B ჯგუფის ვიტამინებმა დამაიმედებელი შედეგები აჩვენა ღვიძლის ცხიმოვანი დაავადების წინააღმდეგ ბრძოლაში

B ჯგუფის ვიტამინებმა დამაიმედებელი შედეგები აჩვენა ღვიძლის ცხიმოვანი დაავადების წინააღმდეგ ბრძოლაში

სტატია ქართულ ენაზე თარგმნა ენდოკრინოლოგმა: ქეთევან ძაგანია
წყარო: B Vitamins Show Promise Against Advanced Fatty Liver Disease

მკვლევარებმა დაადგინეს ღვიძლის ცხიმოვანი დაავადების შორს წასული ფორმის განვითარების მექანიზმი და აღნიშნული პროცესის სავარაუდო უკუგანვითარების გზა.

მათ აღმოაჩინეს, რომ სისხლში ჰომოცისტეინის დონეების მატება მჭიდრო კავშირშია არაალკოჰოლური სტეატოჰეპატიტის (NASH) სიმძიმესთან და დაადგინეს, რომ B12 ვიტამინსა და ფოლიუმის მჟავას შესაძლოა გარკვეული როლი ქონდეს დაავადების პრევენციასთან ან მისი განვითარების გახანგრძლივებასთან.

„ჩვენი აღმოჩენა ძალიან ამაღელვებელი და მნიშვნელოვანია, რადგან როგორც ჩანს, შედარებით იაფი თერაპია B12 ვიტამინითა და ფოლიუმის მჟავით შესაძლოა გამოყენებულ იქნას NASH-ის პრევენციისა და/ან პროგრესირების გადავადებისთვის,“ სიახლეების რელიზში აღნიშნავს მკვლევარი ბრიჯეშ სინგი (Brijesh Singh), დუკის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის ფილოსოფიის დოქტორი (სინგაპური).

„დამატებითად, შრატისა და ღვიძლის ჰომოცისტეინის დონეები შესაძლოა წარმოადგენდეს არაალკოჰოლური სტეატოჰეპატიტის სიმძიმის ბიომარკერს,“ ხაზი გაუსვა სინგმა.

კვლევა გამოქვეყნდა ონლაინ Journal of Hepatology-ზე.

ახალი მექანიზმი მიუთითებს ახალ მკურნალობაზე

ღვიძლის არაალკოჰოლური ცხიმოვანი დაავადება (NAFLD) გულისხმობს ღვიძლში ცხიმის ჩალაგებას, რაც არ არის გამოწვეული ალკოჰოლით. შაქრიან დიაბეტთან და სიმსუქნესთან კავშირის გამო, ის [NAFLD] წარმოადგენს ღვიძლის გადანერგვის წამყვან მიზეზს მსოფლიოს მასშტაბით.

ცნობილია, რომ არაალკოჰოლური სტეატოჰეპატიტი დაკავშირებულია სისხლში ჰომოცისტეინის დონის მომატებულ დონესთან, თუმცა ზუსტი ურთიერთკავშირი ჰიპერჰომოცისტეინემიასა და NASH-ს შორის ცუდად არის შესწავლილი.

თავის კვლევაში სინგმა და კოლეგებმა ჰომოცისტეინისა და არაალკოჰოლური სტეატოჰეპატიტის პროგრესირებას შორის კავშირი დაადასტურეს პრეკლინიკურ მოდელებსა და ადამიანებში.

მათ, ასევე, დააფიქსირეს, რომ ღვიძლის ჰომოცისტეინის დონის მატებასთან ერთად, ამინომჟავა უკავშირდება ღვიძლის სხვადასხვა ცილას, ცვლის მათ სტრუქტურას და აფერხებს მათ ფუნქციონირებას.

კერძოდ, ცილა სინტაქსინ 17-თან (Stx17) ჰომოცისტეინის შეკავშირების შემდეგ, ის ბლოკავს ცილის მიერ ცხიმების ტრანსპორტირებასა და მონელებას (პროცესი ცნობილია აუტოფაგიის სახელით), რაც სანაცვლოდ იწვევს ღვიძლის ცხიმოვანი დაავადების არაალკოჰოლურ სტეატოჰეპატიტად პროგრესირებას, აღნიშნავენ მკვლევარები.

პრეკლინიკურ მოდელებში, B12 ვიტამინისა და ფოლიუმის მჟავას დანამატების მიღებამ გაზარდა ღვიძლისმიერი Stx17-ის დონე, აღადგინა მისი როლი აუტოფაგიაში და შეანელა NASH-ის განვითარება და გამოიწვია ღვიძლის ანთებისა და ფიბროზის უკუგანვითარება, მოგვიანებით აღმოაჩინეს მათ.

„შეერთებული შტატების საკვებისა და წამლის ადმინისტრაციის მიერ აღიარებული, უსაფრთხოების მაღალი პროფილისა მქონე B12 ვიტამინისა და ფოლიუმის მჟავას NASH-ის პრევენციისა და მკურნალობის პირველი რიგის თერაპიის სახით გამოყენებამ, შესაძლებელია გამოიწვიოს უზარმაზარი ხარჯების დაზოგვა და NASH-ისგან გამოწვეული ტვირთის შემსუბუქება როგორც განვითარებულ, ასევე, განვითარებად ქვეყნებზე,“ სიახლეების რელიზში აღნიშნავს მკვლევარი პოლ მ. იენი (Paul M. Yen), დუკის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის მედიცინის დოქტორი.

„ამჟამად, ღვიძლის დაავადების ბოლო სტატიის მქონე პაციენტების ერთადერთ მკურნალობას წარმოადგენს [ღვიძლის] გადანერგვა,“ დასძინა პატრიკ ქეისიმ (Patrick Casey), დუკის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის კვლევის უფროსმა ვიცე დეკანმა, რომელიც არ იყო ჩართული აღნიშნულ კვლევაში.

ქეისის თქმით, ეს აღმოჩენები „აჩვენებს, რომ მარტივ და ხელმისაწვდომ ჩარევას შეუძლია შეაჩეროს ან უკუგანავითაროს ღვიძლის დაზიანება, რაც ახალ იმედს მოუტანს ღვიძლის ცხიმოვანი დაავადების მქონე პაციენტებს.“

აღნიშნული კვლევა დაფინანსებულია სინგაპურის ჯანდაცვის სამინისტროსა და ეროვნული სამედიცინო კვლევის საბჭოსა და დუკის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის მიერ. კვლევის ავტორები და ქეისი უარყოფენ ფინანსურ დაინტერესებას.