COVID-19: კორტიზოლის დონე ჰოსპიტალიზაციისას შესაძლოა დაავადების სიმძიმის წინასწარ განსაზღვრაში დაგვეხმაროს
სტატია ქართულ ენაზე თარგმნა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტმა: ანანო კაკაბაძემ
რედაქტირებულია GAEM სარედაქციო ჯგუფის მიერ: ნაზი ჭელიძე, ნათია ვაშაყმაძე
ბრიტანელმა მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ COVID-19-ის მქონე იმ პაციენტებს, რომლებსაც ჰოსპიტალიზაციისას აღენიშნებათ სტეროიდული ჰორმონის – კორტიზოლის მაღალი დონე, სიკვდილობის ბევრად მაღალი რისკი აქვთ.
უოლჯიტ ს. დჰილომ (მედიცინისა და ქირურგიის ბაკალავრი (MBSS), ფილოსოფიის დოქტორი (PhD), დიაბეტის, ენდოკრინოლოგიისა და მეტაბოლიზმის განყოფილების მმართველი დიდი ბრიტანეთის იმპერიალურ კოლეჯში) და კოლეგებმა შეისწავლეს ლონდონის წამყვან საავადმყოფოებში ჰოსპიტალიზებული 535 პაციენტი. სტატია გამოქვეყნდა 2020 წლის 18 ივნისს, ონლაინ, ჟურნალში „Lancet Diabetes & Endocrinology.“
“პირველად, ჩვენი ანალიზი აჩვენებს, რომ COVID-19-ის მქონე პაციენტებში, მწვავე სტრესზე კორტიზოლის საპასუხო რეაქცია მკვეთრი და ადეკვატურია.“ ამბობენ დჰილო და კოლეგები.
მეტიც, „კორტიზოლის მაღალი კონცენტრაცია ასოცირებული იყო სიკვდილობის გაზრდილ და გადარჩენის შემცირებულ მაჩვენებლებთან. სავარაუდოდ, იმიტომ, რომ კორტიზოლის დონე ავადმყოფობის სიმძიმის კარგი მარკერია.“
შესაბამისად, კორტიზოლის დონე ჰოსპიტალიზაციისას, „ჟანგბადის სატურაციის დონესთან ერთად, პოტენციურად წარმოადგენს კიდევ ერთი მარტივ მარკერს, რომელიც გვიჩვენებს, თუ რომელ პაციენტებს ესაჭიროებათ დაუყოვნებელი ჰოსპიტალიზაცია, და რომლებს – არა“ აღნიშნა დჰილომ თავისი ინსტიტუციის სახელით გაკეთებულ განცხადებაში.
“ისეთი ადრეული მარკერის ქონა, რომელიც გვიჩვენებს, თუ რომელი პაციენტების მდგომარეობა შეიძლება დამძიმდეს უფრო მალე, დაგვეხმარება, მათ აღმოვუჩინოთ მაქსიმალური დახმარება, რაც შეიძლება ნაკლებ დროში. დამატებით, კორტიზოლის დონე შეგვიძლია გავითვალისწინოთ პაციენტების მკურნალობის გეგმის შედგენისას“, აღნიშნა მან.
თუმცა, წინა კვირას გამოქვეყნებული RECOVERY კვლევის (COVID-19-ის თერაპიის რანდომიზებული შეფასება) ფონზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ზევითა აღნიშნული ნიშნავს, რომ „დაავადების საწყის ნაწილში სტეროიდების გამოყენება არ არის საჭირო“, განუცხადა მან Medscape Medical News-ს.
SARS-ისგან განსხვავებით, COVID-19 ადრენალურ უკმარისობას არ იწვევს
ჯანმრთელ, მოსვენებულ მდგომარეობაში კორტიზოლის დონე არის 100-200 ნმოლ/ლ, ძილისას კი თითქმის ნულს უტოლდება, ხსნიან მკვლევარები.
მკვლევარებმა გადაწყვიტეს კორტიზოლის დონის შესწავლა, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ კრიტიკული დაავადებებისგან გამოწვეული ფიზიოლოგიური სტრესი, როგორც წესი, ჰორმონის დონეს ზრდის, ადრინდელ – მწვავე რესპირატორულ სინდრომთან ასოცირებულ კორონავირუსს (SARS-CoV), ჰქონდა საპირისპირო ეფექტი და პაციენტების გარკვეულ ნაწილში კორტიზოლის უკმარისობას იწვევდა.
„აქამდე, ვიტყოდით რომ დარწმუნებულები არ ვართ“, თუ რა ეფექტი აქვს COVID-19 (SARS-CoV-2) ვირუსს კორტიზოლის დონეზე, „სწორედ ამიტომ შევაგროვეთ მონაცემები,“ განაცხადა დილომ Medscape Medical News-თან.
მკვლევარებმა შეისწავლეს ლონდონის სამ წამყვან საავადყმოფოში, 9 მარტიდან 22 აპრილამდე, ჰოსპიტალიზებული პაციენტები, რომლებთანაც არსებობდა SARS-CoV-2 ინფექციის კლინიკური ეჭვი. ყველა მათგანს ჩაუტარდა სისხლის სტანდარტული ანალიზები, მათ შორის – სისხლის საერთო ანალიზი, კრეატინინის, C-რეაქტიული ცილის, D-დიმერისა და შრატის კორტიზოლის დონეების განსაზღვრა.
პაციენტთა ნაწილის გამორიცხვის შემდეგ, მკვლევართა გუნდმა შეისწავლა საავადმყოფოებში, კვლევის პერიოდში, ჰოსპიტალიზებული ისეთი 535 პაციენტი, რომელთა კორტიზოლის საბაზისო დონის განსაზღვრა მოხდა საავადმყოფოში შემოსვლიდან 48 საათის ფარგლებში.
ამ პაციენტთაგან, 403-ს დაუდასტურდა COVID-19 პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის (PCR) ტესტის დადებითი შედეგის (88%), ან ძლიერი კლინიკული და რადიოლოგიური ეჭვის საფუძველზე, მიუხედავად ტესტის ნეგატიური შედეგისა (12%).
ჯამში, 132 (25%) ინდივიდს არ დაუდასტურდა COVID-19.
COVID-19-ით დაავადებულ პაციენტთა საშუალო ასაკი შეადგენდა 66.3 წელს და მათგან 59.6% მამაკაცი იყო.
კორტიზოლის საშუალო კონცენტრაცია COVID-19 მქონე პაციენტებში მნიშვნელოვნად აღემატებოდა სხვა პაციენტების კორტიზოლის დონეს. (619 vs 519 ნმოლ/ლ; P< .0001).
8 მაისისთვის, COVID-19-ის მქონე პაციენტების სიკვდილის სიხშირე მნიშვნელოვნად აღემატებოდა სხვა პაციენტებისას. (27.8% vs 6.8%; P< .0001).
კორტიზოლის დონის გაორმაგება ასოცირებულია სიკვდილობის 40%-ით მატებასთან
მულტივარიანტულმა ანალიზმა, რომელიც ითვალისწინებდა ასაკს, თანმხლები დაავადებების არსებობასა და ლაბორატორიული ტესტების შედეგებს, აჩვენა რომ კორტიზოლის დონის გაორმაგება COVID-19-ით ინფიცირებულ პაციენტებში დაკავშირებულია სიკვდილობის მნიშვნელოვან ზრდასთან, საფრთხის კოეფიციენტით 1,42. (P = .014).
COVID-19-ის მქონე პაციენტები, რომელთა საწყისი (ბაზალური) კორტიზოლი 744 ნმოლ/ლ-ზე მეტი იყო, საშუალოდ მხოლოდ 15 დღე ცოცხლობდნენ. განსხვავებით მათგან, რომელთა კორტიზოლის დონე ≤ 744 ნმოლ/ლ – ამ შემთხვევაში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 36 დღეს შეადგენდა. (P < .0001).
გუნდი აღნიშნავს ,რომ სტრესზე კორტიზოლის საპასუხო რეაქციის მაჩვენებელი მათ COVID-19-ით ინფიცირებულ პაციენტებში აღწევდა 3241 ნმოლ/ლ-ს, რაც წარმოადგენს “სტრესზე კორტიზოლის ზღვრულ რეაქციას, შესაძლოა უფრო მაღალსაც ვიდრე პაციენტებში, რომლებსაც მნიშვნელოვანი ქირურგიული ჩარევა უტარდებათ“.
ინტერესისთვის, აღსანიშნავია, რომ კორტიზოლის დონესა და ეთნიკურობას შორის კავშირი არ დადასტურდა. შავკანიანი, აზიელი თუ სხვა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა შესახებ მონაცემთა დამატებითი დახარისხებითა და ანალიზით არ გამოვლენილა მნიშვნელოვანი სხვაობები.
გუნდი აღნიშნავს, რომ მათი შედეგები სხვა პოპულაციებში დამატებით კვლევებს საჭიროებს.
„COVID-19-ით ჰოსპიტალიზებულ პაციენტებთან, კორტიზოლის საწყისი (ბაზალური) და მოგვიანებითი დონის პროგნოზულ ბიომარკერად პოტენციური გამოყენება (ცალკე ან/და სხვა ბიომარკერებთან ერთად) საჭიროებს პროსპექტული კვლევის მიერ მის ვალიდაციას’’.
დასკვნა მკურნალობისთვის: შეინახეთ დექსამეტაზონი კრიტიკულად მძიმე პაციენტებისთვის
დილომ განმარტა რომ, ვინაიდან მათი აღმოჩენები იმაზე მიუთითებენ, რომ კოვიდ-19 ით ინფიცირებულ ადამიანებში თავდაპირველად ადეკვატურია სტრესზე კორტიზოლის საპასუხო რეაქცია, მნიშვნელოვანია ეს ინფორმაცია სწორად იყოს აღქმული ერთი კვირით ადრე გამოქვეყნებული RECOVERY კვლევის ფონზე.
კვლევამ აჩვენა, რომ ფართოდ ხელმისაწვდომი სტეროიდი, დექსამეტაზონი, სუპრაფიზიოლოგიური დოზით – 6მგ, მნიშვნელოვნად ამცირებს COVID-19-ით მძიმედ დაავადებული პაციენტების სიკვდილობას რეანიმაციაში.
თუმცა, COVID-19-ის ადრეულ სტადიაზე სტეროიდებით თვითმედიკაცია ნებისმიერი ადამიანისთვის სარისკოა, რადგან აღნიშნული დამატებით გაზრდის კორტიზოლის დონეს და შესაძლოა გამოიწვიოს იმუნური სისტემის დათრგუნვა.
დჰილომ განმარტა , რომ „COVID-19-ის მქონე, საშუალოსტატისტიკური ადამიანისთვის“ დამატებითი სტეროიდები სიმპტომებს გააუარესებს. მანვე დაამატა, რომ აღნიშნულის ხაზგასმა მნიშვნელოვანია, რადგან დექსამეტაზონი და მსგავსი სტეროიდები „იაფი და ინტერნეტით ადვილად ხელმისწავდომია. შესაბამისად, RECOVERY კვლევის შედეგების არასწორ ინტერპრეტირებას შესაძლოა სერიოზული, მცდარი დასკვნების გამოტანა მოჰყვეს.“
მაგრამ, როცა პაციენტი ძალიან მძიმედაა, „ფილტვების ანთებით“, რეანიმაციაში და ხშირად ხელოვნური სუნთქვის აპარატზეც (ასეთი პაციენტები კორონავირუსის მქონე პაციენტების ძალიან მცირე ქვეჯგუფია), საქმე სულ სხვანაირადაა, ხაზი გაუსვა დჰილომ.
„RECOVERY კვლევა აჩვენებს ამ სტეროიდის აშკარა სარგებელს, როცა უკვე ჟანგბადი და ხელოვნური სუნთქვის აპარატია საჭირო. ეს ლოგიკურიცაა, რადგან [დექსამეტაზონი] ანთების საწინააღმდეგოდ იმოქმედებს“ , ამ შემთხვევაში მაშინ, როცა „ფილტვები წყლითაა სავსე“.
„მაგრამ, პირველ დღეებში ის ნამდვილად არაა საჭირო, და შესაძლოა, საზიანოც კი იყოს“, გაიმეორა მან.
კვლევა დაფინანსებულია დიდი ბრიტანეთის ჯანმრთელობის კვლევის ინსტიტუტისა და სამედიცინო კვლევის საბჭოს მიერ. ავტორები არ აღნიშნავენ რაიმე მნიშვნელოვან ფინანსურ ურთიერთკავშირს.
Lancet Diabetes Endocrinol 2020. Published online June 18, 2020. Full text
წყარო: COVID-19: Cortisol Levels on Admission Can Help Predict Severity – Medscape – Jun 22, 2020.