D ვიტამინის დაბალი დონე მტკივნეული დიაბეტური პერიფერიული ნეიროპათიის დროს
ჩატარებული კვლევის მიხედვით, მტკივნეული დიაბეტური პერიფერიული ნეიროპათიის მქონე პაციენტებში ნანახია D ვიტამინის (25 -ჰიდროქსივიტამინ D) უფრო დაბალი დონე უმტკივნეულო დიაბეტური პერიფერიული ნეიროპათიის მქონე, ნეიროპათიის არმქონე დიაბეტიან პაციენტებსა და ჯანმრთელ პირებთან შედარებით.. ეს კვლევა უნიკალურია სეზონური მზის სინათლის და ფიზიკური აქტივობის მკაცრი კონტროლის გამო.
,,პირველი შემთხვევაა, როცა კვლევაში კორექტირებულ იქნა ეს ფაქტორები [მზის სინათლე და ფიზიკური აქტივობა],.შედეგებს დიდი კლინიკური მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან მტკივნეული დიაბეტური პერიფერიული ნეიროპათია სტრესისა და ინვალიდობის გამომწვევია’’ – განაცხადა წამყვანმა ავტორმა და ჰალამშირის სამეფო ჰოსპიტლის კონსულტანტ-ენდოკრინოლოგმა სოლომონ ტესფაიემ, შეფილდი, დიდი ბრიტანეთი. მან Medscape Medical News-თან ინტერვიუში მიმოიხილა კვლევის შედეგები.
წინა კვლევებში ვერ მოხერხდა არამხოლოდ მზის სინათლის სეზონური ზემოქმედებისა და ფიზიკური აქტივობის საიმედო კონტროლი, რასაც მნიშვნელოვანი გავლენა აქვს D ვიტამინის დონეზე, არამედ უმეტესობაში არ იქნა დიფერენცირებული მტკივნეული და უმტკივნეულო დიაბეტური პერიფერიული ნეიროპათიის მქონე პირები. გარდა ამისა, წინა კვლევებში არ ჩატარებულა პერიფერიული ნეიროპათიის დეტალური შეფასება, მათ შორის კანის ინტრაეპიდერმული ნერვის სიმკვრივის გაზომვა.
,,კვლევის შედეგს დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგანაც ის ხსნის კვლევისთვის სრულიად ახალ არეალს’’-ირწმუნება ტესფაიე. ,,ეს ძალიან გავრცელებული დაავადებაა. შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტების 25%-ს აქვს ნეიროპათიული ტკივილი, რომელთა უმეტესობა არადიაგნოსტირებულია და პაციენტები მდუმარედ იტანჯებიან, ვინაიდან სჯერათ, რომ ეს მხოლოდ დაბერების პროცესის ნაწილია ‘’- განმარტა მან.
მან დასძინა, რომ მცირე „proof-of-principle“ კვლევა ეფუძნებოდა ერთეულ მონაცემებს, რომ მტკივნეული დიაბეტური პერიფერიული ნეიროპათიის მქონე პაციენტებისთვის D ვიტამინის პერორალური დანამატების ან ინექციების მიცემა ამცირებდა მათ ტკივილს.
სტატია ონლაინ გამოქვეყნდა 13 აგვისტოს Diabetic Medicine-ში.
მტკივნეული და უმტკივნეულო დიაბეტური პერიფერიული ნეიროპათიის დიფერენცირება
კვლევაში მონაწილეობდა ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის მქონე 45 თეთრკანიანი ევროპელი და 14 ჯანმრთელი მოხალისე. შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2 -ის მქონე პირები დაიყო 3 ჯგუფად ( 17 მტკივნეული დიაბეტური პერიფერიული ნეიროპათიით, 14 უმტკივნეულო დიაბეტური პერიფერიული ნეიროპათიით და 14 დიაბეტური პერიფერიული ნეიროპათიის გარეშე).
განისაზღვრა სეზონურად მზის სინათლის ზემოქმედება და ყოველდღიური აქტივობა, ჩატარდა ქვემო კიდურის კანის ბიოფსია და ყველა პაციენტში 25-ჰიდროქსივიტამინ D-ს კვლევა ივლისიდან სექტემბრამდე პერიოდში (ზაფხულის სეზონი). D ვიტამინის კავშირი წვრილი და მსხვილი ნერვული ბოჭკოების ფუნქციონირების მაჩვენებლებთან ასევე შეფასდა რაოდენობრივი სენსორული ტესტის, კანის ბიოფსიისა და ნერვის გამტარებლობის კვლევების გამოყენებით.
საერთო ჯამში, ასაკის, სხეულის მასის ინდექსის, აქტივობის მაჩვენებლისა და მზის სინათლის ზემოქმედების გათვალისწინებით, D ვიტამინის დონე მნიშვნელოვნად დაბალი იყო მტკივნეული დიაბეტური პერიფერიული ნეიროპათიის მქონე პირებში (34.9 ნმოლ/ლ), ჯანმრთელ მოხალისეებთან (62,1 ნმოლ/ლ), დიაბეტური პერიფერიული ნეიროპათიის არმქონე (49.6 ნმოლ/ლ) და უმტკივნეულო დიაბეტური პერიფერიული ნეიროპათიის მქონე პირებთან (53.1 ნმოლ/ლ) შედარებით. D ვიტამინი აღმოჩნდა ერთადერთი დამოუკიდებელი ცვლადი, რომელიც მნიშვნელოვანი იყო ინვერსიული რისკების თანაფარდობით 1.11 – წერენ მკვლევარები.
პერიფერიული ნეიროპათიის შეფასებასთან მიმართებით შედეგების ახსნისას, ტესფაიემ განაცხადა, რომ მათ აღმოაჩინეს, რომ, რაოდენობრივი სენსორული ტესტის გამოყენებით, D ვიტამინის დაბალი დონე კორელაციაში იყო სიცივისადმი მგრძნობელობის დაბალ (ნორმიდან მეტად გადახრილ) ზღურბლთან (r = 0.39, P = .02). კანის ბიოფსიით, რაც მიიჩნევა წვრილბოჭკოვანი ნეიროპათიის დიაგნოსტიკის და შეფასების ოქროს სტანდარტად, სუბეპიდერმული ნერვული ბოჭკოების დაბალი სიმკვრივე ასევე კორელირებდა D ვიტამინის დაბალ დონესთან (r = 0.42, P = .01).
,,მტკივნეული დიაბეტური პერიფერიული ნეიროპათიის მქონე პაციენტებს აღმოაჩნდათ ნაკლები მგრძნობელობა, ანუ სიცივეს აღიქვამდნენ მხოლოდ 11°C-ზე და ჰქონდათ წვრილი ნერვული ბოჭკოების მცირე რაოდენობა’’-განაცხადა ენდოკრინოლოგმა, რომელიც არის ექსპერტი დიაბეტური პერიფერიული ნეიროპათიის სფეროში.
შედეგები მიუთითებს, რომ D ვიტამინის დეფიციტი შესაძლოა ხელს უწყობდეს მტკივნეული დიაბეტური პერიფერიული ნეიროპათიის განვითარებას წვრილბოჭკოვანი ნეიროპათიის პათოგენეზში მნიშვნელოვანი როლის შესრულებით, კერძოდ ნოციცეპტორების დაზიანებით, განმარტეს მან და მისმა თანაავტორებმა.
მან ხაზი გაუსვა, რომ ადგილი აქვს არა მხოლოდ მტკივნეული დიაბეტური პერიფერიული ნეიროპათიის ჰიპოდიაგნოსტიკას, არამედ მისი გამოვლენის შემთხვევაშიც კია, ეფექტური ხელმისაწვდომი მედიკამენტების დეფიციტია.
ამჟამინდელი სამკურნალო საშუალებები, ძირითადად, ამიტრიპტილინი ან გაბაპენტინი, ეფექტურია პაციენტების მხოლოდ ერთ მესამედში და ტკივილს ამცირებს მხოლოდ 50%-ით.
გვერდითი ეფექტები შეიძლება იყოს საყურადღებო და ხშირი. ‘’ეს მედიკამენტები კლავენ ტკივილს მაგრამ ‘’კლავენ’’ პაციენტსაც. თუ ჩვენ გვაქვს ისეთი რამ, რაც ფიზიოლოგიურად აქტიურია და ამცირებს ტკივილს გვერდითი ეფექტების გარეშე, რაც ნაჩვენებია აქ, ეს დიდი გამარჯვებაა.’’
თუმცა, ის გვაფრთხილებს, რომ ეს არის მცირე, ადრეული კვლევა და ბევრად მეტი კვლევაა საჭირო D ვიტამინის დაბალ დონესა და მტკივნეულ დიაბეტური პერიფერიული ნეიროპათიის შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დასამტკიცებლად. საჭიროა ‘’რანდომიზებული ორმაგად ბრმა, პროსპექტული კლინიკური კვლევა და ვაპირებ ამის განხორციელებას’’.
სტატია საქართველოს ენდოკრინოლოგიისა და მეტაბოლიზმის ასოციაციისთვის თარგმნა ენდოკრინოლოგმა ნინო ტურაშვილმა, რედაქტორი ენდოკრინოლოგი ანა კობაიძე
წყარო: Low Vitamin D Levels in Painful Diabetic Peripheral Neuropathy – Medscape – Sep 06, 2018.