- By ქეთევან ძაგანია
- In სიახლეები
ENDO 2021-ის ფარისებრი ჯირკვლის ჰაილაითები
სტატია ქართულ ენაზე თარგმნა ენდოკრინოლოგმა: სოფიო ლობჟანიძე
რედაქტირებულია GAEM-ის სარედაქციო ჯგუფის მიერ: ქეთევან ძაგანია
წყარო: Thyroid Highlights From ENDO 2021
მიმდინარე წელს ჩატარებული ენდოკრინული საზოგადოების ყოველწლიური ვირტუალური შეხვედრა არის საინტერესო ინფორმაციით გაჯერებული კიდევ ერთი შესანიშნავი ღონისძიება. აქ გაგაცნობთ წარმოდგენილი ფარისებრი ჯირკვლის კვლევის უმთავრეს საინტერესო მომენტებს.
იწვევს თუ არა ჰიპერთირეოზის რადიოაქტიური იოდით (RAI) მკურნალობა კიბოს განვითარებას?
შეხვედრის ყველაზე დასწრებად სესიას წარმოადგენდა დაბალანსებული, მხურვალე და პროვოკაციული დებატები აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ კარი კიტაჰარა (Cari Kitahara), კიბოს ეროვნული ცენტრის ფილოსოფიის დოქტორი (ადასტურებდა მოცემულ მტკიცებულებას) და ბრაიან კიმი (Brian Kim), რაშის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის მედიცინის დოქტორი (ეწინააღმდეგებოდა მტკიცებულებას).
მაიონიზებელი გამოსხივება ცნობილი კანცეროგენია, რომელიც ასოცირდება როგორც სოლიდური, ასევე, ჰემატოლოგიური კიბოების რისკის მატებასთან. დოქტორმა კიტაჰარამ შეაჯამა მისი ჯგუფის უახლესი კვლევა, რომელიც შეისწავლიდა ჰიპერთირეოზით დაავადებული იმ პაციენტებისგან შემდგარ ყველაზე დიდ კოჰორტას (18.805 მონაწილე, რომელთაც დინამიკაში აკვირდებოდნენ 70 წლის ასაკამდე), რომლებიც მკურნალობდნენ RAI თერაპიით. აღნიშნული კვლევის შედეგების თანახმად, გაიზარდა ყველა სახის სოლიდარული კიბოს რისკები, განსაკუთრებით, ქალის ძუძუს კიბოს განვითარების რისკი, RAI-ის იმაზე ნაკლები დოზით გამოყენების შემთხვევაშიც კი, ვიდრე ტრადიციულად გამოიყენება ფარისებრი ჯირკვლის კიბოს აბლაციისას.
საწინააღმდეგო პერსპექტივით, ექიმმა კიმმა დამარწმუნებლად შეგვახსენა, რომ ფარისებრი ჯირკვლის კიბოსთან მიმართებით RAI-ის გამოყენებასთან დაკავშირებული რისკების შესახებ არსებობს 100 წელზე მეტი ხნის მონაცემები, თუმცა ისტორიული კვლევები არაერთგვაროვანია. ხსენებული მტკიცებულებების საფუძველზე, არსებობს რამდენიმე საზოგადოებრივი რეკომენდაცია, რომელიც ირწმუნება, ჰიპერთირეოზის მქონე პაციენტებში, RAI თერაპიის გამოყენების ზოგადი უსაფრთოხების შესახებ.
საერთო ჯამში, სხდომაზე დიდი დისკუსია გაიმართა ამ მნიშვნელოვან და დამაფიქრებელ საკითხზე. შესაძლოა, სპიკერებმა საუკეთესოდ ჩამოაყალიბეს თავიანთი თვალსაზრისი: მნიშვნელოვანია ისტორიული კვლევების განსხვავებული ხარისხის გათვალისწინება, ხოლო უახლესი მონაცემები უნდა იყოს სიგნალი დამატებითი კვლევების ჩასატარებლად, რომელშიც ჩართული იქნება უფრო თანამედროვე ეპიდემიოლოგიური / სტატისტიკური ტექნიკა.
ბოლოს, რამდენიმე პროვოკაციული კითხვა: როგორ განვსაზღვროთ უსაფრთხოება RAI-ის გამოყენებაზე საუბრისას? არის ეს რაიმე უარყოფითი ეფექტის აბსოლუტური არარსებობა, თუ უსაფრთხოება ხსენებულ, მეტად იშვიათ რისკებზე სარგებლის გადაწონით განისაზღვრება? ამ სესიამ აჩვენა, რომ ჩვენ უნდა მოვიძიოთ პაციენტებისთვის RAI-ისთან დაკავშირებული რისკების გასაცნობი უკეთესი გზები, რათა შევძლოთ ამ საზოგადოდ მიღებული მკურნალობის მომხრე და საწინააღმდეგო მოსაზრებების უფრო ეფექტურად და ზუსტად ასახვა.
ხანდაზმულთა მესამედი იღებს მედიკამენტებს, რომლებიც შესაძლოა შემაფერხებლად მოქმედებდეს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონჩანაცვლებით თერაპიაზე
აღსანიშნავია, რომ ლევოთიროქსინი წარმოადგეს შეერთებულ შტატებში ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე ყველაზე ხშირად გამოწერილ მედიკამენტს. კლინიცისტების მიერ, რომლებიც მართავენ ჰიპოთირეოზს, ხშირად ისმევა კითხვა, რომელ სხვა მედიკამენტს იღებს პაციენტი. ჩვენი მიზანია ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის ათვისების მუდმივობის ოპტიმიზაცია და შრატში ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური ტესტების სიზუსტის უზრუნველყოფა.
ექიმმა რეიჩელ ბისონმა (Rachel Beeson) და კოლეგებმა, მიჩიგანის უნივერსიტეტიდან, განაცხადეს, რომ აშშ-ს ვეტერანთა ჯანმრთელობის ადმინისტრაციის, > 65 წლის, თირეოიდული ჰორმონების მომხმარებელ 538.137 პაციენტს შორის, თითქმის მესამედი, (31.6%) ამავდროულად, იღებდა თუნდაც ერთ მედიკამენტს, რომელიც პოტენციურად, ახდენდა დამთრგუნველ გავლენას ფარისებრ ჯირკვალზე. მაგალითად, პრედნიზონი, პრედნიზოლონი, კარბამაზეპინი, ფენიტოინი, ფენობარბიტალი, ამიოდარონი, ლითიუმი, ინტერფერონ-ალფა და ტამოქსიფენი. ჩამოთვლილი მედიკამენტებიდან ერთ-ერთის მიღებასთან დაკავშირებული ფაქტორები მოიცავდა არა-თეთრ რასას, ლათინო-ამერიკულ ეთნიკურ კუთვნილებას, მდედრობით სქესს და თანმხლები დაავადებების არსებობას. ამის საპირისპიროდ, 85 წელს გადაცილებული ასაკი ნაკლებად იყო დაკავშირებული ზემოთ ჩამოთვლილი მედიკამენტების მიმდინარე მოხმარებასთან.
აღნიშნული ანგარიში კლინიკურად ძალზე მნიშვნელოვანია როგორც პრაქტიკოსი ენდოკრინოლოგების, ასევე, პირველადი ჯანდაცვის წარმომადგენლებისთვის. აღსანიშნავია, რომ ხანდაზმულ პაციენტებში ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონჩანაცვლებითი თერაპიის მართვა არის კომპლექსური. ჩვენი ბევრი პაციენტი იმყოფება ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის გამოყენების და მონიტორინგის უარყოფითი ზემოქმედების რისკის ქვეშ, განსაკუთრებით, პოლიფარმაციისა და მრავალი თანმხლები დაავადების კონტექსტში.
ფარისებრი ჯირკვლის დიფერენცირებული კობოს რეციდივების ეფექტური, ალტერნატიული მკურნალობა
დოქტორ ედუარდო ლესიგას სახელობის მექსიკის გენერალური საავადმყოფოს ექიმებმა, მარლენ ალეხანდრა ალვარეს კასტიომ (Marlen Alejandra Alvarez Castillo) და ანტონიო სეგოვია პალომომ (Antonio Segovia Palomo), პოსტერის სახით წარმოადგინეს აბსტრაქტი, რომელიც ეხებოდა სტრუქტურული დიფერენცირებული ფარისებრი ჯირკვლის კიბოს რეციდივის მქონე პაციენტებში პოლიდოკანოლის კანქვეშა ინექციის (PPI) გამოყენებას.
მათი შემთხვევა ეხებოდა 35 წლის ქალს, ანამნეზით – AJCC (American Joint Committee on Cancer)-ის მიხედვით, ფარისებრი ჯირკვლის პაპილარული კიბოს I სტადია. პაციენტს, სრული თირეოიდექტომიისა და RAI-ით აბლაციიდან 8 თვის შემდეგ განუვითარდა 0.97 სმ, III სტადიის რეციდივი მარჯვენა ლიმფურ კვანძში. მას მკურნალობდნენ PPI-ით, რომელიც ხელმისაწვდომია ლათინურ ამერიკაში და შეიძლება კარგი ვარიანტი იყოს რეგიონებში, სადაც ეთანოლით კანქვეშა ინექცისთვის (PEI) საჭირო 99%-იანი ეთანოლი არ არის ფართოდ ხელმისაწვდომი. 1 თვის განმავლობაში, PPI-მ დაზიანების ზომა შეამცირა 0,1 სმ-მდე, ხოლო 4 თვის განმავლობაში წარმონაქმნი მთლიანად გაქრა; შესაბამისად, თირეოგლობულინის კონცენტრაცია 4743.72 ნგ / მლ-დან შემცირდა 2.4 ნგ / მლ-მდე.
PPI არის ფარისებრი ჯირკვლის კვანძების / წარმონაქმნების შემცირების საშუალება, რომლის გამოყენება არ ხდება ისე ხშირად, როგორც ფარისებრი ჯირკვლის სხვა ინტერვენციული მეთოდების, როგორიცაა PEI და თერმული აბლაცია. ავტორები აღნიშნავენ, რომ PPI–ის ფონზე ჰემატომის განვითარების რისკი, PEI-ის გამოყენების ფონზე იმავე მაჩვენებლის მსგავსია, თუმცა PPI-ით მკურნალობა, ჩვეულებრივ, მოითხოვს ნაკლებ სეანსს და შედარებით უმტკივნეულოა. PPI -ით თერაპია გამოიყენება ჰემანგიომის, ბუასილის, კუჭის ვარიკოზის, ვარიკოზული ვენების, ღვიძლისა და თირკმლის კისტების არსებობის შემთხვევაში.
ხელმისაწვდომი ლიტერატურის უმრავლესობაში PPI თერაპია აღწერილია, როგორც უპირატესად ფარისებრი ჯირკვლის კეთილთვისებიანი ცისტების სამკურნალო საშუალება, ვიდრე – ფარისებრი ჯირკვლის სოლიდარული სიმსივნეების.
ამ აბსტრაქტით, ავტორები გვიზიარებენ საკუთარ გამოცდილებას პარათიროიდული ადენომების, ფარისებრი ჯირკვლის ცისტებისა და ფარისებრი ჯირკვლის კიბოს PPI-ით მკურნალობის შემდგომ განვითარებული რეციდივების მქონე იმ 50-მდე პაციენტის მკურნალობის შესახებ, რომლებიც 2017 წლიდან მკურნალობდნენ მათ დაწესებულებაში.