მეთფორმინი შესაძლოა ხელს უშლიდეს წონის ხელახლა მატებას მისი თავდაპირველი კლების შემდეგ
ხანგრძლივად მიმდინარე კვლევის შედეგების მიხედვით, მეთფორმინი შესაძლოა არამხოლოდ აქვეითებდეს გლუკოზის დონეს სისხლში, არამედ ეხმარებოდეს პაციენტებს დაკლებული წონის შენარჩუნებაში.
კერძოდ, DPP (დიაბეტის პრევენციის პროგრამა) კვლევაში მონაწილე პაციენტებიდან, რომლებმაც ერთ წელიწადში დაიკლეს საწყისი წონის 5% (მეთფორმინის, აქტიური ცხოვრების წესის, ან პლაცებოს ჯგუფებში რანდომიზების შემდეგ), მეთფორმინზე მყოფ პაციენტებში, რომლებმაც გააგრძელეს მეთფორმინის მიღება შემდგომი, ობზერვაციული DPPOS (დიაბეტი პრევენციის პროგრამის გამოსავლები) კვლევის ფარგლებში, დაქვეითებული წონის შენარჩუნება მოხდა 5-14 წლის განმავლობაში.
,,მათ, ვინც პირველი წლის ბოლოს დაიკლო წონაში და მეთფორმინის მიღება გააგრძელა, დიდი ხნის განმავლობაში შეინარჩუნეს დაკლებული წონა, ამ ეფექტის შესახებ ჩვენთვის აქამდე ცნობილი არ იყო,’’ განაცხადა კიშორ ემ გადემ MD (პენინგტონის ბიოსამედიცინო კვლევითი ცენტრი, ბატონ რუჟი, ლუიზიანა), კვლევის მთავარმა ავტორმა, Medscape Medical News-თან ინტერვიუში.
,,მეთფორმინის მიღებას შედეგად არ მოჰყვება წონაში ისეთივე კლება [ან მადის დაქვეითება], როგორც სიმსუქნის სამკურნალო მედიკამენტების მიღებას, როგორიცაა ქსიმია (ფენტერმინი/ტოპირამატი), ან საქსენდა (ლირაგლუტიდი),’’ თქვა გადემ. ,,თუმცა თუ პაციენტების იმ 29%-ს მიეკუთვნებით, რომლებიც თავიდანვე წარმატებით იკლებენ წონაში, დიდი შანსია, რომ მეთფორმინის მიღების გაგრძელების შემთხვევაში დიდი ხნის მანძილზე შეინარჩუნებთ დაკლებულ წონას’’.
22 აპრილს Annals of Internal Medicine-ში გამოქვეყნდა ჯონ ვი აპოლზანისა (PhD, პენინგტონის ბიოსამედიცინო კვლევითი ცენტრი, ლუიზიანას სახელმწიფო უნივერისტეტი, ბატონ რუჟი) და კოლეგების მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები.
DPP-გან განსხვავებით, DPPOS არ წარმოადგენს რანდომიზებულ კონტროლირებულ კვლევას (RCT), ასე რომ ,,ერთი ან მეტი RCT-ის ჩატარებაა საჭირო ამ კვლევაში მიღებული შედეგების დასადასტურებლად,’’ დაამატა გადემ.
,,რადგან მეთფორმინი ჯენერიული წამალია, ნაკლებსავარაუდოა, რომ რომელიმე ფარმაცევტული კომპანია ჩაატარებს მესამე ფაზის RCT-ებს ახალი წამლის აპლიკაციისთვის (NDA), ახალი ჩვენებების საძიებლად’’, განაცხადა მან, თუმცა ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტები და არაკომერციული პროფესიონალური ორგანიზაციები ზოგჯერ აფინანსებენ წამლების კვლევებს, დაუკმაყოფილებელი სამედიცინო მოთხოვნილებისთვის.
,,ამჟამად, კლინიკური მსჯელობით უნდა გადაწყდეს მეთფორმინის დამატების საჭიროება, ცხოვრების წესის ინტენსიური მოდიფიკაციის წარუმატებლობის ან მოგვიანებით, პაციენტის დაკლებული წონის ხელახალი მატების შემთხვევაში,’’ აღნიშნავენ ლესლი ი კაცელი, MD, PhD, და ჯონ დ სორკინი, MD, PhD (ბალტიმორის სამედიცინო ცენტრი, მერილენდი უნივერსიტეტი).
,,მიუხედავად იმისა, რომ ყველა პაციენტის შემთხვევაში წარმატების მიღწევა ვერ მოხერხდა, მონაცემები აჩვენებს, რომ ხანგრძლივი დროით წონის კლება სრულიად მიღწევადია და საკმაოდ ლოგიკურია პაციენტებისთვის დახმარების გაწევა ამ მიზნის მიღწევაში,’’ ამბობენ რედაქტორები. ,,შეიძლება მისაღები გადაწყვეტილება იყოს, ცხოვრების სტილის ინტენსიური მოდიფიკაციით დაწყება’’ წერენ ისინი ,,რადგან ის წონის კლებისა [რანდომიზებულ DPP-ში] და დიაბეტის პროგრესიის პრევენციისთვის ყველაზე ეფექტური მეთოდი აღმოჩნდა.’’
დენიელ ოსტენდორფმა (PhD, პოსტდოქტორანტი, კოლორადოს უნივერსიტეტის ანშუტცის სამედიცინო კამპუსი, ავრორა) აღნიშნა, რომ პაციენტებისთვის ცხოვრების სტილის ინტენსიური მოდიფიკაციებისადმი დამყოლობა რთულ გამოწვევებთანაა დაკავშირებული. ,,საჭიროა მუშაობა იმის დასადგენად თუ ცხოვრების სტილის მოდიფიკაციების რომელი კომპონენტებია ეფექტური და რომელი კომპონენტი საჭიროებს გაუმჯობესებას, რათა უფრო ეფექტური იყოს მისი გამოყენება ხანგრძლივი პერსპექტივისთვის’’, თქვა მან.
მომავალმა კვლევამ შეიძლება ასევე შეისწავლოს განსხვავებები მეთფორმინით მკურნალობის საპასუხოდ წონის კლების მქონე და არმქონე პაციენტებს შორის. ,,ყოველთვის არსებობს ინდივიდუალური განსხვავებები მკურნალობაზე პასუხებს შორის,’’ აღნიშნა ოსტენდორფმა, რომელიც უძღვებოდა მცირე კვლევას, რომლის შედეგადაც დამტკიცდა, რომ წონის ხელახალი მატების თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანი კომპონენტია ფიზიკური ვარჯიში. ,,საუკეთესო სტრატეგია ისაა, რომელიც საუკეთესოდ მუშაობს კონკრეტული პაციენტის შემთხვევაში. მართვის სხვადასხვა სტრატეგიების მოსინჯვა მნიშვნელოვანი ნაბიჯია წონის კლების წარმატებული, ხანგრძლივი დროით შენარჩუნების მისაღწევად.’’
მეთფორმინი vs ცხოვრების სტილის ინტენსიური მოდიფიკაცია წონის კლების ხანგრძლივი დროით შესანარჩუნებლად
მკვლევარების დაკვირვებით, როდესაც ჭარბი წონის ან სიმსუქნის მქონე პაციენტები კარგავენ წონას, გლიკემია უმჯობესდება. თუმცა, ბოლომდე გარკვეული არ არის გრძელდება თუ არა ეს ეფექტი მხოლოდ იმ დროის განმავლობაში, რა ხნის მანძილზეც პაციენტი ინარჩუნებს დაქვეითებულ წონას. დამატებით, პაციენტის მართვისთვის შეიძლება ასევე მნიშვნელოვანი იყოს წონის უკეთესი, ხანგრძლივი დროით კლებასთან დაკავშირებული საბაზისო ფაქტორების იდენტიფიკაცია.
ამის დასადგენად, შეისწავლეს DPP კვლევის ფარგლებში პაციენტების წონის კლების ხანგრძლივობა, რომელთაც ერთ წელიწადში დაკარგეს თავიანთი საწყისი წონის სულ მცირე 5%, ხოლო შემდეგ მათ აკვირდებოდნენ 15 წლის განმავლობაში DPPOS-ის ფარგლებში. DPP/DPPOS არის ყველაზე ფართო, ყველაზე ხანგრძლივი კვლევა მეთფორმინის მიერ ტიპი 2 დიაბეტის პრევენციის ან მისი განვითარების გადავადების შესასწავლად.
DPP-ში ჭარბი წონის ან სიმსუქნის მქონე 3234 პაციენტი, რომელთაც გლუკოზის დონე მომატებული ჰქონდათ დიაბეტის რისკის ზღვრამდე, რანდომულად განაწილდნენ ცხოვრების სტილის ინტენსიური მოდიფიკაციის (სესიები დიეტისა და ვარჯიშის შესახებ, სხეულის მასის 7%-ით დასაქვეითებლად), დღეში ორჯერ 850 მგ მეთფორმინის, ან პლაცებოს ჯგუფებში, სადაც დაკვირვების საშუალო ხანგრძლივობა იყო 2,8 წელი.
შენიღბული მკურნალობების დასრულების შემდეგ ყველა მონაწილეს შეეძლო DPPOS-ში მონაწილეობის მიღება, სადაც მათ შეეთვაზათ ცხოვრების სტილის ნაკლებად ინტენსიური მოდიფიკაციის პროგრამა.
ბაზისურად, პაციენტების საშუალო ასაკი შეადგენდა 50 წელს და მათი დაახლოებით 2/3 იყო ქალი. მათი სხეულის მასის საშუალო ინდექსი (სმი/BMI) იყო დაახლოებით 34 კგ/მ2 და დაახლოებით 2/3 ოჯახურ ანამნეზში აღნიშნავდა დიაბეტის არსებობას. ერთი წლის თავზე, მეთფორმინის ჯგუფის 1014 მონაწილიდან 289-ში (28,5%), ცხოვრების სტილის ინტენსიური მოდიფიკაციის ჯგუფის 1029 მონაწილიდან 640-ში (62,6%) და პლაცებოს ჯგუფის 1025 მონაწილიდან 137-ში (13,4%) დაფიქსირდა სხეულის საწყისი წონის სულ მცირე 5%-ით კლება – წონის საშუალო კლება ჯგუფებში იყო 8,9%, 11,0% და 9,2%, შესაბამისად. თუმცა, უახლესი მონაცემებით დასტურდება, რომ დაქვეითებული წონის შენარჩუნება ყველაზე ხანგრძლივი დროის განმავლობაში მოხერხდა მეთფორმინის ჯგუფის პაციენტებში.
6-15 წლის განმავლობაში (ცხოვრების სტილის ინტენსიური მოდიფიკაციისა და წონის სტაბილიზაციის შემდეგ), საბაზისო წონასთან შედარებით, მისი კლების საშუალო მაჩვენებელი იყო – 6,2% (95% CI, 5.2% – 7.2%) მეთფორმინის ჯგუფში, 3,7% (95% CI, 3.1% – 4.4%) ცხოვრების სტილის ინტენსიური მოდიფიკაციის ჯგუფში, და 2,8% (95% CI, 1.3% -4.4%) პლაცებოს ჯგუფში – და პაციენტების 56%-ში, 43%-სა, და 42%-ში შესაბამის ჯგუფებში, მოხერხდა საწყისიდან სულ მცირე 5%-ით შემცირებული წონის შენარჩუნება.
დიაბეტის კუმულაციური ინციდენტობა, 15 წელზე მეტი ხნის განმავლობაში უფრო დაბალი იყო იმ პაციენტებში, რომლებმაც საწყისი წონის სულ მცირე 5% მაინც დაიკლეს. სამივე ჯგუფში, დაკლებული წონის ხანგრძლივად შენარჩუნების (წონის ≥5%-იანი კლება 5, 10 და 15 წლების ბოლოს) მაჩვენებელი უფრო მაღალი იყო ისეთ პაციენტებში, რომლებმაც პირველი წლის მანძილზე მეტი წონა დაკარგეს.
ცხოვრების სტილის ინტენსიური მოდიფიკაციის ჯგუფში, წონის კლების ხანგრძლივად შენარჩუნების მაჩვენებელი უფრო მაღალი იყო უფრო ასაკოვან პირებში და პაციენტებში, რომელთაც არ ჰქონდათ დიაბეტის დიაგნოზი ან ოჯახური ისტორია.
დაქვეითებული წონის ხანგრძლივად შენარჩუნების პრედიქტორები მოიცავდა მეთფორმინის აქტიურ გამოყენებას ბოლო ხანებში – მეთფორმინის ჯგუფში და ბაზისური, უზმო გლუკოზის უფრო მაღალ დონეს – პლაცებოს ჯგუფში. რედაქტორების შენიშვნით, კვლევის ლიმიტაციებს წარმოადგენდა ფაქტი, რომ პლაცებოს ჯგუფში პაციენტების 37% მეთფორმინს იღებდნენ კვლევის მე-15 წელს; და მეთფორმინის ჯგუფში, პაციენტების მხოლოდ 72% იჩენდა მკურნალობაზე დამყოლობას (იღებდა დანიშნული დოზის სულ მცირე 80%-ს) DPP-ის ფარგლებში, ხოლო 49% – DPPPOS-ის ფარგლებში. მეტიც, სხვა ჯუფები იყენებენ წონის კლების ხანგრძლივად შენარჩუნების სხვა საზღვრებს, მაგ. გულის, ფილტვისა და სისხლის ეროვნული ინსტიტუტი იყენებს 10%-იან ზღვარს. თუმცა, მკვლევარების თქმით, წონის თუნდაც 5%-იანი კლებაც მნიშვნელოვანი სარგებლის მომტანია ჯანმრთელობისთვის
DPPOS-3: მეთფორმინის ეფექტი კარდიოვასკულარულ დაავადებებზე, ზოგიერთ კიბოზე
,,მომავალი კვლევები, უნდა ფოკუსირდეს იმის დადგენაზე, თუ ცხოვრების სტილის მოდიფიკაციების, სიმსუქნის საწინააღმდეგო წამლების ან ხელსაწყოების ან ბარიატრიული ოპერაციის გამოყენების შედეგად წონის საწყისი კლების შემდეგ, რამდენად შესაძლებელია მეთფორმინის წარმატებით გამოყენება, შემცირებული წონის შენარჩუნების მიზნით,
გადეს თქმით, DPPOS-3-ში მონაწილე პაციენტებს, დამატებით ხუთი წლის განმავლობაში აკვირდებიან, რათა შეაგროვონ მონაცემები მეთფორმინის მიერ კარდიოვასკულარული დაავადებების ან ზოგიერთი კიბოს რისკის სავარაუდო დაქვეითების შესახებ, სხვა სასარგებლო გამოსავლებთან ერთად. თუ DPPOS-3 და მეთფორმინის ეფექტების შემსწავლელი 10-ზე მეტი კლინიკური კვლევა ,,აჩვენებს, რომ მეთფორმინს აქვს დამატებითი სასარგებლო ეფექტები, ამ ეფექტების სიმძლავრე იქნება გადაწყვეტილების მიღების მნიშვნელოვანი ნაწილი, წონის კლების ხანგრძლივად შესანარჩუნებელი სტრატეგიის არჩევისას’’ განაცხადეს კატცელმა და სორკინმა.
სტატია საქართველოს ენდოკრინოლოგიისა და მეტაბოლიზმის ასოციაციისთვის მოამზადა ენდოკრინოლოგიის რეზიდენტმა ნუკა ჭელიძემ
წყარო: Metformin May Stop Weight Regain After Initial Loss – Medscape – Apr 22, 2019.