ ორსულობის გართულებების მაღალი რისკი. მეთფორმინი სულ უფრო ხშირად ინიშნება off-label ორსულობის დროს, ამ გართულებების პრევენციისა თუ მკურნალბის მიზნით. ლიოვიკის თქმით, აღნიშნულ საკითხზე ჩატარებული წინა კვლევები არ იყო სათანადო ძალის.

კვლევა PregMet2-ში, ორსულებს პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომით, რომლებიც მოხვდნენ მეთფორმინის ჯგუფში და იღებდნენ მედიკამენტს მთელი ორსულობის განმავლობაში, აღენიშნათ გვიანი სპონტანური აბორტების და ნაადრევი მშობიარობის დაბალი რისკი, პლაცებოსთან შედარებით. ასევე ნაკლები იყო ორსულობის დროს წონის მატება.

თუმცა,  მეთფორმინმა არ მოახდინა გესტაციური დიაბეტის განვითარების პრევენცია. გარდა ამისა, ახალშობილებს, რომელთა დედებიც იღებდნენ მეთფორმინს, თავის გარშემოწერილობა ჰქონდათ უფრო დიდი, თუმცა ნორმის დიაპაზონში.

Medscape Medical News-ის მიხედვით, იმავე ჯგუფის მიერ ჩატარებულმა წინა კვლევამ, ორ კოჰორტაზე დაკვირვებით გამოავლინა საშუალო წონის უფრო მაღალი მაჩვენებლი 4 წლის ასაკის პოლიცისტური საკვერცხის სინდრომის მქონე და მთელი ორსულობის განმავლობაში მეტფორმინზე მყოფი ქალების ბავშვებში, იმ ბავშვებთან შედარებით, ვინც მუცლადყოფნის პერიოდში არ იმყოფებოდა მეთფორმინის ზემოქმედების ქვეშ.

ვფიქრობ, რომ ორსულთან ერთად უნდა განვიხილოთ მეთფორმინის დადებითი და უარყოფითი მხარეები და  ერთად გადავწყვიტოთ მედიკამენტის მიღების საკითხი,”-  განუცხადა Medscape Medical News-ს PregMet2-ის მთავარმა მკვლევარმა, ესტერ ვანკიმ MD, PhD,ნორვეგიის მეცნიერების და ტექნოლოგიის  უნივერსიტეტი.ეს ნორვეგიული გუნდი  აწარმოებს დიდ კვლევას და აკვირდება ძალიან დიდ ჯგუფს, რის გამოც მათ შესწევთ უნარი დასკვნები გამოიტანონ,”-  განაცხადა სესიების თავმჯდომარემ კორინ უელტმა, MD, რეპროდუქტოლოგ-ენდოკრინოლოგი, იუტას უნივერსიტეტი, სოლტ-ლეიქ-სიტი. მან დაამატა, რომ ნაყოფის წონის საკითხი “ცოტათი შემაშფოთებელია” და მოუწოდა ფრთხილი ოპტიმიზმისკენ. “არ ვფიქრობ, რომ ეს შედეგები საბოლოოა, იმედი მაქვს, მეთფორმინი შეძლებს ნაადრევი მშობიარობის და გვიანი სპონტანური აბორტების პროფილაქტიკას, მაგრამ საჭიროა მეტი მონაცემი.”

მეთფორმინის მიღებამ გაანახევრა სპონტანური აბორტებისა და ნაადრევი მშობიარობების სიხშირე

PregMet 2-ში, პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომის მქონე 487 ქალი,  ნორვეგიის, შვედეთისა და ისლანდიის 14 ცენტრიდან, იღებდა მეთფორმინს (500 მგ ორჯერ დღეში  პირველი კვირა, შემდეგ 1000 მგ ორჯერ დღეში მშობიარობამდე) ან პლაცებოს. კვლევის დაწყებისას ქალების საშუალო ასაკი შეადგენდა 30 წელს, ხოლო სხეულის მასის ინდექსის საშუალო მაჩვენებელი – 28 კგ/მ2-ს. 

მთლიანი კოჰორტის intent-to-treat ანალიზის მიხედვით, გვიანი სპონტანური აბორტებისა და ნაადრევი მშობიარობის კომპოზიტური სიხშირე შეადგენდა 5%-ს მეთფორმინის ჯგუფში, ხოლო 10%-ს პლაცებოს ჯგუფში, შანსების შეფარდება იყო უმნიშვნელო (OR) –  1,99 (P= .08).

თუმცა, პროტოკოლის ანალიზმა კვლევიდან 46 ქალის გამოთიშვით, მოგვცა მნიშვნელოვანი OR-2,55 (P= .03) მეთფორმინის სასარგებლოდ. პროტოკოლის მეორე ანალიზმა  დამატებით  გამორიცხა 134 ქალი, რომელთა მკურნალობაზე დამყოლობაც 90%-ზე ნაკლებს შეადგენდა, რამაც მოგვცა მნიშვნელოვნად განსხვავებული მონაცემი ორი არასასურველი გამოსავალის შესახებ. (OR, 2,76; P=0.05).

საჭირო იყო 22-ის მკურნალობა, რათა მომხდარიყო ერთი სპონტანური აბორტს ან ნაადრევი მშობიარობის თავიდან აცილება.

შედარებისთვის, აბორტისა და ნაადრევი  მშობიარობების საერთო მაჩვენებელი  ნორვეგიულ მოსახლეობაში, სხვა სკანდინავიური ქვეყნების მსგავსად, შეადგენს 5,2%-ს.

დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მიხედვით, შეერთებულ შტატებში ეს მაჩვენებელი 10%-ია. ” ეს, სულ მცირე, იმაზე მიუთითებს, რომ ჩვენ საკვლევ ჯგუფში, საერთო მოსახლეობასთან შედარებით არ აღინიშნება უფრო მეტი ნაადრევი მშობიარობის შემთხვევა, “–აღნიშნა ლიოვიკმა.

მოქმედებს თუ არა მეთფორმინი ორსულებზე?

ლიოვიკის თქმით, “ყველაზე გასაკვირ და გასაოცარ” მეორად გამოსავალს წარმოადგენს გესტაციურ დიაბეტზე მნიშვნელოვანი ზეგავლენის არარსებობა: სიხშირე მეთფორმინის ჯგუფში შეადგენდა 25%-ს, ხოლო პლაცებოს ჯგუფში 24%-ს (P= .75).

აუდიტორიის წევრის შეკითხვის პასუხად ლიოვიკმა აღნიშნა, რომ მისმა ჯგუფმაც იგივე აღმოაჩინა ცოტა ხნით ადრე. 

“ჩვენ გავაკეთეთ გლუკოზის ჰომეოსტაზის შესახებ ფართო ანალიზი…და მეტფორმინმა არ მოახდინა არანაირი გავლენა მასზე, კვლევის გამოყენებული  მეთოდის მიუხედავად– პლაზმის გლუკოზა უზმოდ, გლუკოზისადმი ტოლერანტობის ორსაათიანი ტესტი, HOMA, HOMA-IR, ინსულინის დონე. არანაირი.”

Medscape Medical News-თან საუბრისას, ლიოვიკმა და ვანკიმ აღნიშნეს, რომ ამას აშკარა გავლენა აქვს გესტაციური დიაბეტის მკურნალობაში მეთფორმინის ფართო გამოყენებაზე, რაც  ამჟამად რეკომენდებულია პროფესიული საზოგადოებების გაიდლაინების მიერ.

ვანკი ვარაუდობს, რომ შესაძლებელია ორსულობის დროს იყოს რაღაც, რაც   უკუაგდებს მეთფორმინის ჰიპოგლიკემიურ ეფექტს.

“ჩვენ არ ვიცით, მაგრამ უნდა არსებობდეს ფიზიოლოგიური მიზეზი,” – განაცხადა მან.

ორსულთა წონის ნაკლები მატება, ახალშობილთა თავის მეტი გარშემოწერილობა

არ იყო განსხვავება ჰიპერტენზიის ან პრეეკლამფსიის განვითარების, ასევე მშობიარობის მეთოდისა ან მშობიარობის შემდგომი სისხლდენების განვითარების მხრივ მეთფორმინის და პლაცებოს ჯგუფებში.

ქალებში წონის მატება უფრო ნაკლები იყო მეთფორმინის ჯგუფში პლაცებოსთან შედარებით (8.7 წინააღმდეგ 11.5 კგ; P <.001).

დაბადებისას ნაყოფის წონასა თუ სიგრძეში არ შეინიშნებოდა განსხვავება. შედარებით დიდი იყო იმ ახალობილების თავის გარშემოწერილობა, რომელთა დედები იღებდნენ მეტფორმინს, თუმცა ეს მაჩვენებელი ჯდებოდა ნორმის დიაპაზონში (35.4 vs 35.0 სმ; P = .006).

მნიშვნელოვანი გვერდითი მოვლენები იყო მსგავსი ორივე ჯგუფში. ასევე თანაბრად იყო გამოვლენილი განვითარების მანკები. გამოვლინდა მუცლადყოფნის პერიოდში ნაყოფის სიკვდილის  5 შემთხვევა, 3 მეთფორმინის  და 2 პლაცებოს ჯგუფში, რაც მაღალი მაჩვენებელია ზოგადად, მაგრამ დიდი ალბათობით დაკავშირებულია პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომთან და არა მედიკამენტთან, შეაჯამა ლიოვიკმა.

სტატია საქართველოს ენდოკრინოლოგიისა და მეტაბოლიზმის ასოციაციისთვის თარგმნა ექიმმა თამარ გაფრინდაშვილი

წყარო: Metformin May Prevent Pregnancy Complications in PCOS – Medscape – Mar 22, 2018.