სტეროიდებთან ერთად სტატინების გამოყენება აუმჯობესებს თვალის თირეოიდული დაავადების გამოსავალს

სტეროიდებთან ერთად სტატინების გამოყენება აუმჯობესებს თვალის თირეოიდული დაავადების გამოსავალს

სტატია ქართულ ენაზე თარგმნა ენდოკრინოლოგმა: სალომე კუბლაშვილი
რედაქტირებულია GAEM-ის სარედაქციო ჯგუფის მიერ: ქეთევან ძაგანია
წყარო: Adding Statins to Steroids in Thyroid Eye Disease Improves Outcomes


ახალი რანდომიზებული კვლევის მიხედვით, სტატინებისა და გლუკოკორტიკოიდების კომბინაციით გრეივსის ორბიტოპათიის მკურნალობა სარგებელს გვაძლევს პაციენტებში როგორც ჰიპერქოლესტეროლემიით, ასევე, მის გარეშე.

„ჩვენი შედეგები ცხადყოფს, რომ ინტრავენურ გლუკოკორტიკოიდებთან ერთად ატორვასტატინის დამატება აუმჯობესებს გლუკოკორტიკოიდების ეფექტს,“ Medscape Medical News-ს განუცხადა მთავარმა ავტორმა, მიშელ მარინომ (Michelle Marino), პიზის უნივერსიტეტის კლინიკური და ექსპერიმენტული მედიცინის დეპარტამენტის ენდოკრინოლოგიის ასოცირებულმა პროფესორმა (იტალია).

„ატორვასტატინის გამოყენება ინტრავენურ გლუკოკორტიკოიდებთან ერთად განხილულ უნდა იქნას, სულ მცირე, ჰიპერქოლესტეროლემიით დაავადებულ პაციენტებში, საშუალო-მძიმე, ან აქტიური გრეივსის ორბიტოპათიით,“ აღნიშნა მარინომ.

აღნიშნული კვლევა ამერიკის თირეოიდული ასოციაციის (ATA) 90-ე ყოველწლიურ ვირტუალურ შეხვედრაზე წარადგინა პირველმა ავტორმა, ჯულია ლანცოლამ (Giulia Lanzolla) პიზის უნივერსიტეტისა და პიზის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის მედიცინის დოქტორმა.

ჰიპერქოლესტეროლემია, რომელიც ცნობილია სისტემური ანთების პროვოცირებაში მონაწილეობით, დაკავშირებული იყო გრეივსის ორბიტოპათიასთან, ხოლო სტატინების გამოყენებას, როგორც ჩანს, აქვს დამცველობითი ეფექტი თვალის თირეოიდული დაავადების განვითარებაში.

გარდა ამისა, ქოლესტეროლის ნორმალური დონის მქონე პაციენტებთან შედარებით, გრეივსის ორბიტოპათიისა და ჰიპერქოლესტეროლემიის მქონე პაციენტებში გამოვლინდა უფრო ცუდი პასუხი გლუკოკორტიკოიდებით თერაპიაზე, რომელიც დიდი ხანია მიიჩნევა პირველი რიგის მკურნალობად.

მარიუს სტენი (Marius Stan), მედიცინის დოქტორი, მეიოს კლინიკის (როჩესტერი, მინესოტა) ენდოკრინოლოგიის, დიაბეტის, მეტაბოლიზმისა და კვების განყოფილების კონსულტანტი, არ მიიჩნევს, რომ შედეგის საზომად გამოყენებული ცვლადები — თვალის თირეოიდული დაავადების სხვადასხვა მაჩვენებლის ერთობლიობა — იყო საუკეთესო სარგებლის ჭეშმარიტად გასაგებად.

სტატინები გრეივსის ორბიტოპათიისთვის (STAGO) კვლევის დეტალები

რანდომიზებული კვლევით სტატინებითა და სტატინების გარეშე მკურნალობის ეფექტების უკეთ გასაანალიზებლად, ლანცოლამ და მისმა კოლეგებმა STAGO კვლევის მეორე ფაზაში ჩართეს ქოლესტეროლის მაღალი მაჩვენებლისა და საშუალო-მძიმე, აქტიური გრეივსის ორბიტოპათიის მქონე 88 პაციენტი.

პაციენტები რანდომიზაციის მეთოდით დაყვეს ორ თანაბარ, 44 პაციენტისგან შემდგარ ჯგუფებად, თითოეული პაციენტი იღებდა ან კვირაში 500 მგ მეთილპრედნიზოლონს iv (ინტრავენურად), 6 კვირის მანძილზე, ხოლო შემდეგ კვირაში 250 მგ მეთილპრედნიზოლონს iv, მომდევნო 6 კვირის განმავლობაში,  20 მგ ატორვასტატინთან ერთად კომბინაციაში მთელი 12 კვირის მანძილზე, ან მხოლოდ მეთილპრედნიზოლონს 12 კვირის მანძილზე.

პირველად მიზანს წარმოადგენდა გრეივსის ორბიტოპათიის შედეგების ერთობლიობა, რომელიც მოიცავდა ეგზოფთალმის შეფასებას, კლინიკური აქტივობის ქულას, ქუთუთოს აპერტურას, დიპლოპიას, მხედველობის სიმახვილეს ისევე, როგორც ეს ფასდება მოდიფიცირებულ ნებისმიერი მკურნალობის მიმღებ (ITT) პოპულაციაში.

კვლევამ დააკმაყოფილა პირველადი მიზანი, სასურველ შედეგს მიაღწია სტატინებით ნამკურნალები პაციენტების 51,2%-მა (21 პაციენტი 41-დან), ხოლო მხოლოდ გლუკოკორტიკოსტეროიდებით ნამკურნალები პაციენტების – 28,2%-მა (11 პაციენტი 39-დან). (ფარდობის კოეფიციენტი [OR], 2.76; P = .03)

კვლევამ, ასევე, მიაღწია მეორეულ შედეგებს, 12 კვირიან მკურნალობაზე სათანადო პასუხი სტატინების ჯგუფში ჰქონდა პაციენტების 43.9%-ს, გლუკოკორტიკოიდების ჯგუფისგან განსხვავებით, რომლის მაჩვენებილი წარმოადგენდა 23 %-ს. (OR 2.60; P=.05). სტატინების ჯგუფში, ასევე, გაუმჯობესდა ცხოვრების ხარისხის მაჩვენებლები (P=.03).

ამავდროულად, გლუკოკორტიკოიდებით მონოთერაპიის ჯგუფში 24 კვირაზე გამოვლინდა გრეივსის ორბიტოპათიის რეციდივის მნიშვნელოვნად მაღალი მაჩვენებელი (ექვსი  შემთხვევა), სტატინების ჯგუფისგან განსხვავებით, რომელშიც არ დაფიქსირებულა რეციდივის არცერთი შემთხვევა (15,3 %   და 0.0%; OR 0.06; P=.01)

საინტერესოა ის ფაქტი, რომ სტატინების ჯგუფში მყოფ პაციენტებს შორის, რომლებიც დაექვემდებარნენ, ან არ დაექვემდებარნენ მკურნალობას, არ იყო მნიშვნელოვანი სხვაობა დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების (LDL) მაჩვენებლებს შორის.

კვლევების შედეგების ყველაზე სავარაუდო ახსნა არის ის, რომ „ატორვასტატინი მოქმედებს პლეიოტროპული გზით, რაც განაპირობებს მის ანთების საწინააღმდეგო ეფექტს,“ აღნიშნა მარინომ.

„გარდა ამისა, ეფექტი შესაძლოა დაკავშირებული იყოს სტატინების მიერ ფიბრობლასტების პროლიფერაციის დათრგუნვის უნართან,“ დასძინა მარინომ.

„საერთო ქოლესტეროლის დონე შეიცვალა დაბალი სიმკვრივის (LDL) ქოლესტეროლის მსგავსად, მაშინ როცა მაღალი სიმკვრივის ქოლესტეროლი (HDL) დარჩა უცვლელი კვლევის განმავლობაში.“

ორივე ჯგუფში იმ თითო პაციენტთან, რომელთაც დასჭირდათ მკურნალობის შეწყვეტა, ატორვასტატინთან დაკავშირებული ძირითადი გვერდითი მოვლენები არ გამოვლენილა.

გრეივსის ორბიტოპათიის მკურნალობის სწრაფად განვითარებად საერთო სურათში, აშშ-ის საკვებისა და წამლის უსაფრთხოების ადმინისტრაციის (FDA) მიერ თირეოიდული თვალის დაავადების სამკურნალოდ ბოლოს დამტკიცებული მედიკამენტის, ტეპროტუმუმაბის ჩათვლით, სტატინების პოტენციური როლი ჯერ კიდევ გასარკვევია, აღნიშნა მარინომ.

„გრეივსის ორბიტოპათია საკმაოდ კომპლექსური დაავადებაა და მისი მსუბუქი-საშუალო ფორმის დროს ძალიან იშვიათია, რომ პაციენტი საჭიროებდეს მხოლოდ ერთჯერად მკურნალობას,“ განმარტა მარინომ. „რეაბილიტაციური ქირურგიული ჩარევა საკმაოდ ხშირად ხდება საჭირო, როცა დაავადება არააქტიურია.“

ავტორები აღნიშნავენ, რომ გრეივსის ორბიტოპათიის მქონე პოპულაციის საერთო შედეგი გამოყენებული იყო, როგორც პირველადი მიზანი, რადგან  ერთი თვალის მახასიათებლების ცვლილება შეიძლება არ ასახავდეს გრეივსის ორბიტოპათიის ნამდვილ ცვლილებას და მასზე გავლენა შესაძლოა იქონიოს უამრავმა გარე ფაქტორმა.

„ამის საწინააღმდეგოდ, კომპლექსური შეფასება გვთავაზობს უფრო რეალურ სურათს,“ წერენ ავტორები სტატიაში, რომელიც ასევე გამოქვეყნდა The Lancet Diabetes and Endocrinology-ში.

კომპლექსური შედეგი არ წარმოადგენს სტატინების ეფექტის შესაფასებელ საუკეთესო გზას

„კვლევამ საინტერესო შედეგები აჩვენა, თუმცა თვალის რომელიმე კონკრეტულ მახასიათებელზე კომბინირებული თერაპიის სარგებელი არ გამოვლინდა, გაუმჯობესდა მხოლოდ საერთო შედეგი,“ განაცხადა მან Medscape Medical News-თან საუბარში.

„სამწუხაროდ რთულია პროგნოზის გაკეთება პაციენტთა მოვლაზე, როდესაც თერაპიის სამიზნე გრეივსის ორბიტოპათიის რომელიმე მაჩვენებელია,“ თქვა მან.

სტენმა დასძინა, რომ გლუკოკორტიკოიდების iv თერაპია ამავდროულად ცვლის თვალის თირეოიდული დაავადების საერთო სურათს.

„ეს… მიმდინარე მკურნალობის გეგმა მორგებულია უფრო ინდივიდუალურ მიდგომაზე, იმის მიხედვით, თუ რა წარმოადგენს მთავარ პრობლემას თვალის თირეოიდული დაავადების შემთხვევებში,“ განმარტა მან.

მარინომ აღნიშნა, რომ ავტორები ამჟამად გეგმავენ ორმაგ ბრმა, პლაცებო კონტროლირებულ მე-3 ფაზის კლინიკურ კვლევას სტატინი/გლუკოკორტიკოიდის კომბინაციაზე, რომელშიც ჩაერთვებიან პაციენტები, ქოლესტერინის დონისგან დამოუკიდებლად.

კვლევამ დაფინანსება მიიღო Associazione Allievi Endocrinologia Pisana-სგან. ავტორებს არ აღუნიშნავთ ფინანსური დაინტერესება. სტენი არის Horizon Pharma/Immunovant-ის მრჩეველთა გუნდში და აწარმოებს კონსულტაციებს VasaraGen/Septerna-ისა და ValenzaBio/Medicxi-ისთვის.