„თირეოიდული დიეტა“: რა მტკიცებულებები არსებობს?

„თირეოიდული დიეტა“: რა მტკიცებულებები არსებობს?

სტატია ქართულ ენაზე თარგმნა ენდოკრინოლოგმა: სალომე იზორია
რედაქტირებულია GAEM-ის სარედაქციო ჯგუფის მიერ: ქეთევან ძაგანია
წყარო: ‘Thyroid diet’: What’s the Evidence?

დადგა ახალი წელი და მიუხედავად იმ გამოწვევებისა, რომელთა წინაშეც დავდექით ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, როგორც ჩანს, გვირაბის ბოლოს სინათლეა. ადამიანები ახლა უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე, ეძებენ საკუთარი ჯანმრთელობის გაუმჯობესების გზებს და ფარისებრი ჯირკლის დაავადებების მქონე ადამიანებიც არ წარმოადგენენ გამონაკლისს.

პაციენტები ხშირად მოგვმართავენ კითხვებით “თირეოიდული დიეტის” შესახებ: რა ცვლილებების შეტანა შეუძლიათ კვების რეჟიმში, რა დანამატების მიღება შეუძლიათ, ან რა ტოქსინების მიღებას უნდა აარიდონ თავი ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების სამკურნალოდ, ან მათი შემსუბუქების მიზნით. რა მეთოდებით შემიძლია გავაუმჯობესო ჰიპოთირეოზის სიმპტომები, ტრადიციული სამედიცინო მკურნალობის მიღმა? როგორ შემიძლია შევამცირო შრატში თირეოიდული აუტოანტისხეულების ტიტრი? ამა თუ იმ საკვების ან დანამატის რა რაოდენობა იქნება ჩემი ფარისებრი ჯირკვლისთვის ძალიან ბევრი?

სიმართლე რომ ითქვას, არსებობს დიდი რაოდენობით ინფორმაცია, რომელიც შეიძლება დამაჯერებლად მოგვეჩენოს. თუმცა, მტკიცებულებები ჩვეულებრივ დაბალი დონისაა და, აქედან გამომდინარე, კლინიკური რეკომენდაციების საფუძვლად არც თუ ისე იდეალურია. აქ განვიხილავთ ფარისებრ ჯირკვალთან დაკავშირებულ ყველაზე პოპულარულ ნუტრიციოლოგიურ ასპექტებს.

იოდი

ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების პროდუქცია მოითხოვს მოცირკულირე იოდის სათანადო რაოდენობას, რომელიც მიიღება საკვების ან დანამატების მეშვეობით. იოდის უკმარისობა ადამიანს ჰიპოთირეოზის განვითარების, ან მისი გამწვავების რისკის წინაშე აყენებს. ეროვნული აკადემიის მედიცინის ინსტიტუტის რეკომენდაციით, მოზრდილებმა უნდა მიიღონ 150 მკგ იოდი დღეში, ხოლო ქალებმა ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში – უფრო მაღალი დოზა (220 მკგ/დღეში და 290 მკგ/დღეში, შესაბამისად).

იოდის შემცველ საკვებს მიეკუთვნება იოდირებული მარილი, ზღვის პროდუქტები (მათ შორის ზღვის წყალმცენარეები და თევზი), ასევე ზოგიერთი პურპროდუქტები და მარცვლეული. უნდა აღინიშნოს, რომ ზღვის მარილი, დასახელების მიუხედავად, ბუნებრივად არ შეიცავს იოდს.

ამერიკის შეერთებულ შტატებში არ მოითხოვება საკვების შეფუთვის ეტიკეტზე იოდის შესახებ ინფორმაციის მითითება, შესაბამისად, საკვებისმიერი წყაროების იდენტიფიცირება შეიძლება რთული აღმოჩნდეს. მიუხედავად იმისა, რომ იოდის კონცენტრაციის განსაზღვრა შესაძლებელია ადამიანის შარდსა და სისხლში, ეს არ არის განსაკუთრებით ხელსაყრელი, რადგან კონცენტრაცია ასახავს იოდის შემცველობას მხოლოდ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში. საბედნიეროდ, ითვლება, რომ ამერიკის შეერთებული შტატების უმეტესობა იოდს საკმარისი რაოდენობით შეიცავს.

პირები, რომლებიც გარკვეულ საკვებს შეზღუდულად იღებენ, იოდის დეფიციტის რისკის ქვეშ იმყოფებიან. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეკომენდაცია, რომ ქალებმა ორსულობის დაგეგმვისას, ორსულობის დროს ან მშობიარობის შემდგომ და ლაქტაციის პერიოდში, მიიღონ 150 მკგ/დღეში იოდის დანამატის სახით, რადგან ამ დროს იოდზე მოთხოვნილება იზრდება.

ტაბლეტები, რომელთა ეტიკეტზე მითითებულია „იოდი ფარისებრი ჯირკვლის ჯანმრთელობისთვის,“ ხელმისაწვდომია რეცეპტის გარეშე და მათი ერთჯერადად მისაღები დოზის შემადგენლობაში იოდის შემცველობა შეიძლება რეკომენდებულ დღიურ დოზას რამდენიმე ასეულით აღემატებოდეს. სხვა პროდუქტები, რომელთა ეტიკეტზე მითითებულია ,,ფარისებრი ჯირკვლის ხელშეწყობისთვის’’, შეიცავს სპირულინას და კელპს, რომელთა შემადგენლობაშიც ბუნებრივად შედის იოდი, თუმცა სხვადასხვა რაოდენობით, რაც შეიძლება პოტენციურად ჭარბი აღმოჩნდეს.

იოდის ჭარბად მიღებამ, შესაძლოა, გამოიწვიოს ფარისებრი ჯირკვლის „დათრგუნვა,“ იოდის გადამეტებული დოზის გამო (იოდით განპირობებული ჰიპოთირეოზი), ან ჭარბი რაოდენობით თირეოიდული ჰორმონების წარმოქმნა (იოდით განპირობებული ჰიპერთირეოზი). ასევე, არსებობს მტკიცებულება, რომ იოდის ქრონიკულმა სიჭარბემ შეიძლება გამოიწვიოს აუტოიმუნური თირეოიდიტი, რადგან იოდირებული თირეოგლობულინი იმუნოგენურია. აღნიშნული მიზეზების გამო, ამერიკის თირეოიდული ასოციაციის რეკომენდაციით, უმჯობესია ისეთი დანამატების მიღებისგან თავის შეკავება, რომელთა დღიური დოზა შეიცავს > 500 მკგ იოდს.

სტრუმოგენები

ტერმინი ,,სტრუმოგენი’’ აღნიშნავს ნებისმიერ ნივთიერებას, რომელსაც შეუძლია ჩიყვის გამოწვევა ან ფარისებრი ჯირკვლის გადიდება. სტრუმოგენური ნივთიერებები ამცირებს ფარისებრი ჯირკვლის მიერ იოდის ათვისებას და თრგუნავს ნორმალური თირეოიდული ჰორმონის წარმოქმნის რომელიმე სხვა კომპონენტს. სტრუმოგენური საკვების ყველაზე გავრცელებული მაგალითებია ჯვაროსანთა ოჯახის ბოსტნეული და სოიოს პროდუქტები.

ჯვაროსანთა ოჯახის ბოსტნეული

ჯვაროსანთა ოჯახის ბოსტნეულად ითვლება თალგამისებრთა (Brassica) გვარის ბოსტნეული, რომლის რიგებს მიეკუთვნება: ბროკოლი, კომბოსტო, ბრიუსელის კომბოსტო, ხუჭუჭა კომბოსტო (ქეილი), თალგამი, ყვავილოვანი კომბოსტო, კოლარდის ფოთლები და ჩინური კომბოსტო. ეს ბოსტნეული მდიდარია გლუკოზინოლატებით და სხვა ნივთიერებებით, რომლებიც გავლენას ახდენს თირეოიდული ჰორმონების სინთეზის სხვადასხვა ეტაპზე. ჯვაროსანთა ოჯახის ბოსტნეულის ჯანსაღი რაოდენობით მიღება, რა თქმა უნდა, სარგებლის მომტანია, თუმცა ძალიან დიდი ოდენობით და მუდმივმა მიღებამ, შესაძლოა, გამოიწვიოს ან გაამწვავოს ჰიპოთირეოზი.

მაშ ასე, რამდენია ძალიან ბევრი? მონაცემები ჯვაროსანთა ოჯახის ბოსტნეულის იმ რაოდენობის შესახებ, რომლის მიღებამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ფარისებრ ჯირკვალზე, ძალიან შეზღუდულია. კვლევაში, სადაც ეუთირეოიდული მოხალისეები იღებდნენ ხუჭუჭა კომბოსტოს (ქეილი) სავაჭრო წვენს, დღეში ორჯერ, 7 დღის განმავლობაში, ფარისებრი ჯირკვლის მიერ, საშუალოდ, 6 საათში რადიოაქტიური იოდის შთანთქმის მაჩვენებელი, საწყის მაჩვენებლებთან შედარებით, 2.52%-ით შემცირდა, თუმცა შრატში ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური ტესტების მაჩვენებლები უცვლელი დარჩა.

უკიდურეს შემთხვევა აღწერილია ანგარიშში, როდესაც მიქსედემური კომა განუვითარდა 88 წლის ჩინელ ქალს, რომელიც, დიაბეტის კონტროლის მიზნით, რამდენიმე თვის განმავლობაში ყოველდღიურად მოიხმარდა 1.0-1.5 კგ უმ ჩინურ კომბოსტოს.

ბოლო პერიოდში ჩატარებულ რანდომიზებული კლინიკური კვლევის მიხედვით, რომლის ეუთირეოიდული მონაწილეები ბროკოლის ღივების შემცველ სასმელს 12 კვირის განმავლობაში იღებდნენ, შრატში თირეოიდული ფუნქციური ტესტების მაჩვენებლები, თირეოგლობულინის დონე ან თირეოიდული ანტისხეულების სტატუსი არ შეცვლილა, პლაცებოს ჯგუფის ამავე მაჩვენებლებთან შედარებით.

ამრიგად, როგორ უნდა ვუპასუხოთ პაციენტების კითხვებს ჯვაროსანთა ოჯახის ბოსტნეულის მიღებისგან თავის შეკავების შესახებ? როგორც ეუთირეოიდულ, ისე ჰიპოთირეოიდულ პაციენტებს ვეუბნებით, რომ მართალია ძველი მონაცემების მიხედვით, დიდი რაოდენობით ჯვაროსანთა ოჯახის ბოსტნეულის ხშირმა მიღებამ, შესაძლოა, შეამციროს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების წარმოქმნა, თუმცა უკანასკნელი კლინიკური კვლევები ადასტურებენ, რომ აღნიშნული ჯანსაღი საკვების მიღების სრულად შეწყვეტა არ არის საჭირო.

საღი აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია. ჩვენ გირჩევთ კარგად დაბალანსებულ კვებას, რომელიც ჯვაროსანთა ოჯახის ბოსტნეულს ზომიერი რაოდენობით შეიცავს. პრობლემა ისაა, რომ მცირე მტკიცებულებები არსებობს იმის შესახებ, თუ რა არის ,,ზომიერი’’ ჯვაროსანთა ოჯახის ბოსტნეულის მოხმარებასა და ფარისებრი ჯირკვლის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით.

სოიო

სოიოს შემცველი საკვები პროდუქტები, მათ შორის სოიოს რძე, ტოფუ, სოიოს სოუსი, ტემპე და მისო, შეიცავენ იზოფლავონებს – პოლიფენოლურ ნაერთებს, რომლებიც ასევე კლასიფიცირდება, როგორც ფიტოესტროგენები, მათი ესტროგენის მსგავსი ეფექტის გამო. ვინაიდან იზოფლავონებს შეუძლიათ დათრგუნონ თირეოპეროქსიდაზას მოქმედება, რომელიც აუცილებელია ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის სინთეზისთვის, გამოითქვა ვარაუდი, რომ სოიოს მიღებამ შეიძლება გაზარდოს ჰიპოთირეოზის რისკი. შესაბამისად, შესაძლოა ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის ჩანაცვლებითი თერაპიისთვის უფრო მაღალი დოზა გახდეს საჭირო ჰიპოთირეოზის მქონე იმ პაციენტების სამკურნალოდ, რომლებიც სოიოს მოიხმარენ დიდი რაოდენობით.

თუმცა, რას აჩვენებს სამეცნიერო მტკიცებულებათა დიდი ნაწილი? იოდით მდიდარ ადგილებში მცხოვრებ ეუთირეოიდულ პირებში, სოიოს ნორმალური რაოდენობით მოხმარებას, ალბათ, საერთოდ არ აქვს, ან აქვს ძალიან მცირე უარყოფითი გავლენა შრატში ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციურ მაჩვენებლებზე. სოიოს დიდი რაოდენობით მოხმარება, როგორც ეუთირეოიდული, ისე სუბკლინიკურად ჰიპოთირეოიდული პირების მიერ, კორელაციაში იყო შრატში თირეოიდ-მასტიმულირებელი ჰორმონის (TSH) დონის მხოლოდ მცირე ზრდასთან; თავისუფალი თირეოიდული ჰორმონის დონე არ შეცვლილა.

გამონაკლისს წარმოადგენს სოიოს შემცველი ფორმულა ჩვილებისთვის, რომელიც თანდაყოლილი ჰიპოთირეოზის მქონე ახალშობილების გამოსაკვებად გამოიყენება. შეიძლება საჭირო გახდეს ლევოთიროქსინის დოზის მომატება ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებისადმი მათი მოთხოვნილების სათანადოდ დასაკმაყოფილებლად.

ზოგადად, ზრდასრულ პაციენტებს ვურჩევთ, რომ სოიოს ზომიერი, ნორმალური რაოდენობა უსაფრთხოა. არ არსებობს მიზეზი სოიოს მიღების შეწყვეტისთვის, მაშინაც კი, თუ ჰიპოთირეოზით დაავადებული პაციენტი იღებს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის შემცვლელ მედიკამენტებს.

მიკროელემენტები

სელენი. სელენი წარმოადგენს მიკროელემენტს, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს თირეოიდული ჰორმონების მეტაბოლიზმში. აშშ-ს მიერ რეკომენდებული სელენის დღიური დოზა მამაკაცებისთვის და არაორსული, ლაქტაციის პერიოდში არ მყოფი ქალებისთვის შეადგენს 55 მკგ-ს. სელენით ყველაზე მდიდარია ზღვის პროდუქტები და ცხოველების შიგნეულობა. აშშ-ში ტიპური საკვებისმიერი წყაროა პურპროდუქტები, მარცვლეული, ხორცი, შინაური ფრინველის ხორცი, თევზი და კვერცხი.

სელენის დასაშვები ზედა ზღვარი არის 400 მკგ/დღეში. მიუხედავად იმისა, რომ სელენით გამოწვეული ტოქსიკურობა რუტინულ კლინიკურ პრაქტიკაში, ჩვეულებრივ, არ გვხვდება, ჭარბდოზირება ხასიათდება ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა გულისრევა, ფრჩხილების ფერის შეცვლა, მტვრევადობა და დაკარგვა, თმის ცვენა, სისუსტე, გაღიზიანება და უსიამოვნო სუნი სუნთქვისას (ხშირად მოიხსენიება როგორც „ნივრის სუნთქვა“).

სელენისა და ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების შესახებ მონაცემების უმეტესობა ქრონიკულ აუტოიმუნურ თირეოიდიტს ეხება. ზოგიერთი გამოკვლევის თანახმად, სელენის შემცველი დანამატების მიღება ფარისებრი ჯირკვლის აუტოიმუნური დაავადების დროს შეიძლება სასარგებლო იყოს, რადგან ამ ნივთიერების დაბალი დონე დაკავშირებულია ჩიყვისა და ფარისებრი ჯირკვლის კვანძების განვითარების მომატებულ რისკთან. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ სელენის მიღებას შეუძლია შრატში თირეოიდული აუტოანტისხეულების ტიტრის შემცირება მოკლევადიან პერიოდში, გაურკვეველია, ანტისხეულების რაოდენობის ეს შემცირება არის თუ არა კორელაციაში ფარისებრი ჯირკვლის ნორმალური ფუნქციის ხანგრძლივ შენარჩუნებასთან ან არასასურველი სამეანო გვერდითი მოვლენების შემცირებასთან შრატში თირეოიდული ანტისხეულების მქონე ორსულ ქალებში.

ზოგადად, პაციენტებს არ ვუწევთ რეკომენდაციას, მიიღონ სელენის შემცველი დანამატები მხოლოდ ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქციის ან ფარისებრი ჯირკვლის აუტოიმუნური დაავადების სამკურნალოდ. თუმცა,  გამონაკლისს წარმოადგენენ მსუბუქი ხარისხის გრეივსის ოფთალმოპათიის მქონე პაციენტები. ამ პოპულაციაში სელენის დამატებას შეუძლია გააუმჯობესოს ცხოვრების ხარისხი და თვალის დაავადების მიმდინარეობა. ევროპის თირეოიდული ასოციაცია / გრეივის ორბიტოპათიის ევროპული ჯგუფი რეკომენდაციას უწევს ამ პაციენტების მიერ 200 მგ დღეში დოზის მიღებას 6-თვიანი კურსის სახით.

თუთია, სპილენძი და მაგნიუმი. თუთიის, სპილენძის და მაგნიუმის როლი ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების სინთეზსა და მეტაბოლიზმში, სამწუხაროდ, ნაკლებად არის განსაზღვრული. შრატში თუთიის, სპილენძისა და სელენის დონე არათანმიმდევრულად ასოცირდება შრატში თავისუფალი ან საერთო თირეოიდული ჰორმონის რაოდენობასთან, მაგრამ მეტა-ანალიზით დადგინდა ურთიერთკავშირი სელენის, სპილენძისა და მაგნიუმის დონესა და ფარისებრი ჯირკვლის კიბოს შორის. არსებული მტკიცებულებების გათვალისწინებით, ამ მიკროელემენტების დამატება მხოლოდ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის ხელშეწყობის მიზნით, არ არის მტკიცებულებებით დასაბუთებული.

ფტორი. ფტორი გარემოში გვხვდება ბუნებრივად ან ხელოვნურად სასმელ წყალში (დამატებით. სტომატოლოგიური კარიესის პროფილაქტიკისთვის). ის ასევე გვხვდება ისეთ პროდუქტებში, როგორიცაა ჩაი, დამუშავებული საკვები, სტომატოლოგიური პროდუქტები, დანამატები და საკვები, რომელზეც შესხურებულია ფტორის შემცველი პესტიციდები.

ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში, რომელთა ჩატარება დაიწყო 1970-იანი წლებიდან, აღწერილია შრატში ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის დონის შემცირება ფტორის ზემოქმედებით, თუმცა მკაფიო მექანიზმი არ იქნა დადგენილი. ადამიანებში, ფტორის ზემოქმედებასა და ჰიპოთირეოზს შორის კავშირის შემსწავლელი კვლევებით  ურთიერთსაწინააღმდეგო შედეგები გამოვლინდა. პოპულაციაზე დაფუძნებულმა უახლესმა კვლევამ აღწერა შრატში TSH დონის მსუბუქი მატება იოდის დეფიციტის მქონე მოზრდილებში, რომელთაც აღენიშნებოდათ შარდში ფტორის მაღალი დონე.  

აღნიშნული მიგნებების კლინიკური მნიშვნელობა, სწორი კლინიკური კვლევების არარსებობის პირობებში, გაურკვეველია. არსებული ობსერვაციული მონაცემების საფუძველზე ძნელია იმის დადგენა, თუ ფტორის რა რაოდენობამ შეიძლება იმოქმედოს უარყოფითად ფარისებრი ჯირკვლის ჯანმრთელობაზე.

კვებასთან დაკავშირებული სხვა მოსაზრებები

და ბოლოს, ფუნქციურ სამედიცინო საზოგადოებაში პოპულარულია ისეთი ჩარევები, როგორიცაა უგლუტენო დიეტები, უშაქრო დიეტები და პრობიოტიკები ფარისებრი ჯირკვლის ჯანმრთელობის ხელშეწყობისთვის და სამკურნალოდ “მჟონავი ნაწლავის სინდრომის” (Leaky Gut Syndrome) დროს, რაც გულისხმობს თეორიას, რომ ნაწლავის შეღწევადობის გაზრდა სხვადასხვა დაავადებების განვითარებას იწვევს. გვაქვს მონაცემები ამ რეკომენდაციების დასასაბუთებლად?

უგლუტენო დიეტა. მყარი მტკიცებულებები ასაბუთებს კავშირს ცელიაკიასა და ფარისებრი ჯირკვლის აუტოიმუნურ დაავადებას შორის. ეს მოსალოდნელია, რადგან, როგორც ცნობილია, ერთი აუტოიმუნური დაავადების დადასტურების დროს, სხვა აუტოიმუნური დაავადების განვითარების რისკი გაზრდილია.

თითქმის 95,000 პაციენტის მეტა-ანალიზმა აჩვენა ფარისებრი ჯირკვლის დაავადების (განსაკუთრებით, ჰაშიმოტოს თირეოიდიტის) სიხშირის სამჯერ გაზრდა ცელიაკიის მქონე პაციენტებს შორის, საკონტროლო ჯგუფის მონაწილეებთან შედარებით, რომელთაც არ ჰქონდათ ცელიაკია. ამრიგად, ზოგიერთი თვლის, რომ ფარისებრი ჯირკვლის აუტოიმუნური დაავადების მქონე პაციენტების სკრინინგი ცელიაკიაზე და პირიქით – არის გონივრული, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც არსებობს სხვა მდგომარეობაზე მიმანიშნებელი სიმპტომები.

რა თქმა უნდა, ეს ბადებს კითხვას: რა გავლენას ახდენს უგლუტენო დიეტა ფარისებრი ჯირკვლის აუტოიმუნურობაზე, რაც წარმოადგენს რისკს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევისთვის? შეიძლება თუ არა გლუტენის ამოღებამ შეამციროს ჰაშიმოტოს თირეოიდიტის განვითარების რისკი ცელიაკიით დაავადებულებში?

ამ თემაზე რამდენიმე შეზღუდული კვლევა არსებობს. ერთი მცირე კვლევის მიხედვით, შრატში ფარისებრი ჯირკვლის ანტისხეულების ტიტრები შემცირდა, მაგრამ არ შეცვლილა შრატის TSH-ის ან ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის დონე ჰაშიმოტოს თირეოიდიტის მქონე მონაწილეებში, რომლებიც 6 თვის განმავლობაში იცავდნენ უგლუტენო დიეტას. ამის საპირისპიროდ, ცელიაკიით დაავადებულთა სხვა კვლევამ აჩვენა, რომ უგლუტენო დიეტა არ ახდენს გავლენას შრატში ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის მაჩვენებლებზე, შრატში ფარისებრი ჯირკვლის ანტისხეულებზე, ან ფარისებრი ჯირკვლის ულტრაბგერითი გამოკვლევის შედეგებზე, 1 წლიანი დიეტის შემდეგ.

რთულია პაციენტებისთვის რჩევის მიცემა წინააღმდეგობრივი შედეგების მქონე, მცირე ობზერვაციული კვლევების საფუძველზე. დღეისათვის არ არსებობს მონაცემები იმ შესახებ, ცელიაკიის არქონის შემთხვევაში, რა როლს ასრულებს უგლუტენო დიეტის დაცვა პაციენტების ჯანმრთელობაზე, ფარისებრი ჯირკვლის დაავადების არსებობისას, ან – მის გარეშე.  

კვების სხვა მოდელები. სამწუხაროდ, არ არსებობს ზუსტი მონაცემები იმის შესახებ, ახდენს თუ არა “მჟონავი ნაწლავის სინდრომი“ (Leaky Gut Syndrome), უშაქრო დიეტა ან პრობიოტიკების გამოყენება ფარისებრ ჯირკვალზე გავლენას. ახლახანს ჩატარებულმა კვლევაში, რომელიც შეისწავლიდა განსხვავებებს საკვების მიღების მოდელებს შორის პაციენტებში ჰაშიმოტოს თირეოიდიტით და მის გარეშე, ჰაშიმოტოს თირეოიდიტის მქონე პაციენტებში გამოავლინდა ცხოველური ცხიმების და დამუშავებული ხორცის მიღების ტენდენცია, ხოლო ამ მდგომარეობის არმქონე პირები იღებდნენ უფრო მეტ წითელ ხორცს, მთლიან მარცვლეულსა და მცენარეულ ზეთებს. ამ ჯგუფებს შორის დაფიქსირებული კვებითი ტენდენციების კლინიკური მნიშვნელობა გაურკვეველია. საჭიროა შემდგომი კვლევები იმის დასადგენად, არის თუ არა კავშირი კვების ამ წესებსა და ფარისებრი ჯირკვლის აუტოიმუნურობას შორის.

ყავა, ჩაი და ალკოჰოლი, როგორც ჩანს, გავლენას არ ახდენს ფარისებრი ჯირკვლის კიბოს რისკზე, თუმცა ყავა ამცირებს პერორალურად მიღებული ლევოთიროქსინის შეწოვას იმ პირებში, რომლებიც მკურნალობენ ჰიპოთირეოზის გამო.

გაურკვეველი რჩება D ვიტამინის, როგორც პროფილაქტიკური ან სამკურნალო საშუალების, პოტენციური სარგებელი ფარისებრი ჯირკვლის სხვადასხვა დაავადებებისთვის.

საბოლოო მოსაზრებები

ამრიგად, რა შეგვიძლია გავაკეთოთ? ჩვენს პაციენტებთან უნდა გვქონდეს გულწრფელი საუბრები, ვაღიაროთ, რომ ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებს, კვებით რეჟიმსა და საკვებ დანამატებს შორის კავშირი კომპლექსურია. რა თქმა უნდა, ბევრი რამ არის დასადგენი შემდგომი კვლევების მეშვეობით.

ამავდროულად, შემდეგი რეკომენდაციები უსაფრთხოა და გამყარებულია კლინიკური კვლევების მონაცემებით: დღეში 150 მკგ იოდის მიღება გარკვეული საკვების შემზღუდავი დიეტის დროს, ასევე ქალების მიერ ორსულობის დაგეგმვის, ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში; მოზრდილებმა არ უნდა შეწყვიტონ ჯვაროსანთა ოჯახის ბოსტნეულის ან სოიოს მიღება ზომიერი რაოდენობით; თირეოიდული თვალის დაავადების დროს საჭიროა ექიმის კონსულტაცია, რადგან ამ დროს სელენის მიღება შეიძლება სასარგებლო იყოს. მიზანშეწონილია პაციენტებს ვურჩიოთ, რომ ფარისებრი ჯირკვლის ჯანმრთელობისთვის ხელშემწყობად შერაცხული სხვა სამკურნალო საშუალებები ნაკლებად არის მხარდაჭერილი, საკმაოდ შეზღუდულია და შეიცავს წინააღმდეგობრივ მონაცემებს.

ანგელა მ. ლენგი (Angela M. Leung) MD, არის UCLA ჯანმრთელობის და VA Greater ლოს-ანჯელესის ჯანდაცვის სისტემის ენდოკრინოლოგი და UCLA დევიდ გეფენის მედიცინის სკოლის ენდოკრინოლოგიის, დიაბეტის და მეტაბოლიზმის მიმართულების ასოცირებული პროფესორი. იგი საუბრობს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა იოდის შემცველი საკვები, ფარისებრი ჯირკვლის მიმართ ტოქსიკური ნივთიერებები გარემოში, ფარისებრი ჯირკვლის კვანძები და ფარისებრი ჯირკვლის კიბო, ასევე, მუშაობს Medscape Endocrinology-ს საკონსულტაციო კომიტეტში. გონსალო აკოსტა (Gonzalo J. Acosta) MD, არის UCLA ჯანმრთელობის და VA Greater ლოს-ანჯელესის ჯანდაცვის სისტემის ენდოკრინოლოგიის სტიპენდიანტი.