- By ქეთევან ძაგანია
- In სიახლეები
რა იმალება გონების დაბინდვის უკან ნამკურნალები ჰიპოთირეოზის დროს?
სტატია ქართულ ენაზე თარგმნა ენდოკრინოლოგმა: ნესტან ბოსტოღანაშვილი
რედაქტირებულია GAEM-ის სარედაქციო ჯგუფის მიერ: ქეთევან ძაგანია
წყარო: What’s Behind Brain Fog in Treated Hypothyroidism?
ახალი კვლევის თანახმად, „გონების დაბინდვის“ ფენომენი, რომელსაც, მკურნალობის მიუხედავად, აღწერს ზოგიერთი ჰიპოთირეოზის მქონე პაციენტი, ხშირად უკავშირდება დაღლილობასა და კოგნიტურ სიმპტომებს, რომლის შემსუბუქება შესაძლებელია სხვადასხვა ფარმაკოლოგიური და არაფარმაკოლოგიური მეთოდით.
ეს დასკვნები ეფუძნება გამოკითხვას, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ფარისებრი ჯირკვლის ოპერაციის და/ან რადიოაქტიური იოდის თერაპიის (RAI), ან ჰაშიმოტოს თირეოიდიტის შედეგად გამოწვეული ჰიპოთირეოზის მქონე 700-ზე მეტმა პაციენტმა, რომლებმაც განაცხადეს, რომ უჩივიან „გონების დაბინდვის“ ფენომენს.
აღნიშნული კვლევის შედეგები წარდგენილ იქნა ამერიკის კლინიკური ენდოკრინოლოგიის (AACE) მიერ ჩატარებულ 2021 წლის 29 მაისის ყოველწლიურ შეხვედრაზე მკვლევარების, მეთიუ დ. ეთლესონისა (Matthew D. Ettleson, MD) და ავა რეინის (Ava Raine) მიერ (ჩიკაგოს უნივერსიტეტი, ილინოისი).
ჰიპოთირეოზის მქონე ბევრი პაციენტი, თირეოიდული ჰორმონების ჩანაცვლებითი თერაპიისა და ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის განმსაზღვრელი ტესტების შედეგების ნორმალიზების ფონზე კვლავ აღნიშნავს სიმპტომების არსებობას.
ხსენებული სიმპტომები მოიცავს საკმაო რაოდენობით კოგნიტურ, ცხოვრების ხარისხის და მეტაბოლურ დარღვევას. თუმცა, „ზოგი პაციენტი, ასევე, განიცდის გაურკვეველ და ძნელად განსაზღვრად სიმპტომებს, რასაც აღწერენ, როგორც გონების დაბინდვას,“ ამბობს რეინი.
გონების დაბინდვის ფენომენი გარკვეულწილად განსხვავებული მახასიათებლებით აღწერილია სხვადასხვა ქრონიკული მდგომარეობის დროს, როგორიცაა პოსტურალური ორთოსტატიკური ტაქიკარდიის სინდრომი, მიაგლიური ენცეფალომიელიტი / ქრონიკული დაღლილობის სინდრომი, ფიბრომიალგია, პოსტმენოპაუზური სინდრომი და, ასევე, ბოლო დროს, COVID-19-ის „გრძელვადიანი“ სიმპტომების მქონე ადამიანებში.
თუმცა, ნამკურნალებ ჰიპოთირეოზთან დაკავშირებული გონების დაბინდვა სიღრმისეულად არ არის შესწავლილი იმის მიუხედავად, რომ პაციენტები ხშირად აღნიშნავენ მის არსებობას, აღნიშნა რეინმა.
შედეგები ხელს შეუწყობს კლინიცისტებს დახმარება გაუწიონ გონების დაბინდვის მქონე პაციენტებს
კვლევის თანახმად, გონების დაბინდვის ყველაზე ხშირად გამოვლენილ სიმპტომს წარმოადგენს დაღლილობა, რომელსაც მოყვება მეხსიერებისა და კონცენტრაციის დაქვეითებასთან დაკავშირებული ჩივილები. მეორე მხრივ, დასვენება და რელაქსაცია წარმოადგენს სიმპტომების შემამსუბუქებელ ყველაზე ხშირ ფაქტორს, რომელიც მოყვება თირეოიდული ჰორმონების კორექტირებას.
„ვიმედოვნებთ, რომ ეს აღმოჩენები დაეხმარება ექიმებს გონების დაბინდვის სიმპტომების აღმოჩენასა და მკურნალობაში, ასევე, ნათელის მოფენაში იმ მდგომარეობაზე, რომელიც აქამდე არ იყო კარგად გაგებული,“ ამბობს ეთლესონი.
სესიის მოდერატორმა, ჯედ გ. სფეირმა (Jad G. Sfeir) მეიოს კლინიკის მედიცინის დოქტორმა (როჩესტერი, მინესოტა) Medscape Medical News-ის მიერ დასმულ კითხვას შემდეგნაირად უპასუხა: „”ჩვენ ვხედავთ, რომ პაციენტები ხშირად ჩივიან გონების დაბინდვის გამო. იბადება კითხვა: როგორ შემიძლია დახმარების გაწევა და რა მუშაობდა ამაზე წარსულში კარგად?“
„როდესაც გაქვთ ისეთი ბუნდოვანი სიმპტომი, როგორიც გონების დაბინდვაა, არ გაქვთ მის განსასაზღვრად ობიექტური ანალიზის ჩატარების საშუალება, ბუნებრივია, ვერ აწარმოებთ კვლევას იმის დასადგენად, რა გავლენას ახდენს კონკრეტული მედიკამენტი ამ სიმპტომებზე. თუმცა, პაციენტების სუბიექტური ინფორმაციაზე დაყრდნობით იმასთან დაკავშირებით, თუ რამ იმუშავა მათთან და რამ არა, თქვენ შეგიძლიათ დიდი გავლენა იქონიოთ კლინიკურ პრაქტიკაზე.“
სფეირმა აღნიშნა, რომ გამოკითხვის შედეგები „დაეხმარება კლინიცისტებს იცოდნენ, რა სახის კითხვები დაუსვან პაციენტებს, გამოკითხვაზე პასუხების საფუძველზე, და რა რეკომენდაციები გაუწიონ დასახმარებლად.“
გონების დაბინდვას ახასიათებს დაღლილობა, მეხსიერების პრობლემები, კონცენტრაციის დაქვეითება
ჰიპოთირეოზის მხარდამჭერ ჯგუფებისა და ამერიკის ფარისებრი ჯირკვლის ასოციაციის დახმარებით გავრცელდა ონლაინ კითხვარი. ჰიპოთირეოზისა და გონების დაბინდვის სიმპტომების მქონე 5.282 გამოკითხულის 46 %-მა (2.453 პირი) აღნიშნა, რომ გონების დაბინდვის სიმპტომები მათ ჰიპოთირეოზის დიაგნოზის დასმამდე შენიშნეს.
კვლევაში ჩართულ პირთა 17 %-მა (731 პირი) გონების დაბინდვის დამახასითებელი ჩივილები აღნიშნა ჰიპოთირეოზის დიაგნოსტირებიდან რამდენიმე კვირიდან თვემდე. აქედან, 33 %-ს ანამნეზში აღენიშნებოდა ჰაშიმოტოს დაავადება, 21 %-ს – ოპერაცია ფარისებრ ჯირკვალზე, 11 %-ს – რადიოაქტიური იოდით (RAI) თერაპია და 15.6 %-ს – როგორც ოპერაცია ფარისებრ ჯირკვალზე, ასევე RAI-ით თერაპია.
გამოკვლეულთა 44.5%-ის თქმით, ეს სიმპტომები „ხშირად“ უვლინდებათ, ხოლო 37%-მა აღნიშნა, რომ ისინი [სიმპტომები] „მუდმივად სახეზეა.“ კომპოზიციური სიმპტომების ქულა წარმოადგენდა 22.9-ს 30-დან.
ფარისებრი ჯირკვლის ქირურგიის / რადიოაქტიური იოდით თერაპიისა და ჰაშიმოტოს დაავადების მქონე 90 %-ზე მეტმა პაციენტმა ყველაზე ხშირად გამოვლენილ ჩივილად დაღლილობა, ან ენერგიის ნაკლებობა დაასახელა, ხოლო მათგან ნახევარმა აღნიშნა, რომ ჩივილები მუდმივ რეჟიმში უვლინდებათ. რაც შეეხება ორივე ჯგუფის ნახევარზე მეტი პაციენტის მიერ დასახელებულ სხვა ჩივილებს, ესენია: მეხსიერების პრობლემები, კონცენტრაციის დაქვეითება, ძილის დარღვევები და გადაწყვეტილების მიღების გართულება. სხვა ხშირად ნახსენები სიმპტომები მოიცავს დაბნეულობას, ემოციურ ლაბილობასა და შფოთვას.
„თითოეული… ჩივილი რესპოდენტთა, სულ მცირე, 85 %-ის მიერ გარკვეული სიხშირით იყო მოხსენებული, ჰიპოთირეოზის ეტიოლოგიის მიუხედავად, ამგვარად, სიმპტომების გამოვლინების სიმძიმე საკმაოდ თვალშისაცემი იყო იმ პირებშიც კი, ვისთანაც ეს ჩივილები ყველაზე იშვიათად ვლინდებოდა,“ აღნიშნა რეინმა.
სიმპტომების ქულები, ძირითადად, დაკავშირებულია პაციენტის კმაყოფილების ქულებთან, განსაკუთრებით, კონცენტრაციის დაქვეითებისა და კოგნიტური გამოვლინებების მქონე პაციენტების შემთხვევაში.
ბინდის გაფანტვა: პაციენტების გადმოცემით, რა ეხმარება მათ?
პაციენტებს შორის ჩატარდა გამოკითხვა იმის გამოსავლენად, თუ რა აუმჯობესებდა, ან აუარესებდა გონების დაბინდვის სიმპტომებს. გამოკითხულთა 58.5 %-მა აღნიშნა, რომ დასვენება ყველაზე მეტად აუმჯობესებდა ზემოაღნიშნულ სიმპტომებს, 10.5 %-ის აზრით ეს იყო ფიზიკური აქტივობა, რის საწინააღმდეგოდაც 1.5%-მა აღნიშნა, რომ ვარჯიში მათ მდგომარეობას აუარესებდა.
ამასთან, ფარისებრი ჯირკვლის მედიკამენტებით არასპეციფიკურმა კორექტირებამ სიმპტომები შეამსუბუქა პაციენტთა 13.9%-ისთვის. მოხსენების მიხედვით, თირეოიდულ ჰორმონებს, რომელთა გამოყენებამ გამოიწვია სიმპტომების გაუმჯობესება, წარმოადგენდა ლიოთირონინი შემთხვევათა 8.8 %-ში, გამომშრალი ფარისებრი ჯირკვლის ექსტრაქტი – 3.1%-ში და ლევოთიროქსინი – 2.7%-ში. თუმცა, პაციენტთა 4.2 %-ის თქმით, თიროქსინმა გააუარესა მათი სიმპტომები.
ჯანსაღი / ნუტრიციული დიეტების დაცვა სიმპტომებს აუმჯობესებდა შემთხვევათა 6.3 %-ში, ხოლო გლუტენის, შაქრის მაღალი შემცველობის დიეტისა და ალკოჰოლის მოხმარებამ სიმპტომების გაუარესება გამოიწვია 1.3%, 3.2% და 1.3%-ში, შესაბამისად. კოფეინის მოხმარებამ მდგომარეობა გააუმჯობესა პაციენტთა 3.1 %-ში, ხოლო გააუარესა 0.6 %-ში.
მცირე რაოდენობის პაციენტებმა სიმპტომების გაუმჯობესება, ასევე, აღნიშნეს B12 და D ვიტამინების, ადეროლის, ან სხვა მასტიმულირებელი მედიკამენტების, ანტიდეპრესანტების, ნალტრექსონის, მზის აბაზანის მიღების შედეგად, ასევე, სისხლში გლუკოზის დონის სტაბილურობისას.
სხვა ფაქტორები, რომელიც ამძაფრებს გონების დაბინდვის სიმპტომებს, მოიცავდა მენსტრუაციას, ინფექციას, ან სხვა მწვავე დაავადებებს, ტკივილს და „ხმამაღალ ხმებს.“
ეთლესონმა აღნიშნა, რომ „ამ პაციენტთაგან ბევრთან [გონების დაბინდვა] შეიძლება არაფერ შუაში იყოს ფარისებრ ჯირკვალთან. ჩვენ ვნახეთ პაციენტთა დიდი ნაწილი, რომლებიც ამბობდნენ, რომ მათ ჩამოთვლილი სიმპტომები გამოხატული ჰქონდათ ჰიპოთირეოზის დიაგნოსტირებამდე, თუმცა ბევრი პაციენტი აღნიშნულ სიმპტომებს მაინც ფარისებრ ჯირკვალს უკავშირებს.“
ამის მიუხედავად, მან აღნიშნა: „მე ვფიქრობ, კლინიცისტისთვის მნიშვნელოვანია ჩაერთოს პაციენტთან ამ დიალოგში და არ შეწყვიტოს ყურადღების მიქცევა მაშინ, როდესაც ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები ნორმალიზებულია. ჩატარებული კვლევის საფუძველზე, ცხოვრების წესთან დაკავშირებით საკმარისი მონაცემი გვაქვს, რომლის გაზიარება ექიმებს შეუძლიათ ამ პრობლემის მქონე პაციენტებისთვის… თირეოიდული ჰორმონების მოწესრიგებასთან ერთად, რამაც შესაძლოა დახმარება გაუწიოს ზოგ პაციენტს.“
ეთლესონმა, რეინმა და სფეირმა არ აღნიშნეს ფინანსური ურთიერთობების არსებობა.