- By ქეთევან ძაგანია
- In სიახლეები
ADA-ის 2021 წლის დიაბეტის მართვის სტანდარტების ძირითადი ცვლილებები (ნაწილი I)
სტატია ქართულ ენაზე თარგმნა ენდოკრინოლოგმა: ნელი ლაგურაშვილი
რედაქტირებულია GAEM-ის სარედაქციო ჯგუფის მიერ: ნუკა ჭელიძე, ქეთევან ძაგანია
წყარო: Key Changes to the 2021 ADA Standards of Care
ჩანაწერი რედაქტირებულია მეტი სიცხადისთვის.
“ახლახან გამოიცა ამერიკის დიაბეტის ასოციაციის (ADA), 2021 წლის დიაბეტის მართვის სტანდარტები და, ვაპირებ, განვიხილო ის ძირითადი ცვლილებები, რომელიც, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია. გავივლი ზოგიერთ სექციას და ყურადღებას გავამახვილებ განსხვავებებზე, წინა წლის სტანდარტებთან შედარებით.
სექცია 1: ზრუნვის გაუმჯობესება და ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების ამაღლება მოსახლეობაში
პირველ სექციაში ყურადღებას გავამახვილებთ თითოეული პაციენტისთვის ჯანმრთელობაზე მოქმედი სოციალური ფაქტორების გაგების ცნებაზე. გირჩევთ, გაეცნოთ სამეცნიერო მიმოხილვას, რომელიც ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა და განიხილავს ჯანმრთელობის განმსაზღვრელ ფაქტორებს შაქრიანი დიაბეტის მქონე პირებში.
სექცია 2: დიაბეტის კლასიფიკაცია და დიაგნოზი
მეორე ნაწილში მნიშვნელოვანი განსხვავება, ყოველ შემთხვევაში, ჩემი აზრით არის ის, რომ დღესდღეობით კლასიფიკაციას, ასევე, დაემატა მოზრდილთა ლატენტური აუტოიმუნური დიაბეტი (LADA). „LADA“ ერთგვარად უცნაური ტერმინია, რადგან ხშირად გამოიყენება ზოგად პოპულაციაში. პაციენტების უმრავლესობა აღნიშნავს, რომ მათ აქვთ LADA, თუმცა მისი ზუსტი განსაზღვრება ჯერ არ გვაქვს.
LADA-ს შეფასებისას მთავარი კრიტერიუმი ის არის, რომ რეალურად ცნობილია, რომ პაციენტს აღენიშნება ბეტა უჯრედების აუტოიმუნური დესტრუქცია. აღნიშნული შეიძლება შეგვხვდეს მოზრდილებში და როგორც ჩანს მას ახასიათებს ბავშვთა ასაკში არსებული პროცესისგან განსხვავებული მიმდინარეობა. მოზრდილებში შეიძლება, ხანგრძლივი დროის განმავლობაში, აღინიშნებოდეს ინსულინის ზღვრული ოდენობით სეკრეცია და ჩაითვალოს ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის ნაირსახეობად. ამის მიუხედავად, საბოლოოდ, მათ უვითარდებათ ინსულინის მნიშვნელოვანი დეფიციტი და მათ უმეტესობას ესაჭიროება ინსულინოთერაპია.
ვინაიდან, „LADA“ კლინიკურ პრაქტიკაში ხშირი და მიღებული ტერმინია, ჩვენ არ გვსურს მის გამოყენებაზე უარის თქმა, არამედ, ვიფიქროთ მასზე, როგორც პანკრეასის ბეტა უჯრედების აუტოიმუნური დესტრუქციის პროცესზე. შესაბამისად, ასეთ პაციენტებს ინსულინოთერაპიის დაწყება შეიძლება დასჭირდეთ უფრო ადრე, ვიდრე სხვა პაციენტებს, მათ, ასევე, გაზრდილი აქვთ დიაბეტური კეტოაციდოზის განვითარების რისკი, განსაკუთრებით თუ იმყოფებიან მაღალი სტრესის ქვეშ და/ან მკურნალობა უტარდებათ ნატრიუმ-გლუკოზის კონტრანსპორტერ 2-ის (SGLT2) ინჰიბიტორებით.
სხვა ცვლილებები ამ სექციაში მოიცავს დიაბეტის სხვა ტიპების განხილვას – დიაბეტის ტიპები ასოცირებული HIV-თან ისევე, როგორც ცისტურ ფიბროზთან ასოცირებული დიაბეტი და მასთან გამკლავების გზები. და ბოლოს, ჩვენ უფრო დეტალურად ვმსჯელობთ ტრანსპლანტაციის შემდგომ განვითარებულ დიაბეტზე.
სექცია 4: თანმხლები დაავადებების სრულყოფილი სამედიცინო შესწავლა და შეფასება
მე-4 სექცია გავამყარეთ ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობისა და ჰიპოგლიკემიის რისკის შესახებ მეტი ინფორმაციის დამატებით, ასევე, კარდიოვასკულარული დაავადებების რისკის შესაფასებლად, შესაბამისი კალკულატორების გამოყენებით. ვისაუბრებთ დიაბეტის მქონე მამაკაცებზე, რომელთაც აღენიშნებათ ტესტოსტერონის დაბალი დონე და განვიხილავთ სწორ მიდგომას.
ეს სექციის რეორგანიზადა და, კლინიკური თვალსაზრისით, გახდა უფრო პრაქტიკული, რათა გასაგები იყოს, როგორ მოვიქცეთ თითოეული პაციენტის ვიზიტისას.
სექცია 6: გლიკემიის სამიზნე მაჩვენებლები
მე-6 სექციის ქვესექციას, რომელსაც ადრე ერქვა „A1c,“ ამჟამად ეწოდება „გლიკემიური შეფასება.“ ეს საშუალებას გვაძლევს, A1c-ის გარდა, გამოვიყენოთ სხვა გლიკემიური საზომები (ნორმოგლიკემიის ხანგრძლივობა, გლუკოზის მართვის ინდიკატორი, ჰიპერ- ან ჰიპოგლიკემიის ხანგრძლივობა) როგორც გლიკემიის სამიზნე მაჩვენებლები, არაორსულ ზრდასრულებში. ჩვენ ვცდილობთ ავირიდოთ ჰიპოგლიკემიის განვითარება, მაგრამ ამასთანავე ვცდილობთ ვმართოთ პაციენტები ყველაზე ეფექტიანი გზით. ჩვენ გთავაზობთ, რომ ჰიპოგლიკემიის შეფასება იყოს უფრო ინტენსიური და მოხდეს ყველა ვიზიტზე, და აღნიშნული გამოვიყენოთ, როგორც ამოსავალი წერტილი მკურნალობის მართვის მიზნებში.
სექცია 7: დიაბეტის ტექნოლოგიები
მე-7 სექციაში შეტანილია რამდენიმე ცვლილება. წარსულში ჩვენ რეკომენდაციებს ვყოფდით მოზრდილებისა და ბავშვებისთვის და ვაძლევდით განსხვავებულ რეკომენდაციებს, თუმცა ახლა რეკომენდაციები გაერთიანებულია. იმის ნაცვლად, რომ ვუთხრათ მოზრდილებმა გააკეთონ ასე, ბავშვებმა – ისე, ვამბობთ, რომ სათანადოდ გამოყენების შემთხვევაში, რეალურ დროში გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგი (CGM) – ინსულინის მრავლობითი დღიური ინექციებით, ინსულინის უწყვეტი კანქვეშა ინფუზიით, თუ ინსულინოთერაპიის სხვა ფორმებით – არის სასარგებლო მეთოდი A1c-ის დონის დასაქვეითებლად, და/ან შესანარჩუნებლად, და/ან ჰიპოგლიკემიის შესამცირებლად ზრდასრულ და ახალგაზრდა პაციენტებში. ზრდასრულები და მოზარდები გაერთიანებულია და დიაბეტი დიაბეტია. არ არის განსაზღვრული როგორც შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1 და ტიპი 2, არამედ ყველას, ვისაც აქვს შაქრიანი დიაბეტი და არის ინსულინოთერაპიაზე, შეუძლია ისარგებლოს გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის გამოყენებით რეალურ დროში.
ჩვენ გავაკეთეთ იგივე პერიოდულად სკანირებული CGM-ით. აღნიშნული, შესაძლოა, სასარგებლო იყოს ტიპი 1 და ტიპი 2 დიაბეტით დაავადებული პაციენტების მკურნალობაში -ნებისმიერი სახის ინსულინოთერაპიაზე მყოფი პაციენტების შემთხვევაში, ზრდასრულებშიც და მოზარდებშიც.
ჩვენ ვამბობთ, რომ უმჯობესია რეალური დროის CGM მოწყობილობების გამოყენება, ყოველდღიურთან მიახლოებული სიხშირით, რათა პაციენტებმა, რომლებსაც უწევთ ინსულინის მრავლობითი დღიური ინექციები, ან იმყოფებიან ინსულინის პამპებზე, მიიღონ მაქსიმალური სარგებელი. თუმცა, ასევე, აღვნიშნავთ, რომ შეგიძლიათ ზემოთხსენებული მოწყობილობების გამოყენება პერიოდულად – ვთქვათ, პაციენტებში შაქრიანი დიაბეტი, ტიპი 2-ით, სადაც უფრო გვაინტერესებს პატერნი, ვიდრე რეალურ დროში მართვა. პერიოდული სკანირების მოწყობილობებით სკანირება უნდა იყოს მოხდეს, მინიმუმ, 8 საათში ერთხელ.
CGM-ის ბრმად დათვალიერების და მისი ცალკე გამოყოფის ნაცვლად, ჩვენ მას ახლა ვუწოდებთ „პროფესიონალურ CGM-ს.“ პროფესიონალური CGM-ის და/ან რეალურ დროში წყვეტილად, ან პერიოდულად სკანირებული CGM-ის გამოყენება შეიძლება დაგვეხმაროს ჰიპო- ან ჰიპერგლიკემიის იდენტიფიცირებასა და კორექციაში და A1c-ის დონის გაუმჯობესებაში როგორც არაინსულინურ, ასევე, ბაზალური ინსულინით მკურნალობაზე მყოფი პაციენტების შემთხვევაში. CGM მოწყობილობის გამოყენება, ასევე, შეგვიძლია პაციენტებში, რომლებიც არ არიან ინტენსიურ ინსულინოთერაპიაზე, მაგრამ იღებენ სხვა სახის თერაპიას, თუ ამ ინსტრუმენტს გამოვიყენებთ ისე, რომ დავეხმაროთ მათ თავიანთ ყოველდღიურ რეჟიმში ცვლილებების შეტანაში. რეალურად, ეს აფართოებს CGM რეჟიმის გამოყენებას დიაბეტით დაავადებული, თითქმის, ყველა პაციენტისთვის, თუმცა იმ მოტივით, რომ ეს უნდა დაერთოს შესაბამის ცოდნას და, საჭიროების შემთხვევაში – მედიკამენტების კორექტირებას.
როდესაც განვიხილავთ, რა არის მნიშვნელოვანი გლიკემიის შეფასების პროცესში, ვთვლით, რომ ამბულატორიული გლიკემიური პროფილი უნდა წარმოადგენდეს სტანდარტს ყველა CGM მოწყობილობის შემთხვევაში. ჩვენ ვსაუბრობთ ნორმოგლიკემიაში გატარებულ დროსა და მის კავშირზე მიკროვასკულარული გართულებების რისკთან და რომ ნორმოგლიკემიაში გატარებული დრო, ნაკლები 70%-ზე, მისაღებია ისეთი პაციენტების მართვისას, რომელთა მაჩვენებელი უახლოვდება A1c-ის სამიზნე დონეს (<7%).
CGM-ის გამოყენებისას უნდა აღინიშნოს კანის რეაქციები, რომელიც საყურადღებოა ჩვენი ზოგიერთი პაციენტისთვის. ჩვენ გვსურდა განახლებული ინფორმაციის მოწოდება კანის რეაქციების გამომწვევი მიზეზებსა და აღნიშნული პრობლემის მოგვარების გზებზე.
შაქრიანი დიაბეტი, ტიპი 2-ითა და დიაბეტის სხვა ფორმებით, მაგალითად, ცისტური ფიბროზით გამოწვეული დიაბეტით დაავადებული იმ პაციენტების მკურნალობა, რომლებიც საჭიროებენ ინსულინის მრავლობით დღიურ ინექციებს, შეიძლება ინსულინის პამპებით. ინსულინის პამპების გამოყენება გონივრულია ნებისმიერი ტიპის დიაბეტის მქონე ისეთი პაციენტების შემთხვევაში, რომლებიც იმყოფებიან მრავალჯერად ინექციებზე და საჭიროებენ მკურნალობის რეჟიმის შეცვლას.
შემდგომში ჩვენ ვისაუბრებთ სისტემებზე, რომლებიც აერთიანებს ტექნოლოგიებს და ონლაინ სწავლებას, ვირტუალური დიაბეტის კლინიკის ცნებას. ეს არის ტექნოლოგიებთან დაკავშირებული რეკომენდაციების დასასრული.
ჩემს მომდევნო ჩანაწერში გადავინაცვლებ მე-9 ნაწილზე, მადლობა მოსმენისთვის.”
ენნი ლ. პიტერსი (Anne. L. Peters) არის სამხრეთ კალიფორნიის სამედიცინო უნივერსიტეტის (USC) მედიცინის დოქტორი და კლინიკური კვლევების დირექტორი, 200-ზე მეტი სტატიის, მიმოხილვის და აბსტრაქტის, დიაბეტის შესახებ სამი წიგნის ავტორი და 40-ზე მეტი კლინიკური კვლევის მკვლევარი. ის სიტყვით გამოვიდა 400-ზე მეტ საერთაშორისო პროგრამაზე და მოღვაწეობს რამდენიმე პროფესიულ ორგანიზაციის კომიტეტში.