ასპირინი არაეფექტურია გულ-სისხლძარღვთა დაავადების პირველადი პრევენციისთვის: ახალი მეტა-ანალიზის შედეგები

ასპირინი არაეფექტურია გულ-სისხლძარღვთა დაავადების პირველადი პრევენციისთვის: ახალი მეტა-ანალიზის შედეგები

გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პირველადი პრევენციისთვის ასპირინის გამოყენების შესახებ ჩატარებული კვლევების ახალმა მეტა-ანალიზმა არ გამოავლინა საერთო სარგებელი. მართალია, ასპირინის გამოყენება ასოცირდება კარდიოვასკულარული მოვლენების დაბალ რისკთან, მაგრამ გაზრდილია მასიური სისხლდენების რისკი და არ ვლინდება ზეგავლენა ავთვისებიანი სიმსივნეების რისკზე.

ჯერ კიდევ არსებობს აზრთა სხვადასხვაობა აღნიშნული შედეგების გამოყენების თაობაზე.

„ასპირინის პირველადი პრევენციის მიზნით გამოყენების შესახებ არსებული მტკიცებულებების ანალიზი ბოლოს 5-6 წლის წინ  ჩატარდა,  მაგრამ ჩვენ ამჟამად გვაქვს დამატებითი მონაცემები  წინა წელს გამოქვეყნებული 3 ახალი კვლევიდან:ARRIVE მაღალი კარდიოვასკულური  რისკის მატარებელ პირებში. ASCEND შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პირებში. ASPREE ხანდაზმულთა ჯგუფში.“ უთხრა Medscape Medical News-ს ახალი მეტა-ანალიზის წამყვანმა ავტორმა შონ ჯენგმა. BM, BCh გაერთიანებული სამეფო , ლონდონი, ქინგს კოლეჯ ჰოსპიტალი.

მან ასევე აღნიშნა: „ ეს ახალი ანალიზი  ჩატარდა იმისთვის, რომ  გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პირველად პრევენციაში ასპირინის გამოყენების შესახებ ამჟამად არსებული ყველა მტკიცებულება თავმოყრილიყო და შეჯამებულიყო .“

„ჩვენ ვნახეთ, რომ ასპირინმა შეამცირა კარდიოვასკულარული შემთხვევები მხოლოდ 11 %-ით. 1 შემთხვევის თავიდან ასაცილებლად საჭირო იყო 265 პაციენტის მკურნალობა. მაგრამ გაიზარდა მასიური სისხლდენების, როგორიცაა გასტროინტესტინური,ინტრაკრანიალური სისხლდენა ან სისხლდენა, რომელსაც დასჭირდა  ჰოსპიტალიზაცია და ტრანსფუზია, რისკი 43%-ით . ეს რიცხვი ასახავს 210 პაციენტისთვის ზიანის მიყენებას„ – განაცხადა ჯენგმა.

მან აღნიშნა: „პაციენტების რაოდენობა, რომელიც სარგებელს ან ზიანს იღებს დაახლოებით ერთნაირია.  ამგვარად, არ არის აშკარა სარგებელი და გადაწყვეტილების მიღებისას თითოეული პაციენტი უნდა განიხილებოდეს ინდივიდუალურად,რა დროსაც გასათვალისწინებელია მათი პირადი შეფასება მკურნალობის რისკისა და სარგებლის შესახებ. თუმცა, პოპულაციურ დონეზე, არ არის საკმარისი ძალის მტკიცებულება , რათა რეკომენდაცია გაეწიოს ასპირინის რუტინულ მოხმარებას.“ მეტა-ანალიზი გამოქვეყნდა  ონლაინ, ჟურნალ „JAMA“-ში.

ჯენგმა განმარტა,  რომ პირველად პრევენციაში ასპირინის გამოყენების შესახებ ადრინდელი კვლევები მოიცავდა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სხვადასხვა რისკის მატარებელ  პაციენტებს – წარმოადგენდა ჭეშმარიტ პოპულაციურ კვლევებს. ვინაიდან ამ კვლევებმა აშკარა სარგებელი არ აჩვენა, შემდეგ კვლევებში ჩართეს მხოლოდ მაღალი კარდიოვასკულარული რისკის პაციენტები.

„თუმცა, შედეგები ყველგან ერთნაირი აღმოჩნდა. ასპირინი ამცირებს კარდიოვასკულარულ მოვლენებს, მაგრამ იგივე მასშტაბით ზრდის სისხლდენებს ყველა ჯგუფში“- მან აღნიშნა.

გაიდლაინები არ არის ურთიერთშეთანხმებული

რა გავლენას მოახდენს ეს უკანასკენილი მეტა-ანალიზი გაიდლაინებზე? ჯენგმა აღნიშნა, რომ გაერთიანებული სამეფოს და ევროპის გაიდლაინები ზოგადად არ უწევენ რეკომენდაციას ასპირინის გამოყენებას პირველადი პრევენციისთვის, მაგრამ შეერთებული შტატების ზოგიერთი გაიდლაინი ჯერ კიდევ იძლევა  რეკომენდაციას კარდიოვასკულარული რისკების და ასაკის გათვალისწინებით. შეერთებულ შტატებში მოსახლეობის დიდი ნაწილი  ჯერ კიდევ იღებს ასპირინს პირველადი პრევენციისთვის. „მე ვფიქრობ აშშ-ის გაიდლაინები უნდა შეიცვალოს და არ უნდა გაეწიოს  რეკომენდაცია ასპირინის რუტინულად გამოყენებას პირველადი პრევენციისთვის არცერთ ჯგუფში.  ჩვენი მონაცემები უნდა დაეხმაროთ მათ ამ ცვლილებაში.“ ამბობს ის.

თანდართულ სარედაქციო სტატიაში  მაიკლ გაციანო MD,(ბრიგჰემის ქალთა ჰოსპიტალი , ბოსტონი, მასაჩუსეთსი) აღნიშნავს,რომ არ არის მკაფიო მოსაზრება, რომ  ასპირინის სარგებელი ავთვისებიან სიმსივნეებზე არ არის ნანახი გრძელვადიანი დაკვირვების პერიოდამდე და ფიქრობს რომ ზოგიერთ პაციენტში პირველადი პრევენციისთვის ასპირინს შეიძლება ჰქონდეს როლი.

ახალი მეტაანალიზი მოიცავდა 13 კვლევას, სადაც  რანდომიზებული იყო 164225 მონაწილე, ჯამში 1,050,511 მონაწილით წლების დაკვირვებით.

კვლევის მონაწილეების საშუალო ასაკი შეადგენდა  62 წელს (53-74წ), 47 % იყო მამრობითი სქესის წარმომადგენელი,  19%-ს ქონდა  შაქრიანი დიაბეტი და პირველადი კარდიოვასკულარული გამოსავლის ( კარდიოვასკულარული სიკვდილობა, არაფატალური მიოკარდიომის ინფარქტი, არაფატალური ინსულტი ) საშუალო საწყისი რისკი  კარდიოვასკულური გართულების  შეადგენდა 9,2 %-ს(2,6%-15,9%).

ასპირინის გამოყენება ასოცირებული იყო კომბინირებული კარდიოვასკულარული გამოსავლის მნიშვნელოვან შემცირებასთან: 57,1 შემთხვევა 10000 მონაწილეზე წელიწადში ასპირინზე მყოფ პაციენტებში,  ხოლო ასპირინით მკურნალობის გარეშე აღნიშნული მაჩვენებლი შეადგენდა 61,4-ს  . ([HR]-0.89; რაოდენობა რომელსაც ესაჭიროებოდა მკურნალობა –  265)

ასპირინის გამოყენება დაკავშირებული იყო ასევე ნიშვნელოვანი სისხლდენების რისკის ზრდასთან . 23,1 შემთხვევა 10 000 მონაწილეზე წელიწადში ასპირინზე მყოფ პაციენტებში, ხოლო ასპირინით მკურნალობის გარეშე აღნიშნული მაჩვენებლი შეადგენდა 16,4 -ს. ( HR-1.43; მონაწილეთა რაოდენობა რომელთაც მიადგათ ზიანი – 210).

ასპირინის გამოყენება ასოცირებული იყო  პირველადი კარდიოვასკულარული კომბინირებული გამოსავლის შემცირებასთან და მნიშვნელოვანი სისხლდენის რისკის ზრდასთან, როგორც დაბალი ისე მაღალი კარდიოვასკულარული რისკის მქონე პოპულაციაში, ასევე შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებში.

„დადასტურებული ათეროსკლეროზული კარდიოვასკულარული დაავადების მქონე პაციენტებში ასპირინის გამოყენებასთან შედარებით, პირველადი პრევენციისთვის ასპირინის გამოყენება სადავოა. “ – წერენ ჯენგი და კოლეგები . „ეს გაურკვევლობა ასახულია ურთიერთსაწინააღმდეგო რეკომენდაციებში.  ამჟამინდელი კვლევა ცხადყოფს, რომ მტკიცებულებების ერთიანობაში განხილვისას, ასპირინთან ასოცირებული კარდიოვასკულარული სარგებელი მცირეა და უთანაბრდება მნიშვნელოვანი სისხლდენების რისკს.“

მათ აღნიშნეს, რომ ასპირინის და პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორების ერთდროულმა დანიშვნამ შეიძლება შეამციროს მნიშვნელოვანი გასტროინტესტინური სისხლდენის რისკი და ამგვარად შეცვალოს რისკი-სარგებლის ფარდობა პირველადი პრევენციისთვის ასპირინის გამოყენების სასარგებლოდ. თუმცა,  პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორების გამოყენების შესახებ მონაცამები აღნიშნული კვლევებიდან არათანმიმდევრულია. უფრო მეტიც,  ეს სტრატეგია კარგად გამოცდილი არ არის რანდომიზებულ კვლევებში და უცნობია მისი ხარჯთეფექტურობა .

რა ეფექტი აქვს ავთვისებიანი სიმსივნეების რისკზე?

მეტა-ანალიზის კიდევ ერთ, საინტერესო შედეგს წარმოადგენს ასპირინის ნეიტრალური ეფექტი ავთვისებიან სიმსივნეებზე, როგორც ავთვისებიანი სიმსივნეებით გამოწვეულ სიკვდილობაზე, ასევე ახალი შემთხვევების გამოვლენაზე. „ ჩვენი მონაცემებით არ ვლინდება  ასპირინის რაიმე სასარგებლო გავლენა ავთვისებიანი სიმსივნეების რისკზე“ ამბობს ჯენგი.

გაციანო საკუთარ სტატიაში აღნიშნავს, რომ  ასპირინის გამოყენებასა და ავთვისებიანი სიმსივნეების შემთხვევებსა თუ ავთვისებიანი სიმსივნეებით გამოწვეულ სიკვდილობას შორის ასოციაციის არარსებობა  შესაბამისობაშია ადრე ჩატარებული კვლევების შედეგებთან, სადაც არ გამოვლინდა ასპირინის ზემოქმედება ავთვისებიანი სიმსივნეების რისკზე, სანამ არ მოხდა დაკვირვება უფრო ხანგრძლივი დროის განმავლობაში.

გაციანო ახალ მეტა-ანალიზს უწოდებს „კარგად ჩატარებულს“და ამბობს, რომ კარდიოვასკულარულ მოვლენებსა და  სისხლდენის რისკზე ასპირინის ეფექტის მაჩვენებლები არ შეცვლილა მნიშვნელოვნად  2018 წელს გამოქვეყნებული 3 კვლევის  შედეგების შემდეგ.

მისი სიტყვებით, პაციენტების რიცხვი, რომლებიც იღებენ შედეგს და ზიანს ასპირინით მკურნალობის შედეგად, იმდენად მსგავსია, რომ ეს გახდა საფუძველი ზოგიერთი გაიდლაინისთვის რეკომენდაცია არ გაეწია პირველადი პრევენციის მიზნით ასპირინის გამოყენებისთვის. აღნიშნული გაიდლაინებით რეკომენდებულია მოცდის ტაქტიკა და ასპირინის დაწყება გულ-სისხლძარღვთა დაავადების გამოვლენის შემთხვევაში (მეორადი პრევენცია),  როცა სარგებელსა და რისკს შორის სხვაობა უფრო მკაფიოა.

მეორე მხრივ, გაციანო ამბობს, რომ აშშ-ის პრევენციული სერვისების სამუშაო  ჯგუფი (USPSTF) მხედველობაში იღებს ასპირინის შორეულ პოტენციურ ეფექტს კოლორექტალური კიბოს რისკის შემცირებაზე და რეკომენდაციას უწევს ასპირინს პირველადი პრევენციისთვის. გასათვალისწინებელია მომავალში სისხლძარღვოვანი დაავადების  და სისხლდენის რისკები, ასევე მოსალოდნელი სიცოცხლის ხანგრძლივობა და პაციენტის პირადი არჩევანი.

„ეს მეტა-ანალიზი აჩვენებს, რომ ასპირინით სისხლძარღვოვანი შემთხვევების პრევენციის და სისხლდენის მომატებული რისკის მაჩვენებლები,რასაც მხარს უჭერს USPSTF მიდგომა, უმეტესწილად უცვლელია ახალი კვლევების გამოქვეყნების შემდეგაც.“ აღნიშნავს გაციანო.

ის გვაფრთხილებს , რომ კარდიოვასკულური რისკის შეფასება რთულია რისკის კალკულატორებით, რომლებიც მოსახლეობის რისკებს გადაჭარბებულად ითვლიან, მაშინ როდესაც  აშშ-სა და ევროპაში რისკების შემცირების ტენდენციაა. ამასთან ერთად, რისკი შეიცვლება, თუ პაციენტი მოახდენს ცხოვრების წესის მოდიფიცირებას. რისკის შემცირების მიზნით თითოეულ პაციენტთან , კლინიცისტებმა უნდა განიხილონ სხვა ჩარევებიც, როგორიცაა თამბაქოს მოხმარების შეწყვეტა, არტერიული წნევისა და ლიპიდების კონტროლი.

„მსოფლიოს იმ ნაწილში სადაც კარდიოვასკულარული რისკი იზრდება, ან სადაც პრევენციული სტრატეგიები , როგორიცაა სტატინები არ არის ხელმისაწვდომი, ასპირინი, როგორც იაფი საშუალება, შესაძლოა მნიშვნელოვან როლს თამაშობდეს.“ წერს ის.

ასპირინი რჩება მნიშვნელოვან მედიკამენტად სისხლძარღვოვანი შემთხვევების მწვავე მენეჯმენტისთვის, ზოგიერთი პროცედურის შემდგომ  გამოყენებისთვის, მეორადი პრევენციისა და ფრთხილად შერჩეული პაციენტების პირველადი პრევენციისთვის“- დასძენს გაციანო.

სტატია საქართველოს ენდოკრინოლოგიისა და მეტაბოლიზმის ასოციაციისთვის ქართულ ენაზე თარგმნა ენდოკრინოლოგმა ნინო აბესაძე
წყარო: Aspirin for Primary Prevention: New Meta-analysis – Medscape – Jan 23, 2019.