შეიძლება მონა ლიზას ღიმილი ჰიპოთირეოზით აიხსნას?
მონა ლიზას უცხო და მისტიკური გარეგნობა შესაძლოა ჰიპოთირეოზის ბრალი იყოს. ამ იდეას საფუძვლად უდევს ორი ექსპერტის დაკვირვება, არამხოლოდ ვიზუალურ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, არამედ ინ პერიოდის ბუნებრივი ისტორიისა და კვებითი მახასიათებლებიდან გამომდინარე.
მანდიპ ერ მეჰრა MD, ბრაიჰემის ქალთა ჰოსპიტლიდან და ბოსტონის, მასაჩუსეტსის ჰარვარდის სამედიცინო სკოლიდან, და ჰილარი ერ კემპბელი, სანტა ბარბარას კალიფორნიის უნივერსიტეტიდან, Mayo Clinic Proceedings-ის სექტემბრის ნომერში გამოქვეყნებულ სტატიაში აცხადებენ, რომ შესაძლოა მონალიზას ჰიპოთირეოზი განვითარებულიყო ორსულობის შემდგომ.
ლიზა გერარდინის პორტრეტზე, რომელიც მისმა ქმარმა ფრანჩესკო დელ ჯოკონდომ შეუკვეთა, შვილის, ანდრეას დაბადების შემდეგ 1502 წელს, ქალს აღენიშნება ჰიპოთირეოზის მრავალი ნიშანი, მისი ცნობილი ღიმილის ჩათვლით.
,,ჩვენ გვჯერა, რომ მონალიზას საიდუმლოს ამოხსნა შესაძლებელია მარტივი, ჰიპოთირეოზთან დაკავშირებული სამედინიცო დიაგნოზით, რომელიც შესაძლოა მშობიარობის შემდგომი (postpartum) თირეოიდიტის შედეგი იყოს, რაც გამოწვეული იყო რენესანსის პერიოდის საცხოვრებელი პირობებით,’’ წერენ მეჰრა და კემპბელი.
,,შეიძლება ითქვას, რომ დაავადების ნაკლოვანებების უცნაური მიმზიდველობა ანიჭებს ხელოვნების ამ შედევრს მისტიკურ რეალურობასა და მომხიბვლელობას,’’ ამბობენ ისინი.
ჰქონდა მონალიზას ჰიპერლიპიდემია? უფრო სავარაუდოა, რომ ეს ჰიპოთირეოზი იყო
პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ეს ძლიერ დეტალიზებული, თუმცა მისტიკური პორტრეტი სამედიცინო ანალიზის საგანი ხდება. 2004 წელს, რევმატოლოგებისა და ენდოკრინოლოგების გუნდმა ივარაუდა, რომ მონა ლიზას მარცხენა ზედა ქუთუთოზე აღენიშნებოდა კანის დაზიანება, რაც მიუთითებდა ქსანთელაზმების არსებობაზე და მარჯვენა ხელის ზურგზე შეშუპება კანქვეშა ლიპომის მაჩვენებელი იყო. შედეგად მათ დაასკვენეს, რომ შესაძლოა ქალი დაავადებული იყო ოჯახური ჰიპერლიპიდემიითა და ნაადრევი ათეროსკლეროზით, რომელმაც სავარაუდოდ გამოიწვია მისი სიკვდილი.
მეტიც, ავტორები ასევე აღნიშნავდნენ, რომ მონა ლიზას მისტიკური ღიმილი შესაძლოა ბელის დამბლის შედეგი ყოფილიყო.
თუმცა, უკანასკნელი გამოკვლევების საფუძველზე მეჰრა და კემპბელი ამბობენ, რომ თუნდაც მონალიზას ჰქონოდა ჰიპერლიპიდემია, ეს უკანასკნელი არ იქნებოდა გამოწვეული ოჯახური ან გენეტიკური მიზეზით, რადგან ამის დამამტკიცებელი საბუთები არასაკმარისია.
ასევე ცნობილია, რომ გერარდინიმ იცოცხლა 63 წლამდე. ,, შეუძლებელი თუ არა, ნაკლებსავარაუდო მაინცაა, რომ მას ასეთ ასაკამდე მიეღწია გენეტიკურად განპირობებული ჰიპერლიპიდემიის საფუძველზე აღმოცენებული, განუკურნებელი ნაადრევი ათეოსკლეროზით,’’ დაასკვნეს მათ. სანაცვლოდ, მეჰრა და კემპბელი გვთავაზობენ კლინიკური ჰიპოთირეოზის ,,უფრო ერთიან’’ დიაგნოზს.
ისინი ყურადღებას ამახვილებენ მონა ლიზას მოყვითალო კანზე, რომელიც შესაძლოა იყოს ღვიძლის მიერ კაროტინის A ვიტამინად შემცირებული გარდაქმნის შედეგი, და მის გათხელებულ თმაზე.
,,მის ფერმკრთალ კანზე წარბების ან სხვა თმის სრული არარსებობა მიუთითებს დიაგნოზის სავარაუდო სისწორეზე, და გვერდზე ჩამოშლილი თმაც უხეშად გამოიყურება,’’ ამბობენ ისინი.
მეჰრას და კემპბელს ასევე სჯერათ, რომ კარგად დათვალიერების შემთხვევაში აღმოვაჩენთ, რომ გერარდინის კისერი ,,მიანიშნებს დიფუზური გაფართოების არსებობაზე – ჩიყვზე.’’
ისინი ამბობენ, რომ ჰიპოთირეოზის მქონე პირებს ხშირად აღენიშნებათ სისტემური მეტაბოლური დისლიპიდემია, რომლითაც შესაძლოა აიხსნას 2004 წლის სტატიაში შემოთავაზებული იდეა მონალიზას დისლიპიდემიის შესახებ.
,,ამ პირობებში, თუ ლიზა გერარდინი ნამდვილად იტანჯებოდა მძიმე ჰიპოთირეოზით ან მისი შედეგებით, მისი მისტიკური ღიმილი შეიძლება მიუთითებდეს გარკვეული სახის ფსიქომოტორულ რეტარდაციასა და კუნთების სისუსტეზე, რასაც მოჰყვებოდა არასრულად ფორმირებული ღიმილი,’’ ამბობენ მეჰრა და კემპბელი.
იმ პერიოდში საკმაოდ გავრცელებული იყო იოდის დეფიციტი ცუდი კვების პირობების გამო
ისინი ასევე აღნიშნავენ, რომ რენესანსის პერიოდის იტალიაში არსებული კვებითი მახასიათებლები ხელს უწყობს ჰიპოთირეოზის თეორიას, რადგან მაშინ ადამიანები ძირითადად იმყოფებოდნენ ვეგეტარიანულ კვებაზე, რომელიც ძირითადად შედგებოდა მარცველულის, ბოსტნეულისა და პარკოსნებისგან.
მეტიც, 1375 და 1791 წლებს შორის მხოლოდ 16 სრული მოსავალი აიღეს, რაც ნიშნავს, რომ ამ რეგიონში დიეტა ხშირად იოდდეფიციტური იყო. შესაბამისად, არაა გასაკვირი, რომ რენესანსის პერიოდის იტალიურ ნახატებში საკმაოდ ხშირია ჩიყვის ნიშნები და ეს უკანასკნელი ყველაზე გავრცელებული მდგომარეობაა ბიზანტიურ ხელოვნებაშიც. და რადგანაც გერარდინი პორტრეტისათვის მშობიარობის შემდეგ მალევე პოზირებდა, მეჰრა და კემპბელი ფიქრობენ, რომ მას მართლაც აღენიშნებოდა “მშობიარობის შემდგომი (postpartum) თირეოიდიტის სუბკლინიკური გამოვლინება,’’ რამაც საბოლოოდ მიიყვანა ჰიპოთირეოზამდე.
თუმცა ისინი ასევე აღნიშნავენ, რომ სახის და სხეულის თმის არარსებობა შესაძლოა განზრახ დეპილაციის შედეგი იყოს, ხოლო კანის მოყვითალო შეფერილობა საღებავის პიგმენტების დაძველების.
ბოლოს, ისინი გვთავაზობენ ალტერნატიულ ახსნას: მისტიკური ღიმილი შეიძლება ლეონადროს ქმნილება იყოს, მხატვრობის ახალი ტექნიკის მცდელობის შედეგი.
სტატია ქართულ ენაზე თარგმნა რეზიდენტმა ენდოკრინოლოგმა ნუკა ჭელიძემ
საქართველოს ენდოკრინოლოგიისა და მეტაბოლიზმის ასოციაცია
წყარო: Does Hypothyroidism Explain Mona Lisa’s Smile? – Medscape – Sep 24, 2018