- By ქეთევან ძაგანია
- In სიახლეები
პრედიაბეტი – „შესაძლებლობის ფანჯარა“ გულის უკმარისობის პრევენციისთვის
სტატია ქართულ ენაზე თარგმნა ენდოკრინოლოგმა: თამარ კვარაცხელია
რედაქტირებულია GAEM-ის სარედაქციო ჯგუფის მიერ: მედეა წერეთელი, ქეთევან ძაგანია
წყარო: Prediabetes, a ‘Window of Opportunity’ to prevent heart failure
ახალი, ფართო მეტაანალიზის შედეგების თანახმად, სისხლში გლუკოზის ნორმალური დონის მქონე პირებთან შედარებით, პრედიაბეტის მქონე პირებს, მომდევნო დეკადის განმავლობაში, გაზრდილი აქვთ გულსისხლძარღვთა დაავადებებისა და ყველა მიზეზით სიკვდილობის რისკი.
მომატებული რისკები რჩება პრედიაბეტის განსხვავებული განსაზღვრების შემთხვევაშიც კი, პრედიაბეტისა და უკვე არსებული CVD-ის მქონე პაციენტთა ქვეჯგუფში.
ძირითადად, ევროპის, აზიისა და ჩრდილოეთ ამერიკის 10 მილიონზე მეტ მოსახლეზე ჩატარებული 129 კვლევის მეტაანალიზის შედეგები 15 ივლისს [2020 წელი] გამოქვეყნდა ონლაინ BMJ-ზე სამხრეთ სამედიცინო უნივერსიტეტის (ფოშანი, ჩინეთი) მედიცინის დოქტორის (MD), შაოიან კაისა (Xiaoyan Cai) და მისი კოლეგების მიერ.
„ზოგი ამტკიცებს, რომ ადამიანების აღწერა პრედიაბეტის მქონედ, პროფილაქტიკისა და მკურნალობის თვალსაზრისით, უფრო მეტ პრობლემას იძლევა, ვიდრე სარგებელს, რაც ჯანდაცვის სისტემას არამდგრად ტვირთად აწვება,“ განცხადებაში აღნიშნავს მთავარი ავტორი ჰიული ჰუანგი (Yuli Huang) (MD, PhD, ჯორჯის გლობალური ჯანმრთელობის ინსტიტუტი, ახალი სამხრეთ უელსის უნივერსიტეტი (სიდნეი, ავსტრალია)).
თუმცა, აღნიშნული კვლევა საწინააღმდეგოდ მეტყველებს.
„პრედიაბეტის მაღალი გავრცელებისა და ჩვენს კვლევაში ნაჩვენები, პრედიაბეტსა და ჯანმრთელობის რისკს შორის, მყარი და მნიშვნელოვანი კავშირის გათვალისწინებით, აღნიშნულ დიდ პოპულაციაში წარმატებულმა ჩარევამ, შესაძლოა, მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე,“ დაწერეს კაიმ და მისმა კოლეგებმა.
„პრედიაბეტის სკრინინგმა და სათანადო მართვამ, შესაძლოა, თავისი წვლილი შეიტანოს გულსისხლძარღვთა დაავადებების პირველად და მეორეულ პრევენციაში,“ ხაზს უსვამენ ისინი.
პრედიაბეტი, რომელიც ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს, „წარმოადგენს შესაძლებლობის ფანჯარას შაქრიან დიაბეტ, ტიპი 2-ად პროგრესირებისა და მისი გართულებების თავიდან აცილებისათვის.“
„რაც განსაკუთრებით ეხება იმ მრავალ მილიონ ადამიანს, რომელთაც არ იციან, რომ აქვთ რომელიმე მდგომარეობა [პრედიაბეტი ან დიაბეტი] და არ იწყებენ მოქმედებას საკმარისად ადრე,“ აღნიშნავს ჰუანგი.
„ადრეულ გამოვლენასა და სათანადო მკურნალობას, შეიძლება, უზარმაზარი სარგებელი ჰქონდეს,“ ამბობს ის, „თუმცა, უყურადღებოდ დატოვების შემთხვევაში, სიცოცხლის განმავლობაში განვითარებული გართულებები და გავლენა ჯანმრთელობაზე, შესაძლოა, დამანგრეველი აღმოჩნდეს.“
მკვლევარები იმედოვნებენ, რომ ამ კვლევის შედეგები პრედიაბეტს საკამათო ტერმინიდან გადააქცევს სასარგებლო ტრიგერად პრევენციული ზრუნვისათვის, რაც მზარდი გლობალური ჯანდაცვის ტვირთის დაძლევაში დაგვეხმარება.
არის თუ არა პრედიაბეტი „სადავო დაავადება“? საჭიროა საერთაშორისო შეთანხმება
ავტორები წერენ, რომ შეერთებულ შტატებსა და ჩინეთში მოსახლეობის დაახლოებით 36%-ს აქვს პრედიაბეტი, დაავადების მაჩვენებელი მსოფლიო მასშტაბითაც მნიშვნელოვნად იზრდება.
2030 წლისთვის, სავარაუდოდ, 470 მილიონ ადამიანს ექნება პრედიაბეტი. ამერიკის დიაბეტის ასოციაციის (ADA) ექსპერტთა კოლეგიის ვარაუდით, პრედიაბეტის მქონე ადამიანების >70%-ში პრედიაბეტი დაგაიზრდება შაქრიან დიაბეტ, ტიპი 2-ში.
მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში გამოქვეყნებული მრავალი კვლევით მოხდა კავშირის შესწავლა პრედიაბეტსა და CVD-სა და სიკვდილობას შორის, მკვლევარები წერენ, რომ „კვლევების უმეტესობას ჰქონდა შეზღუდული უნარი მყარი დასკვნების გამოსატანად, თუმცა, მათი შედეგები განიხილებოდა“.
ნიშანდობლივია კაისა და მისი კოლეგების დაკვირვება „ჟურნალ Science-ში ბოლოდროინდელი საკამათო მოხსენების მიხედვით, პრედიაბეტი განისაზღვრა, როგორც „სადავო დიაგნოზი,“ გულსისხლძარღვთა დაავადებებთან და სიკვდილობასთან პრედიაბეტის შეუსაბამო კავშირის გამო” (Science. 2019; 363: 1026-1031).
პრედიაბეტის ტერმინთან დაკავშირებული დაპირისპირებისა და არათანმიმდევრული დასკვნების გათვალისწინებით, ისინი აღნიშნავენ, რომ „სასწრაფოდ საჭიროა საერთაშორისო შეთანხმება.“
[მკვლევართა] ჯგუფის მიერ ჩატარებულმა, 1.6 მილიონი ადამიანის მონაცემის შემცველი 53 კვლვევის მეტაანალიზმა აჩვენა, რომ საერთო პოპულაციაში პრედიაბეტმა CVD-ისა და ყველა მიზეზით სიკვილობის რისკები გაზარდა (BMJ. 2016; 355: i5953).
აღნიშნული მეტაანალიზი მოიცავდა 2020 წლის 25 აპრილამდე გამოქვეყნებულ კვლევებს , რომლებიც მოიცავდა როგორც CVD-ის მქონე, ისე მის არმქონე პაციენტთა, მონაცემებს.
პრედიაბეტი განისაზღვრა, როგორც უზმოდ გლუკოზის დონის დარღვევა (ADA-ის, ან მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის განმარტებების საფუძველზე), ან გლუკოზისადმი ტოლერანტობის მოშლა (კვების შემდგომ სისხლში გლუკოზის დონის ნორმაზე მეტად მატება), ან A1c-ის დონის მატება (ADA-ის ან საერთაშორისო ექსპერტების კომიტეტის კრიტერიუმების საფუძველზე).
შედეგების კორექტირება მოხდა, მინიმუმ, ხუთი ან ექვსი ცვლადით: სქესი, ასაკი, მწეველობა, ჰიპერტენზია, სხეულის მასის ინდექსი და შრატის ქოლესტეროლი (ან თანაბარმნიშნელოვანი მაჩვენებლები).
პრედიაბედი CVD-ისთან ერთად/CVD-ის გარეშე – მინიჭებული დამატებითი რისკი
საერთო პოპულაციაზე საშუალოდ, 9.8 წლიანი დინამიკაში კონტროლის მეტაანალიზით დადგინდა, რომ პრედიაბეტი დაკავშირებული იყო ყველა მიზეზით გამოწვეული სიკვდილობის, CVD-ის, გულის კორონარული დაავადებისა და ინსულტის რისკის ზრდასთან 13%, 15%, 16% და 14%-ით, შესაბამისად.
სხვაგვარად თუ გადმოვცემთ, ყოველწლიურად, პრედიაბეტის 10.000 შემთხვევაზე მოდიოდა 7.4-ით მეტი სიკვდილიანობა, 8.8-ით მეტი CVD-ის შემთხვევა, 6.6-ით მეტი გულის კორონარული დაავადების შემთხვევა და 3.7-ით მეტი ინსულტი, ამავე რაოდენობის სისხლში გლუკოზის ნორმალური დონის მქონე პირებთან შედარებით.
იმ პაციენტებზე, საშუალოდ, 3.2 წლის პერიოდის დაკვირვებით, რომელთაც უკვე ჰქონდათ ათეროსკლეროზული CVD, პრედიაბეტის არსებობა უკავშირდებოდა ყველა მიზეზით გამოწვეული სიკვდილობის, CVD-ისა და გულის კორონარული დაავადების უფრო მეტად მომატებულ რისკებს: 36%, 37% და 15%, შესაბამისად.
სისხლში გლუკოზის ნორმალური დონის მქონე პირებისაგან განსხვავებით, ადრე არსებული ათეროსკლეროზული CVD-პაციენტების ქვეჯგუფში, წელიწადში 10.000 ადამიანზე, დაფიქსირდა სიკვდილის 66-ით მეტი შემთხვევა, 190-ით მეტი კარდიოვასკულარული მოვლენა და 8.5-ით მეტი ინსულტი.
„აღნიშნული შედეგები ცხადყოფს, რომ ათეროსკლეროზული [CVD] დაავადებების მქონე პაციენტებში პრედიაბეტის მართვა, შეიძლება, მნიშვნელოვანი იყოს მათი [CVD] განმეორების და ნაადრევი სიკვდილის რისკის შესამცირებლად,“ დაასკვნეს კაიმ და მისმა კოლეგებმა.
კვლევას მხარს უჭერდნენ გუანგდონის საბაზისო და პრაქტიკული საბაზისო კვლევების ფონდი, მეცნიერებისა და ტექნოლოგიის ინოვაციური პროექტი (ფოშანი, გუანგდონი) და კლინიკურ კვლევათა საწყისი პროგრამა (შუნდეს ჰოსპიტალი, სამხრეთის სამედიცინო უნივერსიტეტი, ჩინეთი). ავტორები უარყოფენ კომერციულ დაინტერესებას.