შაკიკი უფრო ხშირია ქალებში, მაგრამ რატომ?
შაკიკი არ არის ჩვეულებრივი თავის ტკივილი; ეს არის უკიდურესად ძლიერი თავის ტკივილი, რომელსაც შესაძლოა თან ახლდეს გულისრევა, მხედველობის დაბინდვა ან გარკვეული სუნის, სინათლისა და ხმაურის აუტანლობა. შაკიკის შეტევები არის დამაძაბუნებელი და მნიშვნელოვნად აქვეითებს პაციენტის ცხოვრების ხარისხს. აღსანიშნავია, რომ შაკიკი უხშირესად უვითარდებათ ქალებს. მეცნიერები დაინტერესდენენ თუ რატომ ჭარბობს შაკიკი ქალებში მამაკაცებთან შედარებით. მეცნიერები მიგელ ჰერნანდეზის უნივერსიტეტში (ელჩი, ესპანეთი) ფიქრობენ, რომ ამ შეკითხვაზე პასუხი იმალება სასქესო ჰორმონებში.
“ჩვენ აღმოვაჩინეთ მნიშვნელოვანი განსხვავება ჩვენს ექსპერიმენტულ მოდელებში, სადაც ვაკვირდებოდით შაკიკის მექანიზმს მამაკაცებსა და ქალებში, იმისათვის რომ უკეთ გაგვეგო ის მოლეკულური საფუძვლები, რომელიც განაპირობებს ამ სხვაობას.» ამბობს პროფესორი ანტონიო ფერერ მონტიელი.
ტრიგემინო-ვასკულარული სისტემა შექმნილია ნეირონებისაგან, რომლებიც მოთავსებულია კრანიულ ნერვებში, ცნობილი როგორც ტრიგემინო-ვასკულარული ნერვი. მკვლევარები მიიჩნევენ, რომ სწორედ ეს სისტემა არის ჩართული შაკიკის მექანიზმში.
ახალი კვლევის მიხედვით, პროფესორი ანტონიო ფერერ მონტიელი და მისი გუნდი ეჭვობს, რომ ქალისა და კაცის სასქესო ჰორმონები განსხვავებულ გავლენას ახდენენ ტრიგემინალურ სისტემაზე და აქედან გამომდინარეა, რომ ქალბატონები უფრო მეტად მიდრეკილები არიან შაკიკის მიმართ. ეს აღმოჩენა დაიბეჭდა ჟურნალ «Frontiers in Molecular Biosciences», როგორც ნაწილი ერთი დიდი თემისა, თუ რა მნიშვნელოვანია დაავადების სამიზნე ცილებისა და პათოგენეზის მექანიზმების აღმოჩენა ეფექტური მკურნალობისთვის. პროფესორი ფერერ მონტიელი და მისი კოლეგები იმედოვნებენ, რომ მომავალში მათი აღმოჩენა იქნება გზამკვლევი უკეთესი და უფრო ინდივიდუალური მიდგომისა შაკიკის მკურნალობაში.
პასუხი ესტროგენებშია?
მკვლევარებმა გაანალიზეს არსებული და ახალი კვლევები, რომლებიც სწავლობდნენ სასქესო ჰორმონების გავლენას შაკიკის პათოგენეზზე. მალევე, მათ აღმოაჩინეს, რომ გარკვეული სასქესო ჰორმონები, მაგ., ტესტოსტერონი (მამაკაცის სასქესო ჰორმონი) თამაშობს დამცველობით როლს. მაშინ როცა სხვა ჰორმონები, მაგ., პროლაქტინი აძლიერებს ტკივილის ინტენსივობას შაკიკის დროს. მეცნიერების განმარტებით, ზოგიერთი სასქესო ჰორმონი ზრდის შაკიკის ტრიგერების მიმართ უჯრედების მგრძნობელობას და ზოგიერთი კი იწვევს მგრძნობელობის დაქვეითებას. უჯრედების მგრძნობელობის შეცვლა შაკიკის ტრიგერის მიმართ ჰორმონების მიერ ხდება უჯრედულ იონურ არხებზე მოქმედებით. იონური არხები წარმოადგენს მემბრანულ ცილებს, რომლებიც საშუალებას აძლევენ იონებს (დამუხტულ ნაწილაკებს), რომ გაიარონ უჯრედის მემბრანაში და გავლენას ახდენენ უჯრედების მგრძნობელობაზე სხვადასხვა სტიმულის მიმართ. ახალი კვლევის მიხედვით, პროფესორმა ფერერ-მონტიელმა და მისმა გუნდმა აღმოაჩინდეს, რომ ჰორმონი ესტროგენი მთავარ როლს თამაშობს შაკიკის განვითარების მექანიზმში. თავდაპირველად, გუნდმა შეამჩნია, რომ შაკიკი უფრო ხშირია ფერტილური ასაკის ქალბატონებში. უფრო მეტიც, მათ შენიშნეს, რომ შაკიკის გარკვეული ტიპი დაკავშირებული იყო მენსტრუაციის დროს განვითარებულ ჰორმონულ ცვლილებებთან. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, პროფესორმა ფერერ მონტიელმა და მისმა კოლეგებმა შენიშნეს, რომ ესტროგენების დონის ცვლილების საპასუხოდ სამწვერა ნერვის უჯრედები შესაძლოა გახდნენ უფრო მგრძნობიარე გარეგანი სტიმულის მიმართ, რამაც «ჩართოს» შაკიკის შეტევა. მათი თქმით, ამ კვლევაზე დაყრდნობით საბოლოო დასკვნების გამოტანა ნაადრევია, ეს არის წინასწარი პატარა კვლევა და ბევრად დიდი და ფართომასშტაბიანი კვლევებია საჭირო, რომ გავიგოთ ჰორმონების როლი შაკიკის განვითარების პათოგენეზში. თუკი მიღებული მონაცემები დადასტურდა ადამიანებზე ჩატარებული ფართომასშტაბიანი კვლევებით, მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ეს ხელს შეუწყობს უკეთესი მკრუნალობის სტრატეგიების დაგეგმვას შაკიკის თავიდან ასარიდებლად.
«თუკი წარმატებას მივაღწიეთ, ჩვენი აღმოჩენა ხელს შეუწყობს პერსონალიზირებულ მკურნალობის მიდგომებს შაკიკის მკურნალობაში» – ამბობს პროფეროსი ფერერ ფონტიელი.
სტატია ქართულ ენაზე მოამზადა ენდოკრინოლოგმა ნათია ვაშაყმაძემ