- By ქეთევან ძაგანია
- In სიახლეები
კეტონების სასმლის მიღება სიმსუქნის მქონე პირებში აუმჯობესებს გლუკოზას დონეს და ენდოთელიუმის ფუნქციას
სტატია ქართულ ენაზე თარგმნა ენდოკრინოლოგმა: ნანა კეჭაყმაძე
რედაქტირებულია GAEM-ის სარედაქციო ჯგუფის მიერ: ქეთევან ძაგანია
წყარო: Premeal Ketone Drink Improves Glucose, Endothelial Function in Obesity
მცირე კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ სიმსუქნის მქონე ზრდასრულებში, ყოველი კვების წინ მიღებული კეტონის მონოესტერის სასმელით 14-დღიანი ინტერვენციის შემდეგ, დაფიქსირდა გლიკემიური რეაქციისა და ენდოთელიუმის ფუნქციის გაუმჯობესება.
„ჩვენი კვლევა გვაწოდებს მტკიცებულებას, რომ სიმსუქნის მქონე ზრდასრულებში, დღეში სამჯერ კვების წინ მიღებული კეტონის მონოესტერის დანამატის საშუალებით, სისხლში ბეტა-ჰიდროქსიბუტირატის გაზრდამ, შესაძლოა, დადებითი გავლენა იქონიოს თავისუფალი გლუკოზას კონტროლისა და სისხლძარღვთა ენდოთელიუმის ფუნქციის გაუმჯობესებაზე,“ Healio-სთან საუბრისას განაცხადა ჯონათან პ. ლითლმა (Jonathan P. Little), კოლუმბიის უნივერსიტეტის ჯანმრთელობისა და ფიზიკური აქტივობის სკოლის ასოცირებულმა პროფესორმა (კანადა). „იმ პირობით, რომ პოსტპრანდიალურად სისხლში გლუკოზას მომატებულ დონეს შეუძლია შემდგომში შაქრიანი დიაბეტი, ტიპი 2-ისა და კარდიოვასკულარული დაავადების განვითარების პროგნოზირება, ზოგადად, ნუტრიციული კეტოზი, ან, კონკრეტულად, კეტონის მონოესტერის საკვები დანამატის ჩართვა შეიძლება წარმოადგენდეს პოტენციურ თერაპიულ სტრატეგიას.“
რანდომიზებულ, ორმაგ ბრმა, ჯვარედინ კვლევაში, ლითლმა და კოლეგებმა გააანალიზეს სიმსუქნის მქონე იმ 14 ზრდასრულის მონაცემები (10 ქალი; საშუალო ასაკი – 56 წელი; საშუალო BMI – 32,8 კგ/მ²), რომლებიც 14 დღის განმავლობაში, ყოველი საკვების მიღებამდე 15 წუთით ადრე იღებდნენ 12გ ბეტა-ჰიდროქსიბუტირატის შემცველ კეტონის მონოესტერის სასმელს, ან იდენტური გემოს მქონე პლაცებოს. საკვები სრულად იყო უზრუნველყოფილი და თანხვდებოდა ერთმანეთს.
მკვლევარებმა პოსტრპანდიალური გლიკემია გაზომეს შენიღბული გლუკოზას უწყვეტი მონიტორინგის საშუალებით. ასევე, შეფასდა მკურნალობამდე და მის შემდეგ დაფიქსირებული სისხლძარღვთა ფუნქცია და ანთება.
დასკვნები გამოქვეყნდა The Journal of Clinical Endocrinology & Metabolism-ში.
მკვლევარებმა დაადგინეს, რომ პოსტრპანდიალური გლუკოზას მაჩვენებელი, პლაცებოსთან შედარებით (P = .011), 8%-ით დაბალი იყო მას შემდეგ, რაც მონაწილეებმა მიიღეს კეტონის მონოესტერის სასმელი, ხოლო 24-საათიანი გლუკოზას საშუალო დონე შემცირდა 7,8%-ით (P = .0001). მხრის არტერიის ნაკადით გაშუალებული გაფართოება, კეტონური სასმელის მიღების შემდეგ, (P = .0004) გაიზარდა 6,2%-დან 8,9%-მდე მაშინ, როდესაც პლაცებოს გამოყენების შემდეგ ცვლილებები არ შეინიშნებოდა (დროში ურთიერთქმედებით P = 0,004 პირობით).
ლითლის თქმით, კეტონის დანამატი მონაწილეებმა კარგად მიიღეს და მითითებებიც ზუსტად იქნა შესრულებული.
ლითლმა, ასევე, აღნიშნა, რომ ეს გახლდათ მცირე ზომის კვლევა, რომელიც ჩატარდა თავისუფალი და, ამავდროულად, მკაცრად გაკონტროლებული დიეტის პირობებში.
„მონაწილეები საკვებით სრულად ჩვენ უზრუნველვყავით, ამასთან, ვაკონტროლებდით საკვების მიღების დროს, ასე რომ, ეს არ ჰგავდა ჩვეულებრივ დროს მათ მიერ მიღებულ კვებას და მათ ჩვეულებებს,“ განაცხადა ლითლმა. „რასაკვირველია, სამომავლოდ უფრო ხანგრძლივი კვლევებია ჩასატარებელი კეტონი მონოესტერის დანამატის გამოსაკვლევად. ასევე, თუ გავითვალისწინებთ, რომ კეტონის მონოესტერის დანამატის კვების წინ მიღება ამცირებს გლუკოზას დონის მატებას კვების შემდეგ, მნიშვნელოვანი იქნება იმის დადგენა, აქვს თუ არა ამ სტრატეგიას მსგავსი ეფექტი დარღვეული გლუკოზას კონტროლის მქონე პირებში, მაგალითად, შაქრიანი დიაბეტი, ტიპი 2-ის, ან პრედიაბეტის მქონე მონაწილეებში.“