შეუძლია ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავას და/ან D ვიტამინს შეამციროს ავთვისებიანი სიმსივნის ან კარდიოვასკულური დაავადების რისკი?

შეუძლია ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავას და/ან D ვიტამინს შეამციროს ავთვისებიანი სიმსივნის ან კარდიოვასკულური დაავადების რისკი?

ავთვისებიანი სიმსივნის და გულის დაავადებების პროფილაქტიკაში ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავებისა და D3 ვიტამინის პოტენციურ ღირებულებაზე ისაუბრა ექიმმა ჯერალდ ჩოდაკმა. ეპიდემიოლოგიური კვლევებით ცნობილია, რომ ზემოთ აღნიშნული ორივე ნივთიერება ფლობს პოტენციურ ღირებულებას, მაგრამ ისინი ჯერ კიდევ არ არიან კარგად შესწავლილი რანდომიზებულ, პროსპექტულ კვლევებში. ექიმმა ჩოდაკმა წარმოადგინა კვლევა „Vital“-ის შედეგები. ეს არის პროსპექტული, რანდომიზებული კვლევა, რომელიც დაიწყო 2010 წელს და მასში ჩართული იყო 25 000-მდე პირი. კვლევაში ჩართული მამაკაცების ასაკი  შეადგენდა >50 წელს, ხოლო ქალების – > 55 წელს.

კვლევაში პაციენტები დაყოფილი იყვნენ 4 ჯგუფად. პირველი ჯგუფის მონაწილეები ყოველდღიურად იღებდნენ 1 გ ომეგა-3 ცხიმოვან მჟავას და 2000 სე D3 ვიტამინს, მეორე ჯგუფის მონაწილეები – D3 ვიტამინს და ომეგა-3-ის  ნაცვლად პლაცებოს, მესამე ჯგუფში – ომეგა-3-ს და D3 ვიტამინის ნაცვლად პლაცებოს, ხოლო მეოთხე ჯგუფში – მხოლოდ პლაცებოს.

ამ ეტაპზე კვლევის დაკვირვების საშუალო პერიოდი მცირედ აღემატება 5 წელს და სამწუხაროდ ვერცერთმა პრეპარატმა, ვერც ცალკე და ვერც კომბინაციაში, ვერ შეძლო სიმსივნის ან კარდიოვასკულარული დაავადებების რისკის შემცირება. ერთი შეხედვით, ეს იყო უარყოფითი კვლევა.

გასათვალისწინებელია ორი მნიშვნელოვანი მომენტი. პირველი, კვლევა შედარებით ხანმოკლეა,  5-წლიანი დაკვირვების საშუალო პერიოდით.  სრულიად შესაძლებელია მნიშვნელოვანი ცვლილებების ნახვა უფრო  ხანგრძლივი დაკვირვების შემთხვევაში.  მეორე პრობლემა Dვიტამინის მხოლოდ ერთი დოზის შესწავლაში მდგომარეობს, შესაბამისად, უცნობია რა ეფექტი ექნებოდა უფრო მაღალ დოზებს.

ამ ეტაპისთვის არ არის ცნობილი ექნება თუ არა კვლევას დაკვირვების უფრო ხანგრძლივი პერიოდი და მოიპოვებს თუ არა დაფინანსებას, მაგრამ ცხადია, რომ პასუხის ცოდნა მნიშვნელოვანია.

სხვა მხრივ, აღსანიშნავია, რომ მსგავსი კვლევები ძალიან მნიშვნელოვანია საკვები დანამატების და სხვა რეცეპტის გარეშე გასაცემი მედიკამენტების ეფექტურობის შესაფასებლად. საკვებ დანამატებზე დიდი თანხა იხარჯება,  მიუხედავად იმისა, რომ მათი რეალური სარგებელი უცნობია. იმედია, რომ ეს მომავალში შეიცვლება.

სტატია საქართველოს ენდოკრინოლოგიისა და მეტაბოლიზმის ასოციაციისთვის თარგმნა ენდოკრინოლოგმა გურანდა მაისურაძე

წყარო: Gerald Chodak. Can Omega-3 Fatty Acid and/or Vitamin D Supplementation Reduce Cancer or CVD Risk? – Medscape – Feb 27, 2019.