- By ქეთევან ძაგანია
- In სიახლეები
ღვიძლის ფერმენტებისა და სტეატოზის გაუმჯობესებასთან დაკავშირებული დიაბეტის საწინააღმდეგო ახალი წამლები
სტატია ქართულ ენაზე თარგმნა ენდოკრინოლოგმა: მედეა წერეთელი
რედაქტირებულია GAEM-ის სარედაქციო ჯგუფის მიერ: ნუკა ჭელიძე, ქეთევან ძაგანია
წყარო: Newer Antidiabetic Drugs Linked to Improved Liver Enzymes, Steatosis
ადრეული მტკიცებულება გვამცნობს, რომ დიაბეტის სამკურნალო, შედარებით ახალ წამლებს, როგორიცაა პიოგლიტაზონი, შესაძლოა გააჩნდეს ღვიძლის ფერმენტების და ღვიძლის სტეატოზის გაუმჯობესების უნარი და სასარგებლო იყოს ღვიძლის არაალკოჰოლური ცხიმოვანი დაავადების (NAFLD) სამკურნალოდ, აცხადებენ მეცნიერები.
„NAFLD-ის გავრცელების სიხშირე მატულობს ეპიდემიური პროპორციით, რაც, სავარაუდოდ, განპირობებულია სიმსუქნისა და შაქრიანი დიაბეტი, ტიპი 2-ის შემთხვევების ზრდით,“ Reuters Health-ს ელ. ფოსტით აცნობა ჯანდაცვის მეცნიერებათა დოუს უნივერსიტეტის დოქტორმა ჯეი კუმარმა (Jai Kumar) (კარაჩი, პაკისტანი). „ჩვენ დავადგინეთ, რომ დიაბეტის საწინააღმდეგო ახალი საშუალებები (განსაკუთრებით, SGLT2 ინჰიბიტორები და GLP-1 აგონისტები) შესაძლოა ამცირებდეს ღვიძლის ფერმენტებსა და სტეატოზს.“
ამის მიუხედავად, მან შენიშნა: „ჩვენი შედეგები უნდა იქნას განხილული, როგორც კვლევითი და არა საბოლოო. პირველ რიგში, აღმოჩენები მიღებულია კვლევის, მხოლოდ, სამკურნალო ჯგუფის ანალიზით და მეორეც – მიმდინარე (ამჟამინდელი) მტკიცებულება მომდინარეობს პაციენტთა მხოლოდ მცირე რაოდენობიდან.“
„თუმცაღა, ჩვენმა აღმოჩენებმა უნდა წაახალისოს შემდგომი კვლევები,“ დასძინა მან. „ისინი აჩვენებს, რომ ფართომასშტაბიანი, რანდომული, კონტროლირებული კვლევების ჩატარებას შეიძლება გააჩნდეს პოტენციური ღირებულება ამ წამლების ზემოქმედების შესაფასებლად ღვიძლის ფუნქციასა და ჰისტოლოგიაზე, NAFLD-ის მქონე პაციენტებში.“
როგორც აღწერილია „საჭმლის მომნელებელი სისტემისა და ღვიძლის დაავადებებში“, 2020 წლის მაისში მეცნიერებმა მოიძიეს არსებული ლიტერატურა რანდომული კლინიკური კვლევების საპოვნელად, რომლებშიც შეფასებული იქნებოდა პიოგლიტაზონის, გლუკაგონის მსგავსი პეპტიდ-1-ის (GLP-1) აგონისტების, ნატრიუმ-გლუკოზას თანატრანსპორტერი-2 (SGLT2)-ის ინჰიბიტორების და დიპეპტიდილ-პეპტიდაზა-4 (DPP4) ინჰიბიტორების ეფექტიანობა NAFLD-ის მკურნალობაში.
შედეგები გამოხატულია, როგორც შეწონილი საშუალო სხვაობა (WMD), ან სტანდარტული საშუალო სხვაობა (SMD).
26 კვლევა, რომელიც მოიცავდა NAFDL-ით დაავადებულ 946 პაციენტს, ჩართული იქნა ცალმხრივ მეტა-ანალიზში. ოთხივე წამლის შემთხვევაში დაფიქსირდა ALT-ის დონის დაქვეითება: პიოგლიტაზონთან (WMD – 38.41), SGLT2 ინჰიბიტორებთან (WMD – 16.17), GLP-1 აგონისტებთან (WMD-27.98, p=0.04) და DPP-4 ინჰიბიტორებთან (WMD – 7.41).
პიოგლიტაზონმა (SMD -1.01) და GLP-1 აგონისტებმა (SMD -2.53), ასევე, აჩვენა ღვიძლის სტეატოზის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება, ხოლო SGLT2 ინჰიბიტორებისა (SMD -4.64) და DPP-4 ინჰიბიტორების (SMD-2.49) შემთხვევაში აღინიშნა უმნიშვნელო გაუმჯობესება.
შაქრიანი დიაბეტი, ტიპი 2-ის, არა-დიაბეტიანი და არაალკოჰოლური სტეატოჰეპატიტის (NASH) მქონე პაციენტებზე ჩატარებული კვლევების ქვეჯგუფის ანალიზმა აჩვენა გარკვეული განსხვავება წამლებს შორის, თუმცა არ მოგვცა საბოლოო შედეგები.
ავტორთა აზრით, კვლევის შემზღუდველი ფაქტორებია დიაბეტის საწინააღმდეგო სხვა წამლების თანადროული გამოყენებით გამოწვეული შესაძლო გაურკვევლობა, ფართო ნდობის ინტერვალები და მაღალი ჰეტეროგენურობა.
ამონ ასგარპურმა (Amon Asghapour), იკანის მედიცინის სკოლის ღვიძლის დაავადების განყოფილების (მაუნთ სინაი, ნიუ იორკი) მედიცინის ასისტენტ პროფესორმა, განუცხადა Reuters Health-ს, „ახლანდელმა მარეგულირებელმა გარემომ, NASH-ის მქონე პაციენტთა სამკურნალო წამლის განვითარებისას, რელევანტური გახადა ორი საბოლოო: 1) NASH-ის მოწესრიგება და/ან 2) ფიბროზის რეგრესი.’’
„მაშინ, როცა ბევრი (საკვლევი) ნაერთი უზრუნველყოფს ისეთი ბიოქიმიური პარამეტრების დონის კლებას, როგორიცაა ALT, AST და ა.შ., მხოლოდ ამ გაუმჯობესებების საფუძველზე ვერ ვიმსჯელებთ მათ სარგებლიანობაზე NASH-ის შემთხვევაში, და ეს შედეგები პირდაპირ კორელაციაში არ არის საბოლოო მიზნებთან,“ დაწერა მან. „გარდა ამისა, მხოლოდ სტეატოზის დაქვეითება, საკმარისი არ არის NASH-ის მოსაწესრიგებლად.“
„პიოგლიტიზონმა აჩვენა სარგებელი ფიბროზის რეგრესის მხრივ,“ შენიშნა მან. „თუმცა, ამასთან დაკავშირებული წონის მატება ბევრი მწარმოებლისთვის უკან დახევის მიზეზია.“
პიტერ გულდენმა (Peter Goulden), ენდოკრინოლოგიის სამედიცინო დირექტორმა (მაუნთ სინაი, ნიუ იორკი), ასევე, გააკეთა კომენტარი ელ. ფოსტით Reuters Health-სთან. „რამდენადაც პაციენტები ამ კვლევებისას მიიღებენ დიაბეტის სამკურნალო რამდენიმე საშუალებას, ამან შესაძლოა გაართულოს ანალიზი. (ასევე), ცხოვრების წესის ცვლილებებს, რომლებიც გამიზნულია წონის კლებისკენ, საკმაოდ მკვეთრი გავლენა აქვს ღვიძლის ცხიმოვან დაავადებაზე და ეს მესიჯი ჯერ კიდევ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ეს ზომები შესაძლოა უფრო ხარჯ ეფექტური იყოს, ვიდრე მედიკამენტებით მკურნალობა და საჭიროა წარმოადგენდეს NAFLD-ის მქონე პაციენტების ინდივიდუალური ზრუნვის ნაწილს.“
„გასაკვირია,“ დაამატა მან, „ავტორებმა გამოტოვეს მეტფორმინი კვლევიდან, (თუმცა) ეს არის დაბალფასიანი მკურნალობა, დიდი ისტორიით და არსებობს მტკიცებულება, რომელიც აჩვენებს, რომ მან შესაძლოა შეამსუბუქოს NAFLD-ის დასაწყისი.“