დადგა დრო, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია TSH-ის ნაცვლად თავისუფალი თიროქსინით (FT4) შეფასდეს?

დადგა დრო, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია TSH-ის ნაცვლად თავისუფალი თიროქსინით (FT4) შეფასდეს?

სტატია ქართულ ენაზე თარგმნა ენდოკრინოლოგმა: მედეა ამაშუკელი
რედაქტირებულია GAEM-ის საორგანიზაციო ჯგუფის მიერ: ქეთევან ძაგანია
წყარო: Time to switch from TSH to T4 for assessment of thyroid function?

50-ზე მეტი სისტემური მიმოხილვისა და მეტა-ანალიზის საფუძველზე, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების კონცენტრაცია – განსაკუთრებით თავისუფალი თიროქსინის დონე (FT4) – უფრო მჭიდროდ კორელირებს სხვადასხვა კლინიკურ მდგომარეობასთან, ვიდრე სტანდარტად მიჩნეული თირეოტროპული ჰორმონი (TSH).

აღნიშნული შედეგის გათვალისწინებით, სტატიის ავტორებმა ჟურნალ Thyroid-თან საუბრისას განაცხადეს, რომ საჭიროა სტანდარტული მიდგომის გადახედვა, მათ შორის, კლინიკური მართვის გაიდლაინებშიც.

მთავარმა ავტორმა, სტივენ პ. ფიცჯერალდმა (Stephen P. Fitzgerald), მედიცინის და ქირურგიის ბაკალავრმა (MBBS), ავსტრალიის სამეფო კოლეჯის ფელოუმ (FRAC) ადელაიდის სამეფო ჰოსპიტალიდან (ავსტრალია), ფარისებრი ჯირკვლის ფიზიოლოგიის კვლევის საფუძველზე, ჟურნალ Medscape Medical News-ს განუცხადა: „ჩვენ უფრო გაკვირვებული დავრჩებოდით, კლინიკურ პარამეტრებთან TSH-ის მეტი ასოციაცია რომ გამოგვევლინა, ვიდრე FT4-ის… მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად კლინიკურ პრაქტიკაში თირეოიდულ სტატუსს TSH-ის დონით ვაფასებთ.“

„თუმცა, ასეთ სარწმუნო შედეგებს არ ველოდით“, აღნიშნა მან.

„ჩვენს კვლევაში ვერ აღმოვაჩინეთ რაიმე მითითება ან რეფერენსი, რომლის მიხედვით, TSH უკეთესად აფასებს რომელიმე ორგანოს ან ქსოვილის თირეოიდულ სტატუსს, ვიდრე ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დონე“ – აცხადებენ ის და მისი კოლეგები.

„ჩვენ ვივარაუდეთ, რომ შესაძლებელია მიმდინარე კლინიკური მართვის გაუმჯობესება“ – დასძინა ფიცჯერალდმა Medscape Medical News-თან უნდა გადაიხედოს თირეოიდული ჯირკვლის ფუნქციის შესასების TSH-ის დონეზე დამყარებული დიაგნოსტიკური მიდგომა.“

„აღნიშნული კვლევის ნაკლად განიხილება ფაქტი, რომ გათვალისწინებული არ არის მრავალი დამატებითი ფაქტორი, რომელიც ზეგავლენას ახდენს კლინიკურ მდგომარეობებზე – აღნიშნა ექიმმა ანგელა მ. ლეანგმა (Angela M. Leung), ენდოკრინოლოგიის, დიაბეტისა და ნუტრიციოლოგიის განყოფილების ასოცირებულმა პროფესორმა კალიფორნიის უნივერსიტეტში (ლოს ანჯელესი, David Geffen School of Medicine) Medscape Medical News-სთან კლვევასთან დაკავშირებით მიცემულ კომენტარში.

“მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ისეთი ჯანმრთელობის მდგომარეობების, როგორიცაა წინაგულთა ფიბრილაცია, ოსტეოპოროზი, მოტეხილობა და სისუსტე, ეტიოლოგია მრავალფაქტორულია და თირეოიდული სტატუსი წარმოადგენს ერთ-ერთ პარამეტრს, რომელიც ზემოქმედებს ამ მდგომარეობებზე,” განმარტავს ის.

„როგორც ითქვა, საინტერესოა, რომ შრატის თავისუფალი T4-ის კონცენტრაცია დაკავშრებული იყო აღნიშნულ და სხვა კლინიკურ მდგომარეობებთან კვლევების დაახლოებით 50%-ში, TSH-ის შემთხვევაში კი არ შეიმჩნეოდა ასეთი მჭიდრო ასოციაცია“ – აღნიშნა მან.

კიდევ ერთმა ექსპერტმა, მარია პაპალეონტიუმ (Maria PaPaleontiou), მედიცინის დოქტორმა, მიჩიგანის (ენ-არბორი) უნივერსიტეტის მეტაბოლიზმის, ენდოკრინოლოგიის და დიაბეტის განყოფილების ასისტენტ-პროფესორმა, სიფრთხილე გამოიჩინა გაიდლაინებში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით.

„სანამ არსებულ მიდგომას შევცვლით, ვფიქრობ, მეტი კვლევაა ჩასატარებელი იმის დასადგენად, თუ როგორ კორელირებს აქტიური თირეოიდული ჰორმონების დონე არასასურველ კლინიკურ გამოსავალთან,“ – განაცხადა მან Medscape Medical News-სთან.

„ტესტის შედეგი ისეთივეა როგორც თავად ტესტი, გარკვეული ნაკლის მიუხედავად, გასათვალისწინებელია TSH-ის ლაბორატორიულ ტესტის მინიმალური ვარიაბელობა, რაც მას მეტად სარწმუნოს ხდის,“ დაამატა მან.

„გარდა ამისა, TSH ზედმიწევნით სენსიტიურია თირეოიდული ჰორმონების მინიმალური ცვლილებების მიმართ,“ აღნიშნა მან.

ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის შეფასება TSH-ის განსაზღვრის საფუძველზე

ფიცჯერალდი და კოლეგები თავის სტატიაში განმარტავენ, რომ თუ სხვა ენდოკრინული სისტემის ფუნქციური მდგომარეობის შესაფასებლად მარეგულირებელი ჰორმონების დონე უმეტესწილად არ განისაზღვრება, თირეოიდული ფუნქციის დადგენა მარეგულირებელი ჰორმონის – TSH-ის განსაზღვრით ხდება.

ამგვარად, აღნიშნულ მეტა-ანალიზში მათ განიხილეს საკითხი, რომელი მაჩვენებელი უზრუნველყოფს თირეოიდულ სტატუსთან დაკავშირებული კლინიკური პარამეტრების დიაპაზონის უკეთ მართვას, დადგენილი საზღვრების ფარგლებში და მის გარეთ – პერიფერიული თირეოიდული ჰორმონების (FT4, საერთო ტრიიოდთირონინი / თავისუფალი ტრიიოდთირონინი [FT3/TT3] ) თუ TSH-ის დონე.

მათ გამოყვეს და გააანალიზეს 2019 წლის ოქტომბრამდე გამოქვეყნებული 58 სტატია, რომელშიც აღწერილია FT4, TSH, FT3/TT3  და მათი რეფერალური საზღვრების კავშირი სხვადასხვა კლინიკურ მდგომარეობებთან, როგორიცაა წინაგულთა ფიბრილაცია და სხვა კარდიალური პარამეტრები, ოსტეოპოროზი, მოტეხილობა, კიბო, დემენცია, სიკვდილობა, ორსულობის გამოსავალი და სხვა.

კვლევები მოიცავდა სულ 1880 ასეთ ასოციაციას; მათ შორის, FT4-ის დონე ანალიზის 50%-ში სარწმუნოდ კორელირებდა კლინიკურ მდგომარეობებთან.

FT3/TT3-ისა და TSH-ის დონეების პარამეტრებთან ასოაციაცია რეტროსპეტულად დაფიქსირდა შემთხვევათა, შესაბამისად, 53%-სა და 23%-ში.

მიუხედავად იმისა, რომ FT4 -სა და FT3 / TT3-ის ასოციაცია კლინიკურ პარამეტრებთან თანაბარია (P = 0.71), ორივე სარწმუნოდ მაღალია, ვიდრე ასოციაცია TSH-თან (P < 0.0001 თითოეულისთვის TSH-თან მიმართებაში).

უფრო დაწვრილებითმა სტატისტიკურმა ანალიზმა აჩვენა, რომ   FT3 / TT3-ის კავშირი კლინიკურ პარამეტრებთან არ იყო იმდენად გამოხატული, რამდენადაც FT4-ის შემთხვევაში –  აღნიშნეს ავტორებმა.

მიუხედავად იმისა, რომ თირეოიდული სტატუსის შეფასებაში უპირატესობა TSH-ს ენიჭება, არცერთი კლევით არ გამოვლინა, რომ TSH წარმოადგენს კლინიკური პარამეტრების უკეთეს ინდიკატორს, ვიდრე FT4 ან FT3 / TT3.

„ჩვენს ნიმუშში ვერ აღმოვაჩინეთ კვლევის რაიმე მითითება ან რეფერენსი, რომლის მიხედვით, TSH უკეთესად აფასებს რომელიმე ორგანოს ან ქსოვილის თირეოიდულ სტატუსს, ვიდრე ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დონე“ – აცხადებენ ფიცჯერალდი და მისი კოლეგები.

TSH-ის წრფივი (ხაზოვანი) კავშირი T4, T3-თან; დადგა დოგმის ეჭვქვეშ დაყენების დრო?

ლეანგმა აღნიშნა, რომ  TSH დიდი ხნის წინ იქცა თირეოიდული ფუნქციის შეფასების სტანდარტად, რადგან ის ითვლება თირეოიდული ჰორმონების დონის სარწმუნო ინდიკატორად.

„მიზეზი,  რომელის გამოც TSH რეკომენდებულია თირეოიდული დისფუნქციის საწყის სასკრინინგო ტესტად, განპირობებულია სწორხაზოვანი ურთიერთკავშირით, რომელიც არსებობს TSH-ისა და პერიფერიულ ჰორმონების (T3, T4) დონეებს შორის” – განმარტა მან.

 „რადგან T4-ისა და T3-ის კონცენტრაციის მცირე ცვლილებასაც კი მოყვება TSH-ის მკვეთრი, ექსპონენციალური ცვლილება, მიიჩნევა, რომ TSH თირეოიდული სტატუსის დარღვევის მეტად ზუსტი და ადრეული მარკერია.

ყველაფრის გათვალისწინებით, ასოციაციები, რომელიც გამოვლინდა FT4-ის შემთხვევაში, მოსალოდნელია, რომ უნდა დაფიქსირებულიყო TSH-თან მიმართებაშიც”, აღნიშნა მან.

მაგრამ  ფიცჯერალდის მიერ Medscape Medical News-სთან გაკეთებული განცხადების თანახმად, მათი კვლევის შედეგებს TSH-თან მიმართებაში FT4-ის არა მეტი, არამედ თანაბარი პოტენციალიც რომ გამოევლინა, „არსებული დოგმა გარკვეულწილად ეჭვქვეშ უნდა დამდგარიყო.“

„ჩვენი კლვევები კვლავ იძლევა უფრო მკაფიო განსხვავების შესაძლებლობას“, აცხადებს ის.

TSH-ის სადავო როლი თირეოპათიების მკურნალობის მონიტორინგში

ფიცჯერალდი და კოლეგები ასევე ამტკიცებენ, რომ მათი კვლევის თანახმად, ჰიპერ- და ჰიპოთირეოზის მართვის პროცესშიც, „არ არსებობს ნათელი აპრიორი მიზეზი, პერიფერიული ჰორმონების კვლევასთან შედარებით, თუ რატომ უნდა მიენიჭოს უპირატესობა TSH-ის დონის განსაზღვრას, ფარისებრი ჯირკვლის მკურნალობის ზედამხედველობისათვის.

„მიუხედავად იმისა, TSH-ის განსაზღვრა წარმოადგენს აშკარა თირეოიდული დისფუნქციის გამოსავლენ კარგ სასკრინინგო მეთოდს, თეორიულად და ემპირიულად, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური მდგომარეობის შეფასებისას მეტად საიმედო იქნებოდა თირეოიდული ჰორმონების, განსაკუთრებით, FT4-ის კონცენტრაციაზე დაყრდნობა,“ დასძენენ ისინი.

თუმცა პაპალეონტიუ  გარკვეულ სიფრთხილეს იჩენს ამ დასკვნებთან მიმართებაში.

„მე სიფრთხილეს გამოვიჩენდი ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების ჩანაცვლებით თერაპიაზე მყოფ პაციენტებზე აღნიშნული შედეგების განვრცობისგან, რადგან მათ შემთხვევაში,  TSH-ის ერთნაირი მაჩვენებლების დროს, FT4-ისა და FT3-ის კონცენტრაცია არ არის იგივე, რაც თირეოიდული დისფუნქციის არმქონე პაციენტებში,“ აღნიშნა მან.

ავტორებსა და ლეანგს ამ თემასთან მიმართებაში არ გააჩნიათ ფინანსური დაინტერესება.

Thyroid. ონლაინ გამოქვეყნებული 29 აპრილს, 2020. აბსტაქტი.