- By ქეთევან ძაგანია
- In სიახლეები
შეამსუბუქებს წონაში კლება COVID-ის მიმდინარეობის სიმძიმეს სიმსუქნის მქონე პაციენტებში?
სტატია ქართულ ენაზე თარგმნა ენდოკრინოლოგმა: ეკატერინე გორგოშიძე
რედაქტირებულია GAEM-ის სარედაქციო ჯგუფის მიერ: ნუკა ჭელიძე, ქეთევან ძაგანია
წყარო: In those with obesity, will losing weight cut COVID-19 severity?
ვინაიდან, მრავალი კვლევა აჩვენებს, რომ სიმსუქნის მქონე პირებში, რომლებიც ინფიცირდებიან SARS-COV-2-ით, უფრო მაღალია დაავადების მძიმედ მიმდინარეობის ალბათობა, 2020 წლის სიმსუქნის კვირეულის ფარგლებში, ვირტუალურად ჩატარებული ინტერაქციული შეხვედრების დროს Medscape Medical News-მა გამოკითხა ექსპერტები, შეეძლოთ თუ არა მათ, რაიმე რჩევის მიცემა კლინიცისტებისა და პაციენტებისთვის.
ბოსტონში, მასაჩუსეტსის შტატში Brigham and Women’s Hospital-ში მოღვაწე, ბარიატრიული ენდოსკოპიის ასოცირებულმა დირექტორმა, მედიცინის დოქტორმა (MD) და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტმა (MPH) პიჩამოლ ჯირაპინიომ (Pichamol Jirapinyo), წარმოადგინა ნიუ ინგლენდის საავადმყოფოებში ჩატარებული კვლევა, რომელიც კიდევ ერთი მტკიცებულებაა, რომ სიმსუქნის მქონე პაციენტები „COVID-19-ისადმი ისეთივე მოწყვლადი პოპულაციაა, როგორც ხანდაზმულები და დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე პირები,’’ განაცხადა ჯირაპინიომ Medscape Medical News-თან საუბრისას.
ეს აღმოჩენები ამყარებს მოსაზრებას, რომ საჭიროა კლინიცისტები ,,მეტად გათვითცნობიერებული, მომზადებული იყვნენ სიმსუქნის გართულებებისთვის და ადრიანად დაიწყონ მკურნალობა“- განმარტავს ის.
დამსწრე საზოგადოების ერთ-ერთ წევრს აინტერესებდა არსებობდა თუ არა მონაცემები პაციენტების შესახებ, რომელთა სხეულის მასის ინდექსი (BMI) აღემატებოდა 35კგ/მ2-ს და წარმატებით დაიკლეს წონაში, შემდგომში მათი SARS-CoV-2.-ით ინფიცირების შემთხვევაში, ქონდათ თუ არა მათ ჰოსპიტალიზაციის, ინტენსიური თერაპიის პალატაში (ICU) მოთავსების ან სიკვდილობის უფრო დაბალი მაჩვენებელი.
ჯირაპინიომ განაცხადა, რომ იგი ამ საკითხის შესახებ ჩატარებულ კვლევებს არ იცნობდა, თუმცა საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, მის ორ პაციენტს, რომელთაც წინა შემოდგომაზე ჩაუტარდათ კუჭის ლაპარასკოპიული ვერტიკალური რეზექცია, გასტორპლასტიკა, (ამ პაციენტების BMI 38კგ/მ2-დან ჩამოვიდა 30კგ/მ2-მდე) და მოგვიანებით დაინფიცირდნენ COVID-19-ით , აღენიშნებოდათ მსუბუქად გამოხატული სიმპტომატიკა.
ჯონ ჰოპკინსის მედიცინის სკოლის უნივერსიტეტის (ბალტიმორი, მერილენდი) კარდიომეცნიერების ინსტიტუტის დირექტორმა, მედიცინის დოქტორმა დევიდ კასსმა (David A. Kass) დამსწრე საზოგადოებას განუმარტა, რომ COVID-19-ის ბიოლოგია კომპლექსურია სიმსუქნის მქონე პაციენტებში ,,და სახეზეა იმუნური სისტემის დისფუნქცია, ისევე, როგორც სხვა ფიზიკური ფაქტორები, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს სუნთქვის ფიზიოლოგიურ პროცესს.“
,,მიმზიდველი ჰიპოთეზაა, რომ ამ პროცესის უკუქცევა შესაძლებელია წონის კლებით, თუმცა ეს ჯერ კიდევ ჰიპოთეზაა,“ ხაზგასმით აღნიშნა მან Medscape Medical New-სთან.
ცვლილებები იმუნიტეტში, ანთების სასიგნალო სისტემა სიმსუქნის დროს
,,აქამდე ალბათ, 600-ზე მეტი კვლევა იქნება ჩატარებული იმ მოსაზრებით, რომ სიმსუქნე, განსაკუთრებით კი მორბიდული სიმსუქნე, როცა BMI ≥35კგ/მ2, წარმოადგენს ძლიერ დამოუკიდებელ რისკის ფაქტორს COVID-19-ის ცუდი გამოსავლისთვის,“ აღნიშნა კასმა.
,,COVID-19-მა საკმაოდ დრამატულად დაანახა საზოგადოებას, რომ მაღალი ხარისხის სიმსუქნე რეალურად ზრდის აღნიშნული დაავადების უფრო მძიმე მიმდინარეობისა და ფატალური გამოსავლის რისკს,“ დასძინა მან.
,,პანდემიამდე, მრავალი ადამიანის მიერ სიმსუქნე, პრობლემად მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილებოდა, თუ პაციენტს დამატებით ჰქონდა სხვა ასოცირებული დაავადებები როგორიცაა – ჰიპერტენზია, შაქრიანი დიაბეტი, გულის დაავადება, ათეროსკლეროზი, ობსტრუქციული ძილის აპნოე და სხვა.“
,,ერთი, რაც არ იყო სათანადოდ დაფასებული, არის ის ფაქტი, რომ მკვეთრი სიმსუქნე თავად იწვევს სხვადასხვა ცვლილებას ორგანიზმში – იცვლება მეტაბოლიზმი, ანთებითი სიგნალის გადაცემის პროცესი, იმუნური კონტოლის და იმუნური პასუხის მექანიზმები (მათ შორის, უფრო სუსტი იმუნური პასუხი ვაქცინებზე, რომელიც ასევე გამოქვეყნებულია).“
„ეს თითქოს ცოტათი ემსგავსება გენეტიკურ დარღვევას, რომელიც მაღალი რისკის ქვეშ გაყენებს, რომ დაგემართოს, მაგალითად, კიბო,“ განმარტავს ის.
,,ეს ყველაფერი სახეზეა, რეალურია და აქვს გავლენა – თუმცა იმისთვის, რომ რისკის პოტენციალი სრულად გამომჟღავნდეს, საჭიროა სხვა სტრესორი. სიმსუქნის შემთხვევაში ასეთია COVID-19,“ განმარტა მან.
უახლესი კვლევა სიმსუქნისა და დიაბეტის გავლენის შესახებ COVID-19-ის სიმძიმეზე
ჯირაპინიოს და კოლეგების მიერ, 2020 წლის მარტში, 1680 COVID-ინფიცირებულ პაციენტზე ჩატარდა კვლევა 6 კლინიკაში. პაციენტების საშუალო ასაკი იყო 51 წელი, ხოლო საშუალო BMI – 29.4 კგ/მ2, მათგან 39%-ს ჰქონდა სიმსუქნე. კვლევის შედეგებით პაციენტები, რომლებიც საჭიროებდნენ ჰოსპიტალიზაციას ძირითადად იყვნენ სიმსუქნით დაავადებულები (46% 35%-ის წინააღმდეგ P<.0001).
ასაკის, სქესის, კარდიოვასკულური, ფილტვის, ღვიძლის, თირკმლისმიერი დაავადებების და სიმსივნის კონტროლის შემდეგ, სიმსუქნე წარმოადგენდა ჰოსპიტალიზაციის, ინტენსიური თერაპიის საჭიროების (ფარდობითი წილი [OR], 1.8) და ინტუბაციის (OR, 1.8 მთელ P<.001) მნიშვნელოვან რისკის ფაქტორს ( (OR) 1.7).
ძირითადი თანმხლები დაავადებების კონტროლის შემდეგ, მორბიდული სიმსუქნე, ნორმალურ წონასთან შედარებით, ასევე ასოცირებული იყო ინტენსიური თერაპიისა და ინტუბაციის საჭიროების, დაახლოებით, სამჯერ უფრო მაღალ რიცხვთან.
პანდემია გვაიძულებს ვფოკუსირდეთ სიმსუქნის პრევენციასა და მკურნალობაზე
მედიცინისა და ფილოსოფიის დოქტორმა ნავიდ სატარმა (Naveed Sattar) Medscape Medical News-თან აღნიშნა, რომ უკანასკნელი აღმოჩენები „სრულ თანხვედრაშია იმ კვლევებთან, რომლებიც აღნიშნავენ, რომ ჭარბი წონა COVID-19-ის გამწვავების პოტენციურად მოდიფიცირებადი რისკის ფაქტორია.“
ეს აღმოჩენები ’’ასევე გვთავაზობს, რომ თუ პაციენტები ღელავენ მათში COVID-19-ის განვითარების რისკებზე და სურთ გაზარდონ მსუბუქი გამოსავლის შანსები, გონივრული იქნება წავახალისოთ ისინი ცხოვრების წესის ცვლილებებისკენ, რამაც შესაძლოა შეამციროს წონა და გააუმჯობესოს პაციენტის სიჯანსაღის დონე,“ ამბობს გაერთიანებული სამეფოს, გლასგოს უნივერსიტეტის მეტაბოლური მედიცინის პროფესორი სატარი.
’’თუმცა, სამწუხაროდ, იზოლაციის პერიოდში ადამიანები იმატებენ წონაში, ამის მიზეზი არის ის, რომ ისინი ნაკლებად გადაადგილდებიან სამუშაოდ, ამას ემატება შფოთვა, გადაჭარბებული კვება, დალევა და ა.შ. ბევრს უჭირს შესაბამისი ზომების მიღება, განსაკუთრებით მათ, ვინც არიან ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ, მაგალითად, მრავალსულიანი ოჯახები, თუმცა, ამის საპირისპიროდ, ადამიანების რაღაც ნაწილს ეძლევა საშუალება გაიუმჯობესოს ცხოვრების სტილი.“
სატარის თანახმად, პანდემია გვიჩვენებს რომ ’’საჭიროა მიზანმიმართული ძალისხმევა სიმსუქნის პრევენციასა და მკურნალობაზე.“
„წლების განმავლობაში ჩვენ ერთმანეთს დავუკავშირეთ სიმსუქნე და ქრონიკული კარდიომეტაბოლური მდგომარეობები, თუმცა ფაქტმა, რომ ჭარბი წონა შესაძლოა დამაზიანებლად მოქმედებდეს და ამწვავებდეს კიდეც ამ ახალ, მსოფლიოში უკონტროლოდ გავრცელებულ ვირუსს, გვაიძულა სიმსუქნეზე ფოკუსირება ისე, როგორც არასდროს.“
„უცნობია, ეს სამწუხარო სიახლეები იქონიებს თუ არა გავლენას სხვადასხვა ქვეყნების ძალისხმევაზე, გააუმჯობესონ სიმსუქნისკენ მიდრეკილი გარემო, ან ჩადონ მეტი რესურსი სიმსუქნის პრევენციასა და მართვაში,“ აღნიშნა მან.
ბარიატრიული ქირურგიის მიმართ გაზრდილი მოთხოვნა COVID-19-ის კვალდაკვალ
ამავდროულად, მეთიუ ჰატერმა (Matthew M. Hutter), ამერიკის მეტაბოლური ასოციაციის და ბარიატრიული ქირურგიის პრეზიდენტმა, მედიცინისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორმა Medscape Medical News-სთან აღნიშნა, რომ ’’COVID-19-მა და მიმდინარე კვლევებმა აამაღლა ჩვენი ცნობიერება იმის შესახებ, რომ სიმსუქნე არ წარმოადგენს მხოლოდ ცხოვრების წესის ან კოსმეტიკურ პრობლემას, არამედ „არის დაავადება, რომელიც სერიოზულ მიდგომას საჭიროებს.“
’’მეტაბოლური და ბარიატრიული ქირურგია არის საკმაოდ უსაფრთხო და ეფექტური სამკურნალო საშუალება სიმსუქნით დაავადებული იმ პაციენტებისთვის, რომელთა BMI >40კგ/მ2 ან >35კგ/მ2-ია და ასევე თან ახლავს დაკავშირებული დაავადებები, როგორიცაა დიაბეტი, არტერიული ჰიპერტენზია, ძილის აპნოე, რეფლუქსი, ზურგის ტკივილი და ბევრი სხვა დაავადება – დაამატა ჰატერმა, რომელიც ასევე გახლავთ ჰარვარდის მედიცინის სკოლის (ბოსტონი, მასაჩუსეტსი) ქირურგიის პროფესორმა.
„ბოლო პერიოდში იმატა იმ პაციენტთა მომართვიანობამ მეტაბოლურ და ბარიატრიულ ცენტრებში, რომლებიც მკურნალობის ქირურგიულ მეთოდს ირჩევენ,“ თქვა მან. „ზოგი მათგანი იმასაც კი ამბობს, რომ COVID-19-მა დაარწმუნა, რომ საჭიროა მოქმედება, რათა უფრო ჯანმრთელები გახდნენ.“
„ამჟამად, იმ ადამიანთაგან, რომლებისთვისაც ოპერაცია რეალური სარგებლის მომტანი იქნებოდა, 1%-ზე ნაკლებია იმ ადამიანთა რაოდენობა, ვინც იტარებს ბარიატრიულ მკურნალობას,“ აღნიშნა ჰატერმა, „ვფიქრობ, ბევრმა პაციენტმა უნდა განიხილოს ქირურგიული ჩარევა, რათა იყვნენ უფრო ჯანმრთელები, იცხოვრონ უფრო დიდხანს და ხარისხიანად.“