- By ქეთევან ძაგანია
- In სიახლეები
კალიუმის იოდიდის (KI) გამოყენება რადიაციული საფრთხის დროს: ინფორმაცია საზოგადოებისთვის
სტატია ქართულ ენაზე თარგმნა ენდოკრინოლოგმა: ქეთევან ძაგანია
წყარო: Use of Potassium Iodide (KI) During Radiological Emergencies: Information for the Public
1. მიზანი
2001 წლის დეკემბრის თვეში ფედერაციული საკვებისა და წამლის ადმინისტრაციის (FDA) მიერ ფართო საზოგადოებისთვის, რადიაციული საგანგებო მდგომარეობის დროს ევაკუაციასა და თავის შეფარებასთან ერთად, გაიცა რეკომენდაცია დანამატის სახით კალიუმის იოდიდის (KI) მიღების შესახებ. თავის მხრივ, ნიუ იორკის შტატში, KI-თან მიმართებაში 1982 წელს მიღებული პოლიტიკა გადაიხედა, მასში ახალი გაიდლაინის ასახვის მიზნით. ამ საინფორმაციო წერილში საზოგადოებისთვის წარმოდგენილია ძირთადი ინფორმაცია KI-ის შესახებ.
2. რა არის კალიუმის იოდიდი (KI) და რისთვის გამოიყენება ის?
კალიუმის იოდიდი (KI) წარმოადგენს ქიმიურ ნაერთს, რომელიც გამოიყენება ფარისებრი ჯირკვლის რადიოაქტიური იოდის (რადიოიოდის) მოსალოდნელი რადიაციული ზემოქმედებისგან დასაცავად. ზოგიერთი რადიაციული საგანგებო ვითარებისას შესაძლოა გარემოში გამოთავისუფლდეს დიდი რაოდენობით რადიოაქტიური იოდი. გამომდინარე იქედან, რომ იოდის ათვისება ხდება ფარისებრი ჯირკვლის მიერ, რადიოიოდით დაბინძურებული ჰაერის ინჰალაციამ, ან საკვების მიღებამ შესაძლებელია გამოიწვიოს აღნიშნული ჯირკვლის რადიაციული დაზიანება. ეს გულისხმობს ფარისებრი ჯირკვლის კიბოსა და სხვა თირეოიდული დაავადებების რისკების ზრდას. ფარისებრი ჯირკვლის კიბო, უმეტეს შემთხვევაში განკურნებადია, თუმცა უპირატესობა ენიჭება ისეთი ზომების მიღებას, რაც დააქვეითებს კიბოს განვითარების რისკს.
3. როგორ მუშაობს KI?
KI-ის მიღების შედეგად ხდება ფარისებრი ჯირკვლის სტაბილური (არა-რადიოაქტიური) იოდით გაჯერება. ეს ხელს უშლის რადიოიოდის ათვისებას, ან აქვეითებს მის რაოდენობას, რომელიც შესაძლოა შთანთქმული იქნას ფარისებრი ჯირკვლის მიერ.
4. რომელ ასაკობრივ ჯგუფში არის რადიოაქტიური იოდის ზემოქმედების უფრო მაღალი რისკი?
ყველაზე მაღალი რისკის მქონე ჯგუფში არიან ბავშვები. უკრაინელ, ბელორუს და რუს ბავშვებში ფარისებრი ჯირკვლის კიბოს შემთხვევების მნიშვნელოვანი მატება დაფიქსირდა ჩერნობილის ატომურ სადგურზე მომხდარი უბედური შემთხვევის გამო გამოთავისუფლებული რადიოიოდის ზემოქმედების შედეგად. ასაკის შემცირებასთან ერთად რისკი იმატებს. აღსანიშნავია, რომ ზრდასრულების შემთხვევაში მსგავსი მატება არ ფიქსირდება.
5. რადიაციის რა დონეზე არის ნაჩვენები KI-ის მიღება?
2001 წლის 10 დეკემბერს FDA-ის მიერ გამოიცა ახალი გაიდლაინი, რომელშიც სხვადასხვა რისკის ჯგუფებზე რადიაციის განსხვავებული დონეები მოცემულია შემდეგი სახით:
ასაკობრივი ჯგუფი | ფარისებრ ჯირკვალზე პროგნოზირებული რადიაციის დონე |
0-18 წელი | 0.05 ზვ (ზივერტი) |
ორსულები და მეძუძური დედები | 0.05 ზვ |
18-დან 40 წლამდე ზრდასრულები | 0.1 ზვ |
ზრდასრულები 40 წელს ზემოთ | 5 ზვ |
6. როდის უნდა მოხდეს KI-ის მიღება?
KI-ის მიღება ყველაზე ეფექტურია რადიოაქტიური იოდის ზემოქმედებამდე, ან უშუალოდ ზემოქმედების შემდეგ. წამლის მიღება ზემოქმედებიდან 3 ან 4 საათის შემდეგ, ასევე, დააქვეითებს ფარისებრი ჯირკვლის მიერ რადიოიოდის ათვისებას, თუმცა, მისი ეფექტიანობა შემცირდება.
7. როგორ უნდა განისაზღვროს, როდის მოხდეს KI-ის მიღება?
KI-ის მიღება უნდა მოხდეს მხოლოდ საზოგადოებაზე რადიოაქტიური იოდის მოსალოდნელი ზემოქმედების შემთხვევაში. ქვეყნის ჯანდაცვის დეპარტამენტის მიერ ხორციელდება ყველა რადიაციული საფრთხის მონიტორინგი და KI-ის მიღების საჭიროებაზე საზოგადოების ინფორმირება მოხდება პასუხისმგებელი პირების მიერ. KI-ის გამოყენების საჭიროების შემთხვევაში, ასევე, ჯანდაცვის დეპარტამენტის პასუხისმგებელი პირების მიერ გაჟღერდება ინფორმაცია KI-ის მიღების შეწყვეტასთან დაკავშირებით.
8. მოქმედებს თუ არა KI ყველა ტიპის რადიაციული საგანგებო მდგომარეობის დროს?
- KI საკმაოდ ეფექტურად აქვეითებს რადიაციის იმ დოზას ფარისებრ ჯირკვალზე, რომელიც შესაძლოა წარმოიქმნას ჯირკვლის მიერ რადიოიოდის ათვისების შედეგად;
- KI არ იცავს სხვა ორგანოებსა თუ ქსოვილებს;
- KI არ იცავს ორგანიზმის ისეთი გარე წყაროებიდან მიღებული რადიაციული დოზისგან, როგორიცაა რადიოაქტიური შლემი, მიწაში დალექილი რადიოაქტიური ნივთიერებების ზემოქმედება;
- KI არ იცავს სხვა ტიპის ჩასუნთქული, ან ორალურად მიღებული რადიოაქტიური ნივთიერებების ზემოქმედებისგან, გარდა იოდისა.
9. რა სხვა დამცავი ზომის მიღება უნდა მოხდეს რადიაციული საგანგებო მდგომარეობის დროს?
ნიუ იორკის შტატში არსებული გადაუდებელი პასუხის გეგმა მოიცავს პოტენციურად რადიაციული ზემოქმედების ზონაში მყოფი პოპულაციის ევაკუაციასა და უსაფრთო ადგილებში შეფარებას, მათზე ავარიის შედეგად გამოთავისუფლებული რადიოაქტიური ნივთიერებების ზემოქმედების შესაწყვეტად. აღნიშნული უბედური შემთხვევების დროს, პირველად დამცავ ზომას წარმოადგენს მოსახლეობის ევაკუაცია და ისეთი ადამიანების უსაფრთო ადგილას შეფარება, რომელთათვისაც შეუძლებელია ლოკაციის შეცვლა („დატყვევებული“ პოპულაცია). KI, გამოყენების შემთხვევაში, წარმოადგენს მხოლოდ დამატებით ზომას ევაკუაციასთან და შეფარებასთან ერთად. დაბინძურებული რძის, ან სხვა პროდუქტის მიღება, ასევე, გამოიწვევს რადიოიოდის საგრძნობი დოზით მიღებას. რადიოაქტიური იოდის ორალურად მიღებისგან პირველად დამცავ გზას წარმოადგენს მიღებული საკვების კონტროლი და დაბინძურებული პროდუქტების გამოყენების თავიდან აცილება.
10. აქვს თუ არა KI-ის გვერდითი ეფექტები?
ჩერნობილის ავარიის შემდგომ, პოლონეთში KI-ით ადმინისტრირებული პირების კვლევის შედეგად, მოგვეპოვება ინფორმაცია KI-ის გვერდით ეფექტებთან დაკავშირებით. იმ 270 ახალშობილის კვლევის შედეგებით, რომლებთაც ეძლეოდათ 15 მგ KI, მათში განვითარდა გარდამავალი ბიოქიმიური ჰიპერთირეოზი. ზრდასრულებსა და ბავშვებში გამოვლენილი გვერდითი მოვლენები ხასიათდება მცირე კლინიკური მნიშვნელობით. დაფიქსირებული გვერდითი ეფექტები მოიცავს საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევებს შემთხვევების, დაახლოებით, 2%-ში და გამონაყარს – დაახლოებით, 1%-ში. სულ დაფიქსირდა იოდისადმი ცნობილი მგრძნობელობის მქონე ზრდასრულების ჰოსპიტალიზაციის ორი შემთხვევა.
11. საჭიროა თუ არა სიფრთხილის გამოჩენა საზოგადოებისთვის KI-ის რეკომენდირებისას?
- მოსალოდნელი გვერდითი ეფექტების გამო, ინდივიდებმა, რომლებსაც აღენიშნებათ იოდისადმი მგრძნობელობა, ან იოდისადმი ჰიპერმგრძნობელობის განვითარების მაღალი რისკი, თავი უნდა აარიდონ KI-ის მიღებას;
- ინდივიდებმა უნდა გაიარონ წინასწარი კონსულტაცია პირად ექიმებთან, რათა მოხდეს იოდისადმი მგრძნობელობის, ან იმ პირობების განსაზღვრა, რამაც შესაძლოა გაზარდოს იოდისადმი ჰიპერმგრძნობელობის განვითარების რისკი. აღნიშნული ინფორმაციის მოპოვება უნდა მოხდეს საგანგებო სიტუაციამდე, ვინაიდან, მეტი ეფექტურობისთვის, KI-ის მიღება უნდა მოხდეს ზემოქმედებიდან უმოკლეს ვადაში;
- რადგან ახალშობილების ნაწილში შესაძლოა განვითარდეს გარდამავალი ჰიპერთირეოზი, უნდა მოხდეს იმ ახალშობილების ჰიპერთირეოზის სიმპტომების სკრინინგი, რომლებიც იღებენ KI-ს, ხოლო ასეთი სიმპტომების დაფიქსირების შემთხვევაში, უნდა ჩატარდეს სათანადო მკურნალობა. FDA რეკომენდაციას უწევს უპირატესი ყურადღება გამახვილდეს სხვა დამცავ ზომებზე ნეონატალური ასაკის ბავშვებში (ახალშობილები 1 თვემდე), ორსულებსა და მეძუძურ დედებში, ასევე, იოდისადმი ცნობილი მგრძნობელობის მქონე პირებში.
12. რა რაოდენობით უნდა მოხდეს KI-ის მიღება?
2001 წლის დეკემბრის თვეში FDA-ს მიერ გამოქვეყნდა გაიდლაინი, რომელში მოცემულია განსხვავებულ ასაკობრივ ჯგუფებში KI-ის მინიმალური ეფექტური დოზები.
KI-ის რეკომენდებული დოზები განსხვავებული რისკის ჯგუფებისთვის
ასაკობრივი ჯგუფი | KI-ის დოზა | სითხის მლ რაოდენობა (65მგ/მლ) | 65 მგ-იანი ტაბლეტების რაოდენობა | 130 მგ-იანი ტაბლეტების რაოდენობა |
ზრდასრულები 18 წელს ზემოთ | 130 მგ | 2 | 2 | 1 |
65 კგ-ზე ჭარბი წონის 12-დან 18 წლამდე მოზარდები | 130 მგ | 2 | 2 | 1 |
65 კგ-მდე წონის 12-დან 18 წლამდე მოზარდები | 65 მგ | 1 | 1 | 1/2 |
3-დან 12 წლამდე ბავშვები | 65 მგ | 1 | 1 | 1/2 |
1 თვიდან 3 წლამდე ბავშვები | 32 მგ | 0.5 | 1/2 | 1/4 |
დაბადებიდან 1 თვემდე ბავშვები | 16 მგ | 0.25 | 1/4 | 1/8 |
ამჟამად, KI მოწოდებულია FDA-ის მიერ და ხელმისაწვდომია 65 მგ და 130 მგ ტაბლეტებისა და სითხის სახით. 65 მგ აბები არის უფრო დიდი ზომის, ვიდრე 130 მგ აბები და დაყოფილია ოთხად. FDA-ის მიერ რეკომენდებული დოზირების მიღწევა უფრო მარტივია სითხის, ან 65 მგ აბების შემთხვევაში. შედარებით დაბალი დოზების მისაღებად შესაძლებელია აბების მონიშნულ ხაზებზე გატეხვა, ან დაფშვნა, რაც მცირეწლოვანი ბავშვებისა და ახალშობილების შემთხვევაში, რომლებსაც არ შეუძლიათ აბების მიღება, მშობლებსა და მომვლელებს სწორი დოზის მიღების საშუალებას მისცემს. მაგალითად, 130 მგ აბის 8 ნაწილად დაყოფისა და წვენში, ან სითხეში გახსნის შედეგად მიიღება 16 მგ KI-ის შემცველი ხსნარი. FDA-ის მიერ რეკომენდებული დონის დოზების მისაღებად საჭიროა ძალისხმევის გამოყენება, განსაკუთრებით, ნეონატალური ასაკის ჩვილებში. რადგან ბევრი აბის გაყოფა რთულია, შტატის ჯანდაცვის წარმომადგენლების თქმით, საგანგებო სიტუაციებში, სკოლის, ან მოვლის დაწესებულებების ასაკის ბავშვებისთვის მთელი აბის მიწოდება არის უსაფრთხო.
12 წლამდე ბავშვებისთვის რეკომენდებულია 65 მგ აბის მიღება. 65 კგ-ზე ჭარბი წონის 12 წელს ზემოთ მყოფი მოზარდებისთვის მოწოდებულია ერთი 130 მგ ტაბლეტის, ან ორი 65 მგ ტაბლეტის მიღება. სწორი დოზაზე ხელმისაწვდომობის არარსებობის შემთხვევაში, ნიუ იორკის შტატის ჯანდაცვის წარმომადგენლები მხარს უჭერენ, საგანგებო ვითარებაში ბავშვებში 130 მგ აბის მიღებას. აღნიშნული დოზა არის უსაფრთხო და არის სხვა ჩვენებებისათვის საჭირო KI-ის თერაპიული დოზის ფარგლებში. იოდის მიერ ფარისებრი ჯირკვლის ბლოკირების ეფექტი გრძელდება რამდენიმე დღის განმავლობაში და KI-ის ნებისმიერი დამთრგუნველი მოქმედება ვლინდება მინიმალურად, მათ შორის, მცირეწლოვან ბავშვებში. FDA-ის პოზიციით, KI-ის საბოლოო ეფექტი ბევრად აღემატება KI-ის ზედოზირების რისკებს, განსაკუთრებით, ბავშვებში.
13. რა სიხშირით უნდა მოხდეს KI-ს მიღება?
ადმინისტრირებული KI ეფექტურია 24 საათის განმავლობაში. ლოკალური ჯანდაცვის დეპარტამენტის მიერ ხდება გაფრთხილება, თუ როდემდე უნდა გაგრძელდეს KI-ის მიღება. რადიაციის ქვეშ მყოფი არეალიდან ინდივიდის გამოსვლის შემდეგ KI-ის მიღება არ არის საჭირო.
14. KI ხელმისაწვდომია სითხის, თუ აბების სახით?
ხელმისაწვდომი არის ორივე ფორმა. 1986 წელს მომხდარი ჩერნობილის ტრაგედიის შემდეგ, პოლონეთში პოპულაციაზე KI-ის გამოყენება მოხდა სითხის სახით. ამჟამად, KI დამტკიცებულია FDA-ის მიერ და ხელმისაწვდომია როგორც 65 მგ და 130 მგ აბების, ასევე, სითხის სახით.
15. როგორია KI-ის გამოყენების ვადები?
FDA-ის მიერ წამლის სხვადასხვა მწარმოებლისთვის დამტკიცებული გამოყენების ვადები მერყეობს ხუთიდან შვიდ წლამდე. თუმცა, სწორი შენახვის პირობებში (ჰაერისგან, სიცხისგან, სინათლისა და ტენიანობისგან დაცული ადგილები), KI-მა თავისი ეფექტიანობა შესაძლოა შეინარჩუნოს მრავალი წლის განმავლობაში, მნიშვნელოვანი დეგრადაციის გარეშე.
16. საჭიროა თუ არა რეცეპტი KI-ის შესაძენად?
არა. პროფილაქტიკური გამოყენებისთვის KI FDA-ის მიერ დამტკიცებულია როგორც ურეცეპტოდ გასაცემი წამალი.
17. შესაძლებელია KI-ის შეძენა საქართველოს ადგილობრივ აფთიაქებში?
ადგილობრივ აფთიაქებში საქართველოში იყიდება კალიუმის იოდიდის აბები (იოდბალანსი, იოდომარინი), რომლებიც შეიცავს 100 მკგ და 200 მკგ KI და წარმოადგენს პროფილაქტიკურ დოზებს და რადიაციისგან თავდაცვის მიზნით არ გამოიყენება.
საქართველოს ადგილობრივ აფთიაქებში არ იყიდება 250 მგ-ები ან 130 მგ-იანი კალიუმის იოდიდის ტაბლეტები, რაც რადიაციისგან თავდასაცავად საჭიროა. ალტერნატიულად შეიძლება გამოვიყენოთ იოდის 5%-იანი ხსნარი, აქვე გთავაზობთ რადიაციის დამაზიანებელი მოქმედებისგან ფარისებრის დაცვისთვის საჭირო დოზებს:
დიდები და ბავშვები 14 წლის ზემოთ, ასევე, ორსულები და მეძუძური დედები – 40 წვეთი გახსენით წყალში ან რძეში და მიიღეთ დასალევად – ერთჯერადად, ბავშვები 5-დან 14 წლამდე – 20 წვეთი გახსენით წყალში ან რძეში და მიიღეთ დასალევად – ერთჯერადად. ბავშვებში 2 – 5 წლამდე 20 წვეთი გახენით წყალში და წაუსვით სხეულზე იოდის ბადე, ბავშვებისთვის 2 წლამდე – 10 წვეთი გახენით წყალში და წაუსვით სხეულზე იოდის ბადე.
იოდით პროფილაქტიკა ყველაზე ეფექტურია რადიაციამდე 30 წთ ადრე და რადიაციიდან პირველი 2 საათის მანძილზე. არ მიიღოთ იოდის აღნიშნული დოზები და არ მიმართოთ პროფილაქტიკას რადიაციის რეალური საფრთხის არ არსებობის შემთხვევაში, მაინც ყველა შემთხვევისთვის, საპროფილაქტიკოდ.
იოდის აღნიშნული დოზები რამდენიმე ათასჯერ აღემატება დღიურ მოთხოვნილებას და შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები. ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების მქონე პაციენტებმა კონსულტაცია უნდა გაირონ მკურნალ ენდოკრინოლოგთან.