- By ქეთევან ძაგანია
- In სიახლეები
ხელოვნურად დამტკბარი სასმელები დაკავშირებულია გულსისხლძარღვთა დაავადებების მომატებულ რისკთან
სტატია ქართულ ენაზე თარგმნა: ნინო გუჯაბიძე
რედაქტირებულია GAEM-ის სარედაქციო ჯგუფის მიერ: ქეთევან ძაგანია
წყარო: Artificially sweetened drinks tied to higher CVD risk
ფართო პროსპექტული კოჰორტული კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, შაქრის შემცველი და ხელოვნურად დამტკბარი სასმელები დაკავშირებულია გულსისხლძარღვთა დაავადებების განვითარების გაზრდილ რისკთან.
თუმცა, ერთ-ერთი ექსპერტის აზრით, ამ კვლევის დიზაინი ვერ ითვალისწინებს კვების რაციონის შემადგენელი (საკვები) შაქრის სხვა წყაროებს.
26 ოქტომბერს Journal of the American College of Cardiology-ში ონლაინ გამოქვეყნებულ სამეცნიერო წერილში ელოი ჩაზელასმა (Eloi Chazelas), სორბონის პარიზის ნორდ უნივერსიტეტის ფილოსოფიის დოქტორის კანდიდატმა, და მისმა კოლეგებმა გაგვიზიარეს NutriNet-Sante-ის იმ კოჰორტული კვლევის შედეგები, რომელშიც ჩართული იყო 105000 სუბიექტი (79% ქალი, საშუალო ასაკი 43 წელი; საშუალო დაკვირვების დრო – 6.6 წელი).
ამ ობზერვაციული ხასიათის კვლევაში, რომლის განხორციელება დაიწყო 2009 წელს, კვებითი რაციონის (დიეტური რეჟიმი) გადმოცემა ხდებოდა თავად სუბიექტების მიერ, ხოლო ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება – მკვლევარების მიერ.
ჩაზელასმა და მისმა კოლეგებმა, 2009-2019 წლებში, კოჰორტაში გამოავლინეს ინსულტის, გარდამავალი იშემიური შეტევის, მიოკარდიუმის ინფარქტის, მწვავე კორონარული სინდრომის და ანგიოპლასტიკის 1379 პირველადი შემთხვევა. დინამიკაში კონტროლის პირველი 3 წლის განმავლობაში გამოვლენილი შემთხვევები ანალიზიდან გამოირიცხა, რათა თავიდან აეცილებინათ პოტენციური საპირისპირო მიზეზობრივი მიკერძოება.
დიეტური, დერმოგრაფიული და ჯანმრთელობის დამაზიანებელი ფაქტორების ფართო სპექტრის კორექტირების შემდეგ მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ შაქრის შემცველი ან ხელოვნურად დამტკბარი სასმელების აქტიურ მომხმარებლებში აღნიშნული მოვლენების განვითარების რისკი 20% და 32%-ით უფრო მაღალია იმ ადამიანებთან შედარებით, ვინც აღნიშნავენ, რომ არ გამოიყენებენ არცერთი ტიპის სასმელს. (სარისკო თანაფარდობა [HR], 1.20; 95% Cl, 1.04-1.40; P მიდრეკილება <.0009 და HR, 1.32; 95% Cl, 1.00-1.73; P მიდრეკილება <.03).
შაქრის შემცველი სასმელები, მათ შორის – ნატურალური ხილის წვენები, შეიცავს 5% ან მეტ შაქარს. კვლევაში ამ სასმელების ჭარბად მომხმარებლები დღეში იღებდნენ, საშუალოდ, 185 მლ შაქრის შემცველ სასმელს ან 176 მლ ხელოვნურად დამტკბარ სასმელს. ბუნებრივი არაკალორიული დამატკბობელი, როგორიცაა სტევია, შედის ხელოვნური დამატკბობლების ჯგუფში.
ჩაზელასისა და მისი კოლეგების მიერ ანალიზში დაწერილი დასკვნები ამყარებს მტკიცებულებას, რომ ხელოვნურად დამტკბარი სასმელები „შესაძლოა არ წარმოადგენდეს შაქრის შემცველი სასმელების ჯანსაღ შემცვლელს“. მიუხედავად იმისა, რომ კვლევის თანახმად, ხელოვნური დამატკბობლები იწვევს გლუკოზის აუტანლობას, ნაწლავის მიკროფლორის დარღვევის გზით, მკვლევარები აღნიშნავენ, რომ გულსისხლძარღვთა დაავადებების რისკის გაზრდის მექანიზმის გასაგებად, საჭიროა მეტი და უფრო დიდი კვლევების ჩატარება.
რობერტ ა. ვოგელმა (Robert A. Vogel), კოლორადოს დენვერის უნივერსიტეტის MD-მა, მკვლევარებს შედეგების ინტერპრეტირებისას სიფრთხილისკენ მოუწოდა. ინტერვიუში ვოგელმა, პრევენციული კარდიოლოგიის სპეციალისტმა აღნიშნა, რომ ყურადღებით კონტროლირებული გამოკვლევის გარეშე „აშკარად რთულია“ იმის შეფასება, თუ როგორ მოქმედებს საკვები ან საკვების ჯგუფი ორგანიზმზე. არსებობს მცირე რაოდენობის რანდომიზებული კვლევა, რომელიც ადარებს ერთმანეთს ხელოვნურად დამტკბარი და შაქრის შემცველი სასმელების გავლენას ჯანმრთელობაზე; მათ შორისაა 2012 წელს ბავშვებში ჩატარებული კვლევა , რომელის საფუძველზე დადგინდა, რომ დიეტური სასმელები დაკავშირებულია სხეულის ცხიმის შემცირებასთან – ეს დადებითი მაჩვენებელია გულის ჯანმრთელობისთვის.
ზრდასრულების ობზერვაციულ კვლევაში ჩართვით, საქმე გაცილებით მარტივად ირევა, აღნიშნა ვოგელმა, „სუბიექტები თავად ამბობენ, რომ არ მოიხმარენ შაქრის შემცველ ან დამტკბარ სასმელებს. თუმცა კიდევ რას იყენებენ კვების რაციონში? შეიძლება ისინი მიირთმევენ დესერტებს და ამ გზით მოიხმარენ შაქარს. სცადეთ არ დაიბნეთ, ყველა ფაქტორის მრავალმხრივი კორექტირება ძალიან რთულია.“
გარდა ამისა, ვოგელმა აღნიშნა, რომ მკვლევარები არ ცდილობდნენ განესხვავებინათ რომელ დამატკბობელს გამოიყენებდნენ. „სტევია, საქარინი, სუკრალოზა – ნაკლებად სავარაუდოა, რომ თითოეულ აგენტს ერთი და იგივე გავლენა აქვს ნაწლავის მიკროფლორაზე.“
2019 წელს, ჩაზელასის ხელმძღვანელობით მკვლევარებმა, შაქრის შემცველი და ხელოვნურად დამტკბარი სასმელების მაღალი დოზით მომხმარებელი 107.000 პაციენტისგან შემდგარ კოჰორტაში შეისწავლეს კიბოს რისკი და განაცხადეს, რომ შაქრის შემცველი სასმელები მნიშვნელოვნად უკავშირდება საერთო კიბოს რისკს. მათ ვერ დააფიქსირეს მსგავსი ასოციაცია ხელოვნურად დამტკბარი სასმელებთან მიმართებაში.
NutriNet-Sante-ის კვლევას აფინანსებს საფრანგეთის მთავრობა, ხოლო მკვლევარებს კომერციული სუბიექტებისგან ფინანსური მხარდაჭერა არ მიუღიათ. ვოგელმა მიიღო კვლევის მხარდაჭერა Sanofi-ისგან და მოხსენებების საფასური Regeneron-სგან. J Am Coll Cardiol. 2020;76(18):2175-77. სრული ტექსტი.