პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომის კლინიკური პრაქტიკის გზამკვლევი
გზამკვლევი მოწოდებულია ავსტრალიის ეროვნული ჯანდაცვისა და მედიცინის შემსწავლელი საბჭოსა და სხვა სამედიცინო საზოგადოებების მიერ, 2018 წლის 19 ივლისს.
არარეგულარული მენსტრუალური ციკლის მიზეზი ხშირად პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომს უკავშირდება, თუმცა ოვულაციური დარღვევები რეგულარული ციკლის ფონზეც შესაძლოა განვითარდეს.
პოლიცისტური საკვერცეების სინდრომის დროს ანოვულაციის დასადგენად იზომება პროგესტერონის დონე, ხოლო ჰიპერანდროგენიის ხარისხის განსაზღვრისთვის კი მნიშვნელოვანია საერთო და თავისუფალი ტესტოსტერონისა და თავისუფალი ანდროგენური ინდექსის გამოთვლა.
აღნიშნული მაჩვენებლების დადგენა ისეთი მაღალხარისხიანი გამოვლევებითაა შესაძლებელი, როგორიცაა თხევადი ქრომატოგრაფია-სპექტრომეტრია და ქრომატოგრაფიული იმუნოანალიზატორები.
დეჰიდროეპიანდროსტერონის სულფატი (DHEAS) და ანდროსტენდიონის განსაზღვრა იმ შემთხვევაშია აუცილებელი, როდესაც საერთო ან თავისუფალი ტესტოსტერონის დონე მომატებული არაა და ჰიპერანდროგენიის ეჭვი მაინც არსებობს.
თუ კი აღნიშნული მაჩვენებლებიდან რომელიმე მნიშვნელოვნადაა მომატებული, აუცილებელია ჰიპერანდროგენიის გამომწვევი სხვა მიზეზების ძიებაც.
პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომისას უპირატესობა ენიჭება ტრანსვაგინალური ექოსკოპიას, სქესობრივად აქტიური ცხოვრების მქონე პაციენტის შემთხვევაში, ტრანსაბდომინალური ექოსკოპიის ჩატარება კი არაა გამართლებული იმ დროს, თუ კი პაციენტს მენარხე <8 წლის წინ ჰქონდა (ამ დროს ექოსკოპიურად მულტიფოლიკულური საკვერცხეები ვლინდება).
პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომის მქონე ქალებს მუდმივად უნდა ეზომებოდეთ ფიზიკური მაჩვენებლები: სიმაღლე, წონა, სხეულის მასის ინდექსი და წელის გარშემოწერილობა.
პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომის მქონე ქალებში მუდმივად უნდა ფასდებოდეს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკ-ფაქტორები. ჭარბი წონისა და სიმსუქნის დროს აუცილებელია განსაზღვრულ იქნას ლიპიდური პროფილი.
პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომის მქონე ყველა ქალს უნდა განესაზრვროს გლიკემიური სტატუსი: უზმო გლუკოზის დონე, გლიკოზირებული ჰემოგლობინი და ორალური გლუკოზის დატვირთვის ტესტი (ამ უკანასკნელის ჩატარება განსაკუთრებით სასურველია მაღალი რისკის მქონე პაციენტებში). ორალური გლუკოზის დატვირთვის ტესტის ჩატარება რეკომენდირებულია დაორსულებამდე, ორსულობის შემთხვევაში კი ტესტი 20 კვირაზე ნაკლებ და 24-28 კვირის ვადებზე უნდა მოხდეს.
ტრანსვაგინალური ექოსკოპიითა და ბიოფსიის საშუალებით აუცილებელია შეფასებულ იქნას ქალის ენდომეტრიუმის მდგომარეობა, ვინაიდან ცნობილია, რომ პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომის მქონე ქალებში ენდომეტრიუმის კიბო 2-6ჯერ უფრო ხშირად ვლინდება.
ჰიპერანდროგენიისა და არარეგულარული მენსტრუალური ციკლის დროს რეკომენდებულია კომბინირებული ორალური კონტრაცეპტივებით (კოკებით) მკურნალობა, თუ კი აღნიშნული თერაპია უეფექტია, მკურნალობას მეთფორმინიც ემატება, განსაკუთრებით შაქრიანი დიაბეტის მაღალი რისკის მქონე ქალებში. მეთფორმინს ოვულაციის ინდუქციის ეფექტი აქვს (ოვულაციის ინდუქციის შემთხვევაში, აუცილებელია პაციენტს მივაწოდოთ ინფორმაცია სხვა მაინდუქცირებელ პრეპარატებზე)
თუ კი ჰიპერანდროგენული ჰირსუტიზმი კოკებითა და კოსმეტიკური საშუალებებით მკურნალობის დაწყებიდან 6 თვის შემდეგაც არ გამოსწორდა, ამ შემთხვევაში ანტიანდროგენების ჩართვა ხდება აუცილებელი.
რაც შეეხება ანოვულაციის მართვას- ოვულაციის სტიმულირების მიზნით, მეთფორმინის გარდა, გამოიყენება ლეტროზოლი და კლომიფენის ციტრატი. (ბევრ ქვეყანაში მათ „Off-label” იყენებენ )
ოვულაციის ინდუქციის მიზნით, პირველი რიგის პრეპარატად ლეტროზოლი მოიაზრება, კლომიფენის ციტრატი კი პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომის მქონე ქალებში ანოვულატორული უნაყოფობის შემთხვევაში გამოიყენება. თუ კი ასეთი პაციენტი კლომიფენის მიმართ რეზისტენტულია, მიმართავენ ლაპარასკოპიულ ჩარევას.
გონადოტროპინები კონსერვატიული თერაპიის მეორე რიგის პრეპარატად მოიაზრება.
ანოვულატორული უნაყოფობის მქონე პაციენტებში ინ-ვიტრო განაყოფიერება მესამე რიგის თერაპიას წარმოადგენს, თუ კი ოვულაციის მაინდუქცირებელი თერაპია უშედეგო აღმოჩნდა.
სტატია ქართულ ენაზე თარგმნა ენდოკრინოლოგმა ნესტან ბოსტოღანაშვილმა
საქართველოს ენდოკრინოლოგიისა და მეტაბოლიზმის ასოციაცია
წყარო: Polycystic Ovarian Syndrome Clinical Practice Guidelines (2018) – Medscape – Sep 14, 2018.