კორონავირუსი და ფარისებრი ჯირკვლის დაავადები

კორონავირუსი და ფარისებრი ჯირკვლის დაავადები

სტატია ქართულ ენაზე თარგმნა ენდოკრინოლოგმა ნინო თედორაძე
წყარო: ამერიკის კლინიცისტ ენდოკრინოლოგთა ასოციაციის ოფიციალური განცხადება

დღეისათვის, ფარისებრი ჯირკვლვის დაავადებასა და კოვიდ-19-ის ინფექციისადმი მგრძნობელობას შორის ურთიერთკავშირის შესახებ ინფორმაცია არასაკმარისია, თუმცა არ არსებობს იმის საფუძველი ვიფიქროთ, რომ ფარისებრი ჯირკვლის დაავადების მქონე პირებს გაზრდილი აქვთ ახალი კორონავირუსით ინფიცირების  ან მისი თანმხლები გართულებების განვითარების რისკი.

მიუხედავად ზემოთ აღნიშნულისა, თუ პაციენტი არ იღებს ფარისებრი ჯირკვლის დაავადების სამკურნალოდ დანიშნულ მედიკამენტს, შესაძლოა განვითარდეს ჰორმონული სტატუსის დარღვევა და გაიზარდოს ვირუსით ინფიცირებისა და მასთან ასოცირებული გართულებების განვითარების რისკი. ამასთანავე, იმუნოსუპრესიულმა თერაპიამ, დიდი დოზით სტეროიდების მიღებამ და მკურნალობის გარკვეულმა სახეობამ შესაძლოა, ასევე, გაზარდოს ინფიცირების რისკი. მსგავს მკურნალობაზე მყოფი პაციენტები უნდა დაუკავშირდნენ მკურნალ ექიმს არსებული რისკის შესაფასებლად.

გამომდინარე იქედან, რომ კოვიდ-19-ის გავრცელების არეალი იზრდება, ინფიცირების რისკის შესამცირებლად უმნიშვნელოვანესია დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის რეკომენდაციების გათვალისწინება. ქვემოთ ჩამოთვლილი ღონისძიებები დაგვეხმარება დაავადების გავრცელების შეჩერებაში და დაიცავს ადამიანებს, მათ შორის ფარისებრი ჯირკლის დაავადების მქონე პირებს, ინფიცირებისაგან:

  • მედიკამენტი მიიღეთ ზუსტად ისე, როგორც გაქვთ დანიშნული ექიმის მიერ და უზრუნველყავით მედიკამენტის სათანადო მარაგი გადაუდებელი შემთხვევებისთვის.
  • ცხელების, ხველისა და ჰაერის უკმარისობის არსებობისას დაუკავშირდით კოვიდ-19-ის ცხელების ცენტრს (საკონტაქტო ინდორმაცია მოიძიეთ თქვენი ქვეყნის ჯანდაცვის ვებ-გვერდზე ) ან თქვენს ოჯახის ექიმს.
  • თუ შეამჩნიეთ ისეთი სიმპტომები, რომელიც შესაძლოა კავშირში იყოს ფარისებრი ჯირკვლის უკვე არსებულ დაავადებასთან დაუკავშირდით მკურნალ ენდოკრინოლოგს ან ოჯახის ექიმს.
  • დარჩით სახლში შეძლებისდაგვარად და მოერიდეთ მჭიდრო კონტაქტს სხვა ადამიანებთან.
  • გამოიყენეთ პირბადე ადამიანებთან კონტაქტის დროს.
  • რეგულარულად დაიბანეთ ხელები საპნით და გამდინარე წყლით სულ მცირე 20 წმ-ის განმავლობაში, განსაკუთრებით საკვებისა და სასმელის მიღების წინ, საპირფარეშოდან გამოსვლის შემდეგ, ხველისა და დაცემინების შემდეგ.
  • თუ არ არის ხელმისაწვდომი საპონი და წყალი, ამ შემთხვევაში გამოიყენეთ სულ მცირე 60% ალკოჰოლის შემცველი სადეზინფექციო ხსნარი.
  • ხველისა და ცემინების დროს პირსა და ცხვირზე აიფარეთ მოხრილი იდაყვი ან ერთჯერადი ხელსახოცი, აღნიშნული ხელსახოცი შემდეგ მოათავსეთ ნაგვის ურნაში.
  • მოერიდეთ დაუბანელი ხელის თვალებთან, პირთან და ცხვირთან შეხებას.
  • ხშირად გაასუფთავეთ ზედაპირები რასაც ეხებით.

გარდა ზემოთხსენებული ზოგადი პრინციპებისა, თირეოიდული დაავადების მქონე პირებმა უნდა გაითვალისწინონ შემდეგი მითითებები არსებული დაავადებიდან გამომდინარე:

გრეივსის დაავადება ან ჰიპერთირეოზი

  • ამჟამად არ არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ ფარისებრი ჯირკვლის აუტოიმუნური დაავადების მქონე პირებს მომატებული აქვთ კოვიდ-19-ით ინფიცირების რისკი.
  • უმნიშვნელოვანესია რომ მედიკამენტის მიღება გაგრძელდეს დანიშნულებისამებრ. თუ დაავადება არ არის სათანადოდ ნამკურნალები, შესალოა აღმოჩნდეთ ვირუსული ინფექციისა და თანმხლები გართულებების განვითარების რისკის ქვეშ.
  • ასევე აღსანიშნავია, რომ გრეივსის დაავადების სამკურნალოდ გამოყენებულმა ანტი-თირეოიდულმა მედიკამენტებმა, იშვიათად, მაგრამ, შესაძლოა გამოიწვიოს ისეთი გვერდითი მოვლენები, რომლის სიმპტომები მსგავია კოვიდ-19-ის ინფექციისა, ესენია: ცხელება, ყელის ტკვილი, კუნთების ტკივილი. აღნიშნული სიმპტომები გამოწვეულია ლეიკოციტების დონის დაქვეითებით სისხლში. თუ გაქვთ მსგავსი სიმპტომები, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ოჯახის ექიმს და ასევე აცნობეთ, რომ იღებთ ანტი-თირეოიდულ მედიკამენტებს.

ჰაშიმოტოს თირეოიდიტი (ქრონიკული აუტოიმუნური თირეოიდიტი)

  • ამჟამად არ არსებობს მტკიცებულება, რომ ფარისებრი ჯირკვლის აუტოიმუნური დაავადება ზრდის კოვიდ-19-ით ინფიცირების რისკს.

ჰიპოთირეოზი

  • უმნიშვნელოვანესია რომ, მედიკამენტის მიღება გაგრძელდეს დანიშნულებისამებრ. თუ დაავადება არ არის სათანადოდ ნამკურნალები, შესაძლოა გაიზარდოს ვირუსით ინფიცირებისა და თანმხლები გართულებების განვითარების რისკი.

ფარისებრი ჯირკვლის კიბო

  • ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მქონე პირთა უმრავლესობა, სავარაუდოდ, არ წარმოადგენს მოწყვლად ჯგუფს კოვიდ-19-ის მიმართ. თუმცა პაცინტებს, რომელთაც აქვთ ფარისებრი ჯირკვლის კიბოს (პაპლარული ან მედულარული) მეტასტაზირებული ფორმა ფილტვებში ან უტარდებათ გარკვეული კიბოს-საწინაღმდეგო მკურნალობა, შესაძლოა აღენიშნებოდეთ ვირუსული ინფექციისა და მასთან დაკავშირებული გართულებების განვითარების მაღალი რისკი. დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის რეკომენდაციების გათვალისწინება დაგეხმარებათ ინფექციის პრევენციაში, თუმცა სიმპტომების არსებობის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ოჯახის ექიმს.

ფარისებრ ჯირკვალთან დაკავშირებული თვალის დაავადება

  • ფარისებრ ჯირკვალთან დაკავშირებული თვალის დაავადება, იგივე თირეოიდ-ასოცირებული ორბიტოპათიის სამკურნალოდ, შესაძლოა, გამოყენებული იყოს სტეროიდების მაღალი დოზები, რაც განაპირობებს იმუნოსუპრესიას, რომელიც თავისმხრივ ზრდის ვირუსული ინფექციისა და მასთან დაკავშირებული გართულებების განვითარების რისკს. თუ თქვენ იმყოფებით სტეროიდებით თერაპიაზე, გააგრძელეთ მედიკამენტის მიღება დანიშნულებისამებრ და დაუკავშირდით თქვენს ენდოკრინოლოგს ან ოჯახის ექიმს, რათა მოხდეს მედიკამენტის დოზის განხილვა და შერჩევა კოვიდ-19-ის პანდემიის პირობებში.
  • თირეოიდ-ასოცირებული ორბიტოპათიის სამკურნალოდ ზოგიერთ პაციენტს შესაძლოა უტარდებოდეს ინტრავენური ინფუზია. მიუხედავა იმისა, რომ საკმაოდ იშვიათია, აღნიშნულ მკურალობას შესაძლოა თან ახლდეს ისეთი გვერდით მოვლენები, რომლის სიმპტომები მსგავსია კოვიდ-19-ის ინფექციის, მათ შორისაა ცხელება, ტაქიკარდია, ჰაერის უკმარისობა და კუნთების ტკივილი. მსგავსი სიმპტომების არსებობის შემთხვევაში დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ოჯახის ექიმს და ასევე აცნობეთ ჩატარებული მკურნალობის შესახებ.
  • თირეოიდ-ასოცირებული ორბიტოპათიის დროს სტეროიდების, როგორც ტაბლეტირებული, ისე ინტრავენური სახით მიღებას შესაძლოა თან ახლდეს ჰიპერგლიკემია. ამ შემთვევაში სასურველია გაითვალისწინოთ კოვიდ-19-თან დაკავშირებული ის რეკომენდაციები, რომელიც გათვალისწინებულია დიაბეტის მქონე პირთათვის.