სიტყვა ,,კიბო’’-ს თავიდან არიდება ფარისებრი ჯირკვლის დაბალი რისკის სიმსივნის დროს
ახალი კვლევის თანახმად, ფარისებრი ჯირკვლის დაბალი რისკის პაპილარული კიბოს აღწერისას სიტყვა ,,კიბოს’’ ამოღებამ შეიძლება გამოიწვიოს ამ დაავადების მქონე პაციენტების მიერ ნაკლებად აგრესიული მკურნალობის არჩევა და შეამციროს მათი შფოთვა.
როდესაც დაავადების აღწერილობიდან სიტყვა „კიბოს“ ამოღების შემდეგ მონაწილეებს შესთავაზეს სამი ჰიპოთეზური სცენარი ფარისებრი ჯირკვლის პაპილარული კიბოს შესახებ, ისინი უპირატესად ირჩევდნენ არაქირურგიულ ვარიანტებს, როგორიცაა აქტიური მეთვალყურეობა.
მათ ასევე აღნიშნეს ნაკლები შფოთვა დიაგნოზის გაცნობისას.
შედეგები გამოქვეყნდა 2018 წლის 23 აგვისტოს ინტერნეტით ჟურნალში JAMA Otolaryngology―Head and Neck Surgery.
დღეისათვის, მიუხედავად იმისა, რომ კვლევებიs თანახმად ფარისებრი ჯირკვლის პაპილარულ კიბოს აქვს კეთილთვისებიანი მიმდინარეობა და აქტიური მეთვალყურეობა მისი მართვის ეფექტური/რეალური ვარიანტია, ბევრი პაციენტი ირჩევს ტოტალურ ან ნაწილობრივ თირეოიდექტომიას, რაც ძვირადღირებულია და თან ახლავს ქირურგიული რისკი, ასევე, მთელი სიცოცხლის მანძილზე ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონული მედიკამენტებით ჩანაცვლებითი მკურნალობა და შფოთვა.
“სიტყვა ,,კიბოს ‘’ ფარისებრი ჯირკვლის პაპილური სიმსივნის ტერმინოლოგიიდან ამოღება საშუალებას აძლევს პაციენტებს მოისმინონ, თუ როგორია მკურნალობის ვარიანტები, ნაცვლად იმისა, რომ შიშისგან გაიყინონ კიბოს ხსენების დროს, „ყოველდღიურ პრაქტიკაში ძალიან რთულია, წარმართო კარგი დიალოგი პაციენტებთან, როდესაც საუბარს იწყებ სიტყვით „კიბო““ – განმარტავს JAMA-ის პოდკასტში ავტორი Juan P. Brito, MD, მეიოს კლინიკა, როჩესტერი, მინესოტა.
„ამ მომენტში გადაწყვეტილების მიღების წარმმართველი დომინანტური ფაქტორებია პაციენტის შფოთვა და შიში და თქვენ ეს არ გსურთ თქვენი პაციენტებისთვის. თქვენ გსურთ, თქვენს პაციენტებს ჰქონდეთ კარგი გარემო, რომელშიც დადგინდება, თუ მკურნალობის რომელ მეთოდს აქვს მათთვის აზრი და იყოთ დარწმუნებულები, რომ მათი გადაწყვეტილებები არ არის შიშით ნაკარნახევი’’ – თქვა ბრიტომ.
ცვლილება ტერმინოლოგიაში
2016 წელს, როგორც ეს გამოქვეყნებულია Medscape -ის სამედიცინო სიახლეებში, პათოლოგების/პათანატომების და კლინიცისტების საერთაშორისო ჯგუფმა შეცვალა ფარისებრი ჯირკვლის პაპილური კარცინომის ინკაფსულირებული ფოლიკულური ვარიანტის (EFVPTC), რომელიც რეციდივის დაბალი რისკი მქონე არაინვაზიური სიმსივნის ტიპია, სახელწოდება პაპილურის მსგავსი ბირთვების მქონე ფარისებრი ჯირკვლის არაინვაზიურ ფოლიკულურ ნეოპლაზიად (NIFTP).
ექსპერტები მიიჩნევდნენ, რომ ნომენკლატურის ცვლილება აღმოფხვრიდა სიმსივნის დიაგნოზის გაგებისას ფსიქოლოგიურ გავლენას და, აგრეთვე, შეამცირებდა გადაჭარბებულ მკურნალობას, ღირებულებას და უფრო მეტად აგრესიულ მართვასთან დაკავშირებულ რისკებს.
მიმდინარე კვლევაში მკვლევარებმა წარმოადგინეს 550 ზრდასრული, რომელთაც არ ჰქონდათ ანამნეზში ფარისებრი ჯირკვლის კიბო, ფარისებრი ჯირკვლის პაპილური კიბოს დიაგნოზის კლინიკურად რეალური სცენარით.
მდგომარეობა აღწერილი იყო შემდეგი ტერმინების გამოყენებით:
- ფარისებრი ჯირკვლის პაპილური კიბო
- პაპილური დაზიანება
- პათოლოგიური უჯრედები
კვლევის მონაწილეები შემთხვევით იყვნენ შერჩეულები ისე, რომ ეს ტერმინები ნაჩვენები ყოფილიყო სხვადასხვა ჩანაწერით. მონაწილეების მესამედმა თავდაპირველად ნახა სიმსივნის ტერმინი „ფარისებრი ჯირკვლის პაპილური კიბო“ , მესამედმა თავდაპირველად დაინახა „პაპილარული დაზიანება“ და მესამედმა თავდაპირველად ნახა „პათოლოგიური უჯრედები“.
ყოველ ჯერზე, როდესაც მონაწილეს აცნობდნენ სამი ტერმინიდან ერთ-ერთს, მკვლევარები იწერდნენ მკურნალობის ჩამოთვლილი ვარიანტებიდან მონაწილე რომელს აირჩევდა:
- ტოტალური თირეოიდექტომია
- ჰემითირეოიდექტომია
- აქტიური მეთვალყურეობა
მონაწილეებს შორის შფოთვის დონე იზომებოდა ვიზუალური ანალოგიური სკალით.
მონაწილეებს მიეცათ ვრცელი ინფორმაცია პროგნოზის და მკურნალობის ვარიანტების შესახებ, მათ შორის, სიმსივნის ზრდისა და ინვაზიურობის და მომდევნო 20 წლის განმავლობაში ამ მდგომარეობით სიკვდილის ალბათობის შესახებ მკურნალობის არჩეული მეთოდის მიხედვით.
,,ჩვენ შევეცადეთ მათთვის მიგვეწოდებინა, შეძლებისდაგვარად, ბევრი ინფორმაცია, რათა დავხმარებოდით, რომ ჰქონოდათ საუკეთესო არსებული მტკიცებულება გადაწყვეტილების მიღების პროცესში მკურნალობის მეთოდის არჩევისას“- განმარტა JAMA-ში წამყვანმა ავტორმა ბრუკ ნიკელმა, მეცნიერების ბაკალავრი, სიდნეის უნივერსიტეტი, ავსტრალია.
როდესაც მდგომარეობის აღსაწერად გამოყენებული იყო ტერმინი „ფარისებრი ჯირკვლის პაპილური კიბო“, მკურნალობის მეთოდად ტოტალური თირეოიდექტომია აირჩია მონაწილეთა უფრო მეტმა ნაწილმა (n = 108; 19.6%) ვიდრე იმ მონაწილეებმა, ვისთანაც გამოყენებული იყო ტერმინი „პაპილური დაზიანება“ (n=58; 10.5%) ან ,,პათოლოგიური უჯრედები’’ (n = 60; 10.9%).
ამასთან, მონაწილეებმა აღწერეს შფოთვის მნიშვნელოვნად მაღალი დონე, როდესაც დიაგნოზი მიეწოდათ ტერმინის „ფარისებრი ჯირკვლის პაპილური კიბო“ გამოყენებით დანარჩენ ორ ტერმინთან შედარებით.
თანმიმდევრობა, რომლითაც მონაწილეები განსხვავებულ ტერმინებს ეცნობოდნენ, იყო მათი მკურნალობის მეთოდის არჩევის განმსაზღვრელი ფაქტორი.
186 მონაწილისგან, რომლებსაც თავდაპირველად გააცნეს ტერმინი „ფარისებრი ჯირკვლის პაპილარული კიბო, 60-მა (32.3 %) აირჩია ქირურგია. შედარებისთვის, 191 მონაწილისგან მხოლოდ 46-მა (24.1%) აირჩია ოპერაცია, როდესაც თავდაპირველად გაეცნო ტერმინს „პაპილური დაზიანება“ (რისკების თანაფარდობა [RR], 0.73), და ასევე 47-მა 173 მონაწილისგან (27.2 %) აირჩია ქირურგია ტერმინის „პათოლოგიური უჯრედები“ გაცნობის შემთხვევაში (RR, 0.82).
თავდაპირველად ტერმინის „ფარისებრი ჯირკვლის პაპილური კიბო“ დანახვა, აგრეთვე, ასოცირებული იყო მონაწილეებს შორის შფოთვის მნიშვნელოვნად მაღალ დონესთან (საშუალოდ, 7.8, 11 ქულიდან), ტერმინის ,,პაპილური დაზიანება“ (საშუალოდ 7.0, 11 ქულიდან; საშუალო განსხვავება, – 0.8, 95%-იანი სარწმუნოობის ინტერვალი [CI], -1.3 დან 0.3-მდე) ან ტერმინის „პათოლოგიური უჯრედები“ (საშუალოდ, 7.3, 11 ქულიდან; საშუალო განსხვავება, -0.5; 95% CI, -1.0 დან 0.01-მდე).
,,ეს მონაცემები მიუთითებს, რომ მნიშვნელოვანია ფარისებრი ჯირკვლის პაპილური კიბოს ზეგავლენის პაციენტებთან ერთად განხილვა, რათა დავეხმაროთ მათ შესაძლო ასოცირებული შფოთვის შემსუბუქებაში,’’ განაცხადა ნიკელმა JAMA-ის პოდკასტში.
„მდგომარეობისთვის დამახასიათებელი დაბალი რისკის და კეთილსაიმედო პროგნოზის განხილვა, მიუხედავად იმისა, რომ მას უწოდებენ კიბოს, ისევე როგორც მკურნალობის ვარიანტების და მათთან დაკავშირებული რისკებისა და უპირატესობების განმარტება, ერთად აღებული, არის არსებითი, რომ ინდივიდებმა შეძლონ გადაწყვეტა, რა არის მათთვის მნიშვნელოვანი და მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილება თავიანთი მკურნალობის/მოვლის შესახებ“ – განაცხადა ნიკელმა.
კვლევამ, ასევე, გამოავლინა, რომ აქტიური მეთვალყურეობისადმი საერთო ინტერესი იყო 72%, მიუხედავად იმისა, თუ რომელი ტერმინი იყო გამოყენებული. „ეს იმაზე მაღალი აღმოჩნდა, ვიდრე მოველოდით“- განაცხადა ნიკელმა.
თავის სარედაქციო სტატიაში ენნ არბორი მიჩიგანის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის ექიმს, ენდრიუ ჯ. შუმანს, და ავტორებს ულოცავს „ღრმააზროვნად შემუშავებულ კვლევას, რომელიც ნათლად ასახავს, თუ როგორ, შეიძლება, ხელი შეუწყოს ნომენკლატურის განვითარებამ პაციენტების დარწმუნებას და მკურნალობის დე-ესკალაციას…“
შუმანი სიფრთხილეს იჩენს, რომ ფარისებრი ჯირკვლის კარცინომა არ არის ლექსიკონიდან ამოსაშლელი.
„ფარისებრის ჯირკვლის ავთვისებიანი ნეოპლაზიები კვლავ არსებობს, რაც ამართლებს მათ სახელწოდებას და ავადობის და სიკვდილობის მნიშვნელოვანი მიზეზია. ჩვენი გამოწვევაა, განვსაზღვროთ, როგორ და სად გავავლოთ ხაზი ამ ჭეშმარიტ სიმსივნეებს და დანარჩენებს შორის’’- წერს ის.
თუმცა, რედაქტორი ასევე მიანიშნებს, რომ კვლევის მეთოდოლოგიური სიძლიერის მიუხედავად, 12 წუთიანი კვლევა, რომელიც ჰიპოთეზურ დიაგნოზს აღწერს ,,ძალიან განსხვავდება რეალური პაციენტის გამოცდილებისგან…’’
და მაინც, ამ კვლევის ფართო გაკვეთილებმა უნდა უბიძგოს ექსპერტებს, ხელახლა გადახედონ, თუ როგორ კარნახობს/განსაზღვრავს სიტყვები და კლასიფიკაცია არააქტიური ავთვისებიანი ნეოპლაზიების პერსპექტივასა და მართვას, წერს შუმანი.
,,ისტორიული პრეცედენტი აღარ არის საბაბი, მივიღოთ სტატუს-კვო იმ დამაჯერებელი მონაცემების ფონზე, რომლებიც მხარს უჭერს ასეთი სიმსივნეებისთვის ნაკლებ აგრესიული ჩარევის გამოყენებას. ეს საკითხი, შესაძლებელია, ჩვენგან მოითხოვს ტერმინოლოგიის შეცვლას, რომელიც უფრო ზუსტად ასახავს უვნებელ ბიოლოგიურ ქცევასა და პაციენტის შესაბამისად კონსულტაციის სტრუქტურას/ჩარჩოებს“ – ასკვნის ის.
კვლევა დაფინანსებული იყო „Sydney Catalyst Research Scholar“ -ის ჯილდოთი, რომელიც მიენიჭა ბრუკ ნიკელს, „Karl-Erivan Haub Family Career Development Award in Cancer Research at the Mayo Clinic“-ის ჯილდოთი, რომელიც მიენიჭა ექიმ ბიტოს და ჯანმრთელობისა და სამედიცინო კვლევების ეროვნული საბჭოს მიერ. ექიმი ბიტოს, ბრუკ ნიკელისა და ექიმი შუმანის მიერ არ ყოფილა დეკლარირებული შესაბამისი ფინანსური ურთიერთობები.“
წყარო: Avoiding the ‘C’ Word for Low-Risk Thyroid Cancer
სტატია საქართველოს ენდოკრინოლოგიისა და მეტაბოლიზმის ასოციაციისთვის თარგმნა ენდოკრინოლოგმა ნინო ტურაშვილმა დაარედაქტირა ენდოკრინოლოგმა ნაზიბროლა ჩირაძემ