COVID-19 და ენდოკრინული დარღვევები

COVID-19 და ენდოკრინული დარღვევები

სტატია ქართულ ენაზე თარგმნა ენდოკრინოლოგმა ნათია ვაშაყმაძე
წყარო: ევროპის ენდოკრინოლოგიის საზოგადოების (ESE) ოფიციალური პოზიცია

კორონა ვირუსული ინფექციის (COVID 19) აფეთქება საჭიროებს ენდოკრინოლოგის ჩართვას და ერთ-ერთ პირველ ხაზზე ყოფნას სხვა სპეციალობის ექიმებთან, მაგ., თერაპევტებთან, ინფექციონისტებთან და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ექიმებთან მჭიდრო თანამშრომლობით. ეს დაეხმარება ინფიცირებულ პაციენტებს ჯანმრთელობის შენარჩუნებასა და COVID-19-თან დაკავშირებული უარყოფითი გამოსავლის თავიდან აცილებაში. დიაბეტის მქონე პირები იმყოფებიან განსაკუთრებით მაღალი რისკის კატეგორიაში, რომ ინფიცირების შემთხვევაში განუვითარდეთ სერიოზული გართულებები. აღნიშნული ეყრდნობა ჩინეთში ჩატარებულ კვლევის შედეგებს. თუმცა საყურადღებოა სხვა ენდოკრინული დარღვევებიც, როგორიცაა სიმსუქნე, მალნუტრიცია და თირკმელზედა ჯირკვლის პათოლოგიები. ამდენად ენდოკრინოლოგების პასუხისმგებლობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით არ არის მცირე.

დადასტურებულია, რომ ვისური გადაეცემა დაავადებული ადამიანიდან ადამიანს ჰაერ-წვეთოვანი გზით.  მაღალია იმის ალბათობა, რომ უსიმპტომო პაციენტები, ანუ პირები, რომლებიც არიან ინფიცირებული, თუმცა არ აღენიშნებათ ვირუსისთვის დამახასიათებელი არავითარი სიმპტომები და ნიშნები არიან ვირუსული ინფექციის მთავარი გამავრცელებლები.  კორონავირუსი ვრცელდება როგორც სხვა რესპირატორული ინფექცია, კერძოდ ვირუსით დაბინძურებული ჰაერის წვეთებით, რომელიც გამოიყოფა დაავადებული პაციენტის პირიდან საუბრის, ხველის ან ცემინების დროს. ვირუსი სიცოცხლის უნარიანობას ინარჩუნებს სხვადასხვა სახის ზედაპირზე,  და მისი სიცოცხლის ხანგრძლივობა ზედაპირის მიხედვით არის რამოდენიმე საათიდან რამოდენიმე დღემდე.  პირის ღრუ, ცხვირი და თვალის ლორწოვანი გარსი წარმოადგენს მთავარ კარიბჭეს ვირუსის ორგანიზში შესაღწევად.

ზოგადი სიმპტომები ყველასთვის ცნობილია და არის არასპეციფიკური. დამახასიათებელია ცხელება, ხველა, მიალგია (კუნთების ტკივილი) და სუნთქვის გაძნელება. კლინიკური მიმდინარეობის სპექტრი შესაძლოა იყოს მსუბუქი, საშუალო სიმძიმის და მძიმე – პნევმონია, სუნთქვის უკმარისობა და სეპტიკური შოკი. შესაძლოა, რომ იმუნური სისტემის ჰიპერრეაქტიულობა და ფილტევის საწინააღმდეგო აუტოიმუნური აგრესია ასევე თამაშობდეს მნიშვნელოვან როლს ყველაზე მძიმე შემთხვევებში, სადაც მიმდინარეობას მწვევე რესპირატორული დისტერს სინდრომი.

COVID-19 და შაქრიანი დიაბეტი

კორონავირუსული ინფექციით ავადობისა და სიკვდილობის გაზრდილი რისკი აქვთ პაციენტებს შაქრიანი დიაბეტით.

ასაკოვანი პაციენტები და ასევე სერიოზული ქრონიკული სამედიცინო მდგომარეობების მქონე პირები, როგორიცაა გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიები, ფილტვების ავადმყოფობები და დიაბეტი წარმოადგენს  COVID-19 ინფიცირების შემთხვევაში სერიოზული გართულებების განვითარების ყველაზე მაღალი რისკის ჯგუფს. ქრონიკული ჰიპერგლიკემია უარყოფითად მოქმედებს იმუნური სისტემის მუშაობაზე და ზრდის ნებისმიერი ინფექციით ავადობისა და სიკვდილობის რისკებს და ასოცირებულია ორგანულ გართულებებთან. იგივე ეხება კორონავირუსულ ინფექციასაც. კორონავირუსით გარდაცვლილი პაციენტების თანმხლებ პათოლოგიებს რომ გადავხედოთ წამყვანი იყო არტერიული ჰიპერტენზია (53,8%), დიაბეტი (42,8%), წარსულში გულის დაავადება (19,2%), ინსულტი (15,4%). გარდა ამისა, როგორც სეზონულ გრიპის ვირუსს ახასიათებს, ახალი მონაცემები მიუთითებს, რომ COVID-19 ხელს უწყობს მიოკარდიუმის (გულის კუნთის) დაზიანებას და გულ-სისხლძარღვთა პათოლოგია იდენტიფიცირებულია, როგორც ახალი რისკის ფაქტორი მძიმე გართულებებისა და ცუდი პროგნოზის. (Chen et al).

როგორ უნდა მოიქცნენ დიაბეტის მქონე პირები, რომ თავიდან აირიდონ კორონავირუსული ინფექცია?

სოციალური დისტანცირება, ისევე როგორც სახლში თვითიზოლაცია ამჟამად მთავარი იარაღია კორონავირუსულ ინფექციასთან საბრძოლველად. რამდენადაც დიაბეტის მქონე პირებს მაღალი რისკი აქვთ კორონავირუსით ინფიცირების, რეკომენდებულია, რომ დიაბეტის მქონე პირები მკაცრად მიყვნენ იმ ზოგად რეკომენდაციებს, რაც მოწოდებულია კორონავირუსული ინფექციის პრევენციისთვის. ამდენად სასურველია დიაბეტის მქონე პირებმა წინასწარ დაგეგმონ, თუ რა ზომებს მიმართავენ, თუკი ისინი დაინფიცირდებიან. მნიშვნელოვანია სისხლში შაქრის დონის კარგი კონტროლი. შაქრის დონის მოწესრიგებამ შესაძლოა შეამციროს ვირუსით ინფიცირების რისკის და ასევე ინფიცირების შემთხვევაში ხელი შეუწყოს დაავადების შედარებით მსუბუქად მიმდინარეობას. ტიპი 1 დიაბეტის მქონე პირები აქტიურ კონტაქტზე უნდა იყვნენ მკურნალ ენდოკრინოლოგთან, ხოლო ტიპი 2 დიაბეტის მქონე პირები ენდოკრინოლოგის გარდა სასურველია კონტაქტზე იყვნენ ოჯახის ექიმებთან და თერაპევტებთან. თუმცა, რუტინული გეგმიური ვიზიტები არ არის რეკომენდებული დიაბეტის მქონე პირებისთვის, რამდენადაც რეკომენდებულია რიგებს და ხალხმრავლობას მოერიდნონ. გირჩევთ სატელეფონო, ვიდეო კონტაქტით ან ელექტრონული ფოსტით ეკონტაქტოთ მკურნალ ექიმს, იმისთვის, რომ დარჩეთ სახლში და მოახდინოთ სოციალური დისტანცირება. დიაბეტის მქონე პაციენტებმა უნდა მოიმარაგონ წამლები, მათ შორის ინსულინი, გლუკომეტრის ჩხირები და მაქსიმალურად დარჩნენ სახლში იზოლირებულები.

როგორ უნდა მოიქცნენ დიაბეტის მქონე პაციენტები კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევაში?

დიაბეტის მქონე პირებს, რომლებიც ინფიცირებული არიან კორონავირუსული ინფექციით შეიძლება განუვითარდეთ სისხლში შაქრის დონის მნიშვნელოვანი მატება, ისევე როგორც სხვა ინფექციური დაავადების დროს. იმისათვის, რომ არ მოხდეს დიაბეტის დეკომპენსაცია დიაბეტის მქონე ინფიცირებული პაციენტები ტელეფონით უნდა დაუკავშირდნენ ოჯახის ექიმს, რომელიც გადაამისამართებს ინფექციონისტთან ან ურჩევს გადაუდებელი სამედიცინო დამხარებისთვის მიმართვას.

COVID-19 და სხვა ენდოკრინული და მეტაბოლური დარღვევები:

სიმსუქნე

ზოგადად მწირია მონაცემები კორონავირუსის გავლენის შესახებ სიმსუქნის მქონე პირებზე. თუმცა, რამდენადაც დაგროვდა გარკვეული გამოცდილება ესპანეთის ზოგიერთ საავადმყოფოში, გამოიკვეთა, რომ ახალგაზრდა პაციენტებს, რომელთაც აღენიშნებოდათ სიმსუქნე, უფრო მეტად იყვნენ მიდრეკილი  დესტრუქციული ალვეოლიტის განვითარებისკენ და საბოლოოდ უფრო ხშირად ვითარდებოდა სუნთქვის უკმარისობა და სიკვდილი (Puig-Domingo M, personal experience).  არ არსებობს ამჟამად არანაირი ახსნა, თუ რატომ ხდება ასეთი კლინიკური სურათის განვითარება, თუმცა რამდენადაც ცნობილია სიმსუქნე ასოცირებულია ღამის ძილის აპნოეს სინდრომთან (ღამით სუნთქვის პერიოდული გაჩერება), ისევე როგორც სურფაქტანტის დისფუნქციასთან, რაც შესაძლებელია COVID-19 ინფექციის გართულებული მიმდინარეობის ხელმშემწყობი ფაქტორი იყოს. ასევე, შაქრის ცვლის გაუარესება და სისხლში შაქრის დონის მატება შესაძლებელია აირთა ცვლის გაუარესებას უწყობდეს ხელს, ამდენად ხელმშემწყობი იყოს ცუდი პროგნოზის. გარდა ამისა, შაქრიანი დიაბეტი და სიმსუქნე ხშირად გვხვდება ერთსა და იმავე პაციენტში, გარდა იმისა, რომ შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2 ხშირია ხანდაზმულ პოპულაციაში >65წ. შეჯამების სახით შეიძლება ითქვას, რომ ეს პაციენტები მაღალი რისკის ჯგუფში არიან გართულებების განვითარების თვალსაზრისით.

მალნუტრიცია

COVID-19  ინფექცია ასოცირებულია მალნუტრიციის განვითარების მაღალ რისკთან, რამდენადაც ამ დროს იზრდება მოთხოვნილება ნუტრიენტებზე და ამას აღრმავებს მწვავე მძიმე ანთებითი სტატუსი. ეს მდგომარეობა ასევე ხასიათდება მადის კარგვით (ჰიპორექსიული მდგომარეობა), რაც ხელს უწყობს უარყოფით ნუტრიციულ ბალანსს. საშუალოდ გამოთვლილი ნუტრიციული მოთხოვნილება კგ წონის მიხედვით არის შემდეგი: 25-30 კკალ/კგ და 1,5 გ ცილა/კგ/დღე (Jin et al). ნუტრიენტებით მდიდარი დიეტა, რომელიც განსაკუთრებით დიდი რაოდენობით შეიცავს ცილას რეკომენდებულია ჰოსპიტალიზებულ პაციენტებში, 1 მიღებაზე პაციენტს უნდა ეძლეოდეს მინ. 18 გ ცილა და უნდა იკვებებოდეს მინ. 2-3-ჯერ დღეში.  D ვიტამინის დანამატების ადეკვატური მიღება რეკომენდებულია ასეთ პაციენტებში. თუკი საკვები მოთხოვნილებები არ არის დაკმაყოფილებული, საკვები დანამატების მიცემა ან სრულად ენტერალური კვება უნდა განიხილებოდეს ალტერნატივად. თუკი სხვადასხვა მიზეზის გამო სრული ენტერალური კვება ვერ ხერხდება, პაციენტი უნდა გადავიდეს პარენტერალურ კვებაზე. მოსალოდნელია, რომ COVID-19 მქონე პაციენტების გამოსავალი გაუმჯობესდეს კარგი ნუტრიციული მხარდაჭერით.

თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა

თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა  ქრონიკული მდგომარეობაა, რომლის დროსაც თირკმელზედა ჯირკვალი ვერ გამოიმუშავებს საკმარისი რაოდენობით კორტიზოლს. პაციენტები საჭიროებენ მთელი ცხოვრების მანძილზე ჩანაცვლებით თერაპიას, რომელის მიზანია, რომ მიბაძოს კორტიზოლის ფიზიოლოგიურ სეკრეციას. ამჟამინდელ მონაცემებზე დაყრდნობით არ არსებობს მტკიცებულება, რომ თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა ზრდის COVID-19-ით ინფიცირების რისკს. თუმცა, ცნობილია, რომ ადისონის დაავადების (თირკმელზედა ჯირკვლის პირველადი უკმარისობა) და თირკმელზედა ჯირკვლის თანდაყოლილი ჰიპერპლაზიის მქონე პაციენტების სხვადასხვა მიკროორგანიზმით ინფიცირების რისკი უფრო მაღალია ვიდრე ზოგად პოპულაციაში. უფრო მეტიც, თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა ასოცირებულია იმუნური სისტემის დეფექტებთან, კერძოდ ნეიტროფილებისა და ბუნებრივი მკვლელი (natural killer) უჯრედების ფუნქციის დარღვევასთან (Bancos et al). ამან შეიძლება ახსნას, რომ ნაწილობრივ, ეს მსუბუქად ზრდის ინფექციური დაავადების განვითარების რისკს ამ პოპულაციაში, ისევე როგორც ზრდის სიკვდილობის სიხშირეს. გაზრდილი სიკვდილობა შესაძლოა უკავშირდებოდეს ჰიდროკორტიზონის დოზის არასაკმარისად გაზრდას ინფექციის საწყის ეტაპზე. ყველა ამ მიზეზის გამო, პაციენტები, რომლებსაც აქვთ თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა შესაძლოა განვიხილოთ სამედიცინო გართულებების განვითარების გაზრდილი რისკის ჯგუფად და ასევე სიკვდილობის გაზრდილ რისკის ჯგუფადაც კი.

ამდენად თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობის მქონე პაციენტებთან COVID-19 ინფექციის დადასტურებისთანავე უნდა მოხდეს ჰიდროკორტიზონის დოზის, სულ მცირე, გაორმაგება, რომ თავიდან ავირიდოთ თირკმელზედა ჯირკვლის მწვავე უკმარისობა. ასევე პაციენტებს ვურჩევთ, რომ მოიმარაგონ გლუკოკორტიკოიდები, როგორც ტაბლეტირებული სახით, ისე საინექციო სტეროიდები სახლში დარჩენისა და თვითიზოლაციისთვის.

 ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები

ფარისებრი ჯირკვლის მწვავე და ქრონიკული დაავადებები, მათ შორის აუტოიმუნური თირეოიდიტი, გრეივსის დაავადება, კვანძოვანი ჩიყვი, ჰიპოთირეოზი, თირეოტოქსიკოზი, ქვემწვავე და მწვავე თირეოიდიტი დამატებითი რისკის ჯგუფს კორონავირუსული ინფექციის განვითარების ან გართულებების თვალსაზრისით არ წამოადგენს.

შეჯამება

1. ადეკვატურად დაიცავით საკუთარი თავი და თუკი გქონდათ შეხება  COVID-19 ინფიცირებულთან მოითხოვეთ ტესტირება 

2. თავი აარიდეთ არასაჭირო რუტინულ გეგმიურ პირად კონსულტაციებს 

3. დაუკავშრდით მკურნალ ექიმს ონლაინ (ტელეფონით, ელ. ფოსტით, ვიდეო ზარით)

4. დიაბეტის მქონე პირებმა აქტიურად აკონტროლეთ შაქრის დონე სისხლში

5. დიაბეტის მქონე პირები მაქსიმალურად დარჩით სახლში და ზედმიწევნით შეასრულეთ ზოგადი რეკომენდაციები

6. ინფექციაზე ეჭვის შემთხვევაში დაუკავშირდით ოჯახის ექიმს

7. 65 წელს გადაცილებულმა პაციენტებმა დიაბეტითა და სიმსუქნით აუცილებლად უნდა მიმართოთ გადაუდებელი დახმარების ცენტრებს

8. იკვებეთ ჯანსაღად და საკვები ნუტრიენტებით მდიდარი რაციონით

9. თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობის მქონე პაციენტები იყავით განსაკუთრებით ფრთხილად

10. ინფექციის არსებობის შემთხვევაში თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობის მქონე პაციენტებმა უნდა გაზარდონ გლუკოკორტიკოიდების დოზები, როგორც მინიმუმ, გააორმაგონ დოზა და იყვნენ ხაზზე მკურნალ ენდოკრინოლოგთან

გამოყენებული ლიტერატურა:

Casqueiro J, Casqueiro J, Alves C. Infections in patients with diabetes mellitus: A review of pathogenesis. Indian J Endocrinol Metab. 2012;16 Suppl 1(Suppl1): S27–S36. doi:10.4103/2230-8210.94253

Deng S-Q, Peng H-J. Characteristics of and Public Health Responses to the Coronavirus Disease 2019 Outbreak in China. Journal of Clinical Medicine. 2020; 9(2):575

Chen C, Chen C, et al. Analysis of myocardial injury in patients with COVID-19 and association between concomitant cardiovascular diseases and severity of COVID-19

https://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/32141280#. Abstract. 2020 Mar 6;48(0): E008. [Epub ahead of print]

Zhi Z. Novel Coronavirus Pneumonia Emergency Response Epidemiology Team. The Epidemiological Characteristics of an Outbreak of 2019 Novel Coronavirus Diseases (COVID-19) in China. 2020;41(2):145–151. DOI: 10.3760/cma.j.issn.0254- 6450.2020.02.003.

Center for Disease Control and Prevention. Interim Clinical Guidance for Management of Patients with Confirmed Coronavirus Disease (COVID19).

https://www.cdc.gov/coronavirus/2019-ncov/hcp/clinical-guidance-managementpatients.html#foot09. Webpage. By March 7, 2020. Wang D, Hu B, Hu C, et al. Clinical Characteristics of 138 Hospitalized Patients With 2019 Novel Coronavirus–Infected Pneumonia in Wuhan, China. JAMA. Published online February 07, 2020. doi:10.1001/jama.2020.1585

COVID-19 outbreak: guidance for people with diabetes-IDF Bancos I, Hazeldine J, Chortis V, Hampson P, Taylor AE, Lord JM, Arlt W.Eur J

Primary adrenal insufficiency is associated with impaired natural killer cell function: a potential link to increased mortality. Endocrinol. 2017 Apr;176(4):471-480. doi: 10.1530/EJE-16-0969. Jin et al. Military Medical Research 2020 https://link.springer.com/article/10.1186/s40779 -020-0233-6 Ballesteros MD, Rubio Herrera MA, Bretón I.

Management of disease-related malnutrition in hospitalized patients with COVID-19. Statement of the Nutrition section, Spanish Society of Endocrinology and Nutrition, March 2020

*ეს დოკუმენტი მომზადდა Manuel Puig-Domingo (ევროპის ენდოკრინოლოგიის საზოგადოების წარმომადგენელი ევროპის სამედიცინო სააგენტოში), Mónica Marazuela ( ევროპის ენდოკრინოლოგიის საზოგადოების მდივანი) და Andrea Giustina ( ევროპის ენდოკრინოლოგიის საზოგადოების პრეზიდენტი) მიერ.
23 მარტი 2020