ქვემწვავე თირეოიდიტი
რა არის ქვემწვავე თირეოიდიტი?
ქვემწვავე თირეოიდიტი ეს არის ფარისებრი ჯირკვლის ვირუსული ანთება, რომელსაც თან ახლავს ძლიერი ტკივილი კისრის მიდამოში და მწვავე ინფექციური დაავადებისათვის დამახასიათებელი სიმპტომები.
რამდენად ხშირია ქვემწვავე თირეოიდიტი?
ქვემწვავე თირეოიდიტი ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების 1-5%-ს შეადგენს. უფრო ხშირად ავადდებიან ქალები, ვიდრე მამაკაცები, ხოლო ბავშვები – საკმაოდ იშვიათად.
რა იწვევს ქვემწვავე თირეოიდიტს?
პაციენტთა უმრავლესობაში ქვემწვავე თირეოიდიტის გამომწვევი არის ვირუსი, ამ დროს გამოხატული არის ანტისხეულების დონის მომატება, გრიპის ვირუსების, ეპიდემიური პაროტიდის, ადენოვირუსების მიმართ. ასევე გამომწვევი შეიძლება იყოს სასუნთქი გზების ინფექცია, წითელას ვირუსი, ყბაყურა და ა.შ. ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს გენეტიკურ წინასწარგანწყობას დაავადების განვითარებაში. ჩვეულებრივ, ქვემწვავე თირეოიდიტს წინ უსწრებს ვირუსული ინფექცია.
როგორ მიმდინარეობას დაავადება?
დაავადება გადის 4 სტადიას:
- თირეოტოქსიკური (4-10 კვირა)
- ეუთირეოიდული (1-3 კვირა)
- ჰიპოთირეოიდული (2-6 თვემდე)
- გამოჯანმრთელების სტადია
რა სიმპტომები და ნიშნები ახასიათებს ქვემწვავე თირეოიდიტს?
ქვემწვავე თირეოიდიტი მიმდინარეობს როგორც ტიპური ანთებითი დაავადება, ფარისებრი ჯირკვლის მიდამოში აღინიშნება ძლიერი ტკივილი, რომელიც გადაეცემა კეფის, ქვედა ყბისა და ყურების არეში, ხანდახან ტკივილი აღინიშნება ყლაპვისა და თავის მობრუნების დროს. ფარისბერი ჯირკვალი პალპაციით არის გადიდებული და მტკივნეული, აღინიშნება გულისცემის აჩქარება, გაღიზიანება, ოფლიანობა, ტემპერატურის მომატება და დამახასიათებელია ნორმალური ლეიკოციტალური ფორმულის ფონზე სისხლის საერთო ანალიზში ედს-ის მომატება 40-60-მდე. ექოსკოპიით ვლინდება ფარისებრი ჯირკვლის ზომაში გადიდება, ხოლო სცინტიგრაფიაზე კი – რადიოფარმპრეპარატის დაქვეითებული ჩართვა.
რომელ დაავადებებთან არის საჭირო დიფერენციალური დიაგნოსტიკა?
დიფერენციალური დიაგნოზის გატარება ხდება ფარისებრი ჯირკვლის სხვა დაავადებებთან, რომელიც ხასიათდება ტკივილით კისრის არეში, ირადიაციით ყელის, ქვედა ყბისა და კეფის არეში. ეს დაავადებებია: მწვავე თირეოიდიტი (ფარისებრი ჯირკვლის ბაქტერიული ანთება), გრეივსის დაავადება, ფარისებრი ჯირკვლის კიბო, ფარინგიტი, ეზოფაგიტი, შუა ყურის ანთება, ღრძილისა და პაროდონტალური აბსცესი.
როგორ ხდება ქვემწვავე თირეოიდიტის დიაგნოსტიკა?
ქვემწვავე თირეოიდიტის დიაგნოზის დასადასტურებლად საჭიროა ჩატარდეს TSH, FT4 განსაზღვრა სისხლში, ფარისებრი ჯირკვლის ულტრაბგერა და უკეთეს შემთხვევაში სცინტიგრაფია და სისხლის საერთო ანალიზი. როგორც წესი, მაღალი ტემპერატურისა და ფარისებრი ჯირკვლის საპროექციო არეში ტკივილის ფონზე აღინიშნება TSH დონის დაქვეითება, ნორმალური ლეიკოციტალური ფორმულის ფონზე სისხლის საერთო ანალიზში ედს-ის მომატება 40-60-მდე, ექოსკოპიით ვლინდება ფარისებრი ჯირკვლის ზომაში გადიდება, ხოლო სცინტიგრაფიაზე კი – რადიოფარმპრეპარატის დაქვეითებული ჩართვა. დაუზუსტებელ შემთხვევებში ტარდება ტესტი: 20-30 მგ პრედნიზოლონის დანიშვნით დღეში. ქვემწვავე თირეოდიტის დროს პრედნიზოლონის მიღებიდან 24-72 საათში იწყება ტკივილის შემცირება კისრის არეში და თანდათანობით ედს-ის შემცირება.
რა არის ქვემწვავე თირეოიდიტის მკურნალობის მიზანი ?
ქვემწვავე თირეოიდიტის მკურნალობის მიზანია: ტკივილის სინდრომის კუპირება, ტემპერატურისა და სისხლის საერთო ანალიზის ნორმალიზაცია და ფარისბრი ჯირკვლის ფუნქციის აღდგენა.
ქვემწვავე თირეოიდიტის მსუბუქი ფორმის დროს შეიძლება დაინიშნოს არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები მაგ., იბუპროფენი მაქსიმალური თერაპიული დოზით.
საშუალო ან მძიმე ფორმების შემთხვევაში რეკომენდებულია გლუკოკორტიკოიდების მიღება: 30-40 მგ პრედნიზოლონი 1-3 კვირის განმავლობაში, შემდგომი დოზის შემცირებით 5 მგ-ით კვირაში. მაქსიმალური მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 2-3 თვეს . გლუკოკორტიკოიდების სწრაფი შემცირებით ტკივილის სინდრომი შეიძლება გაძლიერდეს.
გულისცემის აჩქარების, ოფლიანობისა და გაღიზიანებადობის მოსახსნელად ინიშნება ბეტა ადრენობლოკატორები მაგ., პროპრანოლოლი 20-40 მგ 3-4 ჯერ დღეში. მრავალჯერადი მძიმე რეციდივის შემდეგ შეიძლება განვითარდეს პირველადი ჰიპოთირეოზი, ასეთ შემთხვევაში საჭიროა ლევოთიროქსინით მკურნალობა. ანტითირეოიდული პრეპარატები და ანტიბიოტიკები ქვემწვავე თირეოიდიტის სამკურნალოდ არ გამოიყენება.
როგორია ქვემწვავე თირეოიდიტის პროგნოზი?
უმეტეს შემთხვევაში ქვემწვავე თირეოიდიტი მთავრდება სრული გამოჯანმრთელებით რამოდენიმე თვეში.
სტატია საქართველოს ენდოკრინოლოგიისა და მეტაბოლიზმის ასოციაციისთვის მოამზადა ენდოკრინოლოგმა მედეა წერეთელმა
წყარო: Subacute Thyroiditis