D ვიტამინის დეფიციტმა შეიძლება გაზარდოს COVID-19–ის რისკი
სტატია ქართულ ენაზე თარგმნა ენდოკრინოლოგმა: სალომე ბულისკირია
რედაქტირებულია GAEM-ის სარედაქციო ჯგუფის მიერ: სალომე აფრიდონიძე, ნათია ვაშაყმაძე
წყარო: Vitamin D Deficiency May Boost COVID-19 Risk – Medscape – Sep 04, 2020.
ილინოისში ჩატარებული ახალი რეტროსპექტული კვლევების შედეგების თანახმად, D ვიტამინის დეფიციტის მქონე ადამიანებს, ახალი კორონავირუსით ინფიცირების მეტი რისკი აქვთ D ვიტამინის ნორმალური მაჩვენებლის მქონე პირებთან შედარებით.
D ვიტამინის დეფიციტის მქონე ინდივიდებს COVID-19–ზე ტესტირებისას თითქმის ორჯერ უფრო ხშირად აღენიშნებოდათ პოზიტიური შედეგი, ვიდრე მათ, ვისაც D ვიტამინის ადექვატური დონე ჰქონდათ.
„ეს მონაცემები, როგორც ჩანს, მხარს უჭერს COVID-19–ის განვითარების რისკში D ვიტამინის დეფიციტის როლს”, ამბობენ ავტორები კვლევაში, რომელიც გამოქვეყნდა ონლაინ სივრცეში 3 სექტემბერს JAMA Network Open-ში.
“D ვიტამინი მნიშვნელოვანია იმუნური სისტემის ფუნქციონირებისთვის და D ვიტამინის დანამატები ამცირებს სასუნთქი გზების ვირუსული ინფექციების რისკს, როგორც ადრე უკვე იყო განხილული. ჩვენი სტატისტიკური ანალიზის ვარაუდით, ეს შეიძლება გამართლდეს COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევაშიც”, – განაცხადა წამყვანმა ავტორმა, ჩიკაგოს მედიცინის უნივერსიტეტის ჰოსპიტალური მედიცინის განყოფილების უფროსმა, პროფესორმა დევიდ მელცერმა.
D ვიტამინი მნიშვნელოვანია იმუნური სისტემის ფუნქციონირებისთვის
მელცერმა და მისმა კოლეგებმა შეისწავლეს ჩიკაგოს მედიცინის უნივერსიტეტის 489 პაციენტი (საშუალო ასაკი 49 წელი, 75% ქალი), რომელთა D ვიტამინის დონე განისაზღვრა COVID-19–ზე ტესტირებამდე 2 თვით ადრე.
D ვიტამინის დეფიციტი განისაზღვრა, როგორც 25(OH)D3 <20 ნგ/მლ ან 1,25-(OH)2D3 <18 პგ/მლ.
D ვიტამინის სტატუსი დააჯგუფეს, როგორც სავარაუდო დეფიციტი 124 მონაწილისათვის (25%), სავარაუდოდ საკმარისი დონე 287 (59%) მონაწილისათვის და გაურკვეველი 78 (16%) მონაწილისათვის.
მთლიანობაში 71 მონაწილე (15%) იყო პოზიტიური COVID-19-ზე ტესტირებისას.
Multivariate ანალიზის დროს, COVID-19–ზე დადებითი პასუხი მნიშვნელოვნად ხშირი იყო D ვიტამინის დეფიციტის მქონე პირებში, ვიდრე მათში, ვისაც D ვიტამინის საკმარისი დონე აღენიშნებოდა (ფარდობითი რისკი [RR], 1,77; 95% CI, 1.12 – 2.81; P = .02).
COVID-19-ის შემთხვევების საშუალო სიხშირე D ვიტამინის დეფიციტის ჯგუფში იყო 21.6%, ხოლო D ვიტამინის ნორმალური დონის მქონე ჯგუფში 12.2%.
COVID-19–ზე დადებითი ტესტი ასევე ასოცირებული იყო ასაკის მატებასთან – მაქს. 50 წლამდე (RR, 1.06; P = .02) და რასასთან – (თეთრი რასის გამოკლებით) (RR, 2.54; P = .009).
D ვიტამინის დეფიციტის მკურნალობის დამცველობითი ეფექტი?
მკვლევარებმა განაცხადეს, რომ არსებულმა მონაცემებმა აღძრა შესაძლებლობა, რომ D ვიტამინის დეფიციტის მკურნალობამ შესაძლოა შეამციროს COVID-19–ით ინფიცირების რისკი.
იმ პაციენტებს, რომელთაც ჰქონდათ D ვიტამინის დეფიციტი, მაგრამ იტარებდნენ შესაბამის თერაპიას D ვიტამინის დანამატებით, როგორც ჩანს, არ აღმოაჩნდათ COVID-19-ით ინფიცირების რისკის მატება.
ეს მიგვანიშნებს “მკურნალობის დამცველობით ეფექტზე, მაგრამ ამ ჯგუფების სავარაუდო მაჩვენებლების ნდობის ინტერვალი ძალიან ფართოა, და შეუძლებელია გამორიცხოს მკურნალობაზე ეფექტის არ არსებობაც”, – აღნიშნავენ მელცერი და მისი კოლეგები.
მელცერის და მისი კოლეგების ჰიპოთეზის თანახმად ”თუ D ვიტამინი ამცირებს COVID-19 შემთხვევებს, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ D ვიტამინმა შეიძლება შეამციროს COVID-19–ის ტრანსმისიაც”.
ვინაიდან D ვიტამინი აძლიერებს თანდაყოლილ იმუნიტეტს, შეიძლება ვივარაუდოთ COVID-19–ით ინფიცირებისა და გადაცემის შემცირებაც. D ვიტამინი ასევე მოქმედებს თუთიის მეტაბოლიზმზე, რაც ამცირებს კორონავირუსების რეპლიკაციას.
როგორც Medscape Medical News აქამდე უკვე იუწყებოდა, ისრაელის უკანასკნელი კვლევის თანახმად, D ვიტამინის დაბალი დონე COVID-19 ინფიცირებისა და ჰოსპიტალიზაციის დამოუკიდებელი რისკის ფაქტორია.
აღნიშნულ კვლევაში, multivariate ანალიზით COVID-19-ით ინფიცირებულ მონაწილეებს 50%-ით უფრო მაღალი ჰქონდათ D ვიტამინის დეფიციტის ალბათობა, სხვა პარამეტრების გათანაბრების შემდეგ.
ამერიკელების ნახევარს აქვს D ვიტამინის დეფიციტი, და ამ დეფიციტის გაცილებით მაღალი მაჩვენებლებია აფროამერიკელებში, ესპანელებსა და იმ პირებში, რომლებიც ჩიკაგოს მსგავს ადგილებში ცხოვრობენ, სადაც რთულია საკმარისი მზის სხივების მიღება ზამთარში.
მელცერის თქმით ”იმის გაგება, ცვლის თუ არა D ვიტამინის უკმარისობის მკურნალობა COVID-19-ის რისკს, იქნებოდა უდიდესი მნიშვნელობის მქონე ადგილობრივ, ეროვნულ და გლობალურ დონეზე”, – თქვა მელცერმა. ”D ვიტამინი იაფია, ძირითადად საკმაოდ უსაფრთხოა და შესაძლოა იყოს ფართოდ გავრცელებული“.
მელცერის და მისი კოლეგების თქმით, ახლა საჭიროა რანდომიზებული კლინიკური კვლევები იმის დასადგენად, შესაძლებელია თუ არა, რომ ფართო პოპულაციურმა ჩარევებმა და ჩარევებმა D ვიტამინის დეფიციტისა და COVID-19–ის გაზრდილი რისკის ჯგუფებში, შეამციროს COVID-19–ის შემთხვევები.
კვლევა მხარდაჭერილია ჩიკაგოს უნივერსიტეტის/რაშის უნივერსიტეტის ტრანსლაციური მედიცინის ინსტიტუტის (ITM) კლინიკური და ტრანსლაციური მეცნიერების პრემიისა და აფრიკულ-ამერიკული გულსისხლძარღვთა ფარმაკოგენეტიკის კონსორციუმის მიერ. ავტორებს არ გამოუცხადებიათ შესაბამისი ინტერესთა კონფლიქტი.
JAMA Netw Open. გამოქვეყნდა 2020 წლის 3 სექტემბერს.