სტატინებით მკურნალობა ამცირებს ინსულტის  შემდგომი ოსტეოპოროზისა და მოტეხილობების რისკებს

სტატინებით მკურნალობა ამცირებს ინსულტის შემდგომი ოსტეოპოროზისა და მოტეხილობების რისკებს

ახალი კვლევის მიხედვით ინსულტის შემდგომ პერიოდში სტატინების გამოყენება დაკავშირებულია ოსტეოპოროზის, ბარძაყის ყელის მოტეხილობისა და ხერხემლის მალების მოტეხილობის რისკის შემცირებასთან. აღნიშნული კვლევა გამოქვეყნდა კლინიკური ენდოკრინოლოგიისა და მეტაბოლიზმის ჟურნალში.

ინსულტი წარმოადგენს მნიშვნელოვან რისკის ფაქტორს ოსტეოპოროზისა და მოტეხილობებისთვის, რამდენადაც მცირდება ძვლის მინერალური სიმკვრივე და ინსულტის შემდგომი წონასწორობისა და ბალანსის დაცვის შეუძლებლობა შესაძლოა იყოს წაქცევის მიზეზი. მოტეხილობები ინსულტის შემდგომი პერიოდის ხშირი გართულებაა, რაც თავის მხრივ კიდევ უფრო ამცირებს პაციენტის ფუნქციურ გამოჯანმრთელებას, ახანგრძლივებს უნარშეზღუდულობასა და ზრდის სიკვდილობის რისკს ინსულტის მქონე პაციენტებში.
პოპულაციაზე დაფუძნებულ კოჰორტულ კვლევაში შეფასდა ინსულტის შემდგომ სტატინების გამოყენებასა და ოსტეოპოროზისა და მოტეხილობებს შორის ასოციაცია. მკვლევარებმა Shu-Man Lin ხელმძღვანელობით შეაფასეს ტაივანში Buddhist Tzu Chi საავადმყოფოში 2000-დან 2012 წლებამდე პერიოდში მწვავე ინსულტის დიაგნოზით მოხვედრილი პაციენტების ისტორიები. დეტალური შესწავლის შემდგომ 5254 პაციენტი ჩართეს კვლევაში, სადაც თითოეულ მხარეს სტატინით მკურნალობაზე მყოფ და სტატინით მკურნალობაზე არ მყოფ კოჰორტაში მოხვდა 2627 პაციენტი.
პირველადი გამოსავალი იყო ინსულტის შემდგომი ოსტეოპოროზის, ბარძაყის ყელის მოტეხილობის, ვერტებრალური მოტეხილობის შედარებითი რისკები ერთად. ინსულტის შემდგომ სტატინების გამოყენება დაკავშირებული იყო პირველადი გამოსავლისთვის მნიშვნელოვნად დაბალ საერთო რისკთან (adjusted HR=0.66).  სუბანალიზით, სტატინების გამოყენება ასოცირებული იყო ინდივიდუალური გამოსავლის რისკის შემცირებასთან, მათ შორის ოსტეოპოროზის (adjusted HR=0.68), ბარძაყის ყელის მოტეხილობის (adjusted HR=0.59) და ვერტებრალური მოტეხილობის რისკების (adjusted HR=0.73) შემცირებასთან. მეცნიერებმა ასევე აღმოაჩინეს დოზაზე დამოკიდებული ეფექტიანობა. ასაკის, სქესის, ინსულტის ტიპისა და მგრძნობელობის ანალიზის სტრატიფიკაციის შემდგომაც ნანახი იყო ამ დოზაზე დამოკიდებული ეფექტის შენარჩუნება.

მრავალი კვლევის მიერ გამოვლენილი იყო ოსტეოპოროზისა და ძვლის მოტეხილობის სხვადასხვა რისკის ფაქტორები და სტრატეგიები ინსულტის შემდგომ პერიოდში. „თუმცა, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, სტატინებით მკურნალობის გავლენა ოსტეოპოროზისა და მოტეხილობების პრევენციაზე ამ სპეციფიკურ კლინიკურ პოპულაციაში ადრე არსად არ იყო აღნიშნული. მიმდინარე დიდი ზომის კვლევები ამჟამად მიმართულია იქეთკენ, რომ გამოიკვლიონ და შეავსონ ცოდნის არსებული დანაკლისი ამ სფეროში“ ამბობენ მკვლევარები და აღნიშნავენ, რომ ჯანდაცვის მიმართულებით მნიშვნელოვანი აღმოჩენაა, რამდენდაც ზოგადად მაღალია ინსულტების, ოსტეოპოროზისა და მოტეხილობების ინციდენტობა და პრევალენტობა.
კვლევის შედეგები შესაბამისობაშია ადრე ჩატარებულ კვლევებთან, რომლებიც შეისწავლიდნენ სტატინების ამ ეფექტს ზოგად პოპულაციაში. ახლახანს ჩატარებული მეტა ანალიზი მოიცავდა კლინიკურ კვლევებსა და ობზერვაციულ კვლევებს, რომლებიც მიგვანიშნებენ, რომ სტატინების გამოყენება დაკავშირებული იყო ძვლის მინერალური სიმკვრივის გაზრდასა და ბარძაყის ყელის მოტეხილობის რისკის შემცირებასთან. ჯამური რისკი იყო 0,75 სტატინებით ნამკურნალებ ჯგუფში არანამკურნალებ ჯგუფთან შედარებით (OR=0.81). სხვა მეტა ანალიზის მიხედვით ნანახი იყო მნიშვნელოვანი ასოციაცია სტატინების გამოყენებასა და მოტეხილობის ჯამურ რისკს შორის, სადაც OR იყო 0.80.
„ჩვენმა კვლევამ, რომელიც სპეციფიკურად ფოკუსირებული იყოს ინსულტ გადატანილ პაციენტებზე გამოავლინა მსგავსი მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი შედეგები, სადაც დაახლოებით 30%-დან 40%-მდე შემცირდა ოსტეოპოროზის, ბარძაყის ყელისა და ვერტებრალური მოტეხილობები სტატინების მკურნალობაზე მყოფ ჯგუფში“ აღნიშნავენ მეცნიერები.

სტატია ქართულ ენაზე მოამზადა ენდოკრინოლოგმა ნათია ვაშაყმაძემ 

 

წყარო: http://www.endocrinologynetwork.com/article/statin-use-reduces-risks-osteoporosis-and-fractures-stroke-patients?cid=fb