ჰიპოფიზის დაავადებების მართვის მითითებები COVID-19-ით ავადობისას

ჰიპოფიზის დაავადებების მართვის მითითებები COVID-19-ით ავადობისას

სტატია ქართულ ენაზე თარგმნა: ანანო კაკაბაძე
რედაქტირებულია GAEM-ის სარედაქციო ჯგუფის მიერ: ქეთევან ძაგანია
წყარო: Guidance for pituitary disease management during COVID-19

ახალი მითითებების მიხედვით, ჰიპოფიზის დაავადებების მართვის მხრივ, COVID-19-ის პანდემია მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს ქირურგიულ და თერაპიულ მკურნალობებს შორის არჩევნის გაკეთებისას, კლინიცისტების მიერ უნდა მოხდეს ლოკალური გარემობებისა და საავადმყოფოს რესურსების გათვალისწინება.

ჩვეულებრივ, პიტუიტარული დაავადებების მქონე პაციენტების კლინიკური მართვა მოიცავს მრავალდისციპლინური გუნდის ერთად მუშაობას, მათ მიერ დაავადების დროულ და  კომპლექსურ გამოკვლევასა და მართვას, ჰიპოფიზზე ქირურგიული ჩარევის ჩათვლით, – აღნიშნეს ჟურნალ Pituitary-ში გამოქვეყნებულ მითითებებში მარია ფლესერიუმ (Maria Fleseriu), მედიცინის დოქტორმა (MD), ენდოკრინოლოგიის ამერიკული კოლეჯის (FACE) წევრმა, ორეგონის ჯანმრთელობისა და მეცნიერების უნივერსიტეტის (OHSU) მედიცინის სკოლის მედიცინისა და ნევროლოგიური ქირურგიის პროფესორმა და OHSU-ს პიტუიტარული ცენტრის დირექტორმა და ინტერნაციონალმა კოლეგებმა, ჰიპოფიზის საზოგადოების პროფესიული განათლების კომიტეტთან ერთად. COVID-19-მა აღნიშნულ სერვისებს დიდი დაბრკოლებები შეუქმნა, შეზღუდა წვდომა კლინიკურ ზრუნვაზე, ლაბორატორიულ და რადიოლოგიურ ტესტირებებზე და დრამატულად შეამცირა ტრანსსფენოიდალური ქირურგიული ჩარევის უსაფრთხოდ ჩატარების შესაძლებლობა, აღნიშნავენ მკვლევარები.

„ამ მულტიდისციპლინურ რჩევებზე ევროპელ, სამხრეთ ამერიკელ, დიდ ბრიტანელ და ამერიკელ ოთხ ნეიროქირურგთან და ნეიროენდოკრინილოგთან ერთად მუშაობამ ჩემთვის ნათელი გახადა, რომ ერთი მეთოდი ყველა შემთხვევას არ ერგება და ყველაფერი დამოკიდებულია ადგილობრივ გარემოებებზე, როგორც რეგიონში აქტიური ინფექციის სტატისტიკაზე, ასევე, საავადმყოფოს პერსონალური დამცავი აღჭურვილობის რესურსზე“ – განუცხადა ონლაინ-ჟურნალ Haelio-ს ფლესერიუმ, Endocrine Today-ის სარედაქტორო კომიტეტის წევრმა. „თუმცა, ჰიპოფიზის სიმსივნის ტრანსსფენოიდალური ქირურგიული ოპერაცია, როგორც ჩანს, დაკავშირებულია ჯანდაცვის მუშაკთა ინფიცირების უფრო მაღალ რისკთან; ამგვარად, ოპერაციამდე COVID-19-ზე ტესტირება აუცილებელია. გადაუდებელ ან ვირუსის არსებობასთან დაკავშირებულ საეჭვო შემთხვევებში აუცილებელია ოპერაციის მიმდინარეობისას დამატებითი პირადი დამცველობითი აღჭურვილობა. უფრო მეტიც, ინფექციის ძალიან მაღალი გავრცელების ადგილებში, მოწოდებულია ყველა ისეთი ფუნქციურად აქტიური ჰიპოფიზის სიმსივნის დროებითი თერაპიული მართვა, სადაც არ არის გამოვლენილი მხედველობის დაკარგვა, ისეთ შემთხვევებშიც კი, როდესაც მკურნალობის პირველად მეთოდად, ჩვეულებრივ, მოწოდებულ იქნებოდა ქირურგიული ჩარევა. მსგავსად, შესაძლებელია ფუნქციურად არააქტიური სიმსივნეების მჭიდრო მონიტორინგი და ქირურგიული ჩარევის განხორციელება მხოლოდ მხედველობის დაკარგვის შემთხვევაში.“

დაავადების რისკი და მართვა

კონკრეტულ გეოგრაფიულ არეალში ვირუსის გავრცელების რისკის შემცირდებისას, ფლესერიუ და კოლეგები მხარს უჭერენ ნებისმიერ პიტუიტარულ ოპერაციამდე „აქტივობის ეტაპობრივ, თუმცა მოქნილ ნორმალიზაციას.“

ყველა პაციენტმა, რომელიც იტარებს ჰიპოფიზზე ქირურგიულ ჩარევას, უნდა გაიაროს COVID-19-ის სკრინინგი.

საზოგადოებაში COVID-19-ის აქტივობის გათვალისწინებით, შესაძლოა უმჯობესი იქნას პაციენტთა იზოლაცია 2 კვირამდე ვადით, ტესტირება და გულ-მკერდის რუტინული რენტგენოგრაფია.

COVID-19-ის მქონე პაციენტთათვის, რომელთაც ესაჭიროებათ ქირურგიული ჩარევა, რეკომენდებულია ოპერაციის გადავადება, უკეთეს შემთხვევაში იქამდე, სანამ პაციენტს მოეხსნება სიმპტომები და PCR ტესტის პასუხი იქნება უარყოფითი.

რჩევებში, ასევე, რეკომენდებულია, ჰიპოფიზის დაავადებების სტადიის მიხედვით, პაციენტების დაყოფა „გადაუდებელ, სასწრაფო და არჩევით“ კატეგორიებად იმის აღნიშვნით, რომ პიტუიტარული აპოპლექსიის, მხედველობის მწვავე/მნიშვნელოვანი დაკარგვის ან სხვა შესამჩნევი მასური ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში, ოპერაცია გადაუდებლად უნდა ჩატარდეს. პაციენტები უცნობი დიაგნოზით, ნელა პროგრესირებადი მხედველობის კარგვით ან ფუნქციურად აქტიური სიმსივნით, რომელსაც თან ახლავს აგრესიული კლინიკური გამოვლინებები, შესაძლოა მივაკუთვნოთ „სასწრაფო“ კატეგორიას, ოპერაციული ჩარევის შესახებ გადაწყვეტილება კონკრეტული შემთხვევის მიხედვით უნდა იქნას მიღებული. შემთხვევით აღმოჩენილი და ასიმპტომური სიმსივნეები, ცნობილი როგორც არაფუნქციური ადენომები და ფუნქციური სიმსივნეები, შესაძლოა გადანაწილდეს „არჩევით“ კატეგორიაში, აღნიშნეს მკვლევარებმა.

მედიკამენტოზური  მკურნალობის მითითებები

პიტუიტარული დარღვევების მქონე ბევრი პაციენტი, კუშინგის დაავადებისა და აკრომეგალიის ფონზე არსებული ისეთი თანმხლები დაავადებების გამო, როგორიცაა დიაბეტი, ჰიპერტენზია, სიმსუქნე და ძილის აპნოე, COVID-19-ით ინფიცირებისა და  გართულებების განვითარების უფრო მაღალი რისკის წინაშე დგას – ამბობს ფლესერიუ.

„ვირტუალური ვიზიტები შესაძლებელს ხდის ჰიპოფიზის დაავადებების  მქონე პაციენტთა უმრავლესობის კლინიკურ მართვას. ესენი არიან პიტუიტარულ ცენტრში ვიზიტებით მოსარგებლე პაციენტები, რომელთაც გამოუვლინდათ იშვიათი დაავადებები,“ აღნიშნა ფლესერიუმ. „მაგალითად, ვირტუალური ვიზიტები გვეხმარება, მედიკამენტების დოზების ცვლილების პროცესში და მის შემდგომ, ბიოქიმიური მონაცემების გარეშე  კუშინგის დაავადებისა და აკრომეგალიის მქონე პაციენტების მონიტორინგსა და შეფასებაში, რადგან ლაბორატორიაში ვიზიტი მაღალ რისკთანაა დაკავშირებული.“

ფლესერიუს თქმით, ექთანთან ვიზიტების შემცირების მიზნით, აკრომეგალიის მქონე ზოგიერთი პაციენტისთვის უმჯობესია  ლანრეოტიდის (Somatuline Depot, Ipsen) გაზრდილი დოზის გამოყენება და ინექციებს შორის დროის მეტი ინტერვალი, რაც 6-8 კვირას გულისხმობს.

„აკრომეგალიის გამო კომბინირებულ თერაპიაზე მყოფ პაციენტებთან სომატოსტატინის რეცეპტორის ლიგანდის ინექციებს შორის დროის ინტერვალის გასახანგრძლივებლად, ასევე, გავზარდე პეგვისომანტის (Somavert, Pfizer) დოზაც,“ დასძინა მან.

კუშინგის დაავადებების სამკურნალოდ მედიკამენტების ტიტრაცია რთულ გამოწვევას წარმოადგენს და ეუკორტიზოლემიის მისაღწევად განსაკუთრებულ დამუშავებას მოითხოვს, აღნიშნა ფლესერიუმ.

„ჩანაცვლებით თერაპიაზე მყოფი ადრენალური უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის, ადრენალური კრიზის რისკის შესამცირებლად, ჩვენ ვზრდით გლუკოკორტიკოიდების ჩანაცვლებით დოზას, ასევე, ვრწმუნდებით, რომ პაციენტებს საინექციო გლუკოკორტიკოიდული პრეპარატები სახლში აქვთ“ დასძინა მან.

„ადრენალური კრიზის პრევენციის გასაღებს წარმოადგენს განათლება, განსაკუთრებით, პანდემიის პირობებში“ აღნიშნა ფლესერიუმ. „პროლაქტინომის მქონე პაციენტებთან კაბერგოლინით თერაპიის დაწყებისთვის საჭიროა შესაძლო იმპულსის კონტროლის დარღვევებსა და დეპრესიის შესახებ ინფორმირებულობა, რადგან დეპრესიის საერთო შემთხვევების რაოდენობა პანდემიის დროს მეტია.“

მითითებები შესაძლოა შეიცვალოს

მითითებებში მეცნიერებმა აღნიშნეს, რომ პანდემიის არსებობის სიახლიდან გამომდინარე, აღნიშნული რჩევები საკმარისი ფაქტებით არ არის გამყარებული; რეკომენდებულია მათი ხელახალი გადაფასება განახლებადი მონაცემების ჭრილში. ასევე სავარაუდოა, რომ სხვადასხვა ქვეყანაში მიდგომა განსხვავდება და დამოკიდებულია ვირუსული ინფექციის გავრცელების რისკზე, ადგილობრივი შეზღუდვებსა და ჯანდაცვის სისტემების ინდივიდუალურ შესაძლებლობებზე, აღნიშნეს მათ.

„ბევრი რამ უცნობია, თუმცა, იმედია, ჩვენ მიერ ამჟამად დანერგილი ზოგი ცვლილება,  როგორიცაა პაციენტის პიტუიტარულ ცენტრებში ვიზიტების რაოდენობის შემცირება და ქრონიკული დაავადებების დისტანციურად მართვის შესაძლებლობა, მომავალშიც დარჩება“ დასძინა ფლესერიუმ.

პერსპექტივა

დოქტორმა ფლესერიუმ და მისმა კოლეგებმა Pituitary Society-იდან COVID-19 ინფექციის მიერ შექმნილ ახალ კლინიკურ გამოწვევებში ნავიგაციისათვის პაციენტებისა და მომვლელთათვის ძალიან დროული მითითებები მოგვაწოდეს. პიტუიტარული დარღვევების მქონე პაციენტები სტრესულ სიტუაციებში ყველაზე მოწყვლადნი არიან და მათზე უწყვეტი დაკვირვება – განსაკუთრებით, ადრენალური სტეროიდების დონის შენარჩუნება –  სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. ვინაიდან ჰიპერსეკრეციული ჰიპოფიზის სიმსივნეები იწვევს უარყოფით პერიფერიულ თანმხლებ მოვლენებს, დაუშვებელია ქირურგიული და თერაპიული მკურნალობის დაყოვნება ან გადავადება; შესაბამისი გაფრთხილებები მკაცრად  ხაზგასმულია ზედმიწევნით ზუსტად შემუშავებულ განცხადებაში.

შენიშვნები: მელმედი არ აღნიშნავს რელევანტურ ფინანსურ კავშირს.