მაღალ-ნორმული FT4:  კავშირი წინაგულთა ფიბრილაციასთან

მაღალ-ნორმული FT4: კავშირი წინაგულთა ფიბრილაციასთან

ახალმა კვლევამ, რომელიც ჩატარდა 174 000–ზე მეტ პაციენტზე, აჩვენა, რომ სისხლში თავისუფალი თიროქსინის (FT4) მაჩვენებლები ნორმის ზედა ზღვართან ახლოს – დაკავშირებული იყო წინაგულთა ფიბრილაციის გაზრდილ რისკთან. ეს მონაცემები წარადგინეს 11 ნოემბერს ამერიკის გულის ასოციაციის 2018 წლის სამეცნიერო სესიაზე. 
„აღნიშნული კვლევა გვთავაზობს, რომ შესაძლოა საჭირო გახდეს ჰიპოთირეოზის მკურნალობის უსაფრთხო რეფერენსული საზღვრების გადახედვა“, ამბობს კვლევის წამყვანი ავტორი ჯეფრი ანდერსონი, კლინიცისტი და მკვლევარი გულის ინსტიტუტის სამედიცინო ცენტრიდან, სოლტ-ლეიკ-სიტი, იუტა.

„ჩვენ ვიცით, რომ პაციენტებს ჰიპერთირეოზით აქვთ წინაგულთა ფიბრილაციის მაღალი რისკი, მაგრამ ის, რომ ამ რისკის მატება ხდება ნორმალური თირეოიდული ჰორმონების ფარგლებშიც კი  – „ჯერ არ განხილულა“, ამბობს ანდერსონი თავისი ინსტიტუტის პრეს განაცხადში.
„ეს აღმოჩენები გვაჩვენებს,რომ სასურველია გადავხედოთ თუ რას ვეძახით „ნორმას““, თქვა მან.

Medscape-ს ანდერსონმა დაუზუსტა: „ჰიპოთირეოზის მკურნალობისას შესაძლოა შეიმჩნეოდეს ლევოთიროქსინის (T4) დოზის გაზრდის ტენდენცია – პაციენტებს უნდათ, იყვნენ უფრო ენერგიულები, დაიკლონ წონაში“, მაგრამ, აღნიშნულის მიხედვით, ამას შეიძლება თან ახლდეს რისკიც.
როტერდამის პროსპექტული კვლევის ბოლო აღმოჩენებით (J Clin Endocrinol Metab. 2015;100:3718-3724) და მისი შემდგომი ანალიზის პუბლიკაციით, მომატებული FT4-ის დონე – მაგრამ არა თირეოიდმასტიმულირებელი ჰორმონისა (TSH) – რომელიც ჯერ კიდევ ნორმის ფარგლებშია, ასოცირებული იყო წინაგულთა ფიბრილაციის გავრცელებისა და გამოვლენის მაღალ რისკთან.
ანდერსონს და მის კოლეგებს სურდათ, ენახათ მსგავსი მონაცემები თუ დადასტურდებოდა სხვა უფრო დიდ პოპულაციაში. ამიტომ მათ შეაფასეს გულის ინსტიტუტის სისტემაში მყოფი 174 914 პაციენტი, სადაც დაფიქსირებული იყო თავისუფალი თიროქსინის (FT4)-ის დონე, მაგრამ, კვლევაში ჩართვის მომენტში, არ იტარებდნენ თირეოიდული ჰორმონებით ჩანაცვლებით თერაპიას. „მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ ეს აღმოჩენები დამყარებულია უფრო დიდი პოპულაციიდან მიღებული შედეგების მტკიცებულებაზე“, ამბობს ჟაკლინ ჟონკლაასი, MD, PhD, MPH, ენდოკრინოლოგიისა და მედიცინის განყოფილების ასისტენტ პროფესორი, ჯორჯტაუნის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრი, ვაშინგტონი, კოლუმბიის შტატი. 
„ამ კვლევის კლინიკური მნიშნელობა არის პაციენტების ძალიან დიდი რიცხვი (174 914), რაც შედეგებს FT4-თან მიმართებაში ხდის უფრო მკაცრს“, უთხრა მან Medscape-ს.

„ნორმალური“ FT4-ის მაჩვენებლების ქვეჯგუფები და წინაგულთა ფიბრილაციის მომატებული  გრადიენტი
ანდერსონისა და მისი კოლეგების კვლევაში ჩართული პაციენტების საშუალო ასაკი იყო 63,8 და მათი 65% იყო ქალი. დაკვირვება მიმდინარეობდა საშუალოდ 6,3 წელი (± 4,4 წელი) მათ შორის, 7,4%-ს თავისუფალი T4-ის დონე იყო ნორმალური რეფერენსული საზღვრის ქვემოთ (0,75-1,50 ნგ/დლ), 88,4%-ს ქონდა ნორმალური მაჩვენებლები, ხოლო 4,2%-ს – ნორმის ზედა ზღვრის ზემოთ. ნორმალური მაჩვენებლებით პაციენტების შემდგომი დაყოფა მოხდა 4 ქვეჯგუფად, დაბალი-ნორმულიდან მაღალ-ნორმულამდე (0,75-0,90 მგ/დლ [ნორმული 1];  0,91-1,01 ნგ/დლ [ნორმური 2]; 1,02-1,14 ნგ/დლ [ნორმული 3]; 1,15-1,50 ნგ/დლ [ნორმული 4]).

ქვე-ჯგუფებად დაყოფის შემდეგ, წინაგულთა ფიბრილაციის გავრცელების შედარებითი რისკი პაციენტებისთვის მაღალი კვარტილით იყო 40% დაბალი კვარტილის პაციენტებთან შედარებით. ეს ითარგმნება, როგორც ახლად გამოვლენილი წინაგულთა ფიბრილაციის რისკის 16%-ით გაზრდა ხანგრძლივი დაკვირვების პერიოდში (რომელიც საშუალოდ იყო 6,3 წელი).

გასათვალისწინებელია, რომ წინაგულთა ფიბრილაციის გავრცელების მომატებული გრადიენტი გამოვლინდა ნორმალური საზღვრების ქვეჯგუფებში, ყველაზე მაღალი გავრცელებით ნორმულ 2, 3 და 4 ქვე-ჯგუფებში ყველაზე დაბალ ნორმულ 1 ქვე-ჯგუფთან შედარებით (ყველა P < 0.001). თირეოიდული სტატუსის განმსაზღვრელი სხვა მარკერის, თავისუფალი ტრიიოდთირონინის (T3), თვალსაზრისით ქვეჯგუფებს შორის მსგავსი ასოციაციები არ იყო ნანახი, ხოლო TSH-ის შედეგები იყო „შერეული და გამოსაკვლევი“, აღნიშნავენ ავტორები.
აღმოჩენები გვთავაზობს, რომ თავისუფალი T4-ის ოპტიმალური საზღვრები უნდა გადაიხედოს, განსაკუთრებით გასათვალისწინებელია ჰიპოთირეოზის მკურნალობის დროს T4-ის დონეების უფრო მაღალი მაჩვენებლების არსებობა, ამბობს ანდერსონი.  
„თირეოიდული ჰორმონები ასოცირებულია სხეულის მასის კლებასა და მეტ ენერგიასთან, რამაც შეიძლება შედეგად მოგვცეს ნორმალური მაჩვენებლის მაქსიმალურად დასაშვები და ატანადი დოზით მკურნალობა“, ხსნის ის.
„მაგრამ ამ გზით ხომ არ ვნებთ ჩვენს პაციენტებს, რამდენადაც შესაძლოა ვზრდით წინაგულთა ფიბრილაციის და, შესაბამისად, ინსულტის რისკებს?“ – დაამატა მან.
„უნდა ჩატარდეს შემდგომი კვლევა, რაც უფრო ღრმად განიხილავს წინაგულთა ფიბრილაციის რისკს, მაგრამ, აგრეთვე, უნდა განიხილოს მასთან ასოცირებული რისკის ფაქტორებიც, მაგ.: „ინსულტი“, ამბობს ანდერსონი.
„მკვლევარებისთვის შემდეგი ეტაპი არის ჩატარდეს რანდომიზებული კვლევა თირეოიდული ჰორმონით ჩანაცვლებით თერაპიაზე მყოფ პაციენტებში, თავისუფალი T4-ის სამიზნე დაბალი მაჩვენებლები ამცირებს თუ არა წინაგულთა ფიბრილაციის, ინსულტის, ან ათეროსკლეროზის განვითარებისრისკს მაღალ მაჩვენებლებთან შედარებით“, ხსნის ანდერსონი.

TSH-ის განსხვავებული რეფერენსული საზღვრები
ჟონკლაასი აღნიშნავს, რომ ანდერსონისა და კოლეგების კვლევის მნიშვნელოვანი შეზღუდვა (ერთგვარი ნაკლი) არის ის, რომ გამოყენებულია TSH-ის შედარებით მაღალი რეფერენსული საზღვრები (6,68 mIU/L)განსხვავებით უფრო ფართოდ გამოყენებული საზღვრებისა (4,5 mIU/L). აქედან გამომდინარე, წინაგულთა ფიბრილაციის ზოგიერთი შემთხვევა შესაძლოა გამოვლინდა TSH-ის მაღალი მაჩვენებლის ფონზე, ფართოდ გამოყენებული განსაზღვრების მიხედვით. თუმცა, „უცნობია, ამას რა გავლენა შეიძლება ქონოდა საბოლოო შედეგებზე“, აღნიშნავს ის.
მკურნალობის გავლენის თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ კვლევაში ჩართული პაციენტები არ იმყოფებოდნენ თირეოიდული ჰორმონებით თერაპიაზე, ამბობს ჟონკლაასი.
„დამატებითი კვლევებია საჭირო, რათა დადგინდეს ეს მონაცემები ვრცელდება თუ არა იმ პაციენტებზეც, ვინც იტარებს თირეოიდული ჰორმონებით ჩანაცვლებით მკურნალობას“, ხსნის ჟანკლაასი. „თუ კი, ეს ნიშნავს, რომ თავისუფალი T4-ის დონე უფრო ფრთხილად უნდა გაკონტროლდეს და შენარჩუნდეს ნორმის შუა ზღვრებში“.
„ამჟამად, ძირითადად, TSH გამოიყენება თირეოიდული ჰორმონიების მკურნალობის დროს დოზის შესარჩევად“, ხსნის ის.
„ამ მონაცემების დადასტურება, აგრეთვე, შეიძლება ნიშნავდეს თავისუფალი T4-ის რუტინული განსაზღვრის აუცილებლობას და მის გამოყენებას თირეოიდული ჰორმონების დოზის შერჩევაში“.

ამერიკის გულისასოციაციის (AHA) 2018 წლის სამეცნიერო სესიები: აბსტრაქტი 450. წარდგენილი 11 ნოემბერს, 2018.

სტატია ქართულ ენაზე მოამზადა ენდოკრინოლოგმა მერი დავითაძემ

წყარო: Overtreating Hypothyroidism: Linkto Atrial Fibrillation – Medscape – Nov 12, 2018.

https://www.medscape.com/viewarticle/904785src=soc_fb_181115_mscpedt_news_tho_afib&faf=1