დიაბეტი და COVID 19-ის ვაქცინა: რა უნდა იცოდნენ პაციენტებმა

დიაბეტი და COVID 19-ის ვაქცინა: რა უნდა იცოდნენ პაციენტებმა

სტატიის ავტორი ენდოკრინოლოგი ნათია ვაშაყმაძე

კორონავირუსული ინფექციის პირველი ტალღიდან დღემდე ალბათ, ერთ-ერთი პირველი, რაც თავიდანვე კარგად ვიცოდით, არის ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებში კოვიდ ინფექცია უფრო მძიმედ მიმდინარეობს და ფატალური შედეგიც ბევრად ხშირია, ვიდრე ჯანმრთელ პირებში. შაქრიანი დიაბეტი, როგორც სერიოზული ქრონიკული დაავადება, იმთავითვე ერთ-ერთი მოწინავე იყო COVID ინფექციით მძიმედ ავადობისა და სიკვდილობის რისკის ფაქტორებს შორის. მიუხედავად ამისა, დიაბეტის მქონე პაციენტების ნაწილი დღემდე შიშით უყურებს ვაქცინაციას და თავს იკავებს თავდაცვის ამ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილისგან. ვაქცინაზე უარის თქმის მიზეზს ხშირ შემთხვევაში არასაკმარისი ინფორმაცია ან, უფრო მეტიც, ცრუ, არასწორი ინფორმაცია წარმოადგენს. საქართველოს ენდოკრინოლოგიისა და მეტაბოლიზმის ასოციაცია (GAEM) შეეცდება პაციენტებს მიაწოდოს სანდო, გადამოწმებული ინფორმაცია და პასუხი გასცეს იმ ძირითად შეკითხვებს, რაც დიაბეტის მქონე პაციენტებს შეიძლება გაუჩნდეთ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციასთან დაკავშირებით. მაშ ასე, დავიწყოთ:

შეიძლება, რომ დიაბეტის მქონე პაციენტი აიცრას COVID-19-ის ვაქცინით?

დიაბეტის მქონე პაციენტმა არათუ შეიძლება, რომ გაიკეთოს კოვიდის აცრა, არამედ აუცილებელია, რომ აიცრას და თავიდან აირიდოს კოვიდ ინფექციით გამოწვეული მძიმე გართულებები და სიკვდილი. რამდენადაც დიაბეტის მქონე პაციენტები უფრო მძიმედ ავადობენ კორონავირუსით, უფრო ხშირად სჭირდებათ ჰოსპიტალიზაცია, ჟანგბადის მიწოდება, რეანიმაციაში გადაყვანა და სიკვდილიც უფრო ხშირი სწორედ ამ პოპულაციაშია, ვაქცინა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რომ დიაბეტის მქონე პაციენტმა თავი დაიცვას ამ სერიოზული რისკებისგან. ხშირად მოუმართავთ პაციენტებს შეკითხვით, კი მაგრამ, ექიმო, მე რომ ამდენ წამალს ვსვამ, ჩემთვის აცრა შეიძლება? ან მე რომ დიაბეტი მაქვს და გულის პრობლემები, აცრა საშიში ხომ არაა? ამაზე ერთი პასუხია, რაც მეტ წამალს სვამს პაციენტი და რაც უფრო მეტი და სერიოზული ქრონიკული დაავადება აქვს, მით მეტად სჭირდება აცრა. რაც შეეხება წამლებს, დიაბეტის საწინააღმდეგო წამლები პაციენტმა უნდა გააგრძელოს უწყვეტად როგორც ვაქცინაქციამდე, ისე ვაქცინაციის დღეს და ვაქცინაციის შემდეგ.

რამდენად უსაფრთხო და ეფექტიანია ვაქცინა დიაბეტის მქონე პაციენტებისთვის?

კოვიდ 19-ის ვაქცინა ისეთივე უსაფრთხოა დიაბეტის მქონე პაციენტებისთვის, როგორც დიაბეტის არ მქონე პირებისთვის. ვაქცინაციის შემდეგ შეიძლება განვითარდეს გვერდითი ეფექტები, როგორიცაა ტემპერატურის მატება, სისუსტე, კუნთებისა და სახსრების ტკივილი, ტკივილი ინექციის ადგილას, თუმცა, როგორც წესი, მსუბუქი ხასიათი აქვს და მალევე გაივლის.  გვერდითი ეფექტები დიაბეტის მქონე პაციენტებში პრაქტიკულად იგივეა, რაც ზოგად პოპულაციაში.

რაც შეეხება ეფექტიანობას, აქაც კარგი ამბავი გვაქვს, დიაბეტის მქონე პაციენტებში მძიმე ავადობისა და სიკვდილისგან დაცვა კოვიდ ვაქცინით იგივეა, რაც ჯანმრთელ პოპულაციაში. მცირედ განსხვავდება სიმპტომური კოვიდისგან დაცვის ეფექტიანობა დიაბეტით დაავადებულ და დიაბეტის არ მქონე პირებს შორის. თუმცა, დამეთანხმებით, ეს, ამ ეტაპზე, არ არის ვაქცინაციის მთავარი მიზანი. მთავარი მიზანია, შემცირდეს კოვიდით ინფიცირების შემთხვევაში მძიმე ავადობისა და სიკვდილის სიხშირე როგორც მოსახლეობაში, ისე დიაბეტით დაავადებულ სუბ-პოპულაციაში.

რა გავლენას ახდენს აცრა სისხლში შაქრის დონეზე?

ვაქცინაციის შემდეგ შესაძლოა, სისხლში შაქრის დონემ მოიმატოს, რაც ვაქცინაზე ორგანიზმის პასუხით არის განპირობებული, ეს დროებითია, როგორც წესი, მსუბუქი და მალევე გაივლის. ამდენად, განსაკუთრებული ყურადღებით აკონტროლეთ სისხლში შაქრის დონე აცრიდან 48 საათის განმავლობაში, მიიღეთ სითხე ადეკვატური რაოდენობით და საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდით მკურნალ ენდოკრინოლოგს.

როგორ დავრეგისტრირდე ვაქცინაციაზე და რომელი ვაქცინა ჯობია დიაბეტის მქონე პაციენტისთვის?

დიაბეტის მქონე პაციენტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე რეკომენდებული ვაქცინაა ფაიზერის ვაქცინა, თუმცა, ასევე დასაშვებია სხვა ხელმისაწვდომი ვარიანტებიც. ვაქცინაციაზე რეგისტრაციისთვის უნდა ეწვიოთ ვებ გვერდს: www.booking,moh.gov.ge ასევე, რეგისტრაციის გარეშეც შეგიძლიათ აიცრათ სხვადასხვა ამცრელ პუნქტებში, ინფორმაცია იხ. ვებ გვერდზე: https://vaccines.ncdc.ge/news/cinascari-registratsiis-gareshe-vakhtsinatsia/

ხშირად მოგვისმენია, ვირუსი თუ შემხვდება, გადავიტან, ასევე ხშირად მოისმენდით: „ვაქცინის უფრო მეშინია, ვიდრე ვირუსის“ სინამდვილეში ყველაფერი პირიქითაა, განსაკუთრებით, თუ საქმე დიაბეტის მქონე პაციენტს ეხება. მარტივად რომ ვთქვათ, შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტების იმუნური სისტემა ვერ ფუნქციონირებს გამართულად და COVID ინფექციის შემთხვევაში, სერიოზული რისკები არსებობს მძიმე ავადობისა და სიკვდილობის,  ვაქცინაცია კი ამცირებს როგორც ინფიცირების, ისე მძიმე ავადობისა და სიკვდილობის რისკებს. რაც შეეხება ვაქცინის გვერდით ეფექტებს, დიახ, ასეთი არსებობს, თუმცა, როგორც წესი, მსუბუქი და დროებითი.

გამოყენებული ლიტერატურა:

https://www.diabetes.org/coronavirus-covid-19/vaccination-guide
https://www.diabetes.org.uk/about_us/news/coronavirus-vaccines
https://diatribe.org/what-you-should-know-about-covid-19-vaccines-and-diabetes