- By ქეთევან ძაგანია
- In სიახლეები
მეტი რძის ნაწარმი ხანდაზმულებში ამცირებს წაქცევისა და მოტეხილობების რისკს
სტატია ქართულ ენაზე თარგმნა: ანა დათიაშვილი
რედაქტირებულია GAEM-ის სარედაქციო ჯგუფის მიერ: ქეთევან ძაგანია
წყარო: More Diary Lowers Risk of Falls, Fractures in Frail Elderly
ავსტრალიაში ჩატარებული რანდომიზირებული კვლევის შედეგების თანახმად, მეტი რძის, ყველის ან იოგურტის მიღება, შესაძლოა, იყოს ძვლების სიჯანსაღის შესანარჩუნების, ასევე, ხანგრძლივი მზრუნველობის დაწესებულებებში მცხოვრებ ხანდაზმულებში წაქცევისა და მოტეხილობის პრევენციის მარტივი და იაფი გზა.
„რძის ნაწარმის დამატებით გამოყენება, შესაძლოა, იყოს ეფექტური, უსაფრთხო, ყველასთვის ხელმისაწვდომი და იაფი საშუალება საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე მოტეხილობის ტვირთის შესამცირებლად,“ აღნიშნა სანდრა იულიანო (Sandra Iuliano), მელბურნის უნივერსიტეტის (ავსტრალია) ფილოსოფიის დოქტორი, რომელმაც აღნიშნული დასკვნები წარმოადგინა ძვლისა და მინერალების ამერიკული საზოგადოების (ASBMR) 2020 ყოველწლიურ შეხვედრაზე.
მკვლევარებმა რანდომიზებული პრინციპით შეარჩიეს ასაკოვანთა 60 დაწესებულება, რათა მათი მცხოვრებლები, 2 წლის განმავლობაში, უზრუნველეყოთ ჩვეული მენიუთი, ან მეტი რძის, ყველის ან იოგურტის შემცველი მენიუთი.
შეცვლილი მენიუს მქონე მაცხოვრებლებმა რძის პროდუქტის მოხმარება დღეში 2 ულუფიდან 3.5 ულუფამდე გაზარდეს, რამაც განაპირობა მეტი კალციუმისა და ცილის მიღება, წაქცევის რიცხვის დაქვეითებასთან, საერთო მოტეხილობებისა და ბარძაყის ძვლის მოტეხილობების რაოდენობის შემცირებასთან ერთად, საკონტროლო ჯგუფთან შედარებით.
აღნიშნულ კვლევაზე კომენტარის გასაკეთებლად, Medscape Medical News-მა მოიწვია ორი ექსპერტი, რომლებიც არ მონაწილეობდნენ კვლევაში.
„ეს არის პირველი რანდომიზირებული კვლევა, რომელიც აჩვენებს რძის ნაწარმის მიღების სარგებელს მოტეხილობის რისკზე,“ Medscape Medical News-ს განუცხადა უოლტერ ვილეტმა (Walter Wilett), MD-მა, ჰარვარდის T.H. ჩანის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის კვებისა და ეპიდემიოლოგიის პროფესორმა, (ბოსტონი, მასაჩუსეტსი).
შედეგები „გასაოცარი არ არის“, რადგან კალციუმისა და D ვიტამინის დამატებით მიღებამ მოტეხილობების რიცხვი შეამცირა სპეციალიზებულ საცხოვრებელ დაწესებულებებში მცხოვრებ მსგავს ხანდაზმულ პირთა პოპულაციაში, განაცხადა ვილეტმა, New England Journal of Medicine-ში გამოქვეყნებული მიმოხილვითი არტიკლის, „რძე და ჯანმრთელობა,“ თანაავტორმა.
„ყველასთვის მნიშვნელოვანია კალციუმისა და D ვიტამინის ადეკვატური დოზის მიღება,“ თქვა მან. თუმცა „არ არის ნათელი, ამის კლინიკური უზრუნველყოფა უმჯობესია დანამატების სახით, ჯანსაღი კვებით, თუ რძის ნაწარმის დამატებითი მიღებით,“ დასძინა მან იმის აღნიშვნით, რომ ავსტრალიის კვლევაში მოცემული რძის ნაწარმის რაოდენობის მოხმარება არ არის ეკოლოგიურად მდგრადი.
კლიფორდ როზენმა (Clifford Rosen), ტაფტის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის (ბოსტონი, მასაჩუსეტსი) პროფესორმა Medscape Medical News-ს განუცხადა, რომ ავსტრალიელმა მკვლევარებმა მეტწილად შეისწავლეს კვების რაციონში კალციუმისა და ცილის მაღალი შემცველობის გავლენა და არა – D ვიტამინის დანამატების ზემოქმედება.
„ეს არის პროგრესი, სავალალო მდგომარეობაში მყოფი მაცხოვრებლების მიმართ ჩარევების განხორცილების მიმართულებით, რათა თავიდან იქნას აცილებული მოტეხილობების განვითარება — ალბათ, ყველაზე დამაჯერებელი მონაცემები ბოლო წლებში არსებულთა შორის,“ აღნიშნა მან.
მიმდინარე კვლევის თანახმად, „ეს არ არის D ვიტამინი,“ რადგან მაცხოვრებლებს ჰქონდათ საწყისი კალციუმის დაბალი დონე, მაგრამ ნორმალური D ვიტამინის დონე. „ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვიყავით იმ აზრზე, რომ ხანდაზმულებში D ვიტამინის დონის ზრდა იწვევს მოტეხილობების რიცხვის შემცირებას,“ აღნიშნა როზენმა. „მონაცემები აღნიშნულს მხარს არ უჭერს, თუმცა ხალხი კვლავ განაგრძობს ფიქრს, რომ ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია.“
მეორე მხრივ, მიმდინარე კვლევა გარკვეულ კითხვებს ბადებს. „ის რაც ჩვენ არ ვიცით, არის ეს კალციუმი, ცილა თუ მათი კომბინაცია, რაც ახდენს გავლენას?“
რძის ნაწარმის გამოყენების მატება აქვეითებს წაქცევის რიცხვს?
დაწესებულებებში მცხოვრებ ხანდაზმულებს წაქცევის და მოტეხიილობების, მათ შორის, ბარძაყის მოტეხილობის, განვითარების მაღალი რისკი აქვთ, ასევე, „ხშირია არასრულფასოვანი კვება,“ აღნიშნა იულიანომ პრეზენტაციისას.
წინასწარი კვლევების თანახმად, ზემოთ აღნიშნული პირები ყოველდღიურად იღებენ 635 მგ (რეკომენდებული 1.300 მგ-ს ნახევარი) კალციუმს, 0.8 გ/კგ სხეულის წონაზე ცილას (რეკომენდებულ 1/გ/კგ სხეულის წონაზე ნაკლები) და 1.5 პორცია (რეკომენდებული რაოდენობის მესამედი) რძის ნაწარმს, განაცხადა მან.
ჯგუფმა გამოთქვა ჰიპოთეზა, რომ ხანგრძლივი მზრუნველობის დაწესებულებებში მცხოვრებ ხანდაზმულ პირებში რძის პროდუქტების მოხმარების ზრდა შეამცირებს მოხეტილობების განვითარების რისკს. მათ ჩაატარეს 2 წლიანი, კლასტერ-რანდომიზირებული კვლევა მელბურნსა და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ 60 დაწესებულებაში.
დაწესებულებათა ნახევარში 3.301 მაცხოვრებელს მიეწოდებოდა მეტი რძის ნაწარმის შემცველი მენიუ, ხოლო მეორე ნახევარში – 3.894 მაცხოვრებელი იკვებებოდა ჩვეული რაციონით.
ორივე ჯგუფის მაცხოვრებლებს ჰქონდათ მსგავსი მახასიათებლები: მათი საშუალო ასაკი წარმოადგენდა 87 წელს და 68% იყო ქალი.
ქვეჯგუფებში საწყის ეტაპზე და 1 წლის შემდეგ განისაზღვრა სისხლის ანალიზები და ძვლის მორფოლოგიური კვლევები.
ქვეჯგუფებში მკვლევარებმა საკვები ნივთიერებების მოხმარება შეამოწმეს მენიუს დამუშავებითა და თეფშზე ნარჩენების ანალიზით; მათ წაქცევისა და მოტეხილობების რაოდენობა განსაზღვრეს შემთხვევათა რაოდენობებითა და საავადმყოფოს რენტგენის მონაცემებით, შესაბამისად.
მოტეხილობების რაოდენობა 33%-ით ნაკლებია რძის პროდუქტებით მდიდარ ჯგუფში
კვლევის დაწყებისას ორივე ჯგუფის წევრებს ჰქონდათ მსგავსი D ვიტამინის დონე (72 ნმოლ/ლ) და ძვლის მორფოლოგია. ისინი დღეში იღებდნენ ორ ულუფა რძის ნაწარმისგან დამზადებულ საკვებს და სასმელს, სადაც რძის ულუფა იყო 250 მლ (მათ შორის ლაქტოზა-თავისუფალი რძე), ან 200 გრ იოგურტი, ან 40 გრ ყველი.
მათი საწყისი ყოველდღიური მიღებისათვის განკუთვნილი კალციუმის დოზა წარმოადგენდა 650 მგ-ს, რაც დარჩა უცვლელი საკონტროლო ჯგუფისათვის, თუმცა საკვლევ ჯგუფში გაიზარდა > 1.100 მგ-მდე.
ცილის ყოველდღიურად მისაღები დოზა წარმოადგენდა 59 გ-ს, რაც უცლვევლი დარჩა საკონტროლო ჯგუფისათვის, ხოლო საკვლევ ჯგუფში გაიზარდა, დაახლოებით, 72 გ-მდე (1.1გ/კგ სხეულის მასაზე).
2 წლის განმავლობაში, საკონტროლო vs საკვლევ ჯგუფში რძის პროდუქტების მიღების ზრდა დღეში 1.5 ულუფით დაკავშირებული იყო:
- წაქცევის რიცხვის 11%-იანი შემცირებასთან (62% vs 57%),
- მოტეხილობის რიცხვის 33%-იან შემცირებასთან (5.2% vs 3.7%),
- ბარძაყის მოტეხილობის რიცხვის 46%-ით შემცირებასთან (2.4% vs 1.3%) და
- სიკვდილობას შორის განსხვავდება არ დაფიქსირდა (28% ორივე ჯგუფში).
ინტერვენცია, ასევე, დაკავშირებული იყო ძვლოვანი მასის კარგვის შენელებასა და ინსულინის მსგავსი ზრდის ფაქტორ-1-ის ზრდასთან.
დღეში ოთხი ულუფა რძის პროდუქტი „ბევრია“
„ხანდაზმულებისათვის გონივრულია რძის ნაწარმის ერთი ან ორი ულუფის დღიური მიღება, თუმცა, დღეში 4 ულუფის მიღება, როგორც ამ კვლევაში არის ნაჩვენები, სავარაუდოდ, არ არის აუცილებელი,“ განაცხადა ვილეტმა.
უფრო მეტიც, „რძის ნაწარმის წარმოებას დიდი გავლენა აქვს სათბურის აირებით დაბინძურებაზე და, თუნდაც, დღეში ორი პორციის მიღება, ყველა რომ მოიხმარდეს აღნიშნულ პორციას, არ არის ეკოლოგიურად მდგრადი,“ განმარტა მან.
„გამომდინარე იქედან, რომ კლიმატის ცვლილების გამო, მსოფლიო დგას ეგზისტენციალური საფრთხის წინაზე, უპასუხისმგებლო იქნება რძი ნაწარმის დიდი რაოდენობით გამოყენება მაშინ, როდესაც ყველა აუცილებელი ნუტრიენტის მიღება სხვა წყაროებიდანაც არის შესაძლებელი,“ დასძინა მან.
„ამასთანავე, მიზანშეწონილია რძის პროდუქტების მიღება მცირე რაოდენობით, როგორიცაა დღეში ერთი, ან ორი ულუფა. არსებობს გარკვეული მტკიცებულება, რომ რძის ნაწარმის იუგურტის სახით გამოყენებას დამატებითი სარგებელი აქვს.“
კვლევა დააფინანსა მელბურნის უნივერსიტეტმა და სხვადასხვა კვებითმა საბჭომ. იულიანომ განაცხადა, რომ ლექციების საფასური მიიღო Abbott-ისგან. როზენსა და ვილეტს არ აღნიშნავენ შესაბამისი ფინანსური ურთიერთობას