ამერიკის გულის ასოციაცია (AHA) ტრიგლიცერიდების საწინააღმდეგოდ რეკომენდაციას უწევს ომეგა-3-ის დანიშვნას
სტატია ქართულ ენაზე თარგმნა ენდოკრინოლოგმა: ნანა კეჭაყმაძემ
რედაქტირებულია GAEM-ის საორგაზინაციო ჯგუფის მიერ: ქეთევან ძაგანია, ნათია ვაშაყმაძე
წყარო: AHA advisory backs prescription Omega-3s for triglycerides
ამერიკის გულის ასოციაციის (AHA) სამეცნიერო საბჭოს რეკომენდაციის თანახმად, ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები – მხოლოდ ეიკოზაპენტაენოის მჟავას (EPA) შემცველი, ან ის პროდუქტები, რომელიც შეიცავს როგორც EPA-ის, ისე დოკოზაჰექსაენოის მჟავას (DHA), არის ”ეფექტური და უსაფრთხო” გზა ტრიგლიცერიდების მომატებული დონის შესამცირებლად როგორც დამოუკიდებლად, ასევე სხვა ლიპიდების დონის დამაქვეითებელ მკურნალობასთან კომბინაციაში გამოყენებისას.
ტრიგლიცერიდების დონის შემცირების ეფექტიანობა და სარეცეპტო ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავების მიღებასთან დაკავშირებული ზოგადი მაღალი დონის უსაფრთხოება და ამტანიანობა მათ ხდის „ფასეულ იარაღად ჯანდაცვის პროვაიდერებისთვის“, აღნიშნავენ ფილოსოფიის დოქტორი (PhD), არიზონას (ტუსონი) უნივერსიტეტის კვების მეცნიერებათა დეპარტამენტის წევრი, ენნ სკულას-რეი (Ann Skulas-Ray) და მისი კოლეგები სარეკომენდაციო საბჭოდან.
ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავების შემცველი იმ საკვები დანამატების გამოყენება, რომლის რეგულირება არ ხდება ამერიკის წამლისა და საკვები პროდუქტების ადმინისტრაციის (FDA) მიერ, მომატებული ტრიგლიცერიდების გრძელვადიანი მართვისთვის გამოწერილი პრეპარატების ნაცვლად დაუშვებელია, აღნიშნავენ ისინი.
აღნიშნული რეკომენდაცია გამოქვეყნდა ონლაინ Circulation-ზე 19 აგვისტოს.
ტრიგლიცერიდების დონის დაქვეითება და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაცვა
AHA-ის 2002 წლის სამეცნიერო დასკვნის მიხედვით, რომელიც ეხებოდა თევზისა და ომეგა 3 ცხიმოვან მჟავებს, მკურნალი ექიმის ზედამხედველობის ფონზე, ტრიგლიცერიდების დონის დაქვეითების მიზნით, რეკომენდებული იყო მომატებული რაოდენობით საკვებით ომეგა 3-ისა და საკვები დანამატების მიღება, ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავების დღიური დოზით 2-4 გრ (იგულისხმება EPA-სა და DHA-ის საერთო რაოდენობა). იმ დროისთვის სარეცეპტო ომეგა 3 არ იყო ხელმისაწვდომი.
მას შემდეგ, აშშ-ის ბაზარზე ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავების შემცველი ორი სარეცეპტო პრეპარატი გახდა ხელმისაწვდომი. ერთი მათგანი შეიცავს EPA-სა და DHA-ს (Lovaza, GlaxoSmithKline); ხოლო დანარჩენი გახლდათ მხოლოდ EPA-ს შემცველი (Vascepa, Amarin). გაცემული რეკომენდაციების თანახმად, ორივე პრეპარატი გამოიყენება ძალიან მაღალი ტრიგლიცერიდების დონის (VHTG) (≥500 მგ/დლ) სამკურნალოდ, თუმცა აღნიშნული აგენტების გამოყენება აქტიურად მიმდინარეობს ჰიპერტრიგლიცერიდემიის საწინააღმდეგოდ (როდესაც ტრიგლიცერიდის დონე აღწევს 200 – 499 მგ/დლ-ს), როგორც ამას აღნიშვნავს მრჩეველთა საბჭო.
რეკომენდაციაში შეჯამებულია ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავების ფარმაკოლოგიური დოზების გამოყენებით მიღებული ლიპიდების და ლიპოპროტეინების ეფექტები, ახალი სამეცნიერო მონაცემებისა და აღნიშნული აგენტების ხელმისაწვდომობიდან გამომდინარე.
რეკომენდაციებში აღნიშნულია, რომ რეცეპტური ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავები, თუ ისინი მიიღება FDA-ს მიერ რეკომენდირებული დოზით 4 გ/დღეში, არის უსაფრთხო და, ძირითადად, ორგანიზმისათვის ადვილად ასატანი. ტრიგლიცერიდების ძალიან მაღალი დონის მქონე ზრდასრულ პირებზე ჩატარებულ კლინიკურ კვლევებში, აღნიშნული დოზით მიღებულმა EPA+DHA ≥30%-ით შეამცირა ტრიგლიცერიდების დონე და საწინააღმდეგოდ გაზარდა დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინის (LDL) ქოლესტეროლის დონე მაშინ, როდესაც მხოლოდ EPA-ის მიღებით LDL ქოლესტეროლის დონე არ გაზრდილა.
ტრიგლიცერიდების ძალიან მაღალი დონის მქონე პაციენტების მკურნალობის მიზანია ტრიგლიცერიდების დონის დაქვეითება <500 მგ/დლ-მდე და პანკრეატიტის რისკის შემცირება, თუმცა ეს შედეგი, შესაძლოა, ვერ იქნას მიღწეული ომეგა–3 ცხიმოვანი მჟავების მონოთერაპიით. რეკომენდაციაში ნათქვამია, რომ შესაძლებელია საჭირო გახდეს დამატებითი ტრიგლიცერიდების დონის დამაქვეითებელი ფარმაკოლოგიური მკურნალობა.
რეკომენდაციაში ასევე აღნიშნულია, რომ პაციენტებში, რომელთა ტრიგლიცერიდების დონე 200-499 მგ/დლ-ია, ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები, დღიური დოზით 4 გ, ტრიგლიცერიდების დონეს ამცირებს 20%-დან 30%-მდე, LDL ქოლესტერინის მნიშვნელოვნად მატების გარეშე. ამ პაციენტებში მოხდა მხოლოდ EPA-სა და EPA + DHA-ს მონაცემების უხეში შედარება, ტრიგლიცერიდების დონის შემცირების თვალსაზრისით.
რეცეპტით დანიშნულ ომეგა 3 ცხიმოვან მჟავებზე (დოზით 4გ/დღეში) ჩატარებულ ყველაზე დიდ კვლევებში, დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინის (HDL) ქოლესტეროლისა და აპოლიპოპროტეინ B-ის დონეები ზომიერად შემცირდა, რაც მიუთითებს მთლიანი ათეროგენული ლიპოპროტეინის დონის შემცირებაზე – აცხადებს საბჭო.
ავტორები ხაზს უსვამენ, რომ ჯანმრთელობის ისეთი მდგომარეობების განხილვა, როგორიცაა რთულად კონტროლირებადი შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2, ჰიპოთირეოზი და სიმსუქნე, რომელმაც შესაძლოა ხელი შეუწყოს ტრიგლიცერიდების დონის მატებას, უნდა მოხდეს დანიშნული მედიკამენტების გამოყენებამდე.
ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების გამოყენებას შესაძლოა თან ახლდეს მსუბუქი გასტროიტესტინური ჩივილები (როგორიცაა ”თევზის სუნიანი ბოყინი” ან გულისრევა). ომეგა-3-ის საკვებთან ერთად მიღებამ შეიძლება შეამციროს აღნიშნული გვერდითი მოვლენები და გააუმჯობესოს პრეპარატის შეწოვა. კლინიკური კვლევების ფარგლებში, პაციენტების მხოლოდ 5%-ზე ნაკლებმა შეწყვიტა ამ აგენტების მიღება გვერდითი მოვლენების გამო.
ავტორები აღნიშნავენ, რომ ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების გამოყენებას (დოზით 4 გ/დღეში) ტრიგლიცერიდების მომატებული დონის მქონე პაციენტებში, ათეროსკლეროზული გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკის შესამცირებლად, ამყარებს უმნიშვნელოვანესი REDUCE-IT კვლევა, რომლის თანახმად, მაღალი რისკის მქონე პაციენტებს შორის, რომლებიც იღებენ სტატინოთერაპიას და მხოლოდ EPA პროდუქტს, ძირითადი არასასურველი გულ-სისხლძარღვთა მოვლენები 25%-ით შემცირდა.
REDUCE-IT-ის შედეგების საფუძველზე, Amarin-მა, პროდუქტის ჩვენების გასაფართოებლად, მათ შორის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკის შესამცირელად, FDA-ის წარუდგინა დამატებით ახალი წამლის განაცხადი. 14 აგვისტოს სააგენტომ განაცხადა, რომ შუა ნოემბრისთვის დაიგეგმა განაცხადის შეტანა საკონსულტაციო კომიტეტის წინაშე. მოსალოდნელია, რომ ეს ნაბიჯი გაახანგრძლივებს სარეცეპტო წამლის მომხმარებელთა მოსაკრებელის კანონის (PDUFA) ვადას დაახლოებით 3 თვით, 28 სექტემბრიდან დეკემბრის ბოლომდე – აღნიშნავს Amarin-ი განცხადებაში.
STRENGTH–ის კვლევის, რანდომიზებულ, პლაცებოთი კონტროლირებულ, გულ-სისხლძარღვთა მიმართულებით შესრულებულ კვლევის შედეგებს, რომელშიც გამოიყენება რეცეპტული EPA + DHA 4 გ/დღეში იმ პაციენტებზე, რომელთაც აქვთ ტრიგლიცერიდების მაღალი და HDL ქოლესტეროლის დაბალი დონე და იღებენ სტატინებს, უნდა ველოდოთ მომავალ წელს.
AHA არ ანიჭებს უპირატესობას რომელიმე კონკრეტულ ომეგა-3-ის პრეპარატს, რადგან აქამდე არ ჩატარებულა დანიშნული დოზებით ორი განსხვავებული ფორმულირების პირისპირ შედარება.
AHA-ის ამჟამიმდელი რეკომენდაციით მოზრდილებმა უნდა მიიღონ ორი 100 გ-იანი ულუფა (არაშემწვარი) თევზი (ან დაახლოებით ¾ ჭიქა დაქუცმაცებული თევზი) კვირაში, სასურველია ცხიმიანი თევზი, როგორიცაა ორაგული, სკუმბრია, ქაშაყი, ტბის კალმახი, სარდინი ან ალბაკორული თინუსი, რომელთაგან ყველა შეიცავს დიდი რაოდენობით ომეგა-3 ცხიმოვან მჟავებს.
კვლევას არ ჰქონდა კომერციული დაფინანსება. მრჩეველთა საბჭოს წევრებისთვის ინფორმაციის გამჟღავნება მოცემულია თავდაპირველ სტატიაში.
Circulation. გამოქვეყნებულია ონლაინ 2019 წლის 19 აგვისტოს. აბსტრაქტი.