- By ქეთევან ძაგანია
- In სიახლეები
წყალში ხსნადი D ვიტამინი: მალაბსორბციის მქონე პაციენტების სამკურნალოდ უმჯობესია?
სტატია ქართულ ენაზე თარგმნა ენდოკრინოლოგმა: სალომე კუბლაშვილი
რედაქტირებულია GAEM-ის სარედაქციო ჯგუფის მიერ: ქეთევან ძაგანია
წყარო: Water-Soluble Vitamin D: Better for Those With Malabsorption?
ახალი კვლევის თანახმად, D3 ვიტამინის ახალი პერორალური ფორმულაცია – კალციფედიოლი (25-ჰიდროქსივიტამინ D3, 25(OH)D3) – სხვადასხვა მიზეზის გამო, უკეთ შეიწოვება სიმსუქნის, ან ნაწლავური მალაბსორბციის მქონე პაციენტების ორგანიზმის მიერ, რაც აღნიშნულ მედიკამენტს, სტანდარტულ D3 ვიტამინთან შედარებით, ბევრად ეფექტურს ხდის მსგავს ინდივიდებში D ვიტამინის დეფიციტის სამკურნალოდ.
„საქმე არ მდგომარეობს იმაში, რომ სიმსუქნით დაავადებული ადამიანების ორგანიზმში არ ხდება D ვიტამინის შეწოვა, არამედ იმაში, რომ D3 ვიტამინი არის ცხიმში ხსნადი და მისი ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ, ის გადადის ცხიმოვან ქსოვილში, საიდანაც აღარ ხდება მისი გამოთავისუფლება,“ Medscape Medical News-ს განუცხადა წამყვანმა ავტორმა, მაიკლ ჰოლიკმა (Michael Holick), მედიცინის დოქტორმა, ფილოსოფიის დოქტორმა, ბოსტონის სამედიცინო სკოლის მედიცინის, ფიზიოლოგიისა და ბიოფიზიკის პროფესორმა (მასაჩუსეტსი).
მიუხედავად იმისა, რომ მალაბსორბციის პრობლემის მქონე პაციენტების ორგანიზმს უბრალოდ არ შეუძლია შეიწოვოს საკმარისი D ვიტამინი ისევე, როგორც ცხიმში ხსნადი სხვა საკვები ნივთიერებები, ,,ახალი 25(OH)D3 ფორმულა არის მეტად წყალში ხსნადი, ამგვარად ის პირდაპირ შეიწოვება ნაწლავებიდან სისხლში, შედეგად, ის თანაბრად კარგად მუშაობს სიმსუქნისა თუ მალაბსორბციის დროს,’’ დასძინა მან.
მცირე საპილოტე კვლევა 19 მაისს გამოქვეყნდა ონლაინ American Journal of Clinical Nutrition-ში.
ფარმაკოკინეტიკის შედარება
პერორალური 25(OH)D3-ისა და D3 ვიტამინის ფარმაკოკინეტიკა შეადარეს 10 ჯანმრთელ მონაწილესა და 6 მალაბსორბციის მქონე პაციენტში. ყველა მათგანს მიეცა 900 მკგ 25(OH)D3, ან D3 ვიტამინი, რასაც მოყვა ფარმაკოკინეტიკური კვლევა.
ნაწლავის მალაბსორბციის მქონე პაციენტებიდან 4-ს ჰქონდა ჩატარებული კუჭის შუნტირება, რითაც D ვიტამინის დეფიციტის განვითარების განსაკუთრებით მაღალი რისკის ქვეშ იდგნენ. სისხლის ნიმუშებში განისაზღვრა შრატის D3 ვიტამინისა და 25(OH)D3-ის შემცველობა საწყის ეტაპზე და შემდეგ მედიკამენტების მიღებიდან 2, 4, 6, 8 და 12 საათში კვლევის 1-ელ, მე-2, მე-3, მე-7 და მე-14 დღეებში.
14 დღიანი გაწმენდის პერიოდის შემდეგ – პირველი დოზიდან 28-ე დღეს – თითოეულ მონაწილეს მიეცა 900 მკგ D3 ვიტამინი, ან 900 მკგ 25(OH)D3, იმის მიხედვით, თუ რომელი მედიკამენტი მიიღეს თავდაპირველად. ამის შემდეგ ჩატარდა კიდევ ერთი ფარმაკოკინეტიკური კვლევა. (მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ 900 მკგ წარმოადგენს D3 ვიტამინის 36,000 სე-ს ექვივალენტს, ამიტომ ეს იყო მნიშვნელოვანი დოზა, აღნიშნა ჰოლიკმა).
ფარმაკოკინეტიკური კვლევების შედეგებმა აჩვენა, რომ ჯანმრთელ მონაწილეებს ჰქონდათ D3 ვიტამინის მრუდის ქვემოთ, დაახლოებით, 2.8-ჯერ უფრო მაღალი ფართობი (AUC) და 2.2-ჯერ მაღალი პლაზმის მაქსიმალური კონცენტრაცია (Cmax), ვიდრე ნაწლავური მალაბსორბციის მქონე პაციენტებს (ორივე P<.05).
„ამრიგად, მალაბსორბციის მქონე პაციენტებს ჰქონდათ დაახლოებით 64%-ით დაბალი AUC ვიდრე ჯანმრთელ მონაწილეებს,“ ხაზი გაუსვეს ჰოლიკმა და კოლეგებმა.
შემდგომ მოხდა 10 ჯანმრთელი მონაწილეს დაყოფა ორ ჯგუფად, ვისი საშუალო სხეულის მასის ინდექსი (BMI) წარმოადგენდა 31.4 კგ/მ2-ს, ან 22.5 კგ/მ2-ს; თითოეულ ჯგუფში იყო 5 მონაწილე. ფარმაკოკინეტიკურმა კვლევამ აჩვენა, რომ უფრო მაღალი სმი-ს მქონე ჯგუფის მონაწილეებს ჰქონდათ 53%-ით დაბალი AUC, ნაკლები სმი-ს მქონე ჯგუფთან შედარებით (P<.05).
„უფრო მეტიც, 900 მკგ 25(OH)D3-ისა და 900 მკგ D3 ვიტამინის პერორალური მიღების შემდეგ, შრატში 25(OH)D3-მა მიაღწია მაქსიმალურ კონცენტრაციას უფრო მალე, ვიდრე D3 ვიტამინმა,“ აღნიშნეს მათ.
„ჩვენი შედეგების საფუძველზე, შეიძლება დავასკვნათ, რომ 25(OH)D3-ის პერ ორალურად მიღება შესაძლოა იყოს უფრო ეფექტური არჩევანი D ვიტამინის დეფიციტის მკურნალობისა და პრევენციისთვის სიმსუქნისა და მალაბსორბციის მქონე პაციენტებში,“ დაასკვნეს მათ.
25(OH)D3-ის გამოყენება არის ახალი მიდგომა; ვიმედოვნებთ ურეცეპტოდ გამოყენების უფლების სწრაფ დამტკიცებას
ჰოლიკი იმედოვნებს, რომ აშშ-ს სურსათისა და წამლის ადმინისტრაცია უახლოეს მომავალში დაამტკიცებს ახალ 25(OH)D3-ის ფორმულას ურეცეპტოდ გამოყენებისთვის. საპილოტე კვლევაში გამოყენებული პროდუქტი მოწოდებულია Carbogen Amcis-ის მიერ.
„25(OH)D3 შეიძლება იყოს ახალი მიდგომა ცხიმის მალაბსორბციის მქონე პაციენტებში D ვიტამინის დეფიციტის სამკურნალოდ,“ ასევე, სიმსუქნის მქონე პაციენტებში, დაამატა მან.
კვლევის კომენტირებისას ვინ ტანგფრიჩამ (Vin Tangphricha), მედიცინის დოქტორმა, ემორის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის მედიცინის პროფესორმა (ატლანტა, ჯორჯია) დაადასტურა, რომ D ვიტამინის დეფიციტი ხშირია სიმსუქნისა და მალაბსორბციის მქონე პაციენტებში და აღნიშნა, რომ მათთვის საჭიროა, ჯანსაღი წონის მქონე მოზრდილებისთვის რეკომენდებულთან შედარებით, 2-3-ჯერ მეტი სტანდარტული D ვიტამინის მიღება.
„ამ პაციენტებს უჭირთ D ვიტამინის ადეკვატური სტატუსის შენარჩუნება,“ განაცხადა მან Medscape Medical News-თან საუბრისას.
მსგავს რთულ პაციენტებთან, D2 და D3 ვიტამინებისგან განსხვავებით, 25(OH)D3-ის, როგორც დანამატის გამოყენება, არის უახლესი მიდგომა,’’ დასძინა მან.
ჰოლიკმა ადრე Medscape Medical News-თან განაცხადა, რომ პაციენტები, რომლებსაც აქვთ D ვიტამინის საკმარისი დონე სისხლში, ნაკლებად ინფიცირდებიან COVID-19-ით, იშვიათად უვითარდებათ დაავადების მძიმე ფორმა, ან იღუპებიან მისგან.
ჰოლიკი და კოლეგები, ამჟამად, გამოსაქვეყნებლად ამზადებენ კვლევას, რომელში მონაწილე COVID-19-ით ინფიცირებულმა პაციენტებმა მიიღეს ახალი 25(OH)D3.
კვლევა დაფინანსდა Carbogen Amcis-ის გრანტით, რომელიც აწარმოებს კალციფედიოლს. ჰოლიკმა განაცხადა, რომ იყო Quest Diagnostics-ის ყოფილი კონსულტანტი და რჩება Ontometrics-ისა და Biogena-ს კონსულტანტად. მან ასევე აღნიშნა, რომ იღებდა სპიკერის ჰონორარს და რომ არის Carbogen Amcis-ის მეწილე.
ტანგპრიჩა არის ენდოკრინული საქმიანობის მთავარი რედაქტორი.