გვიანი ვახშამი ზრდის დიაბეტის რისკს; მელატონინი ჩართულია მექანიზმში  

გვიანი ვახშამი ზრდის დიაბეტის რისკს; მელატონინი ჩართულია მექანიზმში  

სტატია ქართულ ენაზე თარგმნა ენდოკრინოლოგმა: ანი ქვარაია
რედაქტირებულია GAEM-ის სარედაქციო ჯგუფის მიერ: ქეთევან ძაგანია
წყარო: Eating Dinner Late Ups Diabetes Risk; Melatonin Involved

საკვების მიღება ძილის წინ, როდესაც ენდოგენური მელატონინის დონე მაღალია, ასოცირდება ინსულინის სეკრეციისა და გლუკოზისადმი ტოლერანტობის დაქვეითებასთან, რაც ზრდის შაქრიანი დიაბეტი, ტიპი 2-ის განვითარების რისკს.

გვიანი ვახშმის შემდეგ გლუკოზისადმი ტოლერანტობის დარღვევა უფრო მნიშვნელოვნად გამოიხატება მელატონინის რეცეპტორ-1b გენის (MTNR1B) G ალელის მტარებელ ადამიანებში.

„მათში, ვინც ბუნებრივად გვიან იკვებება [ესპანეთში], ჩვენ გლუკოზის შემცველი სასმელის მიღებით მოვახდინეთ ადრეული და გვიანი ვახშმის დროების სიმულაცია და შევადარეთ სისხლში შაქრის კონტროლზე გავლენის შედეგები 2 საათის განმავლობაში,“ აღნიშნა უფროსმა ავტორმა რიჩა საქსენამ (Richa Saxena), ფილოსოფიის დოქტორმა (PhD), მასაჩუსეტსის საერთო პროფილის საავადმყოფოს გენომის ცენტრის მთავარმა მკვლევარმა (ბოსტონი).

კვლევის პროცესში, ასევე, მოხდა მელატონინის რეცეპტორის გენის G ალელის ვარიანტის მტარებლებისა და არამტარებლების შედეგების ერთმანეთთან შედარება, აღნიშნა საქსენამ საავადმყოფოს მიერ გამოქვეყნებულ პრესაში.

„ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ გვიან კვებამ სისხლში შაქრის დონე მთელ ჯგუფში დაარღვია,“ დაამატა წამყვანმა ავტორმა, მარტა გარაულეტმა (Marta Garaulet), PhD-მა.

„გლუკოზის კონტროლის ეს დარღვევა უპირატესად დაფიქსირდა გენეტიკური რისკის ვარიანტის მტარებლებში, რომლებიც, დაახლოებით, კოჰორტის ნახევარს წარმოადგენდნენ,“ აღნიშნა გარაულეტმა, მურსიას უნივერსიტეტის ფიზიოლოგიისა და ნუტრიციოლოგის პროფესორმა (ესპანეთი).

კვლევის შედეგები „შესაძლოა მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს შაქრიანი დიაბეტი, ტიპი 2-ის პრევენციის მცდელობისთვის,“ ამბობს თანაავტორი ფრენკ შეერი (Frank A.J.L. Sheer), PhD.

„ჩვენი დასკვნები ვრცელდება ინდუსტრიულ სამყაროს მოსახლეობის, დაახლოებით, მესამედზე, რომლებიც ღებულობენ საკვებს ძილის წინ, ასევე, სხვა პოპულაციებს, რომლებიც იკვებებიან ღამით, მათ შორის, ცვლის მუშაკებს, ასევე მათ, ვინც განიცდის ღამით კვებით დარღვევებს და მათ, ვინც რეგულარულად იღებს მელატონინის დანამატებს კვების წინ,“ აღნიშნა შეერმა, ბრიგჰემისა და ქალთა საავადმყოფოს სამედიცინო ქრონობიოლოგიის პროგრამის დირექტორმა (ბოსტონი, მასაჩუსეტსი).

შედეგები გვამცნობს, რომ ადამიანებმა საკვები არ უნდა მიიღონ ძილის წინ ორი საათით ადრე, ამბობებენ მკვლევარები.

„აღსანიშნავია, რომ ჩვენი კვლევა არ მოიცავს დიაბეტის მქონე პაციენტებს, ამიტომ საჭიროა დამატებითი კვლევები, რათა დიაბეტის მქონე პაციენტებში შესწავლილ იქნას საკვების მიღების დროის კავშირი მელატონინთან და რეცეპტორების ვარიაციასთან,“ თქვა შერმა.

გლუკოზის კონტროლზე საკვების მიღების გავლენაზე ჩატარებული MTNR1B SNP რანდომიზებული კვლევის შედეგები ახლახან გამოქვეყნდა Diabetes Care-ში. 

მელატონინი გლუკოზის მეტაბოლიზმში წამყვან როლს თამაშობს

მკვლევარები განმარტავენ, რომ მელატონინის – ჰორმონის, რომელიც ძირითადად გამომუშავდება ღამით და აკონტროლებს ძილ-ღვიძლის ციკლს – პროდუქცია, ჩვეულებრივ, იმატებს დაძინებამდე ორი საათით ადრე.

MNTR1B-ის, როგორც შაქრიანი დიაბეტი, ტიპი 2-თან ასოცირებული გენის აღმოჩენას მივყავართ დასკვნამდე, რომ მელატონინი, ძილისა და ცირკადული რეგულაციის მიღმა, წამყვან როლს თამაშობს გლუკოზის მეტაბოლიზმშიც,“ აღნიშნავენ ისინი.

თუმცა, საკამათოა მელატონინი გლუკოზის კონტროლს აუმჯობესებს თუ აზიანებს, ასევე, გაურკვეველია MNTR1B გენოტიპების გავლენა გლუკოზის კონტროლზე.

„ჩვენ გადავწყვიტეთ გაგვერკვია იწვევს თუ არა საკვების გვიან მიღება, რომელიც ემთხვევა მელატონინის დონის  მატებას, სისხლში შაქრის კონტროლის დარღვევას,“ განმარტა საქსენამ.

აღნიშნულის გამოსაკვლევად მკვლევარებმა ესპანეთში აღრიცხეს 18 დან 70 წლამდე ასაკის 845 ზრდასრული დიაბეტის გარეშე.

მონაწილეთა საშუალო ასაკი იყო 38 წელი, მათ 71%-ს წარმოადგენდნენ ქალები. აღრიცხულთა სხეულის მასის ინდექსი (BMI) საშუალოდ შეადგენდა 25,7კგ /მ2-ს და 18%-ს აღენიშნებოდა სიმსუქნე.

ისინი ვახშმობდნენ  21:38 (9.38 PM) საათზე და იძინებდნენ 24:32 (0.32 AM) საათზე.

მონაწილეთა სისხლის დნმ ანალიზმა აჩვენა, რომ მათ 50%-ს ჰქონდა MNTR1B გენის CC  გენოტიპი, 40%-ს – გენის CG გენოტიპი, ხოლო 10%-ს – GG გენოტიპი.

თითოეულ მონაწილეს ჩაუტარდა ორი გლუკოზით დატვირთვის პერორალური ტესტი.

მონაწილეებს 8 საათიანი შიმშილის შემდგომ ჩაუტარდათ 75 გრ გლუკოზით დატვირთვის 2 საათიანი ტესტი დაძინებამდე 1 საათით ადრე (გვიანი ვახშმის სიმულაცია), ან  დაძინებამდე 4 საათით ადრე (ადრეული ვახშმის სიმულაცია).

შემდგომ, მომდევნო საღამოს ჩაუტარდათ ანალოგიური ტესტები ვახშმის საპირისპირო დროებზე.

შრატის მელატონინის საშუალო მაჩვენებლები გვიან ვახშმის შემდეგ 3,5-ჯერ აღემატებოდა, ადრეული ვახშმის შემდეგ მიღებულ მაჩვენებლებს; ამან გამოიწვია ინსულინის AUC-ის 6,7%-ით შემცირება და გლუკოზის AUC-ის 8,3%-ით ზრდა.

გლუკოზისადმი ტოლერანტობის გენოტიპური განსხვავებები დაკავშირებული იყო ბეტა უჯრედების ფუნქციის შემცირებასთან.

„ჩვენი შედეგები ადასტურებს, რომ გვიან საკვების მიღება მკვეთრად არღვევს გლუკოზისადმი ტოლერანტობას, ინსულინის სეკრეციის დეფექტის გამო,“ ხაზგასმით აღნიშნავენ მკვლევარები.

ONTIME-MT სრულად დაფინანსდა ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის, ესპანეთის კვლევების ხელმძღვანელობისა და სენეკას ფონდის მიერ. მკვლევარებმა უარყვეს შესაბამისი ფინანსური დაინტერესება.